შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

მე უნდა ვიყო სამართლიანი

სასწავლო პროცესის დროს მასწავლებლის ობიექტურობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ეთიკური თვალსაზრისით; ის დიდწილად განსაზღვრავს სასწავლო პროცესის წარმატებას. თუმცა მასწავლებლებმა კარგად იციან, რომ სასწავლო პროცესის დროს ობიექტურობის დაცვა ხშირად მარტივი არ არის და შესაძლოა სხვადასხვაგვარ წინააღმდეგობას ქმნიდეს.

რას ნიშნავს ობიექტურობა?

ობიექტურობა, პირველ რიგში, მოვლენების, პიროვნებების მიმართ მიუკერძოებელ, რეალობის ადეკვატურ დამოკიდებულებას გულისხმობს. სკოლის კონტექსტში ობიექტურობა რამდენიმე კუთხით შეიძლება განვიხილოთ:

  • მოსწავლეთა შეფასება;
  • მოსწავლეთა მიმართ დამოკიდებულება;
  • სწავლების პროცესი, მოსწავლეებისთვის შესასწავლი მასალის მიწოდება.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩამოთვლილი სფეროები ერთმანეთს გადაკვეთს, რასაც ქვემოთ დაწვრილებით მიმოვიხილავთ.

ობიექტურობა მოსწავლეთა შეფასების დროს

შეფასება სწავლებისა და სწავლის პროცესის ერთ- ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. შეფასების საშუალებით, მასწავლებელი ადგენს მოსწავლის მიღწევის შესაბამისობას სასწავლო გეგმითა და საგნობრივი სტანდარტებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.

შეფასების დროს ერთ- ერთ აუცილებელ პრინციპს სწორედ ობიექტურობის დაცვა წარმოადგენს. მოსწავლე ობიექტურად ფასდება მაშინ, როდესაც შეფასება არ არის დამოკიდებული მასწავლებლის პირად მოსაზრებაზე, მის სურვილზე ან დამოკიდებულებაზე. რიგ შემთხვევებში, შესაძლოა, რთული იყოს შეფასების დროს ობიექტურობის შენარჩუნება. სკოლა ცოცხალ ორგანიზმს ჰგავს, სადაც აქტიური ურთიერთობაა მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის. კონკრეტული დავალების შეფასებისას მასწავლებელს, შესაძლოა, გაუჭირდეს მოსწავლის ობიექტურად შეფასება, ვინაიდან იცის, როგორია მისი საერთო ცოდნა, მომზადების დონე და ა. შ. იმისათვის, რომ სუბიექტური გადაწყვეტილებებისთვის ადგილი არ დარჩეს, საჭიროა, მასწავლებელმა წინასწარ განსაზღვრული, მკაფიო შეფასების კრიტერიუმებითა და სქემებით იხელმძღვანელოს. ამგვარი კრიტერიუმებით შეფასება, ობიექტურობის გაზრდასთან ერთად, აადვილებს მოსწავლესთან და მშობელთან კომუნიკაციას. მკაფიოდ განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმები ქმნის იმის საფუძველს, რომ მოსწავლემ და მშობელმა ნათლად აღიქვან, თუ რისთვის და როგორ ფასდება მოსწავლე, რა არის მისი სუსტი და ძლიერი მხარეები.

იმისთვის, რომ მასწავლებელმა ობიექტურობა დაიცვას, მან კარგად უნდა იცოდეს შეფასების სისტემა და შესაბამის სიტუაციებში შეფასების სხვადასხვა ფორმის გამოყენება.

მოსწავლის უნარებისა და შესაძლებლობების ობიექტურად შესწავლის მიზნით, სასურველია, მასწავლებელი იყენებდეს შეფასების სხვადასხვა მეთოდს. რამდენიმე მეთოდის გამოყენება, ხშირ შემთხვევაში, უფრო სრულყოფილ სურათს აძლევს მასწავლებელს მოსწავლის ცოდნის შესახებ. მას შეუძლია გამოიყენოს შეფასების შემდეგი მეთოდები: ტესტირება, დაკვირვება, მოსწავლის თვითშეფასება, თანატოლთა შეფასება, კომენტარი. შეფასების ნებისმიერი მეთოდის გამოყენებისას მასწავლებელმა უნდა დაიცვას მაქსიმალური ობიექტურობა. შეფასების მეთოდების ცოდნა და პრაქტიკაში მათი ეფექტიანად გამოყენება დადებით ზეგავლენას ახდენს მოსწავლეთა მოტივაციაზე, რაც წარმატებული სასწავლო პროცესის ერთ- ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია.

ტესტირება

ტესტირება მოსწავლის შეფასების ერთ- ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მეთოდია. ტესტი, უმრავლეს შემთხვევაში, წერილობითია, თუმცა ზოგჯერ, საგნის სპეციფიკიდან გამომდინარე( მაგ., პრეზენტაციის უნარის შემოწმებისას), შეიძლება იყოს ზეპირიც. ნებისმიერ შემთხვევაში, იმისთვის, რომ ტესტის შედეგები ობიექტური იყოს, აუცილებელია, მასწავლებელმა ისინი შეაფასოს წინასწარ შემუშავებული პასუხებით ან შეფასების სქემით. წინასწარ შემუშავებული პასუხები მნიშვნელოვანია ფაქტობრივი ცოდნის შემოწმებისას( ღია ან დახურული კითხვების შემთხვევაში). შეფასების სქემით ხელმძღვანელობა კი მასწავლებელს უფრო სრულყოფილ სურათს აძლევს მოსწავლის მიღწევების შესახებ ამა თუ იმ აქტივობაში, ან ზოგადად, საგანში. შეფასების სქემით შეიძლება შეფასდეს, მაგალითად, თხზულება, ზეპირი პრეზენტაცია, ჯგუფური მუშაობა ან პროექტზე მუშაობა. შეფასების სქემა მოიცავს მკაცრად განსაზღვრულ კრიტერიუმებსა და მათი გამოყენების წესებს. შეფასების კრიტერიუმები მაქსიმალურად კონკრეტული და ამომწურავი უნდა იყოს, ხოლო თითოეული მათგანისთვის წინასწარ უნდა განისაზღვროს მოსწრების სხვადასხვა დონე და შესაბამისი ქულა. ეს უზრუნველყოფს არა მხოლოდ ერთი მოსწავლის ცოდნისა და უნარების ობიექტურად შეფასებას, არამედ მოსწავლეთა მიერ ერთმანეთის ობიექტურად შეფასებასაც.

დაკვირვება და კომენტარი

მასწავლებლის მიერ მოსწავლეზე დაკვირვება და შესრულებულ დავალებაზე ვერბალური ან წერილობითი გამოხმაურება მიმდინარე შეფასების მეთოდებია. ობიექტურობის დაცვის თვალსაზრისით, დაკვირვებისა და კომენტირების დროს მეტი სიფრითხილე მართებს მასწავლებელს. მისი ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს რომელიმე მოსწავლე. იმისათვის, რომ მასწავლებლმა, თითოეულ მოსწავლეზე დაკვირვების საშუალებით, ინფორმაციის მოპოვება და ჩანიშვნა შეძლოს, სასურველია, თავად შეარჩიოს გაკვეთილზე ის მოსწავლეები, რომლებსაც დააკვირდება. დაკვირვებისა და კომენტირების დროს არ არსებობს მკაცრად განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმები. ამიტომ მნიშვნელოვანია, მასწავლებელი მაქსიმალურად მიუკერძოებელი იყოს, დააკვირდეს თითოეულ მოსწავლეს, ობიექტურად შეაფასოს მისი განვითარება, წარმატებები და პრობლემები და დროულად, ზომიერების დაცვით მიაწოდოს მოსწავლეს შენიშვნები მათ შესახებ.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე მოსწავლეთა შეფასება

შეფასების ობიექტურობაზე მსჯელობისას ხშირად პრობლემურ საკითხად გვევლინება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე( სსსმ) მოსწავლეთა შეფასება. ზოგადი განათლების ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულია, რომ სსსმ მოსწავლისთვის” სკოლამ უნდა შეიმუშავოს სასწავლო მიზნები, რაც გულისხმობს, რომ უნდა განისაზღვროს მოსწავლის მოსალოდნელი აკადემიური წინსვლა”. მოსალოდნელ აკადემიურ წინსვლასთან მიმართებაში უნდა შემუშავდეს ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, რაც, შესაძლოა, სასწავლო გეგმის მოდიფიცირებას მოითხოვდეს. ასეთ შემთხვევაში, მოსწავლის შეფასება ხდება მოდიფიცირებული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მიზნების მიღწევის დონით. კვლევები ადასტურებს, რომ ბევრ მასწავლებელს, მოსწავლესა და მშობელს უსამართლოდ და არაობიექტურად მიაჩნია სსსმ მოსწავლისთვის მაღალი შეფასების მინიჭება, მაშინ, როდესაც სხვა მოსწავლეს ასეთივე ცოდნის დონისთვის შედარებით დაბალი შეფასება აქვს. მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს ინკლუზიური განათლების პრინციპები, პირველ რიგში კი, თითოეული ბავშვის უფლება, თავისი შესაძლებლობების ფარგლებში ისწავლოს და განვითარდეს თანატოლებთან ერთად. იმ შემთხვევაში, როდესაც სხვა ბავშვები ან მათი მშობლები ეჭვის ქვეშ აყენებენ მასწავლებლის ობიექტურობას, მიზანშეწონილია, მასწავლებელმა გაუზიაროს მათ აღნიშნული პრინციპები და ღირებულებები.

ობიექტურობა მოსწავლეებთან დამოკიდებულებაში

დაუშვებელია მოსწავლეების მიმართ წინასწარი განწყობების ჩამოყალიბება მათი ეთნიკური წარმომავლობის, რელიგიური კუთვნილების, სოციალურ- ეკონომიკური სტატუსის, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების, სქესის ან სხვა მახასიათებლების გამო. ზოგადად, წინასწარი განწყობა, ნებისმიერ შემთხვევაში, იწვევს არასწორ მოლოდინებს. გადაჭარბებული ან მეტად მცირე მოლოდინი, შესაძლოა, უარყოფითად აისახოს ბავშვის სწავლასა და სოციალურ- ემოციურ განვითარებაზე. არ არის გამორიცხული, მისი თვითშეფასება დაეცეს მაშინ, როდესაც ის ხვდება, რომ ვერ აკმაყოფილებს მასწავლებლის მოთხოვნებს, ან პირიქით, როცა მასწავლებელი მას საკმარისად არ სთხოვს. მოსწავლემ, შესაძლოა, ჩათვალოს, რომ თუ მასწავლებელი, რომელიც მისთვის ავტორიტეტულ ფიგურას წარმოადგენს, არ მოელის მისგან წარმატებებს, მას სათანადოდ სწავლა არც შეუძლია. ამრიგად, მასწავლებლის ობიექტური დამოკიდებულება მოსწავლეებისადმი მეტად მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელსაც შეუძლია პოზიტიური ზეგავლენა მოახდინოს თითოეული მოსწავლის სწავლის შედეგზე.

მნიშვნელოვანია, მასწავლებელი აცნობიერებდეს, რომ ყველა ბავშვს, მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა, რელიგიური კუთვნილებისა, სოციალურ- ეკონომიკური სტატუსისა და სქესისა, აქვს ძლიერი და სუსტი მხარეები, რომლებიც განპირობებულია არა ზემოთ ჩამოთვლილი მახასიათებლებით, არამედ პიროვნული გამოცდილებითა და იმ გარემოთი, რომელშიც ის იზრდება.

მოსწავლეთა განსხვავებულობის პატივისცემა თითოეული ბავშვის პიროვნული ზრდის წინაპირობას წარმოადგენს. მასწავლებლის ობიექტური დამოკიდებულება თითოეული მოსწავლისადმი, როგორც პიროვნებისადმი, ბავშვებს უყალიბებს განსხვავებულის მიმართ პატივისცემის, საკუთარი თავის და სხვათა ობიექტური შეფასების უნარს.

კვლევები ადასტურებს, რომ მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის პოზიტიური ემოციური ურთიერთობა მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს მოსწავლეთა სწავლისადმი დამოკიდებულებაზე და მათ მიერ შეფასების ობიექტურობის შეფასებაზე. მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა მოსწავლეს რეგულარულად მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია მისი წარმატებებისა და პრობლემების შესახებ. რჩევები და შენიშვნები, რაც შეიძლება, კონკრეტული უნდა იყოს, რათა მოსწავლემ შესაბამისი რეაგირება შეძლოს. კვლევები აგრეთვე ცხადყოფს, რომ მოსწავლის შეფასებისას და მისთვის ამ შეფასების გაცნობისას, პირველ რიგში, ყურადღება მის პოზიტიურ მხარეებზე უნდა გამახვილდეს, რაც მას თავდაჯერებულობას შემატებს. ცხადია, წარმატებებზე ხაზგასმით მოსწავლის მიღწევების ობიექტური სურათი არ უნდა დაიჩრდილოს.

მასწავლებლის ღირებულებათა სისტემა, პირველ რიგში, ვლინდება მოსწავლეებთან, მშობლებთან და თანამშრომლებთან ურთიერთობისას. ის მუდმივად უნდა ცდილობდეს აღნიშნულ ურთიერთობებში ობიექტურობის შენარჩუნებას და ისეთი სიტუაციებისთვის თავის არიდებას, რომლებმაც, შესაძლოა, ზემოქმედება მოახდინონ მის დამოკიდებულებებზე. მაგალითად, მიზანშეწონილი არ არის მოსწავლეებისგან ან მათი მშობლებისგან საჩუქრის მიღება. საჩუქრის მიღების შემდეგ მასწავლებელს, შესაძლოა, გაუჭირდეს ობიექტურობის შენარჩუნება.

ობიექტურობა სწავლების შინაარსის თვალსაზრისით

ობიექტურობა აგრეთვე გულისხმობს სწავლების პროცესში მოსწავლეებისთვის ინფორმაციის მიუკერძოებლად მიწოდებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჰუმანიტარული საგნების სწავლებისას. ცხადია, იმას, თუ რამდენად ობიექტურად ისწავლება საგანი, მნიშვნელოვანწილად განაპირობებს სახელმძღვანელო, რომელიც უნდა ეყრდნობოდეს სათანადოდ შედგენილ სტანდარტს- სასწავლო გეგმას. ნებისმიერ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა საგანი მაქსიმალურად ობიექტურად ასწავლოს. ისეთი საგნები, როგორიცაა ლიტერატურა და ისტორია მოვლენების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირების საშუალებას იძლევა, თავად ეს ინტერპრეტაციები კი მიმდინარე კვლევის საგანს წარმოადგენს. ამიტომ, აუცილებელია, საგნის სწავლების დროს მასწავლებელმა ობიექტური, მიუკერძოებელი ინფორმაცია მიაწოდოს მოსწავლეებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. ამით ის ხელს შეუწყობს მათში ობიექტური და კრიტიკული მსჯელობის უნარის ჩამოყალიბებას.

სხვა მასწავლებლებთან თანამშრომლობის მნიშვნელობა

სასწავლო პრაქტიკის გაუმჯობესების და დახვეწის მიზნით, მნიშვნელოვანია, მასწავლებელი აქტიურად თანამშრომლობდეს სხვა მასწავლებლებთან. სხვა პედაგოგებზე დაკვირვება, მათთან ერთად საკუთარი გაკვეთილის ანალიზი, კლასის მართვის სტრატეგიების შეფასება, პრობლემებზე მსჯელობა მასწავლებელს საკუთარი თავის ობიექტურად შეფასების საშუალებას აძლევს, რაც პირველი ნაბიჯია პრაქტიკის გაუმჯობესებისკენ.

თანამშრომლობა მიზანშეწონილია მოსწავლეთა შეფასების სისტემის უნიფიცირების მიზნითაც, რაც უფრო მეტად შეუწყობს ხელს სკოლაში მოსწავლეთა ობიექტურად შეფასებას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი