პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მე უნდა ვიყო ტოლერანტი

“ნუ მოექცევი სხვას ისე, როგორც არ გინდა, შენ მოგექცნენ…”

“ტოლერანტობის პრინციპების დეკლარაციის” თანახმად, ტოლერანტობა “მსოფლიო კულტურათა მდიდარი მრავალფეროვნების, თვითგამოხატვის ფორმებისა და ადამიანის ინდივიდუალობის გამოვლინების შესაძლებლობათა პატივისცემა, მიღება და მართებული გაგებაა. მას ხელს უწყობს ცოდნა, ღიაობა, ურთიერთობა და აზრის, სინდისისა და შეხედულებათა თავისუფლება. ტოლერანტობა – ესაა თავისუფლება მრავალფეროვნებაში. ეს არის არამარტო მორალური ვალი, არამედ პოლიტიკური და სამართლებრივი მოთხოვნილებაც. ტოლერანტობა – სათნოებაა, რომელიც შესაძლებელს ხდის მშვიდობას და ომის კულტურის მშვიდობის კულტურით შეცვლას ეხმარება”.

წარსულის სკოლა, სადაც ჩვენ ვსწავლობდით, შეუწყნარებელი იყო განსხვავებული შეხედულებების, აზროვნებისა და განსხვავებული ხედვის. ჩვენ ვსწავლობდით და ვცხოვრობდით მრავალეროვან ქვეყანაში, მაგრამ არაფერი ვიცოდით სხვათა ტრადიციის, ისტორიის და კულტრის შესახებ, ჩვენ აღვიქვამდით და ვხედავდით საერთო სტერეოტიპებით, რომლებიც დღემდე არ დამსხვრეულა და განაგრძობს თავის არსებობას ჩვენს გონებასა თუ ყოველდღიურობაში, ასეთი დამოკიდებულებების როლი ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის კატაკლიზმებში ძალიან დიდია და ჩვენგან ჯერ კიდევ შეუსწავლელი.

მრავალფეროვნება არამხოლოდ სტიმულირებას უწევს კულტურის განვითარებას, არამედ, ასევე, შეიძლება დადებითი ზეგავლენა მოახდინოს სოციალურეკონომიკურ პარამეტრებზე. მრავალფეროვნება, შემოქმედებითობა და ნოვატორობა ერთად საუკეთესო პირობებს ქმნიან საზოგადოების განვითარებისთვის, როცა უთანასწორობა, პირიქით, სოციალურ კონფლიქტებს იწვევს, რომლებსაც უმთავრესად დამღუპველი შედეგები აქვს საზოგადოებრივი კეთილდღეობის და ადამიანთა ღირსების კუთხით.

ცხოვრების განმავლობაში ადამიანს უამრავ განსხვავებულ პიროვნებებთან ურთიერთობა უწევს, ძირითადად, ადამიანური ხასიათის ან დამოკიდებულებების ეს განსხვავებები პროფესიული საქმიანობის დროს ვლინდება. არადა, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ კაცობრიობა არასაკმარისად ტოლერანტულია, ადამიანები ერთმანეთის მიმართ ნაკლებად კეთილგანწყობილნი და მომთმენნი არიან, ნაკლებად არიან გამსჭვალულნი ურთიერთპატივისცემით, ამგვარი დეფიციტი კი მრავალი უბედურების მიზეზია.

ფსიქოლოგები გვარწმუნებენ, რომ მხოლოდ ფსიქოლოგიურად გაწონასწორებულ და მშვიდ ადამიანს შეუძლია დადებითი ზეგავლენა მოახდინოს სხვა ადამიანებზე, ამიტომ ძნელი წარმოსადგენია, მასწავლებელი, რომელიც პატივს არ სცემს სხვის აზრს, სხვის უფლებებსა და სხვა კულტურებს თავისი საქმიანობით ურთიერთპატივისცემას, მშვიდობასა და პიროვნულ თავისუფლებას უწყობდეს ხელს. ვერასოდეს აღვზრდით თავისუფალ და ტოლერანტულ მომავალ თაობას, თუ თავად ჩვენ არ ვართ საკმარისად თავისუფლების მოყვარულნი და ტოლერანტული, თუ თავად არ გვჯერა იდეებისა, რომელსაც ვასწავლით.

თანამედროვე სკოლის უმნიშვნელოვანესი ამოცანაა – აღზარდოს პიროვნება, რომელიც ჰუმანური, მოქალაქეობრივი და ტოლერანტული იდეების მატარებელი და ერთგული იქნება.

სათანადო ენისა და მეთოდების გამოყენების ჩვევა შეიძლება დაეხმაროს როგორც მასწავლებლებს, ისე მოსწავლეებს, რომ შეაფასონ მრავალფეროვანი საზოგადოება არა როგორც დისკრეტული და შეუთავსებელი კულტურების ნაკრები, არამედ სიდიდე, სადაც კომპლექსური რელიგიური, კულტურული და ეთნიკური განსხვავებები აღიარებულია საერთო, მთლიან დემოკრატიულ ჩარჩოში.

ტოლერანტული მიდგომა სხვადასხვა საკითხის გათვალისწინებისკენ მოუწოდებს სკოლას, მასწავლებლებს, სასწავლო გეგმის შემდგენლებს და სახელმძღვანელოების ავტორებს, აუცილებელია, მოსწავლეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, განივითარონ ანალიტიკური აზროვნება, რაც არსებითად მნიშვნელოვანია ნებისმიერი ტოლერანტული მიდგომისთვის.

ტოლერანტული განათლების პროექტირება და დანერგვა საკლასო ოთახიდან იწყება, რომელიც აუცილებლად უნდა ეფუძნებოდეს ინტეგრაციის, ჰუმანიზაციის, შემოქმედებითობის და კულტურიზაციის პრინციპებს. ტოლერანტულ კულტურას მრავალი ასპექტი აქვს, სკოლაში მისი ჩამოყალიბებისთვის და არსებობისთვის კი სამი მნიშვნელოვანი პირობაა საჭირო:

  • სკოლის ადმინისტრაციის ნება და მზაობა;
  • ტოლერანტული საგან­მა­ნათლებლო პროგრამები;
  • ტოლერანტი მასწავლებ­ლები.

ტოლერანტი მასწავლებლის პიროვნული მახასითებლები სკოლაშიც და სკოლის გარეთაც ეყრდნობა ღიაობის, ნდობის, შემწყნარებლობის, ემპირიული გაგების და თვითკრიტიკულობის პრინციპებს. იგი თავის თავში აერთიანებს ეთნიკურ და სოციალურ ტოლერანტიზმს, ასევე ტოლერანტიზმს ადამიანებთან კომუნიკაციისა და ურთიერთობის დონეზეც.

ტოლერანტია პედაგოგი, რომელიც –

  • აცნობიერებს, რომ მას აღიქვამენ მაგალითის მიმცემ პიროვნებად;
  • აფართოებს შემოქმე­დე­ბით მიდგომებს პრობ­ლემების აღსაკვეთად;
  • აცნობიერებს და იყენებს შესაბამის უნარებს და ცოდნას კომფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტისთვის;
  • ერთპიროვნულად არ იღებს გადაწყვეტი­ლე­ბებს კრიტიკულ სიტუაციებში;
  • მნიშვნელოვნად თვლის სხვის აზრს და შეხედუ­ლე­ბებს;
  • ავითარებს მოსწავლე­ებ­ში კრიტიკულ და ანალი­ტი­კურ აზროვნებას;
  • აფასებს კულტურულ მრავალფეროვნებას და ცდილობს, შექმნას გარემო, სადაც დააფასებენ კულტურულ განსხვავებებს და შესაძლებელი იქნება მისი თავისუფლად გამოვლენა ცხოვრებაში.

პედაგოგის საქმიანობა მასწავლებელთა და მოსწავლეთა შორის ტოლერანტული ურთიერთობის ჩამოყალიბებისთვის უნდა ხორციელდებოდეს, როგორც საგაკვეთილო, ასევე კლასგარეშე პროცესის დროს, აუცილებელია, მოსწავლეებთან ურთიერთობა თანამშრომლობაზე ავაგოთ და მივიღოთ ყოველი მათგანი, როგორც ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანი პიროვნება.

კომპრომისზე წასვლის და მოლაპარაკების უნარი, შესაძლებლობა იმისა, რომ კონფლიქტის გარეშე დაარწმუნო ადამიანს საკუთარი სიმართლე, ისე რომ პატივი სცე და დაიცვა მისი შეხედულებები, მისი უფლება, გააჩნდეს საკუთარი აზრი. ხელს უწყობდე სხვადასხვა რელიგიური, ეთნიკური თუ კულტურული მოსწავლეების დაახლოებას და არასოდეს ეგუებოდე ანტიჰუმანურ გამოვლინებებს, როგორიცაა ფაშიზმი, რასიზმი და ქსენოფობია, – აი, ნამდვილი ტოლერანტი მასწავლებლის პოზიცია.

მასწავლებლის ტოლერანტობა ვლინდება მის საქციელში: უნარში, მშვიდად გაერკვეს და მოაგვაროს კონფლიქტი მოსწავლეთა შორის, გაგებით ეკიდებოდეს მათ სასწავლო მიღწევებს, ფიზიკურ მონაცემებსა და მათ ერთმანეთისაგან განსხვავებულ საქციელს. ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მასწავლებლის პროფესიულ კომპეტენციასთან, რომლის აუცილებელი შემადგენელი ნაწილიცაა, საგნის ცოდნასთან და სწავლების მეთოდებთან ერთად, უნარი, გამოვნახოთ ეფექტური გზები და საშუალებები მოსწავლეებთან საურთიერთოდ და სათანამშრომლოდ.

“მასწავლებელს კარგად უნდა ესმოდეს, როგორ და რატომ ავითარებს დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებების შესახებ ცოდნასა და უნარებს მოსწავლეებში. მასწავლებელს გააზრებული უნდა ჰქონდეს შემდეგი საკითხები: დემოკრატიული საზოგადოებისა და ადამიანის უფლებათა დაცვა, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა, ახალგაზრდების მომზადება აქტიური მოქალაქეობისთვის, საზოგადოებაში ინკლუზია და ინტეგრაცია, პარტნიორობის წახალისება, საერთაშორისო განზომილების პოპულარიზაცია.

დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა სწავლების ძირითადი ცნებებია: დემოკრატია, ადამიანის უფლებები და პასუხისმგებლობები, თანაგრძნობა, პატივისცემა, თანასწორობა, საზოგადოებრივი მრავალფეროვნება და თემი.

სწავლება დემოკრატიული მოქალაქეობისა და ადამიანის უფლებათა შესახებ მოიცავს ცოდნისა და გააზრების სხვადასხვა განზომილებას, უნარს, მიდგომასა და ღირებულებას. ეს ყოველივე ერთმანეთს უკავშირდება სწავლისა და სწავლების სხვადასხვა მეთოდის დახმარებით” (პიტერ ბრეტი, პასკალ მომპოინტ გელარდი, მარია ელენა სალემა “მასწავლებელთა კომპეტენციების ჩარჩო” მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი, 2009.)

მოსწავლეთა აღზრდა ტოლერანტ მოქალაქეებად რთული და დიდი ხნის პროცესია, პირველი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ისეთი კომფორტული გარემოს შექმნა ბავშვებისთვის, სადაც უფროსები მეტად მომთმენნი არიან კრიტიკულ სიტუაციებში და სადაც ემოციები არ განაგებენ ადამიანთა საქციელს. ძირითადად, ბავშვის ფსიქოლოგიური აშლილობები და დისკომფორტი უკავშირდება მის მიმართ უფროსების “ნულოვან ტოლერანტობას”, გამოვლენილს მისი ფიზიკური თუ გონებრივი მიღწევების და შესაძლებლობების გამო – მოსწავლე, რომლისთვისაც სკოლაში სიარული დიდი განსაცდელია და რომელსაც უარყოფითი ემოციები აქვს სასწავლო პროცესის მიმართ, ყოველდღიურად ტოვებს სკოლის კედლებში თავისი ჯანმრთელობის ნაწილს.

მოსწავლეები ხშირად საუბრობენ იმ პრობლემების შესახებ, რომელიც სასკოლო ცხოვრებაში ხვდებათ და რაც ხელის შემშლელ ფაქტორებად მიაჩნიათ მასწავლებლებთან ურთიერთობაში, მაგალითად:

  • “მე მეშინია, რომ მასწავლებლისგან ჩემი განსხვავებული შეხედუ­ლება გამოიწვევს ჩემს უარყოფით შეფასებას საგანში”;
  • “მე მინდა, რომ ჩემს პრობლემებს მეტი ინტერესით ეკიდებოდნენ მასწავლებლები”;
  • “მინდა, მასწავლებლები პატივისცემით მეპყრო­ბოდ­ნენ”;
  • “მე მინდა, ჩემი მასწავ­ლებლები არ კარგავდნენ სამართლიანობის და ობიექტურობის შეგრძნებას” და ა.შ.

აშკარაა, რომ ბევრ მოსწავლეს ჰქონია ნეგატიური გამოცდილება, მასწავლებლის მხრიდან ტოლერანტული ფასეულობების დარღვევისა და უარყოფის ფაქტებით, ასეთ დროს მათ ყოველთვის აქვთ უსამართლობის, უპატივცემულობისა და უთანასწორობის შეგრძნება, რაც უმთავრესად მთელი ცხოვრება რჩებათ გონებასა და მეხსიერებაში და რაც შემდგომში აისახება მათ ურთიერთობებში სკოლასთან, თანაკლასელებთან, სხვა დანარჩენ მასწავლებლებთან და საზოგადოებასთან. მასწავლებელს კარგად უნდა ესმოდეს და უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ მოსწავლის დემოკრატიული და მოქალაქეობრივი პოზიციის ჩამოყალიბება და ადამიანის უფლებების შესახებ ცოდნის და უნარების განვითარება მოსწავლეებში მასზეა, უმეტესწილად, დამოკიდებული, როგორც აღვნიშნეთ, თანამედროვე სკოლის უმთავრესი ამოცანა არის, აღზარდოს მოსწავლე, რომელიც დემოკრატიული მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს იზიარებს, ჩამოყალიბდეს აქტიურ, ინფორმირებულ და პასუხისმგებლობით სავსე მოქალაქედ, და რომელიც შეიძლება დავახასიათოთ შემდეგნაირად:

  • იცნობს მოქალაქის უფლებებსა და პასუხისმგებლობებს;
  • ინფორმირებულია სოციალურ და პოლი­ტი­კურ ვითარებაზე;
  • ზრუნავს სხვა ადამია­ნების კეთილდღეობაზე;
  • შეუძლია საკუთარი მოსაზრებებისა და არგუ­-მენტების არტიკუ­ლა­ცია;
  • აქტიურია თავის თემში;
  • შეუძლია პასუხისმგებ­ლო­ბის აღება თავის საქციელზე.

ტოლერანტული აღზრდის პრობლემები ყველაზე მეტად თავის აქტუალობას იძენს მრავალეთნიკურ საზოგადოებაში, სადაც უმნიშვნელოვანესია, არ დავუშვათ მოსწავლეთა უფლებებსა და მოვალეობებში განსხვავებები და უთანასწორობა. სერიოზული ყურადღებაა საჭირო, რათა სკოლამ შეძლოს, აიცილოს სხვადასხვა ორგანიზაციისა თუ ინსტიტუტების ზეგავლენა, რომლებიც ნაციონალურ ან რელიგიურ ექსტრემიზმს ეწევიან, რადგან სკოლა ყოველთვის იყო და, ბუნებრივია, ყოველთვის იქნება ასეთი ჯგუფების ინტერესის სფეროში. ხშირი შემთხვევები არსებობს, როცა მშობელი, კონფლიქტური სიტუაციის დროს, არ ცდილობს, გაერკვეს საქმის ვითარებაში და არ სურს, ცივილურად მოგვარდეს კონფლიქტი, არამედ ღიად გამოდის სხვა რელიგიის თუ ნაციონალობის მოსწავლის წინააღმდეგ – “სიმამაცის ტესტი მაშინ დგება, როცა ჩვენ უმცირესობაში ვართ, ტოლერანტობის კი – უმრავლესობაში ყოფნისას”. რალფ უ. სოკმენი.

“შედარებას რომ მივმართოთ, ტოლერანტობა – ესაა საზოგადოების პოლიტიკურ კულტურაში ამოზრდილი ყვავილი. ტოლერანტობის კონცეფცია სოციალურპოლიტიკური აზრის ხანგრძლივი განვითარების ნაყოფია. ტოლერანტობა იმ საზოგადოებაშია შესაძლებელი, სადაც სოციალური და პოლიტიკური განვითარების შედეგად, უსამართლობისა და სიღატაკის შემზარავი ფორმები უკვე აღარ არსებობს. მაგრამ მართებულია საპირისპირო თვალსაზრისიც: საზოგადოებრივ ცნობიერებაში ტოლერანტობის დაუმკვიდრებლად, ძნელია ცივილიზებული საზოგადოების შექმნა”. ბერმონაზონი ბენიამინ ნოვიკი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი