პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მხატვრული ლიტერატურის გამოყენების ზოგიერთი ასპექტი ისტორიის გაკვეთილზე

თანამედროვე განათლებული ადამიანი თავისი ქვეყნის და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის შესახებ ფართო ცოდნით გამოირჩევა. ასეთი ცოდნა ძირითადად თავმოყრილია უძველეს ხელნაწერებსა და ისტორიულ ქრონიკებში, რომლებიც მოგვითხრობენ მნიშვნელოვან მოვლენებზე, პიროვნებებზე, მეფეებზე, მხედართმთავრებზე, დიპლომატებზე და სხვა ცნობილი ადამიანების ცხოვრებაზე, ღრმა კვალი რომ დატოვეს ჩვენს ცნობიერებაზე. და თუმცა დროთა განმავლობაში ისტორიული მოვლენების მიმართ დამოკიდებულება იცვლება და ისტორიული მოვლენებიც სხვა მასშტაბებს იძენენ, უცვლელი რჩება ისტორიული ნაწარმოებების, როგორც წარსულის რეკონსტრუქციისა და მომავლის კონსტრუქციის შესწავლის მნიშვნელობა. ამიტომ, რაც მეტად გავუღვივებთ მოსწავლეებს სკოლაში ისტორიის საგნის მიმართ ინტერესს, მით მეტად საზოგადოებრივად მომზადებულ ახალგაზრდას შევძენთ საზოგადოებას.

ამ ამოცანების გადაწყვეტა აუცილებლად მოითხოვს დამხარე ნარატიული მასალის მოშველიებას. ისტორიული მატიანეების ავტორებიც კი, რომლებიც აღიარებდნენ თვითმხილველის ფასს ისტორიული მასალის გადმოცემაში და მუდმივად ახლდნენ თან ქვეყნის მესვეურებს სამხედრო ლაშქრობებში, მნიშვნელოვან მშენებლობებზე, ესწრებოდნენ მოლაპარაკებებს და ა.შ. იყენებდნენ სხვათა ჩანაწერებსაც როგორც ისტორიულ წყაროს, მათ შორის ლეგენდებს, გადმოცემებს, ფოლკლორულ მასალას და ცდილობდნენ, რაც შეიძლებოდა ზუსტად აღეწერათ ყველაფერი, რაც მათ ქვეყანაში და მათ დროს ხდებოდა, ჩაწვდომოდნენ ისტორიული მოვლენების მიზეზებს, გაეთვალათ შედეგები.

წარსულისა და აწმყოს კავშირურთიერთობების დადგენაში და ისტორიის საგაკვეთილო პროცესის სრულყოფაში ისტორიის მასწავლებელს ეფექტურად ეხმარება მხატვრული ლიტერატურა. მთავარია, მასწავლებელმა სწორი წარმოდგენა ჩამოუყალიბოს მოსწავლეს ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შესწავლაში მხატვრული ლიტერატურის ადგილისა და როლის მნიშვნელობაზე. მხატვრული ლიტერატურის მიმართ ასეთი დამოკიდებულება არაა გასაკვირი, რადგან უკვე დიდი ხანია ისტორია და ლიტერატურა „ერთად მოდიან”:

  • ისტორია ლიტერატურას აძლევს ფაქტს, მასალას განსჯისა და განხილვისთვის;

  • ლიტერატურული ნაწარმოები ხშირად მოგვითხრობს საზოგადოებისა და სახელმწიფოს ისტორიული განვითარების შესახებ;

  • ლიტერატურას განვითარების კანონზომიერება ახასიათებს;

  • ისტორიას თავისი კანონები აქვს, ის გარკვეული კანონზომიერებით ხასიათდება;

  • დროთა განმავლობაში ლიტერატურული მიმართულებები, ესთეტიკური სისტემები, განვითარების კანონები იცვლება;

  • საზოგადოებასაც, როგორც ლიტერატურას, ახასიათებს ბრძოლა წარმავლობასთან, ორივე ცდილობს დროის უკვდავყოფას და ამ დროის სივრცეში ყველაზე მნიშვნელოვანის მოქცევას;
  • შედეგად კი მოგებული რჩება (და ყოველთვის რჩებოდა) მწერალი, ლიტერატურა, ასავე – მკითხველიც!.. 
  • შესაბამისად, იზრდება და ვითარდება (იზრდებოდა და ვითარდებოდა) ადამიანი – საზოგადოების და სახელმწიფოს ისტორიული პროცესის წარმმართველი. 

რაზე მოგვითხრობს ისტორიული შინაარსის მხატვრული ლიტერატურა და რატომაა მისი გამოყენება აუცილებელი და მნიშვნელოვანი ისტორიის გაკვეთილზე?

ა) უპირველესად, მხატვრული ლიტერატურა ასახავს ადამიანის შინაგან სამყაროს: მისწრაფებას ბედნიერებისკენ, სიხარულს, სიყვარულს, მისი შრომას და გარჯას, დარდსა და ნაღველს, ბრძოლას განსაცდელთან და ა.შ.

ბ) მეორე მხრივ, მხატვრულ ლიტერატურაში ნათლად და საინტერესოდაა აღწერილი ესა თუ ისტორიული მოვლენა, რომელიც თავისთავად მშრალი სახითაა წარმოდგენილი ისტორიულ ქრონიკებში.

ისტორიული შინაარსის მხატვრული ლიტერატურა, წარმოადგენს რა ინფორმაციის მდიდარ წყაროს, შეგვიძლია ორ ჯგუფად გავყოთ:

  • I – შესასწავლი ეპოქის მხატვრული ნაწარმოებების გაცნობა;
  • II – ისტორიული ბელესტრისტიკა.

აღსანიშნავია, რომ ლიტერატურულ ძეგლებს მიეკუთვნება ის ნაწარმოებებიც, რომელთა ავტორებიც წარმოადგენენ უშუალო მხილველებს ანდა მონაწილეებს აღწერილი ამბებისა (მაგალითად, დავით გურამიშვილის „დავითიანი”; რაფიელ დანიბეგაშვილის „მოგზაურობა ინდოეთში”; „Путешествие в Индию грузинского дворянина Рафаила Данибегова”, ჟან შარდენის, ალექსანდრე დიუმას, არტურ ლაისტის და სხვ. ნაწარმოებები). ეფუძნებიან რა მოცემული ეპოქის ისტორიულ წყაროებს, მემუარებს, სამეცნიერო გამოკვლევებს, მონოგრაფიებს, ისინი თავისებურ დოკუმენტებს წარმოადგენენ მოცემული ეპოქის შესწავლისთვის და ისტორიულ მეცნიერებას წარსულის რეკონსტრუქციაში ეხმარებიან, რადგან მაქსიმალურად ახლოს არიან რეალურ სინამდვილესთან.

რაც შეეხება ისტორიულ ბესტსელერებს, ისინი გამოირჩევიან ისტორიული რეალიზმით და დიდ ემოციურ გავლენას ახდენენ მოსწავლეებზე. მათი დიდი ნაწილი ისტორიის საგნის შესწავლით სწორედ მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ისტორიული რომანები და მოთხრობები წაიკითხა. მხატვრული ტექსტის ემოციური ზემოქმედება ზოგჯერ იმხელაა, რომ მოსწავლეებში გარკვეულ აღფრთოვანებას, შეურიგებლობას, ბრძოლისუნარიანობას და თანაგრძნობას იწვევს, რაც ეხმარება მოსწავლეს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების ჩამოყალიბებაში.

აუცილებელია, რომ გაკვეთილზე მხატვრული ტექსტის ნაწყვეტები წინასწარ და გარკვეული პრინციპით შეარჩიოს მასწავლებელმა:

·მხატვრული ტექსტი ახლოს უნდა იყოს სახელმძღვანელოსთან;
·შეესაბამებოდეს სასწავლო პროგრამას;
· ისტორიული მოვლენები ცოცხლად უნდა იყოს გადმოცემული;
·ისტორიული პირების და ცნობილი საზოგადო მოღვაწეების სახეები საინტერესო და დასამახსოვრებელი უნდა იყოს;
· ტექსტი ეპოქის ვიზუალიზაციას და წარსულის სურათების აღდგენის საშუალებას უნდა იძლეოდეს;
·დაეხმაროს მოსწავლეს ცხოვრების იდეალის განსაზღვრაში.

გაკვეთილის ახსნისას ისტორიის მასწავლებლისთვის განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს საზოგადოების, ხალხის განწყობილებების, მათი აზრების, გრძნობების, მისწრაფებების გადმოცემა. ასეთ შემთხვევებს ძირითადად მიეკუთვნება ის გაკვეთილები, რომელიც ამა თუ იმ ეპოქის კულტურულ მიღწევებს, ზეპირსიტყვიერებას, მწერლობის დახასიათებას შეეხება, რომლებიც თავისთავად ისტორიის შესწავლის წყაროებს წარმოადგენენ. ასეთია, მაგალითად, გაკვეთილები მსოფლიო ისტორიის კურსიდან:

·ძველი ბერძნული მითები;
· ჰომეროსის პოემები;
· „ილიადა”;
· „ოდისეა” და ა.შ.

თუმცა გაკვეთილზე წინასწარ შერჩეული მხატვრული ლიტერატურის ნაწყვეტების წაკითხვით მასწავლებელმა შეიძლება იმაზე უკეთეს შედეგს მიაღწიოს, ვიდრე ამის საშუალებას სახელმძღვანელო მისცემდა.
მხატვრული ლიტერატურის კრიტერიუმებია:

  • ნაწარმოების სამეცნიერო ღირებულება;
  • მაღალი მხატვრული ღირებულება;
  • მიღწევადობა, ასაკობრივი თავისებურებები;
  • წიგნის აღმზრდელობითი მნიშვნელობა.
მხატვრული ლიტერატურის მოშველიებით ისტორიის მასწავლებლის საუბარი გაცილებით დამაჯერებელი და საინტერესოა. მთავარია, მასწავლებელმა ზომიერად შეარჩიოს მათი მოცულობა და ხანგრძლივობა. მხატვრული ტექსტი მიზანი კი არ უნდა იყოს, არამედ დამხმარე საშუალება წარსულის რეკონსტრუქციისთვის, რომელიც ისტორიული მოვლენების კანონზომიერების შეცნობასა და გააზრებაში დაეხმარება მოსწავლეს. შედეგად კი მასწავლებელი მიიღებს ისტორიის სწავლების საგანმანათლებლო მიზნის მიღწევის რეალურ საშუალებას.
მხატვრული ტექსტი ეხმარება მასწავლებელს არამარტო გაკვეთილის ახსნაში, არამედ შეუძლია, ჩაანაცვლოს კიდეც სახელმძღვანელოს ტექსტი მხატვრული ლიტერატურით, თუ ის მასწავლებლის დასახულ მიზანს (დაახასიათოს, აღწეროს, ჩამოთვალოს ისტორიული პროცესები) ზუსტად შეესაბამება.

მაგალითი: შეასრულეთ საშინაო დავალება

(საბაზო და საშუალო საფეხურისთვის):

ვარიანტი I –
  • მოიძიეთ და გაეცანით ინფორმაციას ისტორიული ხასიათის ლექსებისა და სიმღერების შესახებ;

ვარიანტი II –
  • გაეცანით გრიგოლ ორბელიანის შემოქმედებას; წარსულის რა სურათები გააცოცხლა პოეტმა თავის ნაწარმოებებში?

ვარიანტი III –
  •  მსოფლიო ლიტერატურის რომელ შედევრებს იცნობთ, რომელთა საფუძველსაც ისტორიული მოვლენები წარმოადგენენ? რა ისწავლეთ ახალი ამ ნაწარმოებების წაკითხვით?

ვარიანტი IV –
  • დაასახელეთ თქვენი საყვარელი მწერლები. ყველაზე მეტად რა ტიპის საზოგადოებრივ მოვლენებზე წერენ ისინი? აღწერეთ ეს მოვლენები და ა.შ. 

მხატვრული ლიტერატურის გამოყენება ისტორიის გაკვეთილს უფრო მეტ ხალისს და ინტერესს სძენს, ხელს უწყობს დამოუკიდებელი კითხვის უნარის განვითარებას, სოციალური ჩვევების ჩამოყალიბებას, ინფორმაციის ტრანსფორმაციას, სააზროვნო პროცესების გააქტიურებას და მისი გამოყენება ამ მიმართულებით მისასალმებელია.ის შეიძლება განვიხილოთ როგორც საუკეთესო საინფორმაციო საშუალება საშინაო დავალების შესრულებისთვისაც, ეფექტური და სასარგებლოა საგაკვეთილო სივრცის გარეთაც, როგორც კლასგარეშე საკითხავი მასალა, რითაც ამტკიცებს იმ ჩვევებს, რომელსაც გაკვეთილზე ჩაუყარა საფუძველი მასწავლებელმა, შედეგად კი ვიღებთ კარგ მკითხველს, ერუდირებულ, განათლებულ ახალგაზრდას, რომელსაც შეუძლია იმსჯელოს ისტორიულ პროცესებზე და გააკეთოს შესაფერისი დასკვნები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი