ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

ქართულის მასწავლებელს ყოველთვის აინტერესებს ჩემი აზრი

ჩემი მერვეკლასელი ბიჭი მურმან ლებანიძის „ოდესმე დიდი ყოფილა საქართველოს“ სწავლობს.
– როგორი ლექსია? – ვეკითხები ნაცნობი სტრიქონების გაგონებისას.
– დებილური, – მესმის პასუხი.
– არ მოგწონს? მაშინ მითხარი, რა არ მოგწონს.
– ტყუილი, ტყუილი არ მომწონს!
– ?
– აი, უყურე:
„ყოფილა ნიკოფსით დარუბანდამდე
გაჭენებული და გამოჭენებული;
რტოებგაშლილი და გამოჩინებული,
ყოფილა ორ ზღვას შუა აღმოცენებული“, –
არის ტყუილი. საქართველო ამხელა არასოდეს ყოფილა.

მე ვცდილობ ავუხსნა. ვეხებით ვასალი ქვეყნების თემას. მაინც უკმაყოფილოა:

– გინდაც ყოფილიყო, – რაღა დროს თამარის დროინდელი საქართველოს საზღვრებზე ტირილია, ჯობია, ის გვასწავლონ, რაც გაგვაჩნია, იმას როგორ მივხედოთ.

სიმართლე გითხრათ, ეს ლექსი ნამდვილად არ შედის ჩემი საყვარელი ლექსების რიცხვში, მისი ავტორიც სულ სხვა სტრიქონების გამო მგონია კარგი პოეტი, მაგრამ მაინც მთელი ძალისხმევით ვცდილობ ავუხსნა და მოვაწონო. ყურადღებას ვუმახვილებ მიმართვაზე:

„ჩემო მიმინო და ჩემო ფრთანათელო,
ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“.

ვცდილობ მივახვედრო, როგორი ინტიმი შემოაქვს კუთვნილებით ნაცვალსახელს, როგორი თბილია, რომ სამშობლოს სიყვარულიც ისეთივე გრძნობაა, როგორიც შვილისა. მამა შვილს უყვება დამონებული ქვეყნის ისტორიას. მერე ვცდილობ ავუხსნა, რომ ლექსი საბჭოთა კავშირშია დაწერილი, რომ ძალადობის ქვეშ მყოფ ერს თვითშეფასება უქვეითდება, რომ ამით პოეტი ცდილობს, შვილს, მომავალს რწმენა შეუნარჩუნოს და ეროვნული თვითშეფასება აუმაღლოს.

მაინც ეჭვით მიყურებს:
– ისტორიას ისტორიაში არ ასწავლიდნენ?

აქ მახსენდება ჩვენი ბავშვობის ისტორიის სახელმძღვანელოები: საქართველოს ისტორია – თითქმის უგულებელყოფილი, საბჭოთა კავშირისა –უზარმაზარ ტომებად.

მერე დიდხანს ვისხედით და ვსაუბრობდით ჩემს ბავშვობაზე. საბჭოთა ცხოვრებაზე, პარადოქსებზე, ქართველი კაცის გარყვნაზე, ფულის შოვნაზე და ბევრ იმგვარ სატკივარზე, საბჭოეთმა რომ დაგვიტოვა.

– ასეთი რამ ხომ აღარ დაგვემართება, დედა?

თვალებგაფართოებული მიყურებს. მე ვუხსნი საფრთხეებს. ვუყვები თანამედროვე რუსეთზე. ვეუბნები, რომ მოსკოვის უმაღლეს სასწავლებლებში ინკლუზიური სწავლების ფაკულტეტს დღესაც „დეფექტოლოგია“ ჰქვია. ვატყობ, ფერი ეკარგება. მერე მტკიცედ ამბობს:

– ჩვენ აღარ წავალთ ამ გზით, ჩვენთვის უკვე წარმოუდგენელია!

მათ ჰყავთ მეგობარი – შეზღუდული შესაძლებლობის პირი. გუშინაც წვეულება ჰქონდათ. ჩავიდნენ, ამოიყვანეს, ეტლი ამოიტანეს და ის ბიჭი ისევე გაერთო მათთან ერთად, როგორც ყველა სხვა. მისდამი არავითარი განსაკუთრებული დამოკიდებულება არ აქვთ. რა თქმა უნდა, იციან, რომ მას მეტად უჭირს, მაგრამ ვატყობ, მის შეზღუდულ შესაძლებლობას ხშირად ვერც კი აღიქვამენ.

მე ისე გავიზარდე, განსხვავებული შესაძლებლობისა ჩემ გარშემო არც არავინ ყოფილა. არც ვიცოდი, როგორ უნდა იურთიერთო, იმეგობრო მათთან – საბჭოეთში ასეთი ბავშვები „არ არსებობდნენ“.

ჩემი ბიჭი მეორე ოთახში გადის და მისი სახელმძღვანელო მე მრჩება. ვერ ვიტყვი, რომ თავგადაკლული მკითხველია, მაგრამ ლიტერატურა საერთოდ არ უყვარს-მეთქი, ვერ ვიტყვი. საათები გაგვიტარებია ლიტერატურაზე საუბარში, ლექსების კითხვაში.

სახელმძღვანელოს ავტორები არიან ავთანდილ არაბული და მარინე ხუციშვილი. წიგნი თავებადაა დაყოფილი. იმ თავს, რომელშიც ზემოხსენებული ლექსი შედის, „ნაცნობი ადგილები“ ჰქვია. საერთო სათაური ძალიან მომწონს – რაც უფრო აარიდებენ ავტორები თავს პათეტიკას, მით უფრო მისაღები იქნება თანამედროვე მოსწავლეებისთვის.

ამ თავში ქართველ პოეტთა შემდეგი ლექსებია თავმოყრილი:
მანან ჩიტიშვილი – „ქართლი“;
შოთა ნიშნიანიძე – „აფხაზური კანტატა“;
ანა კალანდაძე – „ლაჰილზე ისევ“;
სიმონ ჩიქოვანი – „თბილისის თოვლი“;
არჩილ სულაკაური – „მამული“;
გალაკტიონ ტაბიძე – „წამყე ბეთანიისაკენ“, „შინდისის ჭადრებს“;
ოთარ ჭილაძე – „როდესაც ასე ახლოა გრემი“;
თამაზ ჭილაძე – „ყინწვისი“;
მურმან ლებანიძე – „ოდესმე დიდი ყოფილა საქართველო“.
როგორც ჩანს, ბლომად პატრიოტული ლექსები უსწავლიათ, სანამ ასე დაუნდობლად მეტყოდა: „დებილური“.
– არც ერთი ლექსი არ მოგეწონა? – გავძახი.
– კი, „გრემი“ მომეწონა, 1998 წელსაა დაწერილი და კომუნისტები რომ აღარ იყვნენ, ეტყობა, ტაძართან სიახლოვე იგრძნო.

– საიდან მოიტანე, რომ 1998 წელსაა დაწერილი? – ვეკითხები გაკვირვებული.

ის ოთახში ბრუნდება, წიგნში ეძებს. იქ კი წერია, რომ ამ წელს ავტორი ნობელის პრემიაზე იყო წარდგენილი. ცოტა არ იყოს, უკმაყოფილოა, რომ შეცდა, მაგრამ მაინც გაბადრული ამბობს:

– „გრემი“ მაგარია!
მერე წიგნს ფურცლავს და მაჩვენებს:
– დე, ნახე აქ რა წერია!
ამასობაში გოგოც შემოდის, ისიც უსმენს.

– „შოთა ნიშნიანიძე დაიბადა თბილისის ძველ უბანში. ბავშვობაში ზაფხულის არდადეგებს იმერეთში ატარებდა და შემდგომში არაერთი მშვენიერი ლექსი მიუძღვნა საქართველოს ამ ულამაზეს კუთხეს. დიდი სიყვარული გამოსჭვივის ასევე საქართველოს სხვა კუთხეებისადმი მიძღვნილ მის ლექსებში“.

იცინიან, იცინიან, იხოცებიან სიცილით. „ძველ უბანში გაიზარდა“ მათთვის დაახლოებით ამას ნიშნავს: „ეზიაირა ძველბიჭურ გაგებას“. ვუხსნი, რომ ავტორები სხვა რამეს გულისხმობდნენ.

– კარგი რა, იმერეთში რომ დადიოდა და სხვა კუთხეებზეც თბილად წერდა, ამის მეტი თუ არაფერი გაქვს პოეტზე დასაწერი, სულ ნუ წერ, – ერთვება გოგო.

პედაგოგებმა კარგად იციან, რომ ბავშვები დაუნდობელი მსაჯულები არიან. მათი ცინიზმი ყველაზე სასტიკია. ხშირად არიან უსამართლოებიც, მაგრამ ხანდახან მათ სისასტიკეს აქვს ობიექტური მიზეზი.
ამას წინათ ერთმა ქართულის მასწავლებელმა შემომჩივლა, „კრწანისის ყაყაჩოები“ ისე ავხსენი, მე ვიტირე და კლასი სიცილით კვდებოდაო. ძალიან დათრგუნვილი და განადგურებული იყო. ვერც მოვიფიქრე, რითი მენუგეშებინა.

– ამ თაობას აღარც სამშობლო უყვარს, აღარც ლექსი, დავიღუპებით, გადავშენდებით, – მოთქვამდა გულწრფელად.

მე მაინც მგონია, რომ უყვართ. უბრალოდ, სხვა ველში არიან, ის რომანტიკული პათეტიკა დაიკარგა, აღარაა გასაგები. არ ვიცი, ეს ცუდია თუ კარგი. იქნებ უბრალოდ ის დანაკარგია, რომელიც ყოველთვის ახლავს წინსვლას.

– არც „ლაჰილზე ისევ“ მომეწონა, – აგრძელებს ჩემი ბიჭი. – ამდენ ალუზიაზე რომაა აგებული ლექსი, რამაც ჩემში გრძნობა უნდა გამოიწვიოს, ხომ უნდა მქონდეს განცდილი?! ლექსით რომ ვისწავლი, ვინ იყო მიხეილ ხერგიანი, არ არის სწორი, არ მინდა ლექსებით ისტორიის სწავლა.

– ქართულის მასწავლებელი რას გეუბნება? – ამასღა ვეკითხები, რადგან ვგრძნობ, მას აქვს თავისი დამოკიდებულება, რომელსაც ახლა მაინც არ შეიცვლის.

– ჩემს ქართულის მასწავლებელს ყოველთვის აინტერესებს ჩემი აზრი, – მის ხმაში მადლიერება, ნდობა, სიამაყე იგრძნობა.

ალბათ მაინც ესაა მთავარი – რწმენა, რომ შესაძლოა ბევრიც გეშლებოდეს, მაგრამ შენი აზრი აინტერესებთ. მგონია, რომ ასეთ მასწავლებელს ბავშვებიც ენდობიან და თუ მან, თუნდაც დრომოჭმული პათეტიკით, რაღაც ახსნა, დაინტერესდებიან, რა არის მისთვის ძვირფასი და, სულ მცირე, აღარ გაიცინებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი