პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

როზენტალის ეფექტის თანახმად

ამის წინ ჩვენი ინტერნეტგაზეთისთვის სტატია დავწერე, ,,სოფლის მასწავლებელი” ერქვა. მერე გავიფიქრე, რომ იოლია ადამიანების გულამდე მიიტანო სოფლის მასწავლებლის პორტრეტი, ვინაიდან მათი ცხოვრების რომანტიკულ საბურველში გახვევისა და მხატვრულ ხასიათებად ქცევის ტრადიცია ათწლეულებია არსებობს _ ეს გაკვალული გზაა, მაგრამ დედაქალაქის ყველაზე პრესტიჟული უბნების პრესტიჟულ სკოლებშიც ასწავლიან პედაგოგები, რომლებიც არანაკლებად ჰგვანან ლიტერატურულ პერსონაჟებს.

ქალბატონი ნინო მგალობლიშვილი, 53-ე სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, ჩემ წინ ზის და მაფრთხილებს:

_ ჩემზე ან ძალიან კარგს გეტყვიან, ან ძალიან ცუდს. იცოდე, ორივე გადაჭარბებულია _ ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ვარ.

თუმცა ფაქტია, ჩვეულებრივი მასწავლებლები იშვიათად ახერხებენ თავიანთი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იტოვებდნენ ყოფილ მოსწავლეებს _ მათ სამუდამო მეგობრებად რჩებოდნენ.

_ პირველ ხანებში ძალიან მკაცრი ვიყავი, თუმცა გამოცდილებამ მოიტანა ის, რომ სიმკაცრის გამოჩენა აღარ მჭირდება, _ ამბობს ქალბატონი ნინო.

,,პირველი ხანები” იყო მაშინ, როდესაც 20 წლისა პირველად შეუშვეს სრულიად გადარეულ მეექვსეკლასელებთან, როცა მის გაკვეთილებზე ერთი აურზაური და ბასტი-ბუბუ იყო, როცა გადაწყვიტა, რომ მასწავლებლობა მისი საქმე არ იყო, მაგრამ ასე დამარცხებულსაც არ უნდოდა წასვლა სკოლიდან. ჰოდა, მეათე კლასელებთან გადაიყვანეს და წლის ბოლოს წავიდა… გამარჯვებული.

ქალბატონ ნინოს ხელში ჩაის ფინჯანი უჭირავს და საუბარს აგრძელებს, მე კი ვფიქრობ იმაზე, რომ დღემდე ვერ მიპოვია საკუთარ თავში ძალა, ვილაპარაკო ახალბედა მასწავლებლობისას განცდილ ფიასკოთა შესახებ. ალბათ, ამ ამბების ასე უმტკივნეულოდ გახსენება მხოლოდ მას შეუძლია, ვინც საბოლოოდ დარწმუნდება საკუთარ ძალებში…
მას შემდეგ, რაც სრულიად ახალგაზრდა მსოფლიოს ყველაზე სტრესული პროფესიის მარწუხებს დააღწევ თავს, ალბათ, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში ყველასთვის საყვარელი ფაცია პაიჭაძის გვერდით მუშაობა და დისერტაციის წერა ნამდვილი შვება უნდა იყოს, მაგრამ ერთ დღესაც მან ხელმეორედ სცადა ბედი.

_ იმიტომ, რომ ვერავისთან ვიმუშავებ, ბავშვების გარდა, მიჭირს ჩემი და მომდევნო თაობების ადამიანებთან ურთიერთობა, _ შესაშური გულწრფელობით მიმხელს ქალბატონი ნინო და მეც ვხვდები, რომ ამგვარი გულწრფელობა მხოლოდ ბავშვებს არ აცბუნებთ.

მისი პირველი სადამრიგებლო კლასი 53-ე სკოლაში ყველაზე რთულად ითვლებოდა: ,,რთულებთან მიყვარს ურთიერთობა, საინტერესო ხალხია”, _ ამბობს ნინო მასწავლებელი, რთულების გამოზრდა და გამოწვრთნა, მათი გულის მოგება ყველაზე აზარტული საქმიანობაა. ამ კლასის მასწავლებელი და დამრიგებელი იყო ცხრა წელი და რა გასაკვირია, რომ ერთმანეთისთვის დაუვიწყარნი აღმოჩნდნენ: ამ კლასის მოსწავლეები ურეკავენ დღემდე მიწისძვრის შემდეგ, როცა ჭაღები ჯერ კიდევ ქანაობს; ამ კლასის მოსწავლეები ეჩხუბებიან დედებსა და ცოლებს, თუკი მათ სახლის დალაგებისას უპატიებელი შეცდომა ჩაიდინეს და ნინო მასწავლებლის მიერ კარგი ყოფაქცევისათვის გაცემული ორდენები გადაყარეს; ამ კლასის მოწაფეები ულოცავენ პირველები ყოველ დღესასწაულს…

კარგა ხანია ის მკაცრი აღარ არის და რომც იყოს, ძნელი მოსაფიქრებელია, თუ რით შეიძლება შეაშინო თანამედროვე ბავშვები, მაგრამ მის გაკვეთილებზე მაინც ისმის ის, რასაც ყველა მასწავლებელი მოითხოვდა ჩვენგან _ ბუზის გაფრენის ხმა.

ეს იმიტომ, რომ იგი ყოველთვის მოულოდნელობებითაა სავსე, როგორც მისტერ კიტინგი ,,მკვდარი პოეტების საზოგადოებიდან”: მის გაკვეთილზე არასოდეს ისმის _ ,,გადაშალეთ იმ გვერდზე, რომელზეც წინა გაკვეთილზე გავჩერდით”, სამაგიეროდ, ისმის ლექსები, რომლებიც არ არის სასწავლო პროგრამაში, რეზო ინანიშვილის მოთხრობები, ნაწყვეტები ,,სახარებიდან”. და ამ ყველაფერს მოსწავლეები გასუსული ისმენენ, რადგან უკვე იციან ლიტერატურის ფასი. შეიძლება ერთ დღესაც ადგნენ და გაკვეთილიდან გამოფენაზე წავიდნენ მოსწავლემასწავლებლიანად, მეორე დღისთვის კი საშინაო დავალებად ირაკლი ფარჯიანის ნახატებზე რეცენზიის დაწერა ჰქონდეთ. და მერე რა? ბავშვები არა მხოლოდ შესანიშნავად ხატავენ, თურმე შესანიშნავად წერენ რეცენზიებსაც გამოფენების შესახებ.

ახლა კი ყველა მასწავლებლის მთავარი დილემა, როგორ მოვიშინაუროთ პატარა მელაკუდები:

_ ყველაზე ქმედითი ე.წ. ,,როზენტალის ეფექტია”, _ ამბობს ქალბატონი ნინო, _ უთხარი მოსწავლეს, რომ ისეთია, როგორიც გინდა, რომ იყოს და მალე ეს სიმართლედ იქცევა. გაუმხილე, რომ გიყვარს და შენს სიყვარულს გაუფრთხილდება.

სიყვარულისა და მზრუნველობის დეფიციტი, ნინო მასწავლებლის აზრით, ახალი თაობის ყველაზე დიდი პრობლემაა: ბავშვები აღარ იზრდებიან დიდ ოჯახებში, სადაც გარდა მშობლებისა, ბებია-ბაბუებიც ევლებოდნენ თავს; მათ დიდ ნაწილს დედა ან მამა (ანდა ორივე მშობელი) საზღვარგარეთ ჰყავს, ვისაც გვერდით ეგულება, მასაც მხოლოდ საღამოობით, დამღლელი დღის შემდეგ სამსახურიდან დაბრუნებული. მშობლებს სულ უფრო ნაკლები დრო რჩებათ შვილებისათვის.

ამიტომ მასწავლებლებმა კიდევ მეტად უნდა შეიყვარონ ბავშვები. მაგრამ მასწავლებლებს, როგორც ყველა სხვას, ,,საკუთარი დროც” სჭირდებათ, ნინო მასწავლებელს კი _ განსაკუთრებით. საღამოობით სპარსულ და გერმანულ წიგნებს კითხულობს, ამ ენებზე შექმნილ პოეზიას თარგმნის. დროდადრო გერმანიაში მოხსენებებსაც კითხულობს ქართული ლიტერატურის შესახებ და უკვე ძალიან ბევრი გერმანელისაგან სმენია, რომ ისწავლიან ქართულს, რათა ვაჟა-ფშაველა წაიკითხონ.

სპარსული ენა კი ისე სრულიად თავისთავად და მოულოდნელად შემოესწავლა, რომ საბოლოოდ დარწმუნდა, სულით, გულითა და მთელი არსებით აზიელია. ,,სპარსთა ენის სიტკბომან მასურვა მუსიკობანი,” _ იმეორებს იგი მეფე თეიმურაზის სიტყვებს და თან გული ეთანაღრება იმის გამო, რომ ქართულს ასეთი კონკურენტი გამოუჩინა.
იგი მასწავლებელია და ამიტომაც თვლის, რომ ვიღაცისთვის ძალიან კარგია, ხოლო ვიღაცისთვის _ ძალიან ცუდი.
მაგრამ დამერწმუნეთ, ნინო მასწავლებელი არამც და არამც არ არის საშუალო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი