პატარა მოლეკულა

სიცოცხლე უჯრედიდან იწყება, თუმცა ეს პაწაწინა ერთეული კიდევ უფრო მცირე სტრუქტურებისგან შედგება, რომლებსაც მოლეკულები ეწოდება. ასო-ასო აკინძულნი, ისინი გენეტიკურ ჯაჭვს ქმნიან. სწორედ ეს ჯაჭვია სიცოცხლის საწყისი – უნიკალური დნმ-ს მოლეკულა, რომლის წყალობითაც ორგანიზმს ყველა მემკვიდრეობითი ნიშან-თვისება გადაეცემა.

ყოველი ცოცხალი ორგანიზმის დნმ-ს მოლეკულა უნიკალურია, რაც სახეობათა ინდივიდუალურობას განაპირობებს. მისი “ასოები”, ტრიპლეტები, ინახავს და თაობიდან თაობას გადასცემს ინფორმაციას ზოგადი, სახეობისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებების შესახებ, ხოლო უნიკალური კომბინაციის წყალობით, რომელიც არასოდეს მეორდება, თითოეული ჩვენგანის ინდივიდუალურ ფენოტიპს ქმნის.
მოდი, ამ მოლეკულის თვალსაჩინო მოდელის დამზადება ვცადოთ.
დაგვჭირდება: ქაღალდის ოთხი სხვადასხვა ფერის ფურცელი (სასურველია წითელი, ყვითელი, ლურჯი, მწვანე), მაკრატელი, წებო, სქელი ძაფი, მუყაოს ქაღალდი, მწებავი ლენტი, მარკერი.
ქაღალდის თითოეული ფურცლისგან გამოვჭრათ პატარა ლენტი და მისი ბოლოები ერთმანეთს მივაწებოთ. გავაკეთოთ კიდევ რამდენიმე ასეთი თანაბარი ზომის რგოლი და ძაფზე ავაცვათ. ძაფის ერთი ბოლო მწებავი ლენტით მუყაოს თავში დავამაგროთ, ხოლო მეორე _ მუყაოს ბოლოში. იმავე პრინციპით გავაკეთოთ დნმ-ს მეორე ძაფიც, ოღონდ ისე, რომ წითელ რგოლს პირველ ძაფში ყვითელი შეესაბამებოდეს, ხოლო მწვანეს – ლურჯი. ეს ძაფიც მივამაგროთ მუყაოზე, რათა საბოლოოდ მივიღოთ დნმ-ს ორძაფიანი (ორსპირალიანი) მოდელი. წითელ და ყვითელ რგოლებს შორის მარკერით გავავლოთ სამი სწორი ხაზი, ხოლო მწვანესა და ლურჯს შორის – ორი. აი, მოდელიც მზადაა.


დნმ-ს ძაფი 4 ტიპის ნუკლეოტიდებისგან შედგება. ესენია ა(ადენინი), გ(გუანინი), ც(ციტოზინი) და თ(თიმინი). ქაღალდის რგოლები სწორედ მათ გამოხატავს. დნმ უნიკალურია თავისი ორძაფიანი სტრუქტურით. ერთი ძაფი მეორეს წყალბადური ბმებით უკავშირდება. წითელ და ყვითელ რგოლებს შორის გავლებული სამი ხაზი სამმაგ წყალბადურ ბმას გულისხმობს, ხოლო ლურჯსა და მწვანეს შორის გავლებული ორი ხაზი – ორმაგს. დნმ-ის მოლეკულა ორმაგდება – შვილეული ძაფების საშუალებით ერთი მოლეკულიდან ორი წარმოიქმნება.

მოიფიქრეთ აღნიშნული მოდელის გაგრძელება და არ დაგავიწყდეთ კომპლემენტარობის პრინციპი – რგოლების შესაბამისობა ფერების მიხედვით.
მოდელის შექმნა ხელს უწყობს ათვისებული თემის ხანგრძლივ განმტკიცებას და ყოფა-ცხოვრებაში ამ ცოდნის ადაპტირებას. თვალსაჩინო მასალების საკუთარი ხელით კეთებისას მოწაფე უკეთ სწვდება იმ მოვლენების არსს, რომლებიც ცოცხალ ორგანიზმსა და მის გარემომცველ სამყაროში მიმდინარეობს.

კომენტარები

comments