პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მყვარი მყრალში

სოციალურ ქსელებში, ვიდეოპორტალებზე ვრცელდება ხოლმე ვიდეოები და ფოტოები იმ ლექსებისა, რომლებიც უაზრო და უგემოვნო პათეტიკითაა გაჟღენთილი. ათწლეულებია სკოლებში გრძელდება ისე სწავლება, რომ ეს შედეგი მივიღოთ. მე არ ვამბობ, რომ ცუდია, თუ დაწყებითი საფეხურების მოსწავლე თვითონ წერს პატრიოტულ ლირიკას ან სხვის მიერ დაწერილს სწავლობს. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია. მე პირადად რამდენიმე რვეული დღემდე მაქვს შენახული, რომლებიც სავსეა ჩემი ლექსებით და იქიდან უმეტესობა სამშობლოს, საქართველოს ისტორიის პერიოდებს, ბრძოლებსა და ისტორიულ პიროვნებებს ეძღვნება.

ბავშვს არც სკოლაში და არც სახლში არ უნდა დავუშალოთ თავის მიერ შერჩეულ ღირებულებებთან, სუბიექტებთან კავშირი, რაც შეიძლება კონკრეტულ ეტაპზე იყოს სამშობლო, მიკი მაუსი ან მშობელი. ძალიან კარგია, თუ ის დაწერს, ან დახატავს ამ ყველაფერს, რადგან ამით სწავლობს საკუთარი განცდების, ემოციების, აზრების გადმოცემას, რაც სამომავლოდ ხელს შეუწყობს სხვა უნარების განვითარებას, მაგალითად სოციუმთან ურთიერთობის, თვითშეფასების, გაანალიზების, მიღებული ცოდნის გამოყენების და ა.შ.
რამდენიმე თვის წინ სოციალურ ქსელში მკითხეს აზრი ერთ-ერთ საბავშვო ლექსზე, რომელიც არ იყო საუკეთესო და ოპტიმალური მათ შორის, რომელიც შეიძლებოდა დასაბეჭდად შეერჩიათ. ამის შემდეგ ამ საკითხზე დავფიქრდი. რამდენიმე თაობა სწავლობდა სკოლაში დუტუ მეგრელის ლექსს „მე პატარა ქართველი ვარ”, რომელიც თავისი მოცულობით, მარტივი რითმებით ადვილად აღქმადია, თუმცა სხვა საკითხია რა აზრი დევს პირველ სტროფში – „და განცხრომით სხვაგან ყოფნას / მირჩევნია აქ სიკვდილი”! დგანან მეორე-მესამე კლასელი ბავშვები და ომახიანად ამტკიცებენ, რომ სხვაგან სიკვდილს, აქ სიცოცხლე სჯობს. რაღაც ტრაგი-კომედია და ბუფონადა არაა ეს ყველაფერი?… რატომ საუბრობენ ისინი საერთოდ სიკვდილზე? 6-7 წლის ბავშვებს რაღაც ზედმეტ, მათთვის არარეალურ რამეს ხომ არ ვუდებთ გონებაში?..
ბოლო პერიოდში ძალიან გამძაფრებულია ადამიანთა რეაქციები ასეთი საკითხების გადამსინჯველთა მიმართ. ამიტომ მინდა დავამატო, რომ, რა თქმა უნდა, აქ არ ვსაუბრობ ამ ტიპის ლირიკის უარყოფით მხარეზე. პირიქით, როგორ შეიძლება არ მოგწონდეს ტიციან ტაბიძის სიტყვები: „დავბადებულვარ, რომ ვიყო მონა, / და საქართველოს მედგას უღელი” ან ვაჟას – „”ხარს ვგევარ ნაიალაღარს, / რქით მიწასა ვჩხვერ, ვბუბუნებ; / ღმერთო, სამშობლო მიცოცხლე! / მძინარიც იმას ვდუდუნებ”. ყველა დიდი ავტორი, პოეტი წერდა თავის ქვეყანაზე, სამშობლოზე, წერდა კარგს, ხედავდა მის დროს შექმნილ პრობლემებს და მასვე ასახავდა და ეს ძალიან ჩვეულებრივი მოვლენაა. შეკითხვა ის არის, რატომ ვასწავლით ამ ყველაფერს დაწყებით კლასებში?.. ყველაფერი ეს მოჩვენებითი და გაუაზრებელი ქმედებებია, რომლის შედეგებს მსოფლიო ყველა საუკუნეში ნათლად ხედავს რასიზმის, ნაციზმის გამოვლინებებით, ეთნიკური დაპირისპირებებით.
მახსენდება სულხან-საბა ორბელიანის იგავი „იხვი და მყვარი”, სადაც ერთად ცხოვრობენ იხვი და გომბეშო. როცა მზე გუბის დაშრობას დაიწყებს, იხვი სხვა ადგილს მონახავს, მყვარი კი მას არ გაჰყვება. რაღაც დროის შემდეგ უკან მობრუნებულ იხვს მყვარი გუბის ტალახში ჩამხმარი დახვდება. ეს იგავი არაა იმის შესახებ, რომ ადამიანმა უნდა შეიცვალოს ქვეყანა, სამშობლო და ადგილი, თუ იქ მისთვის მისაღები რეალობა არაა. ეს იგავი, პირველ რიგში, მუდმივ მოძრაობაზეა, მუდმივ განვითარებაზე. უმაღლესი ფასეულობა არის ადამიანი და ის, სწორედაც რომ ღირსია სხვაგან განცხრომით იყოს, ვიდრე საკუთარ ქვეყანაში დაიღუპოს.
ჩვენ, ისევე როგორც სხვა ქვეყნებს, გვაქვს უამრავი ამაღელვებელი ამბავი, გვყავს უამრავი გმირი, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე დათმეს ქვეყნისთვის. ეს ამბები ყოველთვის რაღაც დიდ ემოციებს იწვევს ჩვენში. ქვეყანა ადამიანების ერთობაა, წარსული ადამიანების, აწმყო და მომავალში მოსასვლელი ადამიანებისა. ამისთვის თავის გაწირვა ალბათ უმაღლესი შეგნებაა საკუთარი პიროვნებისა და იმ ფასეულობებისა, რისთვისაც კაცობრიობის არსებობის განმავლობაში მიგვიგნია. მე მხოლოდ იმას ვამბობ, რომ ადამიანის გონება აქამდე თავისით უნდა მივიდეს. ანუ საჭირო დროს მან თვითონ უნდა მიიღოს გააზრებული გადაწყვეტილება.
მამარდაშვილი ამბობდა, რომ ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგასო და მაშინაც ლამის ანათემას გადაცეს ის ურაპატრიოტებმა. არადა, ჭეშმარიტება შეიძლება იყოს სამშობლოც, მაგრამ თუ არ არის, ის ხდება ადგილი, რომელიც მოკლებულია რაღაც მთავარს – სასიცოცხლოს და, რა თქმა უნდა, ადამიანი ირჩევს სიცოცხლეს.
მე მინდა ვთხოვო მასწავლებლებს – ნუ გამოუტენით ბავშვებს თავს ათასი სისულელით. დღევანდელი რეალობა იმიტომ ჰგავს იმ გუბეს, რომელშიც მყვარი ჩახმა, რომ ასე იზრდებოდნენ თაობები; ბრმა პატრიოტიზმით, მხოლოდ დროშებითა და ყვირილით, ნაკლები დუმილითა და კეთებით. ჩვენ არასდროს გვიცდია რეალურად შეგვექმნა აქ გარემო, სადაც მზად ვიქნებოდით არა სიკვდილისთვის, არამედ სიცოცხლისთვის. ესაა ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენი საზოგადოებისთვის, რომელიც სკოლიდან იღებს სათავეს, რომ ჩვენ არ ვართ მზად სიცოცხლისთვის! ჩვენ მზად ვართ ფსევდო-რომანტიკულ-ჰეროიკული საბურველით შელამაზებული სიკვდილისთვის და თან – ყველანი არა. უმეტესობა მზადაა გადარჩენისთვის, ყოფნისთვის სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის, რადგან არასდროს ჰქონიათ საკუთარი აზრი და ნება, რომ თვითონ აერჩიათ ერთ-ერთი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი