პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

უმბერტო ეკო – როგორ დავწეროთ სადიპლომო ნაშრომი

I. რატომ წერენ სადიპლომო შრომას და რას წარმოადგენს იგი

სადიპლომო შრომა წარმოადგენს ასიდან ოთხას გვერდამდე დაწერილ ტექსტს, რომელშიც სტუდენტი იკვლევს თავისი სპეციალობიდან შერჩეულ რომელიმე პრობლემას. კანონით სადიპლომო შრომა აუცილებელია უმაღლესი განათლების მოწმობის მისაღებად. სავალდებულო გამოცდების ჩაბარების შემდეგ სტუდენტი წერს სადიპლომო შრომას და წარადგენს მას სადიპლომო კომისიის წინაშე. კომისია ისმენს დიპლომანტის ხელმძღვანელის აზრსა და ოპონენტების გამოხმაურებებს. ოპონენტები შეკითხვებს უსვამენ დიპლომანტს. განხილვის დაცვის დროს თავიანთ აზრს გამოთქვამენ კომისიის წევრებიც, ხელმძღვანელი და ოპონენტები აფიქსირებენ წარმოდგენილი შრომის დადებით (და უარყოფით) მხარეებს. კომისიას კი შეფასება იმისდა მიხედვით გამოაქვს თუ რამდენად წარმატებით შეძლებს დიპლომანტი თავისი ტექსტის დაცვას. კომისია ითვალისწინებს აგრეთვე დიპლომანტის მიერ მანამდე ჩაბარებული გამოცდების შედეგებს და წყვეტს საკითხს შეაფასოს თუ არა დიპლომი ,,წარჩინებით” და მისცეს თუ არა რეკომენდაცია ,,დასაბეჭდად” ეს სისტემა მოქმედებს თითქმის ყველა ჰუმანიტარულ უმაღლეს სასწავლებელში.ჩვეულებრივ სადიპლომო ნაშრომს წერენ ოცდაოთხი წლის ასაკში, როცა უნივერსიტეტების სტუდენტებს გამოსაშვები გამოცდების პერიოდი უდგათ. ნაშრომი არ წარმოადგენს ხანგრძლივი გონებრივი შრომის ნაყოფს. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ საუკეთესო სტუდენტის ნაშრომი დისერტაციას არაფრით ჩამოუვარდება, მაგრამ როგორც წესი, სადიპლომო ნამუშევარს დიდ მოთხოვნებს არ უყენებენ. უნივერსიტეტი არ ითხოვს რაღაც განსაკუთრებულ ნოვატორობას, მას დიპლომი – კომპილაციაც სავსებით აკმაყოფილებს. კომპილაციური სადიპლოო შრომით სტუდენტმა უნდა დაამტკიცოს, რომ შეუძლია არჩეულ თემასთან დაკავშირებული ლიტერატურის, სტატიებისა და წიგნების კრიტიკული დამუშავება, წაკითხულის გადმოცემა, სხვადასხვა თვალსაზრისის შეჯერება და მიმოხილვა იმ დონეზე, რომ გარკვეულ წილად დააინტერესოს სერიოზული სპეციალისტები, რომლებსაც ეს საკითხი საგანგებოდ არ უკვლევიათ.

 

აქედან გამომდინარეობს პირველი რჩევა: წინასწარ განსაზღვრეთ, რა ტიპის შრომის დაწერას აპირებთ – კომპილაციურის თუ კვლევითის. კვლევითი შრომა საკმაოდ ხანგრლივი და შრომატევადია, ნაკლებ ოფლისღვრას არც კომპილაციური შრომა მოითხოვს (არსებობს კომპილაციები, წლების განმავლობაში რომ იწერებოდა)მაგრამ, ჩვეულებრივ, ამ ტიპის ნაშრომი დიდი ჭაპანწევისა და რისკის გარეშე იწერება.

თუ სტუდენტი დიპლომ – კომპილაციას ირჩევს ეს იმას არ ნიშნავს რომ იგი მეცნიერებისკენ მიმავალ ყველა გზას იჭრის, შეიძლება კომპილაცია ახალგაზრდა მეცნიერ – მუშაკის განსაკუთრებული სერიოზულობის გამოვლინებადაც კი იქცეს, თუკი ის მასალას დოკუმენტებზე დაყრდნობით, ბეჯითად და გამოწვილვით შეისწავლის.

საპირისპიო ტიპს წარმოადგენს გამოკვლევის პრეტენზიით დაწერილი ნაშრომი, რომლის ნაჩქარევი დასკვნები არც ავტორს მატებს რაიმეს და მკითხველსაც გვარიანად აღიზიანებს.

როგორ შევარჩიოთ თემა?

ამ საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა ოთხი უმარტივესი პირობის დაცვა:

1) თემა უნდა უპასუხებდეს კონკრეტული სტუდენტის მისწრაფებებს (ან უნდა უახლოვდებოდეს მის მიერ ჩაბარებული გამოცდებისა და წაკითხული წიგნების თემატიკას, მის პოლიტიკურ, იდეურ, სულიერ კულტურას)

2) ძირითადი ტექსტები ხელმისაწვდომი უნდა იყოს (ანუ კონკრეტულ სტუდენტს არ უნდა გაუჭირდეს მათი მოძიება)

3) ძირითადი ტექსტები გასაგები უნდა იყოს (ანუ უნდა შესაბამებოდესკონკრეტული სტუდენტის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს)

4) არჩეული მეთოდოლოგია, რეალურად უნდა შეესატყვისებოდესკონკრეტული სტუდენტის შესაძლბელობებს.

II.სადიპლომო თემა

მონოგრაფიული თუ მიმოხილვითი?

ნებიისმიერი სტუდენტის სურვილია დაწეროს ისეთი სადიპლომო ნაშრომი, რომელშიც ერთბაშად მრავალ საკითხზე იქნება მსჯელობა.

ასეთი მიდგომა დამღუპველია. ფართო მასშტაბები გამოცდილ მეცნიერებსაც კი აშინებს. ოცი წლის ახალგაზრდა კაცი ამ საჯილდაო ქვას ვერ მოერევა, ამაოდ დაშვრება: შეადგენს სახელთა ბანალურ სიას და დაურთავს საყველპურო ციტატების გროვას ან წამოისვრის რამე ნოვატორულს და პასუხად მოიმკის კომისიის წევრთა საყვედურებს მიუტევებელი ხარვეზების გამო.

გლობალური გაქანების დიპლომისტები ყოველთვის ემდურიან კომისიას, რომელსაც თურმე არაფერი ესმის მაგრამ მთელი უბედურებაც ისარის, რომ კომისია მართლაც ვერაფერს გაუგებდა მათ ამბიციურ მიმოხილვებს. რა უნდა იყოს მიმოხილვითი დიპლომი თუ არა ამპარტავნობის დემონსტრაცია? თუმცა რას ვერჩით, ინტელექტუალური ამპარტავნობა, დიპლომთან მიმართებით არავის აუკრძალავს. დაამტკიცეთ რომ დანტე ცუდი პოეტია. მაგრამ ინებეთ და გააკეთეთ ეს დანტეს ტექსტის სამასგვერდიანი განხილვის საშალებით. სამწუხაროდ ასეთი განხილვები მიმოხილვითი ნაშრომის ჩარჩოებში ვერ ეტევა, აი რატომ არის სასურველი, რომ სტუდენტმა ,,ომისშემდგომი პერიოდის იტალიური ლიტერატურის ნაცვლად” გაცილებით ვიწრო თემას მოკიდოს ხელი.

შემიძლია პირდაპირ გითხრათ თუ რა მიმაჩნია იდეალურ ვარიანტად. სხვათა შორის, პირადად ჩემთვის ,,მორავიას მოთხრობებიც” კი მიუღებელია ვამჯობინებ ასეთ რამეს: ,,რომაული მოთხრობების” რამდენიმე რედაქციის შედარებითი ანალიზი. მოსაწყენია? მოიწყინეთ, მე კი ამ თემაში საკმაო აზარტს ვხედავ.

აბა მითხარით ვინ დაუშლის ოპონენტებს ან საბჭოს რიგით წევრებს იმის დემონსტრირებას, რომ მათ იციან ბევრი ის სახელი, რომელიც სამწუხაროდ სტუდენტს გამორჩენია? გადაშლიან შრომას და ოთხიდან სამ შემთხვევაში გამოტოვებულ პერსონალიას დაგისახელებენ. ამის შემდეგ გამანადგურებელ კრიტიკას წინ რაღა დაუდგება, ყველაფერს შეცდომად ჩაგითვლიან, ყველაფერს გაგინიორწყლებენ.

პირიქით, თუ დიპლომანტი სერიოზულად დაამუშავებს ვიწრო თემას, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ რომ თითქმის მთელი კომისია არაკომპეტენტურიაღმოჩნდება მოცემულ საკითხში. იაფასიანი ტრიუკი გგონიათ? დიახ, ეს ტრიუკია, ოღონდ არაიაფასიანი, ღირს თავის შეწუხება. წინდაწინვე მომგებიან პოზიციაში დგები, დარწმუნებული ხარ რომ დაცვაზე ეს საკითხი შენზე უკეთ არავის ეცოდინება. რა არის ამაში ცუდი, თუ საკუთარი ოფლის ფასად გაინაღდებ გამარჯვებას?

მას ასე, დავიმახსოვროთძირითადი წესი: რაც უფრო კონკრეტულია თემა, მით უფრო ადვილია მუშაობა და წარმატების მიღწევაც. მონოგრაფიული თემა გერჩივნოთ მიმოხილვითს. უმჯობესია სადიპლომო სტატიას ჰგავდეს და არა სახელმძღვანელოსან ლექსიკონს.

ისტორიული თუ თეორიული? ეს დილემა ყველა დისციპლინისთვის არ არის აქტუალური. მაგალითად მათემატიკის, რომანული ენების ან გერმანული ლიტერატურის ისტორიიდან აღებული თემები მხოლოდ ისტორიული იქნება. ხოლო ისეთ სპეციალობებში როგორებიცაა არქიტექტურის კომპოზიცია, ბირთვული რეაქტორების ფიზიკა ან შედარებითი ანატომია, თეორიულ (ანუ ექსპერიმენტულ) შრომას ვერსად გაექცევი, მაგრამ არსებობს სპეციალობები – მაგალითად, თეორიული ფილოსოფია, სოციოლოგია, კულტურული ანთროპოლოგია, ესტეთიკა, სამართლის ფილოსოფია, პედაგოგიკა და საერთაშორისო სამართალი, – სადაც შეიძლება დაიწეროს, როგორც თეორიული ისე ისტორიული შინაარსის შრომები.

მასალა – თანამედროვე თუ კლასიკური? ეს შეკითხვა მახსენებს დრომოჭმულ კამათს ,,ძველებსა და ახლებზე”… ბევრი დისციპლინა თავისუფალია ამ დილემისაგან, თუმცა არსებობს შემთხვევები, როცა, ვთქვათ, ლათინური ლიტერატურის ისტორიის სპეციალობაში იძლევიან თემებს, როგორც ჰორაციუსზე ისე ბოლო ოცწლეულის ევროპული და ამერიკული ჰორაციოლოგიის შესახებ. რა თქმა უნდა, ისიც სათქმელია რომ თანამედროვე მშობლიური სიტყვიერების დარგისთვის ,,კლასიკური ალტერნატივები არ არსებობს”.

საკმარისია პროფესორმა თემად დაასახელოს ,,მეთექვსმეტე საუკუნის პეტრარკისტები” ან ,,ლიტერატორი კლასიცისტი”, რომ სტუდენტმა მაშინვე მოითხოვოს გარსია მარკესი და გრემ გრინი. შეიძლება ამ არჩევანს გულწრფელი სიყვარული კარნახობდეს, სიყვარულს წინ რა დაუდგება, მაგრამ ხშირად თანამედროვეობისკენ სწრაფვას, საფუძვლად უდევს ილუზია, თითქოსდა თანამედროვე ავტორი უფრო ადვილი და საინტერესოა, ვიდრე კლასიკოსი.

დაიმახსოვრეთ, თანამედროვე საგნის შესწავლა უფრო ძნელია, ვიდრე კლასიკურის. მიმდინარე პროცესების შესახებ არსებული ლიტერატურის სია მოკლეა, სამაგიეროდ ტექსტების უმრავლესობა იოლი მოსაძებნია, შეგიძლიათ შესწავლის პირველი ეტაპი ბიბლიოთეკაში კი არა პლიაჟზე შეყვარებულთან ერთად გაატაროთ. მაგრამ სადიპლომოს რაც შეეხება… ან ყბედელოგიაში გადავარდებით და თუთიყუშივით გაიმეროებთ იმას რაც საგაზეთო კრიტიკოსებს უთქვამთ, და ამ შემთხვევაში ჩვენი საუბარი დასრულებულად ჩაითვლება (მხედველობაში იქონიეთ, რომ ყბედოლოგიაში შეიძლება პეტრარკისტებიდანაც გადავარდეთ) ან ახალი სიტყვის თქმა მოისურვეთ და დაინახავთ რომ ძველი ავტორები მყარ საინტერპრეტაციოსქემებში არიან მოქცეულნი, ახლებზე კი კრიტიკოსებს ჯერ ვერაფერი გაურკვევიათ, ყველაფერ ბუნდოვანი და ამორფულია, ვერც საკუთარ შესაძლებლობებსენდობი და იძულებული ხდები, აღიარო რომ დასკვნების გამოტანა ჯოჯოხეთური საქმეა.

რასაკვირველია, ძველი ავტორი მძიმედ იკითხებაა, მაგრამ ბიბლიოგრაფიასრაც შეეხება, შეგიძლიათ თვალდახუჭული ენდოთ და ისარგებლოთ მზამზარეული ნუსხებით.

ამასთანვე თუ სადიპლომოს განვიხილავთ, როგორც სამეცნიერო შრომისთვის მოსამზადებელ ეტაპს, მაშინ ძველი მასალა საუკეთესო საწვრთნელ საშუალებად უნდა მივიჩნიოთ. დიპლომისტი თუ მომავალში თანამედროვე ლიტერატურის კრიტიკოსობას აპირებს, მაშინ შეიძლება სადიპლომო მისთვის იქცეს ძველ ლიტერატურასთან შეხების უკანასკნელ შესაძლებლობად, რაც საშუალებას მისცემდა გამოემუშავებინა გემოვნება და ანალიტიკური მიდგომის ჩვევები. ამ შესაძლებლობის ხელიდან გაშვება არ შეიძლება, თანამედროვე ყველაზე ავანგარდული მწერლების უმრავლესობას სადიპლომოები დაცული აქვთ არა ჯოისის ანდა პაუნდის, არამედ დანტესა და შექსპირის შემოქმედებაზე. რამდენი ხანი სჭირდება სადიპლომოს დაწერას? პირდაპირ ვიტყვი: არაუმეტეს სამი წლისა – ვინაიდან, თუ ამ დროის განმავლობაში თემა ვერ დაძლიეთ და ვერ შეკრიბეთ მასალები ეს იმას ნიშნავს, რომ:

1) თემა თქვენს ძალებს აღემატება

ან

2) შეპყრობილი ხართ სრულყოფილებისიდეით, ცდილობთ ნაშრომში ყველაფერი ჩადოთ. თუ ასე განაგრძეთ, ოცი წელიწადიც არ გეყოფათ. მარჯვე მეცნიერს არ უნდა გაუჭირდეს თავისი თუნდაც მოკრძალებული შესაძლებლობების განსაზღვრა და ამ ფარგლებში რაღაც დასრულებული კონსტრუქციის აგება.

ან და:

3) სადიპლომო ნევროზი გჭირთ. წაიმუშავებთ, გაჩერდებით… წაიმუშავებთ, გაჩერდებით. დამარცხების გრძნობა მტანჯველია, დაფანტული ხართ. სადიპლომოს მეტი აღარაფერი გახსოვთ. ასე ვერასოდეს დაიცავთ.

დაგჭირდებათ არანაკლებ ექვსი თვისა, ვინაიდან იმისათვის, რათა დაახლოებით სამოც გვერდიანი საჟურნალო სტატია მაინც გამოგივიეთ, ექვსი თვე დაგჭირდებათ მასალის შეწავლის, ბიბლიოგრაფიის შედგენის, კონსპექტის დამუშავებისა დატექსტის დაწერისათვის. ცხადია, გამოცდილ მეცნიერს ანალოგიურ საქმეზე გაცილებით ნაკლები დრო დაეხარჯება, მაგრამ ისიც გაითვალისწინეთ,რომ მეცნიერს ათწლეულების გამოცდილება აქვს დაგროვებული, ამდენი უკითხავს, ამდენი უწერია, ამდენი კონსპექტი თუ ბარათი შეუდგენია, დიპლომანტი კი ნულიდან იწყებს.

როცა ლაპარაკია ,,სამ წელიწადზე” ან ,,ექვს თვეზე”, რა თქმა უნდა აქ არ იგულისხმება წერის დრო. შეიძლება სადიპლომო ერთ თვეშიც დაიწეროს და ორ – სამ კვირაშიც, გააჩნია რა მეთოდით ვმუშაობთ. ვგულისხმობ მთლიან პერიოდს – ნაშრომის იდეის მონიშვნიდან აკინძული ტექსტის დეკანატში ჩაბარებამდე. შესაბამისად კურსადმთავრებულს შეუძლია ტექსტზე წელიწადის განმავლობაშიც იმუშვოს, ოღონდ უნდა გამოიყენოს ის ცოდნა და იდეები რაც წინა ორი გამოსვლისას დაუგროვებია. ჩემი აზრით იდეალური ვარიანტი იქნებოდა თუკი სტუდენტი თემის მოფიქრებას (და სამეცნიერო ხელმძღანელის მოძიებას მეორე კურსის დასრულებამდე მოახერხებდა). საჭიროა თუ არა უცხო ენების ცოდნა?

უნდა მოგახსენოთ, რომ მოცემულ შემთხვევაში ლაპარაკი არ არის იმ სტუდენტებზე, რომლებიც უცხო ენებსა და უცხოურ ლიტერატურაში სპეციალიზირდებიან, საუბარია იმათზე რომლებიც ფილოსოფიის, სოციოლოგიის, იურისპრუდენციის, პოლიტოლოგიის, ისტორიისა თუ საბუნებისმეტყველოსპეციალობებს ეუფლებიან. დღის წესრიგში ყოველთვის დგას უცხო ენაზე დაწერილი წიგნის გამოყენების აუცილებლობა, იმ შემთხვევაშიც კი, როცა სამამულო მეცნიერებასთან დაკავშირებულ თემაზე მუშაობ: ამ დარგის ცნობილი სპეციალისტები გერმანელებშიც მოიძებნებიან და ინგლისელებშიც.

თუ ხელთ ჩაგივარდათ არჩეულ თემასთან დაკავშირებით ერთი გერმანული წიგნი და ეს ენა არ იცით, შეგიძლიათ ნაცნობს ათარგმნინოთ თით – ოროლა ფრაგმენტი. იმედია გეყოფათ სინდისი და არ მოყვებით ამ წიგნის დემონსტრაციულციტირებას, თუმცა სრული უფლება გაქვთ იგი ბიბლიოგრაფიაში შეიტანოთ.

მაგრამ ყველაფერი ეს წვრილმაანებია.მთავარი ის გახლავთ, რომ ხელი არ უნდა მოჰკიდოთ თემას, რომელიც თქვენთვის უცნობი ენის ცოდნას მოითხოვს. ხშირად სტუდენტები არ ითვალისწინებენ არჩეულ თემასთან დაკავშირებულ რისკის ფაქტორებს, ამიტომ თავს უფლებას მივცემ ჩამოგითვალოთ ზოგიერთი სახელმძღვანელო კანონი.

1) არ აიღოთ თემა უცხოელი ავტორის შესახებ, თუ არ შეგიძლიათ მისი წაკითხვა დედანში.

2) ახლოს არ გაიკაროთ თემა, რომლის შესახებ არსებული ძირითადი ლიტერატურა თქვენთვის უცნობ ენაზეა დაწერილი.

3) არცერთ ავტორსა და არცერთ თემაზე ნორმალური სადიპლომო შრომა არ გამოგივათ, თუ მარტო იმ წიგნებს გაითვალისწინებთ,რომლებიც შენთვის ხელმისაწვდომ ენებზეა დაწერილი.

და ბოლოს, რჩევა: სანამ თემას დასამტკიცებლადწარადგენდე, მანამ ყურადღებით გადახედე ბიბლიოგრაფიას, რათა თავიდან აიცილო გაუთვალიწინებელი ლინგვისტური ბარიერები. რა გმართებს იმისათვის, რომ სამეცნიერო ხელმძღვანელი კისერზე არ დავისვათ? მომავალი დიპლომანტი ან თვითონ არჩევს თემას, ან ამ საქმეს პროფესორს ანდობს. პროფესორი კი როცა სტუდენტს თემას სთავაზობს ორიდან ერთ კრიტერიუმს იყენებს. ან საკუთარი რეპერტუარიდან იღებს რაიმეს, რაც საშუალებას მისცემს დაუძაბველად გასწიოს კურატორობა, ან არჩევს ისეთ თემას, რომელსაც კარგად არ იცნობს და სტუდენტთან ერთად შეისწავლოს იგი.

პიდაპირ ვიტყვი, მიუხედავდ ყველაფრისა, მეორე ვარიანტი უფრო პატიოსან და კეთილშობილურ გადაწყვეტილებად მიმაჩნია. მასწავლებელს სურს, დიპლომზე მუშაობის პროცესში გაიფართოვოს ჰორიზონტი და სტუდენტს მისცეს პატიოსანი ჩევები – ერთდროულად კიდეც ეხმარება და სწავლობს კიდეც. ამ ვარიანტს ხელმძღვანელი მაშინ ირჩევს, როცა ბოლომდე დარწმუნებულიადიპლომანტის შესაძლებლობებში. არსებობს შემთხვევა, როცა ხელმძღვანელს ჩაფიქრებული აქვს რაღაც მასშტაბური სამუშაო, ამისთვის ეძებს საჭირო ინფორმაციას დაცდილობს გამოიყენოს დიპლომისტები, როგორც ერთგვარი საძიებო ჯგუფი. ასეთი მიდგომა სამართლიანიც არის და სასარგებლოც.

მაგრამ შეიძლება, საქმემ არასწორი გაგრძელება მიიღოს, თუ:

1. მასწავლებელი ისეა მოჯადოებული თავისი თემით, რომ უნებლიედ ჩაგრავს დიპლომანტს, რომელსაც არ სურდა ამ თემაზე მუშაობა.

2. მასწავლებელი უწესო ადამიანია და საკუთარი მიზნებისთვის იყენებს სტუდენტებს.

როგორ ავიცილოთ მსგავსი გაუგებრობები? სწავლის პერიოდში სტუდენტი თვალყურს ადევნებს კათედრის ამა თუ იმ თანამშრომელს, კითხულობს მათ სტატიებსა და წიგნებს, იცის ვინ რას წარმოადგენს, ამიტომ არ უნდა გაუჭირდეს მოუხელთებელი ფაქტორების – ნდობისა და მეგობრულ გრძნობათა გარჩევა.

ყველა შემთხვევაში უნდა გაარკვიოთ, ხომ არ შედის თქვენი თემატიკა ვისიმე კოლექტიურ გეგმებში; თუ შედის, მაშინ იმაზეც იფიქრეთ, თქვენთვის ეს რამდენად მისაღები იქნება.

III. მასალის შეკრება

რას წარმოადგენს სამეცნიერო შრომის წყარო?

სადიპლომო შრომის მიზანია შეისწავლოს საგანი იარაღის მეშვეობით. ბევრ შემთხვევაში საგანს წარმოადგენს წიგნი. იარაღებს – სხვა წიგნი. მაგალითად, ასეთი თემა, ,,ადამ სმიტის ეკონოიკური განაზრებანი” გულისხმობს, რომ საგანი არის ადამ სმიტის წიგნები, იარაღები – წიგნები ადამ სმიტის შესახებ. აქედან გამომდინარე, ადამ სმიტის წიგნებს შეიძლება ვუწოდოთ პირველადი წყაროები, ხოლო ადამ სმიტის შესახებ დაწერილ წიგნებს – მეორადი წყაროები, ანუ კრიტიკული ლიტერატურა.

მუდამ გახსოვდეთ, თუ რა განსხვავება არსებობს წყაროებსა და კრიტიკულ ლიტერატურას შორის. მხედველობაში იქონიეთ: მართალია, გამოკვლევებში ძალზე ხშირად შეხვდებით წყაროებიდან ამოღებულ ნაწყვეტებს, მაგრამ თქვენთვის ეს უკვე მეორადი წყაროებია.

პირველადი და მეორადი წყაროები

წიგნებზე მუშაობისას პირველწყაროდ ითვლება ტექსტის პირველი ან აკადემიური გამოცემა. თარგმანი წყაროდ არ გამოდგება, რადგან თარგმანი იგივეა, რაც პროტეზი, ჩასადგმელი ყბა ან სათვალეები, ის არის მიზნის მიღწევის უკანასკნელი საშუალება.

ვერც ანთოლოგიას მივიჩნევთ წყაროდ. ანთოლოგია არის წყაროებისგან შემზადებული ვინეგრეტი, რომელიც მხოლოდ იმისთვის თუ გამოგვადგება, რომ საგანთან პირველი მიახლოვება დავაფიქსიროთ. წყაროდ არ ითვლება სხვა ავტორების მიერ დაწერილი გარდათქმანი თუნდაც გრძელ – გრძელი ციტატებით დამშვენებული. უკეთეს შემთხვევაში მათი გამოყენება შეიძლება მეორად წყაროებად.

ბიბლიოგრაფიის შედგენა.

საორიენტაციო ბიბლიოგრაფიული სია ბიბლიოთეკაში უნდა შევადგინოთ. თუ უკვე იცით, რომელი ავტორები გჭირდებათ, მიადგებით ბიბლიოთეკის კატალოგებს და იქ ნახავთ, თუ ამ ავტორების რა წიგნებია საცავში, შემდეგ წახვალთ მეორე ბიბლიოთეკაში, შემდეგ მესამეში და ა.შ. სანამ არ შეავსებთ საორიენტაციო ნუსხას.

თუ წიგნებს ეძებთ პრინციპით ,,ის – არ ვიცი, რა” პირველად სისტემატურ კატალოგს უნდა მიაკითხოთ. ანბანური კატალოგი ესაჭიროება იმას, ვინც იცის, რა უნდა. ნორმალური ბიბლიოთეკის სისტემატურ კატალოგში უცებ მოიძებნება თქვენთვის საჭირო ლიტერატურის ძირითადი ნაწილი.

მაგრამ კატალოგები მაშინვე არ იძლევიან ამომწურავ ინფორმაციას ამიტომ აუცილებელი ხდება პრიმიტიული ნაბიჯების გადადგმა. ყველა ბიბლიოთეკას აქვს განყოფილება ან დარბაზი, რომელსაც ,,საცნობაროს” უწოდებენ. აქ აწყვია ენციკლოპედიები, ლექსიკონები და ბიბლიოგრაფიები.თქვენთვის საინტერესო თემას მოძებნით ენციკლოპედიაში, ამოიწერთ შესაბამისი სტატიის ბოლოში დაბეჭდილ ბიბლიოგრაფიას, დაბრუნდებით საკატალოგო განყოფილებაში და ამ ავტორებს მოძებნით ანბანურ ბარათებში.

ბიბლიოგრაფიის შედგენაში დაგეხმარებათ ელექტრონული კონსულტაციები, კომპიუტერული კატალოგები და ბიბლიოთეკათშორისიგაცვლა. ბიბლიოთეკები აქვეყნებენ ახლად მიღებული წიგნების ჩამონათვალს. ზოგიერთი სპეციალიზებული ბიბლიოთეკა კომიუტერული ქსელის მეშვეობით უკავშირდება ცენტრალურ მეხსიერებას და შეუძლია თვალის დახამხამებაში მოგაწოდოთ ინფორმაცია.

IV. სამუშაო გეგმა, მონიშვნები და კონსპექტირება

სადიპლომოზე მუშაობას რომ დაიწყებთ, უწინარეს ყოვლისა, უნდა ჩამოწეროთ: 1) სათაური. 2) შესავალი. 3) შინაარსი… დასახეთ სამუშაო გეგმა, რომელსაც საცნობარო საძიებლის ფორმას მისცემთ. კარგად მიგნებული სათაური საქმის ნახევარია, მასში შეიძლება მთელი კონცეფცია ჩაეტიოს. მხედველობაში მაქვს არა ის სათაური, რომელიც დეკანატში იგზავნება დაცვამდე რამდენიმე თვით ადრე, არამედ ჭეშმარიტი სათაური, რომელიც როგორც წესი ქვესათაურად გადის ხოლმე.

პრობლემური გეგმა შემდეგი რეცეპტით უნდა აიგოს:

1. საკითხის დაყენება.

2. წინამორბედთა გამოცდილება.

3. ჩვენი ჰიპოთეზა.

4. ჩვენს ხელთ არსებული მონაცემები.

5. ამ მონაცემების ანალიზი.

6. ჰიპოთეზის დამტკიცება.

7. დასკვნები. გამოვლევის შემდგომი გაგრძელების პერსპექტივები. მუშაობის დროს დაგჭირდებათ მცირე კარტოთეკის შედგენა. კარტოტეკაში შეიტანთ სხვადასხვა სახის ჩანაწერებს:

ა) ბარათები წიგნებისა და სტატიების შინაარსებით.

ბ) თემატური ბარათები.

გ) სახელობითი ბარათები.

დ) ბარათები ციტატებისთვის.

ე) სამუშაო ბარათები.

აუცილებელი არ არის მთელი ამ მაკულატურის დახვავება, წყაროთა შინაარსების პატარა კარტოთეკითაც იოლად გახვალთ, დანარჩენს კი საერთო რვეულში შეიტანთ, ერთადერთ, რაც ძალზე მნიშვნელოვანია,
– კარტოთეკა უნდა იყოს უნიფიცირებულიდა სრული. ერიდეთ ქსეოკოპირების სინდრომს. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეთ წყაროების კონსპექტირებას.

V. როგორ იწერება ტექსტი

ვის მიემართება თქვენი ტექსტი?

ხელმძღვანელს, მეცნიერებს, რიგით მოუმზადებელ მკითხველს, ფართო აუდიტორიას თუ სამეცნიერო საბჭოს წევრებს?

ამ შეკითვების სერიოზული გააზრება დაგეხმარებათ თხრობის ფორმისა და ლოგიკური გამოსახულების მოძებნაში.

სადიპლომო არის თხზულება, რომელიც თავისი სტატუსით მიმართულია ხელმძღვანელისა და ოპონენტისადმი,მაგრამ ამავე დროს, შეიძლება მან სხვა მკითხველებიც დააინტერესოს, მათ შორის მეცნიერების ამა თუ იმ დარგის სპეციალისტებიც.ამიტომ აუცილებელი არ არის ფილოსოფიის საკითხებზე დაწერილი ნაშრომი იწყებოდეს იმის ახსნით თუ რა არის ფილოსოფია. ასევე ვულკანოლოგიურ შრომაში ზედმეტია ვულკანის განმარტება. მაგრამ სხვა დონეებს რაც შეეხება ამაზე ქვემოთ მოგახსენებთ.

ინტონაცია.

მას შემდეგ, რაც გადაწყვეტ, თუ ვის მიმართავ (არამარტო ოპონენტს არამედ მთელს კაცობრიობას!), მოძებენ ინტონაცია. თუმცა ეს ძალიან დელიკატური საქმეა. ქვეყანაზე უნივერსალური კანონები რომ არსებობდეს, ყველა მწერალი გენიოსი იქნებოდა. შემიძლია მხოლოდ ის გირჩიოთ, რომ რამდენიმეჯერ გადაწეროთ სადიპლომო ან შრომის დაწყებამდე წერაში წაივარჯიშოთ.

ნუ დაიწყებთ პრუსტის მიბაძვას. თუ ფრაზები მეტისმეტად გრძელი გამოგდით, არაუშავს, დაწერეთ, როგორც გეწერებათ, ოღონდ მერე დაანაწევრეთ. ტრაგედიად ნუ მიიჩნევთ ქვემდებარის ორჯერ გამეორებას. ერიდეთ ნაცვალსახელებსა და დამოკიდებულ წინადადებებს.

ხშირად გამოიყენეთ აბზაცი, დაიწყეთ აბზაცით წინადადება, როცა იცვლება თემა, როცა იცვლება რითმი და საერთოდ რაც შეიძლება ხშირად…

დაწერეთ ყველაფერი, რაც თავში მოგივათ, ოღონდ – შავ ხელნაწერში. საშიში არაფერია, შემდეგ გამოხშირავთ, ამოიღებთ გადახვევებს, ფრჩხილებში მოთავსებულ პასაჟებს, ზოგიერთ რამეს მითითებებსა და დამატებებში გადაიტანთ, დიპლომის მიზანია წინასიტყვაობაშიწამოყენებული ჰიპოთეზის დამტკიცება და არა იმის ჩვენება. რომ ამ ქვეყნად ყველაფერი იცი.

VI. დასკვნები

დავასრულოთ ჩვენი საუბარი ორი მთავარი დასკვნით:

1) დიპლომი უნდა ვწეროთ სიამოვნებით და 2) დიპლომი როგორც გამოშიგნული ღორი ნარჩენებს არ უნდა ტოვებდეს.

იმუშავეთ ხალისით. თუ მიაგენით თქვენთვის საინტერესო თემას, თუ გადაწყვიტეთ სადიპლომოს დაუთმოთ გარკვეული დრო (როგორც გახსოვთ, ჩვენი გამოთვლებით, მინიმალური პერიოდი ნახევარ წელიწადს არ აღემატება) უმალ იგრძნობთ, რომ თქვენი შრომა იქცევა სანაძლეოს ან საგანძურის მაძიებელთა თამაშის მსგავს სახალისო კონსტრუირებად.

არის რაღაც სპორტული აზარტი მოუხელთებელი ტექსტების ძიებაში, არის კროსვორდის ამოხსნის სიხარული, როცა ხანგრძლივი გონებრივი წვალების შემდეგ იპოვი პასუხს შეკითხვაზე, რომელიც თავიდან ურთულეს გამოცანად გეჩვენებოდა.

ვიმეორებ: დიპლომი არის სანაძლეო, ნიძლავი დადებული საკუთარ თავთან, თუ სპორტულ აზარტს ავყვებით სადიპლომო კარგი გამოგვივა, ხოლო თუ შრომას რიტუალურ მოქმედებად ვაქცევთ, ჩათვალეთ პარტია წაგებულია. ტყუილად რაღაზე უნდა დაკარგოთ დრო, ადექით და დიპლომი იყიდეთ ან მოიპარეთ, ნუ მოიწამლავთ სიცოცხლეს და ნურც იმ ადამიანებს გააწვალებთ ვისაც თქვენი დახმარება და წაკითხვა ევალებათ.

რა ადგილიც არ უნდა ეკავოს ძიებებს თქვენს ცხოვრებაში, აღმოაჩენთ რომ კეთილსინდისიერადდაწერილი დიპლომი სასარგებლოა უკანასკნელ ხრტილამდე. მისგან შეიძლება ერთი ან რამდენიმე სამეცნიერო სტატია და სულაც წიგნი (თუ რა თქმა უნდა გააფართოვებთ) გამოიჭრას.

დანარჩენი ნაჭრები კი საჭმელში წავა: დროდადრო მიუბრუნდებით ციტატებს, გადაიკითხავთ კონსპექტებს და ამოიღებთ დამატებით ინფორმაციას, რომელიც არ შესულა შრომის საბოლოო ტექსტში.

შეიძლება დიპლომი ათი, ოცი, ოცდაათი წლის შემდეგაც გამოგადგეთ იმიტომ, რომ პირველი სიყვარული არ ხუნდება, როგორც მოგეხსენებათ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი