ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

სადამრიგებლო საათი

ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრში სადამრიგებლო საათის განსახორციელებლად შეიქმნა “სადამრიგებლო საათის პროგრამა I-IV კლასების მოსწავლეთათვის”. პროგრამის მიზანია, I-IV კლასების დამრიგებლებს საათის რაც შეიძლება სასარგებლოდ დაგეგმვასა და განახორციელებაში დაეხმაროს.

პროგრამა მოიცავს დაწყებითი სასკოლო ასაკის მოსწავლეთა დახასიათებას, სადამრიგებლო საათის თემებს, სადამრიგებლო საათის ნიმუშებს, სასარგებლო რესურსებს.

დამრიგებელი სასკოლო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ფიგურაა. მას ევალება საგნობრივ პედაგოგებთან ერთად მოსწავლის აკადემიური მოსწრებისა და დასწრების აღრიცხვა, მშობლებისთვის შვილის ყოფაქცევისა და აკადემიური მოსწრების გაცნობა, სირთულეთა წარმოშობის შემთხვევაში მოსწავლეს, მშობლებსა და მასწავლებლებს შორის შუამავლობა, მოსწავლის დახმარება აკადემიური თუ სხვა პრობლემების მოგვარებაში, საკლასო ზეიმებისა და ექსკურსიების ორგანიზებაში მონაწილეობა, ახალი ინიციატივით კი – სადამრიგებლო კლასთან საათის ჩატარება.

დამრიგებელს, თავისი მოვალეობიდან გამომდინარე, ყველაზე ხშირი და ახლო ურთიერთობა აქვს მოსწავლეებთან, ამიტომაც ის მოსწავლის მრჩეველი და აღმზრდელია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სადამრიგებლო შეხვედრები დაწყებით საფეხურზე. საგნობრივ მასწავლებლებთან ერთად დამრიგებელი დაწყებითი კლასისმოსწავლეებს ეხმარება სკოლასთან, ახალ საქმიან გარემოსთან ადაპტაციაში, უყალიბებს მათ ელემენტარულ სასწავლო ჩვევებს, თანაკლასელებთან თანამშრომლობის უნარებს და ჯანსაღ დამოკიდებულებებს.

სადამრიგებლო საათის პროგრამა შემდეგ პრინციპებს ეყრდნობა:

. აღზრდის მთლიანობა პიროვნების განვითარება ფიზიკური, ფსიქიკური, სოციალური და სულიერი კუთხით არის აუცილებელი. სააღმზრდელო მუშაობის მთავარი მიზანი ფიზიკურად და ფსიქიკურად ჯანსაღი მოქალაქის აღზრდაა;

. შემოქმედი, აქტიური პიროვნების აღზრდა ყველა ბავშვი უნიკალურია. მოსწავლეები ერთმანეთისგან ნიჭითა და შესაძლებლობებით განსხვავდებიან. ამდენად, დამრიგებლის ფუნქცია მათში ნიჭისა და ძლიერი მხარეების აღმოჩენა, მოსწავლის შინაგანი ძალების აქტივაცია, ნიჭისა და შესაძლებლობების გამოსავლენად სათანადოპირობების შექმნაა;

. მოსწავლეთა ჩართულობა და მონაწილეობა მოსწავლეებისთვისპასუხისმგებლობისა და მოვალეობის გრძნობის განვითარება აუცილებელია. საკლასო ცხოვრებაში მნიშვნელოვანი აქტივობების (ზეიმები, ლაშქრობები, ექსკურსიები) დაგეგმვისას დამრიგებელმა უნდა უზრუნველყოს მოსწავლეთა ჩართულობა, მაქსიმალურად გაითვალისწინოს მათი ინტერესები. ამგვარი ჩართულობა მოსწავლეებს დამოუკიდებელ ცხოვრებაში წამოჭრილი სირთულეების მოგვარების უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებს და ხელს შეუწყობს თავისუფალი პიროვნებისჩამოყალიბებას;

. ანამშრომლობის პრინციპი _ დამრიგებლის ურთიერთობა მოსწავლეებთან უნდა ემყარებოდეს თანამშრომლობას, ურთიერთპატივისცემასა და ურთიერთნდობას. დამრიგებლის მუშაობა მიმართული უნდა იყოს მოსწავლეთა სასკოლო ცხოვრებასთან დაკავშირებული მოთხოვნილებების დაკმაყოფილებისა და მათთვის სათანადო პირობების შექმნისკენ;

. ბავშვის უფლებებისა და მოვალეობების დაცვის პრინციპი – დამრიგებელმა მოსწავლეებს ხელი უნდა შეეუწყოს საკუთარი და სხვისი უფლებებისა და მოვალეობების გაცნობიერებასა და დაცვაში.

სადამრიგებლო საათის პროგრამის მიმართულებებია:

  1. პიროვნული და მორალური განვითარება – მე – პიროვნება, სოციუმი ჩემ გარშემო, ურთიერთობა თანატოლებსა და უფროსებთან, ტოლერანტობა, ადამიანთა უფლებები, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები, ეტიკეტი;
  2. გარემოს დაცვის კულტურა და ცხოვრების ჯანსაღი წესი – პირადი ჰიგიენა, ავადმყოფობის გავრცელების წყაროები, სასარგებლო საკვები, დროის ორგანიზება, დღის რეჟიმი, სპორტის მნიშვნელობა, მავნე ჩვევების საფრთხე, გარემოსა და ბუნების მოფრთხილება;
  3. უსაფრთხოება და მოქალაქეობრივპატრიოტული ცნობიერება – ჩემი ეზო, ჩემი სკოლა, ჩემი ქალაქი/სოფელი, სამშობლო, ისტორია, გამოჩენილი პიროვნებები, მნიშვნელოვანი მოვლენები, ტრადიციები, წესები და კანონები;
  4. თვალსაწიერის გაფართოება – ხელოვნების, ტექნოლოგიური და სამეცნიერო მიღწევები.

სასურველია, დამრიგებლის საათი დაწყებით კლასებში მიმდინარეობდეს მოსწავლეებთან საუბრების, დისკუსიის ფორმატით, დიდაქტიკური ზღაპრების გარჩევით, იმიტირებული თამაშებით. ასევე კარგ შედეგს იძლევა ეპისტოლარული ჟანრი. შეიძლება,დამრიგებელმა კლასში დადგას “სურვილების ყუთი”, სადაც მოსწავლეები ჩაყრიან ფურცლებს, რომლებზეც მათთვის საინტერესო თემებზე მოსაზრებებს გამოთქვამენ. იქვე მითითებული იქნება, აღნიშნული საკითხის განხილვა საჯაროდ სურთ თუ ინდივიდუალურად.ამ შემთხვევაში დამრიგებელიმოსწავლეთა ინტერესების გათვალისწინებით დაგეგმავს შეხვედრის თემას.

ასევე ძალიან მნიშვნელოვანია სადამრიგებლო საათისთვის წესების შემუშავება. ამ წესების ფორმულირება პირველივე შეხვედრაზე უნდა მოხდეს და არა მას შემდეგ, რაც წესები დაირღვევა. დამრიგებელმა უნდა აუხსნას მოსწავლეებს, რომ ყველას აქვს აზრის გამოთქმის უფლება. დაუშვებელიაშეხვედრებზე ვინმეს განსჯა: საუბრისასგანიხილება საქციელი, შემთხვევები და არა პიროვნება. თავდაპირველად დამრიგებელს დიდი ძალისხმევა დასჭირდება პროცესის სამართავად და ფასილიტატორის როლის შესასრულებლად, სანამ მოსწავლეები არ გაითავისებენ ამგვარი შეხვედრების წესებსა და მიმდინარეობის თავისებურებებს.

სასურველია, სადამრიგებლო საათი პირველ კლასში 10-15 წუთს გაგრძელდეს იმ შემთხვევაში, თუ შეხვედრა მხოლოდ ერთი სახის აქტივობისგან შედგება (მაგალითად, საუბარი მოსწავლეებთან, ან მხოლოდ დიდაქტიკური ზღაპრის მოსმენა და გარჩევა; პირველკლასელებს ყურადღების აქტიურად მართვა სწორედ 10-15 წუთის განმავლობაში შეუძლიათ). უფრო ხანგძლივი შეხვედრა კი (35-40 წუთი) მრავალფეროვან დავალებებს, სადისკუსიო თემებსა და თამაშებს უნდა ითვალისწინებდეს. დავალებების შერჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს ჯგუფის სიდიდეს. სასურველია, შეხვედრები წინასწარ იყოს დაგეგმილი. მათი ჩატარება კვირის ბოლოს ჯობს, რათა მოხდეს განვლილი სასწავლო კვირის შეფასება და შეჯამება.

სადამრიგებლო საათის ბოლოს აუცილებელია მოსწავლეებისგან უკუკავშირის მიღება: რა გაიგეს და ისწავლეს მათ ამ შეხვედრაზე? რა იყო მათთვის განსაკუთრებით საინტერესო? რა მოეწონათ და რა – არა? ეს დაეხმარება დამრიგებელს, შემდგომი შეხვედრები უფრო ეფექტიანად დაგეგმოს.

ასეთი შეხვედრებისთვის ორგანიზების საუკეთესო ფორმა მრგვალი მაგიდა ან წრეში დასხდომაა, ვინაიდანამგვარად დამრიგებელი დაინახავს ყველა მონაწილეს და შეეძლება განსაზღვროს თითოეულის ჩართულობისხარისხი.

ასევე, შეიძლებასადამრიგებლო საათი ჩატარდეს სკოლის გარეთ, ექსკურსიაზე ან მუზეუმის დათვალიერებისას, მოსწავლეთა საჭიროებებიდან გამომდინარე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი