პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

გაჭიანურებული საშინაო დავალებების დასაძლევად

ბარბარა ოკლი დარწმუნებულია, რომ ყველა მოსწავლეს შეუძლია შესანიშნავი შედეგების ჩვენება. ბარბარა ოკლი ერთ-ერთი ავტორია წიგნისა „შეუძლებლის სწავლება. როგორ დავეხმაროთ მოსწავლეებს ნებისმიერი საგნის დაუფლებაში გამოცდების შიშის გარეშე“. წიგნში გამოცდილი პედაგოგები გვიზიარებენ, როგორ გამოიყენეს „პომიდორის მეთოდი“ და რატომ აჭიანურებენ ბავშვები (და ზოგჯერ უფროსებიც) სასკოლო საქმეების კეთებას. ვაქვეყნებთ ამონარიდს ქვეთავიდან „გაჭიანურების წამლები“.

 

„ოთახში გამეფებულ დაძაბულობას თითქოს შენც გრძნობ. ალისია, ვიდრე ამის შესაძლებლობა აქვს, ბოლოჯერ უყურებს კონსპექტს. ის ნერვიულად აკაკუნებს ფანქარს და ამით მეზობელ მაიკლს აღიზიანებს. დიეგო თითებს იტკაცუნებს, თამიკა კი მოუსვენარი თავდაჯერებულობით ისწორებს თმას.

მაგრამ სემი… ოჰ, სემ! როგორც ჩანს, ის უბრალოდ ძალიან დაიღალა. სემი ყოველთვის ნამძინარევი გამომეტყველებით ელოდება გამოცდის დაწყებას. ერთხელ გამოცდის დროს ჩაეძინა და ფურცელზე მონიშნული რამდენიმე დავალება დადორბლა კიდეც, თუმცა ამ დავალებებს მაინც გასცა პასუხი (ალბათ გახსოვთ, როგორ ფრთხილობდით, რომ არ შეხებოდით ასეთ ფურცლებს შეფასების დროს).

ზოგჯერ მოსწავლეები საკლასო ოთახში იღლებიან, რადგან სახლში პრობლემები აქვთ, მაგრამ სემზე ამას ვერ ვიტყვით. დიახ, მისი მშობლები ხშირად შემორჩებიან ხოლმე სამსახურს, თუმცა უყვართ შვილი და კარგი ურთიერთობა აქვთ როგორც სემთან, ასევე ერთმანეთთან. სემი ჭკვიანი ბიჭია, მაგრამ მისი დაინტერესება შეიძლება მხოლოდ იმით, რაც პრაქტიკაშია სასარგებლო. შეგიძლიათ დაივიწყოთ მათემატიკა, მაგრამ თუ ძრავის კაპიტალური შეკეთება გჭირდებათ, ცამეტი წლის სემი ზუსტად ის არის, ვინც ამაში დაგეხმარებათ.

რატომ უჭირს სემს გამოცდების ჩაბარება?

 

პროკრასტინაცია (გაჭიანურება): მოსწავლეების მთავარი პრობლემა

ქვეთავის სათაურიდან მიხვდებოდით, რომ სემი პროკრასტინაციის ოსტატია. მაგრამ, ამავე დროს, მას ეშინია, მშობლებს იმედი არ გაუცრუოს. ეს მოტივაციური კონფლიქტი აიძულებს, სწავლა ბოლო მომენტამდე გადადოს – ვთქვათ, გამოცდისწინა შუაღამემდე. სემი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი დაიმახსოვროს, მერე კი გათენებამდე რამდენიმე საათით ადრე იძინებს. მიუხედავად იმისა, რომ ჭკვიანი ბავშვია, დროის ზეწოლის სტრესულ პირობებში სწავლობს.

ალბათ უამრავი მოსწავლე გინახავთ, რომლებიც სემზე მეტად აჭიანურებენ საქმეს. ზოგჯერ ისინი გულწრფელად აპირებენ სწავლის დაწყებას, მაგრამ ყველაფერს ბოლო წუთამდე დებენ და მეტისმეტად გვიან ხვდებიან, რომ საკუთარი თავი ხაფანგში გააბეს. სასოწარკვეთილებს, დაზეპირებაც კი არ შველით და იმედს კარგავენ.

მოსწავლეების ძირითადი პრობლემების ჩამონათვალს თუ შეადგენთ, დაინახავთ, რომ გაჭიანურება ჩამონათვალის სათავეში მოექცევა. ფსიქოლოგ პიერს სტელის შეფასებით, „კოლეჯის სტუდენტების 80-95 პროცენტი დროდადრო აჭიანურებს მუშაობას, დაახლოებით 75%-ს შეუძლია, საკუთარ თავს პროკრასტინატორი უწოდოს, ხოლო თითქმის 50% რეგულარულად აჭიანურებს სწავლის დაწყებას და ამას პრობლემად მიიჩნევს“. კოლეჯის სტუდენტები ასე იქცევიან, რადგან სკოლის წლებში მათ გამოუმუშავდათ გადადების ჩვევა. ჩვენ შეგვიძლია, უკეთესობისკენ შევცვალოთ მოსწავლეთა ცხოვრება, თუ გაჭიანურების ტენდენციას რაც შეიძლება ადრე შევებრძოლებით.

 

რა ხდება ტვინში, როდესაც მოსწავლეები აჭიანურებენ

პირველესად, სასარგებლოა იმის ცოდნა, რა იწვევს გაჭიანურებას. ფსიქოლოგები ათეულობით მიზეზს ასახელებენ. მთავარი ალბათ ეს არის: როდესაც სემი და გაჭიანურებისადმი მიდრეკილი სხვა მოსწავლეები (თქვენც კი!) ფიქრობთ იმაზე, რაც არ მოსწონთ ან არ სურთ აკეთონ, ტვინის ქერქში აქტიურდება ტკივილის სიგნალები. როგორ შეიძლება ამ არასასიამოვნო გრძნობასთან გამკლავება? იოლად. სემმა უბრალოდ უნდა იფიქროს რაღაც სხვაზე, რაც იმწამიერი ტკივილისგან იხსნის.

 

თავის ტვინის ქერქი

როგორც კი მოსწავლეებს გაეფიქრებათ რამეზე, რაც არ მოსწონთ ან რისი კეთებაც არ სურთ, ჩნდება დისკომფორტისა და ტკივილის შეგრძნება ტვინის ცენტრალურ ნაწილში, რომელიც პასუხისმგებელია ტკივილის სიგნალების დამუშავებაზე.

ეს ტკივილი დაბრუნდება, მაგალითად, შუაღამის სტრესის და გამოცდაზე ძილიანობის სახით. უფრო უარესი: „ახალი ცოდნის, ახალი კავშირების” პროცესში სემს მოკლე ჩართვა ემართება. მის ტვინს დრო სჭირდება ინფორმაციის კონსოლიდაციისთვის და ახალი ნერვული კავშირების შესაქმნელად. როდესაც სემს გამოცდის წინა ღამეს ძილი არ ჰყოფნის, მისი ტვინი უბრალოდ ვერ იმახსოვრებს იმ ინფორმაციას, რომლის დამახსოვრებასაც ცდილობს და ახალი ცოდნა საცერში ჩასხმული წყალივით გაედინება.

 

როგორ აჭიანურებენ მრბოლელი“ მოსწავლეები

რა უცნაურიც უნდა იყოს, „მრბოლელები“ შეიძლება ყველაზე უარესი პროკრასტინატორები იყვნენ. მათ აქვთ გაჭიანურების ჩვევა, რადგან დაწყებით კლასებში სწავლა ეადვილებოდათ. საკმარისი იყო, ბოლო მომენტში გადაეხედათ თემისთვის, რომ ითვისებდნენ, მაგრამ მაღალსიჩქარიან „მრბოლელთა“ ქულები მკვეთრად იკლებდა, თუ მასალა რთულდებოდა. საშუალოდან მაღალ კლასებში ან კოლეჯში გადასვლა „მრბოლელთათვის“ შეიძლება განსაკუთრებით პრობლემური იყოს, რადგან მათ უბრალოდ არ იციან, როგორ ისწავლონ კლასთან ერთად.

 

როგორ აჭიანურებენ „ფეხმავალი ტურისტები“

ნაკლები მუშა მეხსიერების მიუხედავად, „ფეხმავალ ტურისტ“ მოსწავლეებს შეუძლიათ, ოსტატურად აჯობონ „მრბოლელებს“. ამის მიღწევაში მათ ეხმარება გრძელვადიანი პრაქტიკა, რომელიც „ფეხმავლების“ ხანგრძლივ მეხსიერებაში კავშირების ფართო სპექტრს აყალიბებს. მიუხედავად იმისა, რომ მათი მუშა მეხსიერება ძალიან ტევადი არ არის, დეფიციტს ანაზღაურებს ხანგრძლივ მეხსიერებაში ჩამოყალიბებული კავშირების ჯაჭვები იმ ინფორმაციის დამუშავებით, რომელსაც მუშა მეხსიერება ვერ ინახავს. „ფეხმავლებს“, ისევე როგორც „მრბოლელებს“, შეუძლიათ რთული მონაცემების ინტელექტუალური დამუშავება, მაგრამ დამუშავება უდიდესწილად მათ ხანგრძლივ და არა მუშა მეხსიერებაში ხდება.

თუმცა არის ერთი ნიუანსი: „ფეხმავალ ტურისტებს“ მეტი პრაქტიკა სჭირდებათ, ვიდრე „მრბოლელებს“ – მათ დრო სჭირდებათ ხანგრძლივი მეხსიერების კავშირების დასამყარებლად. ამავე მიზეზით გაჭიანურებამ შესაძლოა „ფეხმავლებს“ ცხოვრება გაურთულოს. საბედნიეროდ, მოტივირებული „ფეხმავლები“ ადრევე აცნობიერებენ, რა სახიფათოა პროკრასტინაცია. „მრბოლელები“, პირიქით, შესაძლოა დიდხანს იყვნენ გაუგებრობაში და მერე გაცილებით მეტად გაუჭირდეთ გაჭიანურების ჩვევის დაძლევა.

 

რა შეიძლება ითქვას მოტივაციაზე?

ალბათ გაიფიქრეთ: „ნუთუ ნეირომეცნიერებას არაფერი აქვს სათქმელი მოტივაციის შესახებ?“ რა თქმა უნდა, აქვთ. ნეირომეცნიერება ამბობს, რომ „გონივრულმა“ მოტივაციურმა მიდგომამ – სწავლებამ სახალისო და საინტერესო გზით – შესაძლოა, პირიქით, გააუარესოს შედეგები. მოტივაციას უფრო დეტალურად მე-7 თავში განვიხილავთ.

ახლა კი ალბათ ჯობია, სწავლისთვის მოტივირებაზე ისე ვიფიქროთ, როგორც ველოსიპედის მართვის სწავლებაზე. ველოსიპედის მართვის სწავლა ადვილი არ არის: გეშინია დაცემის, დაშავების, მაგრამ სურვილი, შეუერთდე სხვა ველოსიპედისტებს, რომლებიც ოსტატურად და მშვიდად მოძრაობენ, გაიძულებს სცადო, მიუხედავად გარდაუვალი დაცემისა და ტკივილებისა.

გამოცდილი მასწავლებლები ეხმარებიან მოსწავლეებს თემის ურთულესი ასპექტების დამუშავებაში, ამხნევებენ მათ. ამდენად, ჯილდო უფრო ხელმისაწვდომი ჩანს და ყოველდღიური სწავლის შედეგები – უფრო მნიშვნელოვანი. მთავარია, მოსწავლეები ჰორიზონტზე ხედავდნენ ნაპირს – გრძნობდნენ, თანდათან როგორ ეუფლებიან მასალას. ნიჭიერი მასწავლებლები მოსწავლეებში აღვიძებენ შთაგონებას და მოტივაციას, მაგრამ ამ პროცესის კომპონენტებად დაშლა ჯერ მაინც არ შეგვიძლია.

 

როგორ გავუმკლავდეთ გაჭიანურებას პომოდორს მეთოდით

გაჭიანურებასთან გამკლავების ერთ-ერთი საუკეთესო მეთოდი, რომელიც ასევე გასწავლით, შეინარჩუნოთ კონცენტრაცია და ერთდროულად ორ კურდღელს არ აედევნოთ, არის პომოდოროს ტექნიკა (tecnica del pomodoro). იტალიელმა ფრანჩესკო ჩირილომ ეს მიდგომა 1980-იან წლებში შეიმუშავა. მეთოდის სახელწოდება მომდინარეობს ჩირილოს ტაიმერისგან, რომელსაც პომიდვრის ფორმა ჰქონდა. ახლა უკვე ვიცით, რომ ჩირილოს მიდგომა მშვენივრად შეესაბამება ნეირომეცნიერებათა მონაცემებს ყურადღების განაწილების შესახებ.

პომოდოროს მეთოდი საკმაოდ სწორხაზოვანია. როდესაც მნიშვნელოვანი ამოცანა გაქვთ შესასრულებელი, მაგრამ ძალიან გინდათ მისი გადადება, აი, როგორ უნდა მოიქცეთ:

  1. გვერდზე გადადეთ ან გამორთეთ ყველაფერი, რამაც შეიძლება ყურადღება გაგიფანტოთ, განსაკუთრებით – სმარტფონის შეტყობინებები.
  2. დააყენეთ ტაიმერი ოცდახუთ წუთზე და ამ ხნის განმავლობაში შეძლებისდაგვარად კონცენტრირდით სამუშაოზე.
  3. ხუთი წუთით დაისვენეთ, განტვირთეთ გონება.
  4. გაიმეორეთ წინა პუნქტები, რამდენჯერაც საჭიროა.

მესამე ან მეოთხე პომოდოროს შემდეგ მოიწყვეთ ნახევარსაათიანი შესვენება.

პომოდოროს მეთოდის თანახმად, დასვენება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ, მასწავლებლები, ხშირად ვფიქრობთ, რომ სწავლება მხოლოდ მაშინ მიმდინარეობს, როდესაც მოსწავლეები უწყვეტად არიან კონცენტრირებულნი დავალებაზე. სინამდვილეში ჰიპოკამპს სჭირდება ხშირი ხანმოკლე შესვენება თავის ტვინის ქერქში ცოდნის გადასატანად. ახალი ინფორმაციის გადატანით ტვინი სწავლობს, მაშინაც კი, როდესაც გვეჩვენება, რომ მოსწავლეები უბრალოდ ისვენებენ.

 

არანაკლებ მნიშვნელოვანია, რას აკეთებენ მოსწავლეები შესვენების დროს

თუ ისინი ტელეფონებს ეცემიან შეტყობინებების შესამოწმებლად ან სოციალურ ქსელს სიახლეების ჩამოსასქროლად, მათი კონცენტრაცია შეფერხდება და ახალმა ინფორმაციამ შესაძლოა გამოდევნოს ახალშეძენილი ცოდნა ჰიპოკამპიდან, სანამ ის მის გადმოტვირთვას მოასწრებს.

შესვენებები შექმნილია ტვინის განმუხტვისთვის: დახუჭე თვალები, გაიარე დერეფანში, დაისხი წყალი, შეიარე საპირფარეშოში, ძაღლს მოეფერე, მოუსმინე საყვარელ სიმღერას.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ გირჩევთ ტელეფონის გამოყენებას, უნდა ვაღიაროთ, რომ არსებობს უამრავი „პომოდოროს“ აპი (განსაკუთრებით პოპულარულია აპლიკაცია Forest), რომელიც ამ მეთოდს სახალისო თამაშად აქცევს. დიახ, პომოდოროს მეთოდი საუკეთესოდ გამოიყენება შინ, მაგრამ მისი მოდიფიცირება და კრეატიულად გამოყენება საკლასო ოთახშიც შესაძლებელია.

მიეცით მოსწავლეებს დავალება. დაე, სიმშვიდეში შეასრულონ, მერე კი მცირე ხნით დაისვენონ. რა თქმა უნდა, დროის პერიოდები უნდა იყოს ადაპტირებული გაკვეთილის ხანგრძლივობასთან და მოსწავლეთა დამოუკიდებლად მუშაობის უნართან.

ზოგადი წესი, რომელიც ვახსენეთ ყურადღების კონცენტრაციაზე საუბრისას, აქაც გამოიყენება. თუ გრძნობთ, რომ მოსწავლეები ჯერ კიდევ მეტისმეტად პატარები არიან ოცდახუთწუთიანი უწყვეტი მუშაობისთვის, შეამცირეთ დრო მათი ასაკის შესაბამისად: ასაკს პლუს ერთი წუთი. მაგალითად, ცხრა წლის ბავშვებს შეუძლიათ, ტაიმერი ათ წუთზე დააყენონ.

 

რატომ აჭიანურებენ მოსწავლეები?

მე ვაჭიანურებ. თქვენ აჭიანურებთ. ყველა ვაჭიანურებთ, განსაკუთრებით – მოსწავლეები. აი, რა გვიპასუხეს მეშვიდეკლასელებმა ენის ხელოვნების ჯგუფიდან, როდესაც მათ დავუსვით ორი კითხვა: „რატომ აჭიანურებთ?“ და „რა შედეგები მოჰყვება ამას?“

– ვაჭიანურებ მეცადინეობას, როცა არ ვიცი, როგორ შევასრულო დავალება.

– ვიღებ ცუდ შეფასებას და დამცინიან.

– მირჩევნია ჯერ მარტივი დავალება შევასრულო, მერე კი რთულზე გადავიდე. თუ ვერ შევასრულე, მასწავლებელს ვეუბნები, რომ მაქსიმალურად ვეცადე.

 

პროკრასტინაციის წამალი

ზოგჯერ მოსწავლეები ფერხდებიან, როცა არ იციან, საიდან დაიწყონ. ასეთი მოსწავლეების სწორ გზაზე დასაბრუნებლად, სწავლის დასაწყისში შეგიძლიათ ინდივიდუალურად ან მცირე ჯგუფებში იმუშაოთ.

ბევრ მოსწავლეს უჭირს რთულ დავალებებზე ყურადღების კონცენტრირება. როცა უფრო რთულ მასალაზე გადადიხართ, პირდაპირ მიდით მათთან, რათა შეამოწმოთ, როგორ მისდით საქმეე. საჭიროების შემთხვევაში შესთავაზეთ დახმარება.

„ვაჭიანურებ, როცა საშინაო დავალებას ვასრულებ. როგორც წესი, ვითიშები და ყურადღება მეფანტება. როცა ვხვდები, რომ ვაჭიანურებ, გონებას ვიკრებ და სწრაფად ვუბრუნდები სამუშაოს“.

„უბრალოდ ვზივარ, მივშტერებივარ დავალებას და ვფიქრობ ყველაფერზე, გარდა დავალებისა. ჩვეულებრივ, მუშაობას ვიწყებ, როცა მასწავლებელი დამიყვირებს“.

პომოდოროს მეთოდი იდეალურია შინ და სკოლაში სამუშაოდ იმ მოსწავლეებისთვის, რომლებმაც იციან, რა უნდა გააკეთონ, მაგრამ კონცენტრაცია უჭირთ. თუ მოსწავლეები მოუთმენლად ელიან ხანმოკლე შესვენებას მეგობრებთან სასაუბროდ, წასახემსებლად ან მოკლე YouTube-ვიდეოების საყურებლად, მათ ნაკლებად გაეფანტებათ ყურადღება.

ზოგიერთი მოსწავლისთვის პომოდორის მეთოდი შესაძლოა საკმარისი არ იყოს. ხშირად მიაკითხეთ მათ, რათა დარწმუნდეთ, რომ მუშაობას არ აჭიანურებენ.

დაუსახეთ მათ უფრო ზუსტი და მოკლევადიანი მიზნები. მაგალითად: „ორი წუთი გაქვს პირველი დავალების შესასრულებლად“. მერე დაუბრუნდით და შეამოწმეთ, აქვს თუ არა წინსვლა.

მაგალითად, ერთი გოგონა გვიყვება: „მე ვაჭიანურებ, როდესაც სასკოლო პროექტი მაქვს შესასრულებელი. გამოცდის წინა ღამეს ველოდები, მერე კი დედა მიყვირის, მაგრამ ეს ყველაფრის დროულად გაკეთებაში მეხმარება“.

ამ მოსწავლემ გააცნობიერა, რომ დედა ყოველთვის დაეხმარება მას, რაც მხოლოდ უძლიერებს საქმის გადადების ჩვევას. ჩვენ, მასწავლებლებს, შეგვიძლია დავეხმაროთ მას ყოველდღიური მიზნების დასახვაში: ბავშვები მიაღწევენ მათ შინ ან სამკითხველოში თვითსწავლის დროს პროექტის ჩაბარების დღემდე.

თუ თქვენ საშუალო სკოლაში ან დაწყებითი სკოლის ბოლო კლასებში ასწავლით, შეგიძლიათ აცნობოთ მოსწავლეთა მშობლებს პროექტისა და ყოველდღიური მიზნების შესახებ დღიურის ან მეილის მეშვეობით, რათა მათ აკონტროლონ შვილების პროგრესი.

მოსწავლეები ათასი მიზეზის გამო აჭიანურებენ სწავლას. ზოგს „სტრესულ სიტუაციებში უკეთ მუშაობისაც“ კი სჯერა. მაგრამ თქვენ ხომ იცით სიმართლე. თქვენ გინახავთ მათ მიერ ნაჩქარევად გაკეთებული საქმე.

თანამედროვე მოსწავლეები მართლაც მოუცლელები არიან. ისინი არ ტყუიან, როცა ამბობენ: „ძალიან ბევრი საქმე მაქვს“. გარდა სკოლისა, ისინი დადიან დამატებით გაკვეთილებზე, სპორტზე, ცეკვაზე, შეჯიბრებებზე, სხედან სოციალურ ქსელებში, იღებენ ვიდეოებს YouTube-ისთვის, მუშაობენ… გაკვეთილების ყველაზე დიდი ზვავი ბავშვებს მცირე ასაკში ატყდებათ თავს. გასაკვირი არ არის, რომ მოსწავლეები დავალებების შესრულებას ბოლო წუთამდე დებენ. ისინი პრიორიტეტს ანიჭებენ იმას, რაც სასწრაფოდ გადასაწყვეტია და არ აწყობენ გეგმებს მომდევნო დღეებისა და კვირებისთვის.

 

რატომ არის გაჭიანურება განსაკუთრებით საზიანო მოსწავლეებისთვის

თქვენ, რა თქმა უნდა, გინახავთ სასოწარკვეთილი მოსწავლეები, რომლებიც გამოცდამდე რამდნიმე საათით ადრე ცდილობენ თავიანთ კონსპექტების ათვისებას – სასადილოში, სამკითხველოში, დერეფანში. დავუშვათ, მოსწავლეები ემზადებიან გამოცდისთვის და მათ უნდა დაიმახსოვრონ აშშ-ს კონსტიტუციის ოცდაშვიდივე ჩასწორება. ზოგიერთმა მათგანმა ბოლო დღეები, საათები და წუთები თემის შესწავლასა და საკუთარი თავის გამოცდას დაუთმო. წარჩინებულმა მოსწავლეებმა კი წინა ღამემდე აჭიანურეს საქმე, ორიოდე საათში ყველაფერი დაიმახსოვრეს და გამოცდა შესანიშნავად ჩააბარეს. თუმცა იმავე წარჩინებულმა მოსწავლეებმა ვერ ჩააბარეს დემოკრატიული პრინციპებისა და უზენაესი სასამართლოს ფუნქციების შესახებ ტესტი. რატომ?

რაკი კარგი სწავლა ყოველთვის ხანგრძლივ მეხსიერებაში კავშირების დამყარებას გულისხმობს, ტერმინების დამახსოვრება საკმარისი არ არის. ღრმა სწავლა ხშირად მოიცავს რთული კონცეფციების დაუფლებას. ასეთი ცოდნის ჩამოყალიბებას დრო სჭირდება, განურჩევლად იმისა, მოსწავლე საბავშვო ბაღში დადის, საშუალო სკოლაში თუ კოლეჯში.

რატომ მოითხოვს ღრმა ცოდნა დროს? იმიტომ, რომ ასეთი ვარჯიშით ყალიბდება ახალი შემოქმედებითი ნეირონული კავშირები.

ეს არ არის დუნე პროცესი, რომლის დროსაც ზოგიერთი ნეირონი შემთხვევით უკავშირდება სხვა მეგობრულ ნეირონებს სამეზობლოში.

პირიქით, ახალი ნეირონული კავშირები შემთხვევით ჩნდება და თუ ეს კავშირები მოსწავლეს კონცეფციის გაგებაში ვერ დაეხმარებიან, მათ ახალი კავშირები ენაცვლება. ზოგჯერ რთულ კონცეფციაში გასარკვევად კავშირების რამდენიმე სრულიად განსხვავებული ჯაჭვია საჭირო!

 

რა ხდება ტვინში

როდესაც მოსწავლეები ეუფლებიან ახალ რთულ თემას, ნერვული კავშირების ქვეცნობიერი შერჩევა კადრს მიღმა ხდება.

ამ მოულოდნელი ახალი კავშირების მოსაძებნად და დასამყარებლად საუკეთესო გზაა ტვინის გადართვა ფოკუსირებული ყურადღების რეჟიმიდან გაფანტული ყურადღების რეჟიმზე.

ფოკუსირებული ყურადღების რეჟიმში თქვენ მთელ ყურადღებას უთმობთ იმ პრობლემას, რომლის გადაჭრასაც ცდილობთ (განსაკუთრებით ჯიუტი მოსწავლეები მთელ ყურადღებას ამახვილებენ პლანშეტზე, როგორც კი ის ხელში ჩაუვარდებათ).

კონცენტრირებული ყურადღების რეჟიმში მუშა მეხსიერება აყალიბებს კავშირებს ჰიპოკამპის ნეირონებსა და ახალ ქერქს შორის. მეორე მხრივ, ყურადღების გაფანტვის რეჟიმში ტვინი აღარ ფოკუსირდება გარე ფაქტორებზე და „შესვენებას“ იწყობს. ამ რეჟიმში მუშა მეხსიერება არ არის ჩართული და ტვინი ქვეცნობიერად იწყებს შემთხვევითი კავშირების შექმნას.

ფოკუსირებული ყურადღების რეჟიმსა და გაფანტული ყურადღების რეჟიმზე გადართვა-გადმორთვისას მოსწავლეები უკეთ ითვისებენ ახალ რთულ კონცეფციებს.

 

ასწავლო შეუძლებელი

ოცნების, დერეფანში ხეტიალის, შხაპის მიღების დროს თუ ძილის წინ ადამიანს გაფანტული აზროვნება ერთვება. კონცენტრირებული აზროვნება ბევრად უფრო ცნობიერი პროცესია, ვიდრე გაფანტული.

მნიშვნელოვანია მოსწავლეებს აუხსნათ, რომ სავსებით ნორმალურია რთული მასალის ვერგაგება პირველივე ცდაზე. ზოგი მოსწავლე ერთ წერტილში იყინება, ზოგი კი მეტჯერ ცდის. მასწავლებლები ხშირად ამბობენ, რომ მთავარია, არ დანებდე, მაგრამ ზოგი მალე ნებდება, როგორც ბანქოსგან აშენებული სახლი, რომელიც სუსტ ნიავსაც კი ვერ უძლებს. ის ზიზღით ამბობს: „მე უბრალოდ ჰუმანიტარი ვარ“, „არ შემიძლია…“ ან, რაც ყველაზე უარესია, – „მეზიზღება…“ არ აქვს მნიშვნელობა, უთხრეს თუ არა ამ მოსწავლეებს, რომ მათი შესაძლებლობები პრაქტიკასთან ერთად გაიზრდება – ემოციებმა უკვე აჯობა ლოგიკას. უსუსურობის განცდა მათ აიძულებთ, დანებდნენ, რათა ასცდნენ ტკივილს თავის ტვინის ქერქში.

მაგრამ სწორედ მაშინ, როცა მოსწავლეს იმედი ეკარგება, მან უკან უნდა დაიხიოს და შეწყვიტოს კონცეფციაზე ფიქრი. მხოლოდ მაშინ, როდესაც კონცეფციაზე აღარ იქნება ფოკუსირებული, შეძლებს გადაიტანოს ის გაფანტული ყურადღების რეჟიმში.

გაფანტული აზროვნება მოსწავლის ტვინს საშუალებას აძლევს, იმუშაოს კულისებში და შემთხვევით გამოიკვლიოს ახალი კავშირები, ვიდრე ის ისვენებს, სადილობს ან ერთობა. მოგვიანებით ის ერთბაშად დაიძვრება მკვდარი წერტილიდან და გაუგებარი დავალება უცებ სავსებით გასაგები მოეჩვენება!

სწავლა გულისხმობს მუდმივ გადართვა-გადმორთვას კონცენტრირებული ყურადღების რეჟიმიდან გაფანტულზე და პირიქით (დროთა განმავლობაში, მეცნიერება, ალბათ, იპოვის გზას, ერთი მდგომარეობიდან მეორეში სუნთქვითი ვარჯიშებით გადაგვიყვანოს). წაახალისეთ მოსწავლეები, ისწავლონ მანამდე, სანამ არ გაიჭედებიან, მერე კი დაისვენონ. ისინი შეძლებენ იმასთან დაბრუნებას, რაც აწუხებდათ, რამდენიმე საათში ან გამოძინების შემდეგ,  მეორე დღეს.

გახსოვდეთ: ძილის დროს ტვინის ქიმიური ნივთიერებები ხელს უწყობს სწავლას.

ძნელი მისახვედრი არ არის, რომ რეჟიმიდან რეჟიმზე გადართვა-გადმორთვა გარკვეულ დროს მოითხოვს. სწავლას დრო სჭირდება. და სწორედ ეს დრო აკლდებათ მოსწავლეებს, როცა ბოლო წუთამდე აჭიანურებენ დავალების შესრულებას.

აჩვენეთ მოსწავლეებს, რომ მათ უნდა იმუშაონ რთული კონცეფციის დაუფლებაზე, სანამ ჩიხში არ მოექცევიან. ამ დროს უმჯობესია დავალების განზე გადადება და სხვა რამის კეთება ან დასვენება გაფანტული ყურადღების რეჟიმის ჩართვით. როდესაც მოსწავლეები მიუბრუნდებიან კონცეფციას, ისინი აღმოაჩენენ, რომ საოცრად შორს წავიდნენ. ეს ცოტათი ქაღალდის თვითმფრინავის გაშვებას ჰგავს: მთავარია, კარგად გაუშვათ, მერე ის თვითონვე, დაუხმარებლად გააგრძელებს ფრენას.

როდესაც ჩიხში მოექცევით, სხვა რამის კეთებაზე გადადით ან შეისვენეთ. ამით თქვენ გამოიყენებთ სწავლის ფასეულ მეტაუნარს. ის განსაკუთრებით გამოსადეგია გამოცდების ჩაბარებისას, როცა მოსწავლეები თავს კუთხეში იმწყვდევენ და გამოსავალს ვერ პოულობენ.

 

„ჯერ ის, რაც რთულია“

მოსწავლეებს, რომლებმაც ბევრი დრო დაუთმეს სწავლას, მიდგომა „ჯერ ის, რაც რთულია“ გამოცდის კარგად ჩაბარებაში დაეხმარება. ამ მეთოდის გამოსაყენებლად მოსწავლემ სწრაფად უნდა ჩაიკითხოს საკითხვი, მოძებნოს ყველაზე რთული და ამით დაიწყოს, მაგრამ როგორც კი იგრძნობს, რომ გაიჭედა, ეს საკითხი გვერდზე გადადოს და უფრო მარტივ კითხვებზე გადავიდეს: გაფანტული ყურადღების რეჟიმი პარალელურად იმუშავებს რთულ ამოცანაზე. მოგვიანებით, როდესაც მოსწავლე მიუბრუნდება რთულ კითხვას, ის შეძლებს მასზე პასუხის გაცემას ან, სულ მცირე, მკვდარი წერტილიდან მის დაძვრას.

„ჯერ ის, რაც რთულია“ მიდგომა გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე თავდაპირველად მარტივი პრობლემების გადაჭრა და ყველაზე დამაბნეველი კითხვის იმ დროისთვის მოტოვება, როდესაც მოსწავლე უკვე დაღლილი და განერვიულებულია იმის გამო, რომ ცოტა დრო რჩება.

რთული ამოცანა საშუალებას გაძლევთ, ისარგებლოთ გაყოფილი ყურადღების რეჟიმით: ორბირთვიანი პროცესორის მსგავსად, ტვინი რთულ კითხვაზე ფონურად ფიქრობს.

რა თქმა უნდა, თუ მოსწავლე საკმარისად არ არის მომზადებული, უმჯობესია, დაიწყოს მარტივი კითხვებით და უპასუხოს იმდენს, რამდენსაც შეძლებს.

მოამზადა ირმა კახურაშვილმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი