პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

საშინელი სტატისტიკა

შვეიცარიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალაქი დავოსი გახლავთ. დავოსს სახელი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ორმა გარემოებამ გაუთქვა. თავდაპირველად, თომას მანმა და მისმა „ჯადოსნურმა მთამ” განაპირობა პატარა ქალაქის საყოველთაო პოპულარობა. მოგვიანებით კი, ამავე ქალაქში დაიდო ბინა მსოფლიოს ეკონომიკურმა ფორუმმა. უკვე ძალიან დიდი ხანია პლანეტის ყველაზე გავლენიანი პოლიტიკოსები და კომერსანტები ყოველწლიურად იკრიბებიან სათხილამურო კურორტზე და სამყაროს ეკონომიკური განვითარების შესახებ მსჯელობენ. „ოქსფამი” (OXFAM) საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაციაა, რომლის დევიზია „ხალხის ძალაუფლება სიღარიბის წინააღმდეგ”. ორგანიზაციისათვის უკვე ყოველწლიურ ტრადიციად იქცა ფორუმის მონაწილეთა სიღარიბის სტატისტიკით მომარაგება. მკვლევართა მიერ მოპოვებულ მონაცემებს გულგრილად ვერავინ განიხილავს. სტატისტიკა სოციალური უსამართლობის მუდმივი ზრდის ტენდენციაზე მიანიშნებს.

პირველად კვლევები სიღარიბის შესახებ რამდენიმე წლის წინ წავიკითხე. მაშინ ჩვენი გეოგრაფიის მასწავლებელი გლობალური ეკონომიკური პრობლემების კურსს გვიკითხავდა დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს. ვფიქრობ, ურიგო არ იქნება, თუ ჩემი პედაგოგის სტრატეგიას კიდევ უფრო მეტი პროფესიონალი გაიზიარებს. აქედან გამომდინარე, თქვენს ყურადღებას კვლევის შედეგად გამოვლენილ რამდენიმე თავისებურებაზე გავამახვილებ.

სიღარიბის წინააღმდეგ მებრძოლი ორგანიზაციის კვლევა ადასტურებს, რომ წლიდან წლამდე მსოფლიოში მდიდრებსა და ღარიბებს შორის არსებული უფსკრული უფრო და უფრო ღრმავდება. იცით თუ არა, რომ პლანეტის ყველაზე მდიდარი 62 ადამიანი უფრო მეტ ქონებასა და კაპიტალს ფლობს, ვიდრე დედამიწის მოსახლეობის ნახევარი – 3,6 მილიარდი მოქალაქე. რამდენად ლოგიკური და ნორმალურია ის, რომ რჩეული 62 მოაზროვნის ნიჭი, უნარი, შრომისმოყვარეობა ერთად აღებული 3,6 მილიარდი ღარიბის შანსებს აჭარბებს? იცით თუ არა, რომ მსოფლიოს მოსახლეობის ყველაზე მდიდარ 1%-ს უფრო მეტი შემოსავალი აქვს, ვიდრე კაცობრიობის დანარჩენ 99%-ს. მაშასადამე, დაახლოებით სამოცდაათი მილიონი ადამიანის ფინანსური მდგომარეობა გლობალური სივრცის შვიდი მილიარდი მაცხოვრებლის მატერიალური შესაძლებლობების ტოლფასია. აქვე კიდევ ერთ გარემოებას მივაპყრობ თქვენს ყურადღებას. დავაკვირდეთ საერთაშორისო რეიტინგებში დაწინაურებულ პირველ თორმეტ მილიარდერს. თორმეტიდან ოთხი გვარად უოლტონია, ორი კი – კოხი. მსგავს თავისებურებებს ვაწყდებით სიის დანარჩენ ათეულთა ნაწილშიც. მაშასადამე, შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ თავად ყველაზე მდიდარ ადამიანებს შორისაც კი მინიმალურია მრავალფეროვნების მაჩვენებლები, ისინი საერთო ოჯახებსა და კლანებს წარმოადგენენ.

ჯერ არ დამიმთავრებია. კიდევ უნდა შეგახსენოთ რამდენიმე საშინელი სტატისტიკური ცნობა. რამდენიმე დღის წინ საკუთარი დასკვნა გამოაქვეყნა გაერო-ის ეგიდით მომუშავე სასურსათო პოლიტიკის საერთაშორისო კვლევითმა ინსტიტუტმა. ინსტიტუტის დოკუმენტების მიხედვით მსოფლიოს მოსახლეობის 34% შიმშილობს. სამყაროს მაცხოვრებელთა მესამედზე მეტი ყოველდღიურად საკვების სახით იმაზე ნაკლებ კალორიას იღებს, ვიდრე მისი გადარჩენისთვის, არსებობისთვისაა აუცილებელი. ეს მონაცემი კიდევ უფრო მეტად შემაძრწუნებლად მოგეჩვენებათ თუ „საქართველოს ახალგაზრდა მწვანეების” ანალიტიკური წერილიდან რამდენიმე ამონარიდს წაიკითხავთ. ვებგვერდზე წერია, რომ საერთაშორისო კვლევების მიხედვით ყოველწლიურად დედამიწაზე არსებული საკვების თითქმის მესამედი ნაწილი, დაახლოებით 1,4 მილიარდი ტონა, ნაგავსაყრელში იყრება. მაგალითად, 2014 წელს აშშ–ში 161 მილიარდი დოლარის ღირებულების პროდუქტი გადაიყარა. საკვებად ვარგისი პროდუქტის დანაკარგი ევროკავშირის ქვეყნებში 50%-ს უტოლდება. მეცნიერები ამბობენ, რომ გადაყრილი საკვების ენერგეტიკული ღირებულება მსოფლიოში შიმშილის დასამარცხებლად საკმარისი იქნებოდა.

გლობალიზაციის ეკონომიკური შედეგების წინააღმდეგ მოქმედი ორგანიზაციები და მათი აქტივისტები ვითარების შესაცვლელად სხვადასხვა გზას გვთავაზობენ. ისინი ოფშორული ზონების გაუქმებასა და ტრანსნაციონალური ორგანიზაციებისათვის გადასახადების გაზრდას, მინიმალური ხელფასის შემოღებასა და ქალთა ანაზღაურების მამაკაცთა ჯამაგირთან გათანაბრებას, განათლებისა და ჯანდაცვის სერვისების საყოველთაო ხელმისაწვდომობას, საკვების ეფექტიანი და რაციონალური გამოყენების პროგრამების ამუშავებას ითხოვენ. შესანიშნავი მოთხოვნებია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. კვლავ ჯიუტად ვამტკიცებ, რომ ძალიან ბევრი რამ სკოლის მერხზე წყდება. მთავარია, ჩვენმა მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა ინტენსიურად იმსჯელონ იმის შესახებ, რომ სამყაროში რაღაც ძალიან ცუდი, ბოროტი და უსამართლო ხდება. მთავარია, მოსწავლეებმა ირწმუნონ, რომ არსებული ვითარება გარდაუვალი აუცილებლობა და შეუცვლელი ბედისწერა არ არის. გარდაქმნა ძალიან რთული იქნება, მაგრამ ხომ გახსოვთ, რას წერდა სარდაფში გამომწყვდეული ანა ფრანკი: „რა ბედნიერებაა, რომ არც ერთი წამით ლოდინი არ გვჭირდება, რათა ნელ-ნელა სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლა დავიწყოთ”.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი