პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ტემპერამენტის ტიპები

ადამიანები ქცევის თავისებურებით განვსხვავდებით ერთმანეთისგან. ზოგი ჩვენგანი ემოციურია, ენერგიული და მოუსვენარი, ზოგი – გაწონასწორებული, დინჯი და აღუშფოთველი, ზოგიც – გულჩათხრობილი და ხშირად მოწყენილი.

ცნება „ტემპერამენტი” გულისხმობს იმ თვისებას, რომელიც განსაზღვრავს პიროვნების ემოციურობის ხასიათს – ემოციების აგზნებადობას, მათ სიცხოველეს, ინტენსივობას, სიმტკიცეს, მათი გამოხატვის თავისებურებას. ტემპერამენტი მოძრაობათა სისწრაფითაც ვლინდება, მაგრამ ვინაიდან მოძრაობათა სიცხოველე უმთავრესად ისევ ემოციურ აგზნებასთან დაკავშირებულ მოძრაობებს მოიაზრებს, ტემპერამენტი უფრო მეტად ადამიანის ემოციათა საფუძვლად მიიჩნევა.

ტემპერამენტის კონცეფცია ჯერ კიდევ ჰიპოკრატემ შემოგვთავაზა. მისი აზრით, ადამიანის ტემპერამენტი დამოკიდებულია ორგანიზმში არსებული რომელიმე სითხის (სისხლის – ბერძნ „სანგნის”, ლორწოს – ბერძ. „ფლეგმა”, ნაღველის – ბერძ. „ქოლე” ან შავი ნაღვლის – ბერძ. „მელან ქოლე”) სიჭარბეზე. ტემპერამენტის ტიპებიც ამ სითხეთა სახელებიდან მომდინარეობს. სახელდობრ, განასხვავებენ მის ოთხ ძირითად ტიპს: სანგვინიკურს, ქოლერიკულს, ფლეგმატიკურსა და მელანქოლიკურს.

მართალია, ჰიპოკრატეს კლასიფიკაციას აკლდა სამეცნიერო დასაბუთება, მაგრამ თანამედროვე მეცნიერებაშიც დადასტურდა, რომ ტემპერამენტს მნიშვნელოვანწილად განაპირობებს ენდოკრინული ჯირკვლების სეკრეცია.

ი. პავლოვის მიხედვით, ტემპერამენტის ფიზოლოგიური საფუძველი ნერვული სისტემის მდგომარეობაა. მეცნიერმა დაამტკიცა, რომ ტემპერამენტის ტიპი თავის ტვინის ქერქში ნერვული აგზნებისა და შეკავების პროცესებზეა დამოკიდებული. პავლოვი ხაზს უსვამდა ნერვული პროცესების ძალას, აგზნებისა და შეკავების პროცესების შესაბამისობას, ნერვული პროცესების მოქნილობას.

ნერვული პროცესების ძალა ნერვული უჯრედების გამძლეობასა და შრომისუნარიანობას გულისხმობს. ის ვლინდება ძლიერი გამღიზიანებლით გამოწვეული შესაბამისი რეაქციით. მაგალითად, ძლიერი გამღიზიანებელი ძლიერი ნერვული სისტემის შემთხვევაში აგზნებისა და შეკავების ძლიერ რეაქციას იწვევს, ხოლო სუსტის შემთხვევაში – სუსტს.

გაწონასწორება მოიაზრებს აგზნებისა და შეკავების პროცესების შესაბამისობას. თუ აგზნება პრევალირებს შეკავებაზე, პირობითი რეფლექსები სწრაფად აღმოცენდება და ნელა ქრება, თუ პირიქით – ნელა აღმოცენდება და მალე ქრება.

ნერვული პროცესების მოქნილობა – ეს არის ნერვული სისტემის უნარი, გარემო პირობების მოთხოვნის შესაბამისად შეცვალოს აგზნება შეკავებით და პირიქით.

მათზე დაყრდნობით პავლოვმაც ნერვული სისტემის ოთხი ტიპი გამოყო:

1. ცოცხალი ტიპი – ძლიერი, გაწონასწორებული და მოძრავი ტიპი. გაწონასწორებულობა აგზნებისა და შეკავების პროცესებს შორის წონასწორობას გულისხმობს. ეს არის მოძრავი ტიპი – აგზნებისა და შეკავების პროცესები სწრაფად ცვლის ერთმანეთს. ნერვული სისტემის ეს ტიპი სანგვინიკური ტემპერამენტის საფუძველს წარმოადგენს;
2. მშვიდი, ნელი ტიპი – ძლიერი, გაწონასწორებული და ინერტული ტიპი. მას ახასიათებს ძლიერი ნერვული სისტემა, აგზნება და შეკავება გაწონასწორებულია, ნაკლებად მოძრავი. აგზნება და შეკავება ნელა, ძნელად ენაცვლება ერთმანეთს. ეს ტიპი ფლეგმატიკური ტემპერამენტის ნერვული საფუძველია;

3. აგზნებადი, შეუკავებელი ტიპი – ძლიერი, მაგრამ გაუწონასწორებელი ტიპი. ამ შემთხვევაში აგზნება პრევალირებს შეკავებაზე. ეს ტიპი ქოლერიკულ ტემპერამენტს შეესატყვისება;

4. სუსტი ტიპი – ახასიათებს აგზნებისა და შეკავების სუსტი მიმდინარეობა. იოლად იღლება, ვერ უძლებს ძლიერ გამღიზიანებლებს. ნერვული სისტემის ეს ტიპი მელანქოლიკური ტემპერამენტის საფუძველს წარმოადგენს.
აღნიშნული პროცესების კავშირს წარმოაჩენს ქვემოთ მოცემული სქემა:
უმაღლესი ნერვული სისტემის ტიპები
ამ აღწერილობაში შესაძლოა ჩვენი რომელიმე ნაცნობი ან პერსონაჟი ამოვიცნოთ, თუმცა მიიჩნევა, რომ ყველა ადამიანს არ აქვს „წმინდა ტემპერამენტი” – ბევრის ტემპერამენტი შერეული ან გარდამავალი ტიპისაა.
ტემპერამენტთა ტიპების ფსიქოლოგიური დახასიათება

სანგვინიკური ტემპერამენტი: გრძნობები სწრაფად აღმოცენდება და მალევე ნელდება. უმეტესად დადებითია. სანგვინიკი უდარდელია, ოპტიმისტურად განწყობილი, ცხოვრებაშიც უფრო დადებით მხარეებს ამჩნევს. ცოცხალი, მოძრავი პიროვნებაა.

ქოლერიკული ტემპერამენტი: დამახასიათებელია გრძნობათა ძლიერი აგზნებადობა. ასეთი პიროვნება იოლად ენთება, შესაძლოა, აფექტურიც იყოს, მაგრამ, სანგვინიკისგან განსხვავებით, უფრო მტკიცე და ხანრძლივი გრძნობები ახასიათებს. ის ხშირად არის უკმაყოფილო, იოლად ბრაზდება.

ფლეგმატიკური ტემპერამენტი: ამ ტიპის ტემპერამენტის მქონე ადამიანი მშვიდი და გულრილია. მას არ ახასიათებს აფექტი. გრძნობები მასთან ნელა აღმოცენდება და აფექტს არ აღწევს. სამაგიეროდ, მტკიცე და ხანგრძლივია. ფლეგმატიკისთვის, სანგვინის მსგავსად, უფრო მეტად დადებითი ემოციებია დამახასიათებელი. მისი მოძრაობები დინჯი და აუჩქარებელია.

მელანქოლიური ტემპერამენტი: მისთვის დამახასიათებელია ღრმა და ძლიერი ემოციები. მელანქოლიკი შესაძლოა არ რეაგირებდეს ყველა გამღიზიანებელზე, მაგრამ როდესაც რეაგირებს, მისი ემოცია დიდხანს გასტანს. თუმცაღა მელანქოლიური ტიპის ადამიანები ნაკლებად გამოხატავენ ემოციებს.

თითოეულ ტემპერამენტს აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ტემპერამენტი თავისთავად არ შეიძლება იყოს არც კარგი, არც ცუდი. ის მჟღავნდება მოძრაობით, მოქმედებით, მაგრამ არ განსაზღვრავს პიროვნების არც ქცევის მოტივს, არც მრწამსსა და მორალს.

მართალია, ტემპერამენტის ტიპი დროთა განმავლობაში ზოგჯერ იცვლება და ადამიანებიც, აღზრდიდან, კულტურიდან გამომდინარე, სხვადასხვანაირად გამოხატავენ ემოციებს, მაგრამ პედაგოგი მაინც არ ეცადოს ბავშვის ტემპერამენტის ტიპის შეცვლას.

როგორ ვლინდება ტემპერამენტის ტიპი ბავშვებთან?

მიიჩნევა, რომ ბავშვის ტემპერამენტის ამოცნობა ადრეული ასაკიდანვეა შესაძლებელი.

ქოლერიკული ტემპერამენტის მქონე ბავშვები აქტიურები არიან, იოლად იწყებენ ამა თუ იმ საქმეს და ბოლომდე მიჰყავთ, უყვართ ჯგუფური თამაშები, ხშირად თავადაც არიან ინიციატორნი. ნელ, მდორედ მიმდინარე პროცესებში მონაწილეობა მათთვის შესაძლოა მოსაწყენი იყოს. დავალებას სხარტად ასრულებენ, მაგრამ სიჩქარეში შესაძლოა გამორჩეთ ასოები, გაეპაროთ მექანიკური შეცდომები, ამიტომ ამ ტიპის ბავშვებს საკუთარი შეცდომების აღმოჩენისა და გასწორების ჩვევა უნდა განუვითაროთ.

სანგვინიკური ტემპერამენტის მქონე ბავშვები ძალზე ცოცხლები არიან. მუდამ მზად არიან, ჩაერთონ წამოწყებაში, მაგრამ ხშირად მალევე უქრებათ ენთუზიაზმი და სხვა საქმეზე გადაერთვებიან ხოლმე. მათ შესაძლოა ეწყინოთ რამე, მაგრამ წყენა იოლად გადაუვლით.

ასეთ ბავშვებთან ურთიერთობისას მნიშვნელოვანია ისეთი სიტუაციების შექმნა, სადაც ისინი აქტიურობას გამოიჩენენ. პედაგოგის ამოცანაა, სასარგებლო მიმართულება მისცეს ბავშვის ენერგიასა და ძალას, არ შეზღუდოს მისი აქტიურობა. სასურველია, დაავალოთ ისეთი საქმეების ორგანიზება, სადაც საჭიროა სისწრაფე, მრავალფეროვნება, გონებამახვილობა.

ქოლერიკული ტემპერამენტის ბავშვებთან ყოველდღიურმა ზედამხედველობამ, ჭკუის დარიგებამ (განსაკუთრებით – სხვების თანდასწრებით) შესაძლოა გამოიწვიოს დაუმორჩილებლობა, წესების მიზანმიმართული დარღვევა, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის გაძლიერება. არ შეიძლება არც წვრილმანების მეტისმეტი კონტროლი და არც სრული უკონტროლობა. ერიდეთ ურთიერთობის დირექტიულ სტილს. ბავშვთან საუბარი საჭიროა ცოცხალ, სწრაფ ტემპში, დიდხანს ნუ შეჩერდებით ერთ თემაზე, ხშირად გადაეცით საუბრის ინიციატივა თვითონ მოზარდს, დაიცავით დისტანცია.

ფლეგმატური ტემპერამენტის ბავშვების ემოციების ამოცნობა ძნელია. მათთვის დამახასიათებელია მშვიდი და გაწონასწორებული ქცევა. ხშირად დამჯერები არიან, კომუნიკაბელურობით არ გამოირჩევიან, მაგრამ ჰყავთ რამდენიმე კარგი მეგობარი. თავად იშვიათად აწყებინინებენ ვინმეს. ხშირად თავს არიდებენ კონფლიქტურ სიტუაციებს.

ასეთ მოზარდებს პედაგოგი თვითშეფასების ამაღლებაში უნდა დაეხმაროს. მათთან კონტაქტის დამყარება ძნელია, მაგრამ, ამასთანავე, მათ აქვთ ძლიერი მოთხოვნილება, გაუზიარონ საკუთარი განცდები სხვებს, ამიტომ აუცილებელია ასეთ მოზარდებთან საუბარი, სიტუაციის დეტალური ანალიზი.

უნდა შეუქმნათ ისეთი სიტუაციები, სადაც თავს სრულყოფილად წარმოაჩენენ, უბიძგოთ ისეთი აქტივობისკენ, რომელშიც თავი სუსტად მიაჩნიათ, მაგრამ სწორად განსაზღვროთ დატვირთვა და დაეხმაროთ.

მელანქოლიური ტიპის ბავშვები წყნარები არიან, თუ რამეს ჰკითხავთ, დაიმორცხვებენ ხოლმე. მათთვის გულის ტკენა იოლია. წყენა დიდხანს მიჰყვებათ. შესაძლოა, საქმიანობასა თუ თამაშში ძნელად ჩაერთონ, მაგრამ ყოველგვარ საქმეს დიდი გულისყურით ეკიდებიან. მათ კომუნიკაციის უნარების განვითარებაში უნდა დავეხმაროთ და თავდაჯერება გავუღვივოთ, გაუბედაობა და არასრულფასოვნების განცდა დავაძლევინოთ., გამუდმებით არ უნდა მივუთითოთ პასუხისმგებლობის გრძნობაზე. ასეთი ტემპერამენტის მქონე ბავშვებისთვის აუცილებელია ინიციატივის მხარდაჭერა, არ შეიძლება მათი დაცინვა, აქტიურობის სურვილის ჩახშობა. უნდა შევუქმნათ წარმატების განცდა.

მელანქოლიკებისთვის კომფორტულია მშვიდი საქმიანობა, რომლის მიზანი წინასწარაა ცნობილი და გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებას არ მოითხოვს, თუმცა მათ ხელი უნდა შევუწყოთ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებაში. ხშირად შევაქოთ (რა თქმა უნდა, დამსახურებისამებრ), მივცეთ საყვარელი საქმის კეთების საშუალება.

მიუხედავად ყოველივე ზემოთქმულისა, ტემპერამენტის ამა თუ იმ ტიპისადმი ადამიანის მიკუთვნება საკმაოდ ძნელია. ყოველ ჩვენგანს აქვს უნიკალური თვისებები, რომლებიც მხოლოდ ტემპერამენტის ტიპზე არ არის დამოკიდებული.

მასწავლებელი ტემპერამენტის შეცვლას კი არ უნდა ეცადოს, არამედ დაეხმაროს სხვადასხვა ტემპერამენტის მქონე მოსწავლეებს ძლიერი მხარეების განვითარებაში და ასწავლოს სისუსტეების დაძლევა და მართვა. ამაში მას დაეხმარება ინდივიდუალური მიდგომა და მრავალფეროვანი აქტივობები – მოძრავი, ჯგუფური, ინდივიდუალური…
გამოყენებული ლიტერატურა:
1. ნათაძე რ., ზოგადი ფსიქოლოგია. 1977
2. Дубровина И. В., Данилова Е. Е., Прихожан А.М.. Психология. Академия. 2003

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი