პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სამეტყველო ფაზლი ანუ  რატომ უნდა ველაპარაკოთ ბავშვებს?

რატომ არის ჭარხალი წითელი? რატომ ცხელა ზაფხულში? რატომ ირეკლავს სარკე? როგორ მოდის თოვლი? სად ცხოვრობს ღმერთი? დაბერება რას ნიშნავს, მერე ვფუჭდებით?  კანსქვეშ რა არის? ძვალი შეიძლება გახმეს? ღმერთი არ იცავს ძაღლებს? ჩვენ, რომ ვაჩუქოთ სანტა კლაუსს საჩუქრები, ხომ შეიძლება? რატომ არის სისხლი წითელი? ცაში ბაბუას სახლი აქვს? ყველა ადამიანი კვდება?  – ამ და კიდევ ბევრ ასეთ კითხვას სვამს ჩემი სამი წლის შვილი, რომელზედაც ზოგჯერ სწრაფი პასუხები მაქვს და ზოგჯერ კი დრო მჭირდება დაფიქრებისთვის, იმისთვის რომ ზერელე პასუხი არ გავცე, იმისთვის რომ სწორი ორიენტირები პატარაობიდანვე ჰქონდეს მონიშნული და შემდეგ, თვითონ დააშენოს მასზე ცოდნა, თვითონ მოიპოვოს ინფორმაცია, რომელიც დააინტერესებს, თვითონ გადაშალოს სიტყვიერების თვალუწვდენელი რუკა და საკუთარი აზრების უკეთ გადმოსაცემად  ამოირჩიოს საჭირო სიტყვები.

– მოდი, სახლში როცა მივალთ, ინტერნეტში მოვიძიოთ ამ თემაზე ინფორმაცია  და იქ წავიკითხოთ – ვეუბნები, როდესაც მზა პასუხი არ მაქვს  მის “უცნაურ” შეკითხვებზე. მასთან , ურთიერთობის დროს ბევრ სხვა რამესთან ერთად, ერთი რამ ვისწავლე –  არ არის საჭირო მუდმივად გამოწერილი მქონდეს რეცეპტებივით  პასუხები  და  თავი ყოვლისმცოდნედ მოვაჩვენო, პირიქით მისთვის უფრო საინტერესო თავგადასავალია, როდესაც ერთად ვიგებთ სიახლეებს და ერთად ვსწავლობთ, რადგან ამ დროს ორივე თანაბარ პოზიციაში ვართ და ეს უფრო მოტივირებულს ხდის, ამიტომ ერთად ვეცნობით  იმ თემებს, რომელიც გვაინტერესებს, ერთად ვუყურებთ მის საყვარელ მულტფილმებს და გზადაგზა ვჩერდებით და განვიხილავთ, მეკითხება იმაზე თუ რას ნიშნავს სიტყვა “ინაუგურაცია”. ვუხსნი, შემდეგ კი მულტფილმის პერსონაჟივით გაჰყვირის – ინაუგურაცია, ინაუგურაცია. მას სიტყვები უყვარს და ამ სიტყვებით სიახლეების აღმოჩენა. მას ადამიანებთან ურთიერთობაც მოსწონს და ყოველთვის ახერხებს მათთან კარგად გაატაროს დრო. ის ელაპარაკება ტაქსისტებს, ავტობუსის მძღოლებს, მაღაზიის გამყიდველს. უყვება თავის სამყაროზე, ოჯახზე, ბაღზე, რომელიც არ უყვარს, მასწავლებელზე, სკოლაზე, თოვლის ბაბუის მოტანილ საჩუქრებზე  და ა.შ.

მე ბავშვების ექსპერტი არ ვარ, მითუმეტეს არც სკოლამდელი  განათლების , თუ კი რამე ახალს  ვსწავლობ და ცოტა უფრო მეტი გამეგება მათზე, ისევ ჩემს შვილზე დაკვირვებით და მასთან ურთიერთობით. ის ერთი,  ძალიან ჩვეულებრივი ბიჭია, რომელიც ბევრს ლაპარაკობს და ლაპარაკი ძალიან უყვარს. უყვარს, როდესაც, რაიმე ახალს სწავლობს, უყვარს როდესაც საშინაო საქმეებში მეხმარება და ყოველთვის იჩენს დახმარების ინიციატივას, უყვარს როდესაც მრავალნაირი ვარიაციით ზღაპარს მიყვება, უყვარს როდესაც მისით აღტაცებული ვარ და არ უყვარს, როდესაც საკუთარ სმარტფონს ჩავკირკიტებ და არ ველაპარაკები, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ რაც შეიძლება იშვიათად წავიღო ხელი ამ უკანასკნელისკენ  და ბევრი ვილაპარაკოთ. ის მეუბნება : “ მოდი, ახლა  ვიფიქროთ ახალ თამაშზე, ვითომ მე დედაბერი ვარ და შენ თოვლის ბაბუა, მე კარზე გიკაკუნებ და შენ გეშინია. მოდი, ვითომ მე ფერია ვარ და შენ პინოქიო, ღამით ქუჩაში აღმოჩნდი და მე უნდა დაგეხმარო, მოდი ვითომ მე ფიფქია ვარ და შევჭამე მოწამლული ვაშლი,  მოდი ვითომ შენ მგელი ხარ და მე გოჭი, მოდი ვითომ მე მონადირე ვარ და უნდა გადაგარჩინო, მოდი ვითომ შენ მაღაზიაში მიდიხარ და ჩვენ სახლში ვრჩებით” –   და ასე დაუსრულებლად.

მიუხედავად იმისა, რომ ეს თამაშები საინტერესო და მისთვის ძალიან სასარგებლოა, ყოველთვის ერთნაირი ხალისით ვერ ვთამაშობთ უფროსები,  ასეთ “ვითომ” გარდასახვებს.  ის კი ყოველთვის ხვდება, ჩემი  როლი   რამდენად გულისყურით და ყურადღებით შევასრულე  თუ უყურადღებოდ მოვისროლე სიტყვები და იმ დროს სხვაგან ქროდა ჩემი გონება, “უფრო მნიშვნელოვან, საჭირბოროტო საკითხებზე”.

– “ მოდი დავსხდეთ და ზღაპარი წავიკითხოთ”. – ვეტყვი, მაგრამ მას დაჯდომა არ უნდა, ურჩევნია ოთახის ყველა კუთხე მოიაროს, სათამაშოები გადმოყაროს  და მე ხმამაღლა ვუყვებოდე ზღაპრებს, დაუსრულებლად. მაგრამ როდესაც მგონია, რომ ზღაპარი ბოლომდე არ მოისმინა, სადღაც გონება გაეფანტა და სხვა საქმეზე გადაერთო, მისი ხმამაღალი რეპლიკები ისევ მაბრუნებს წიგნთან, ზოგჯერ წაკითხულს აპროტესტებს, ზოგჯერ სიუჟეტის ხაზი არ მოსწონს  და თავისი ფანტაზიით ავითარებს.

მასთან ხშირი საუბრები  მეხმარება ერთმანეთი უკეთ გავიცნოთ, მასთან ხშირი საუბრები მას ეხმარება უკეთ თქვას თავისი სათქმელი, კარგად გამოხატოს ის რისი თქმის სურვილიც აქვს.  მეც შევძლო მის კანში შევძვრე, სამი წლის და ცოტა მეტი, ბავშვის ტყავში და ვეცადო იქიდან გამოვხედო ქვეყნიერებას,  ჩემი სურვილები და ჩემი აზრები გავუმხილო ყველას და არ მეშინოდეს არასწორი ინტერპრეტაციების, შეცდომით ნათქვამი სიტყვების, არ ვიფიქრო რომ ჩემი აზრები სისულელეა და ამის გამო გამიჯავრდებიან.

ჩვენ ახლა ყველაფერზე ვლაპარაკობთ, თუკი ვსეირნობთ მითუმეტეს. ზის ეტლში და ისმენს ქუჩების, ხიდების, ძეგლების , მდინარეების, მუზეუმების დასახელებებს. სწავლობს მოძრაობის წესებს, ვუყვები თავის უფლებებზე  და პასუხისმგებლობებზე  და შორს  ვარ იმ აზრისგან, რომ ასე პატარას არ ესმის რას ნიშნავს პასუხისმგებლობის განცდა, ასე პატარა ვერ ხვდება როგორ არღვევენ უფროსები ბავშვების  უფლებებს, მისი მეგობრის უფლებებს ან ვერ ამჩნევს  უსამართლობას . ის განიცდის, როცა მის მეგობარს ბებია ხმამაღლა უყვირის და შენიშვნას აძლევს სხვა ბავშვების თანდასწრებით, ის ფიქრობს რომ ამ ამბავში რაღაც არასწორია. მან კატეგორიულად აგვიკრძალა მისი ამბების სხვებისთვის მოყოლა და ჩვენც მივხვდით, რომ არ იყო სწორი ჩვენი მხრიდან ასეთი საქციელი და მეც აქ შევწყვეტ მასზე საუბარს.

როდესაც, ჩვენს ურთიერთობაზე ვფიქრობ და ჩემს თავს ვიხსენებ მის ასაკში, გული მწყდება რომ ასეთი თამამი არ  ვყოფილვარ  და არც,  ასე გაბედულად გამომიხატავს საკუთარი აზრი. არც, იმხელა თავისუფლება მიგრძვნია, რომ  ჩემი აზრები  ვინმესთვის  გამეზიარებინა, საერთოდაც  საკუთარი სათქმელის  გამოხატვა საკმაოდ გვიან ასაკში ვისწავლე, როდესაც მივხვდი, რომ საკმაოდ ძლიერი ვარ რომ ჩემი მოსაზრებები დავიცვა,  რომ ჩემი აზრები და შეკითხვები არც თუ ისე უინტერესოა სხვა ადამიანებისთვის. მგონი, ამ ყველაფერში დამნაშავე განათლების ის სისტემა იყო, რომელშიც ვიზრდებოდით და ვვითარდებოდით, სადაც პატარებს არ უსმენდნენ და არც მათ სიტყვებს ჰქონდათ მნიშვნელოვანი ძალა. ბაღში თუ სკოლაში,  ჩვენ არ  გვქონდა საშუალება სიტყვების საშუალებით საკუთარი თავი წარმოგვეჩინა და უკეთ გაგვეცნო ერთმანეთი. და ახლა, როცა საკუთარ შვილს ასეთ მოტიკტიკეს ვხედავ სხვადასხვა თემაზე , მგონია რომ მას არასდროს შეეშინდება საკუთარი სათქმელის ხმამაღლა გამოხატვის.  მას მე ვასწავლი ბევრ სიტყვებს, რომ როცა მოუნდება თამამად გამოთქვას  ყველაფერი და მოვუსმენ ბევრს, რომ არასდროს გაუჩნდეს კომპლექსი, რომ მისი აზრები უმნიშვნელოა. ამის, შემდეგ კი ის თვითონ შეეცდება, ააწყოს მისი სამეტყველო ფაზლი, რომელიც მრავალი, ფერადი და ხალისიანი სიტყვისგან შედგება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი