შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ერთი ფილმი, ერთი აფიშა

ჩვენს სკოლაში ინგლისური ენის სასწავლო სილაბუსი თვეში ერთხელ გვაქვს გაწერილი, ყოველი მეოთხე კვირა კი კითხვას ეთმობა. ბავშვები კითხულობენ თავიანთი ასაკისა და უცხო ენის დონის შესაბამის წიგნს, რომელიც სახელმძღვანელოებს დამატებით რესურსად ახლავს თან. თუმცა მასწავლებლები წიგნის არჩევანში შეზღუდული არ ვართ და, შესაბამისად, საჭიროებიდან გამომდინარე, თავადვე შეგვიძლია საკითხავი მასალის შერჩევა. მოსწავლეები ყოველთვის განსაკუთრებით ელიან „რიდინგ ვიქის“ მოსვლას, რადგან, როგორც წესი, ეს კვირა უამრავი სახალისო აქტივობითაა დატვირთული. იციან, რომ კითხვის პარალელურად ჯგუფებში განაწილდებიან, ვიქტორინაში ერთმანეთს შეეჯიბრებიან და ა.შ. მოკლედ რომ ვთქვა, სახალისო აქტივობების ხათრით „რიდინგ ვიქი“ იმ ბავშვებსაც უხარიათ, რომლებისთვისაც მხატვრული ლიტერატურის კითხვა ნომერ პირველ გატაცებას ნამდვილად არ წარმოადგენს.

პერიოდულად აქტივობების ცვლა აუცილებელია, რომ თუნდაც ასეთ კვირაში, რომელიც თვეში ერთხელ დგება, საგაკვეთილო პროცესი რუტინად არ იქცეს. ამაზე ფიქრისას ერთხელაც გამახსენდა, რამდენი ეკრანიზაცია არსებობს იმ წიგნებისა, რომლებსაც ვკითხულობთ. გამომდინარე იქიდან, რომ ბავშვებისთვის ფილმების გაცნობა, ჩვენება და შეყვარება ჩემი ერთ-ერთი საყვარელი თავშესაქცევია, იდეაც მეწვია: მომეწყო კინოჩვენება, როცა წიგნის კითხვას დავასრულებდი.

ეს იდეა პირველად მეოთხეკლასელებს გავუზიარე. მაშინ პინოქიოს კითხულობდნენ. წიგნი, რა თქმა უნდა, ადაპტირებული იყო და ავუხსენი, რომ ფილმში ან ანიმაციაში გაცილებით მეტი შეიძლებოდა ენახათ. რასაკვირველია, ამ იდეას დიდი ჟრიამულით შეხვდნენ, როცა ვუთხარი, რომ ნამდვილ კინოჩვენებას მოვაწყობდით, აფიშას დავხატავდით, ბილეთებსაც გავაკეთებდით და მესამეკლასელებსაც მოვიწვევდით.

მეოთხეკლასელებმა თავად შემომთავაზეს, რომ პინოქიოს ახალი ეკრანიზაცია გვენახა, რომელიც 2022 წელს გილერმო დელ ტორომ გადაიღო. ეს ეკრანიზაცია ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ დელ ტორო დიდების მეზღაპრე უფროა, ვიდრე პატარების, ცოტა შევშინდი. მიუხედავად ამისა, მეოთხეკლასელებმა არ დამითმეს და ჯიუტად მოითხოვეს, რომ სწორედ ეს ეკრანიზაცია გვენახა.

აფიშისა და ბილეთების დამზადებას დაახლოებით ერთი კვირა მოვუნდით. რადგან მის ხატვას მთელ გაკვეთილს ვერ დავუთმობდი, ბავშვები მოუთმენლად ელოდნენ გაკვეთილის ბოლო ათ წუთს, რომ მუშაობა გაეგრძელებინათ. როლები თავად გაინაწილეს: ზოგი ხატავდა, ზოგი გაფერადებაში ეხმარებოდა, დანარჩენები ისხდნენ და ბილეთებს ჭრიდნენ. საბოლოოდ თარიღი შევათანხმეთ და აფიშა ბიბლიოთეკის კარზე მივაკარით.

ოფიციალურად კინოჩვენებაზე მესამე კლასი დავპატიჟეთ. ჩემი გათვლა ასეთი იყო: მეოთხე კლასი დაპატიჟებდა მესამეს, მესამე – მეოთხეს, მეხუთე – მეექვსეს, მეექვსე კი – მეხუთეს. რადგან მე სწორედ ამ კლასებს ვასწავლი. თუმცა პირველ კინოჩვენებაზე საქმე სულ სხვანაირად წარიმართა – ბიბლიოთეკაში მეორეკლასელებიც შემოგვიერთდნენ და პინოქიოს ბოლომდე დიდი ინტერესით უყურეს. როგორც ველოდი, კონკრეტული სცენები და დეტალები, მაგალითად, მუსოლინის, გარდაცვალება, მკვდრეთით აღდგომა და სხვა მსგავსი გაუგებარი დარჩათ. რა გასაკვირია, რომ მესიჯი ვერ აღიქვეს, თუმცა ამას ხელი ნამდვილად არ შეუშლია მათი გულწრფელი ხითხითისა და ცრემლებისთვის. მიუხედავად სიმბოლური დასასრულისა, ბავშვებმა სწორედ ის გაიგეს, რაც მათ ასაკში უნდა გაეგოთ – სიკეთის, მეგობრობის, თავგანწირვისა და სიყვარულის ამბავი. ბევრ მათგანს ცრემლებსაც ვწმენდდი დასასრულ მარტოდ დარჩენილი პინოქიოს გამო. მჯერა, როცა ბავშვები დიდი და ჭკვიანი გაიზრდებიან, ამ ფილმს ხელახლა ნახავენ და სულ სხვა თვალით დაინახავენ ყველა დეტალს. თუმცა კი ემოციების დონეზე აუცილებლად გაახსენდებათ ის, რაც მისი პირველად ნახვისას იგრძნეს.

მეორე კინოჩვენების გამართვა მესამეკლასელებმა ითავეს. იმ განსხვავებით, რომ ამჯერად ეს „რიდინგ ვიქს“ არ უკავშირდებოდა. პირველი კინოჩვენების შემდეგ მათ უბრალოდ ძალიან სურდათ, რომ ორგანიზატორები ამჯერად თავად ყოფილიყვნენ. გამომდინარე იქიდან, რომ უამრავი კარგი ფილმია სანახავი, მეც უკან არ დავიხიე. მესამეკლასელებს ანიმაცია თავად შევურჩიე, ამჯერად „ზღვის სიმღერა“, რომელზეც წლებია შეყვარებული ვარ და ვფიქრობ, რომ ეს სილამაზე ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს ნანახი. ჩემდა გასაკვირად და ამავდროულად გასახარად „ზღვის სიმღერა“ ბევრს არ ჰქონდა ნანახი. მესამეკლასელებს ფორმატის ფურცელი გადავეცი და ეკრანზე ფილმის მთავარი პოსტერი გავუშალე. ამჯერად აფიშის დახატვას მხოლოდ ერთი დღე დასჭირდა, რადგან გაკვეთილის ბოლოს ბავშვებმა მთხოვეს, მათთვის მასზე დამოუკიდებლად მუშაობის უფლება მიმეცა და მითხრეს, რომ გაკვეთილების შემდეგ თავადვე დაასრულებდნენ. თან ეს ჩემთვისაც სიურპრიზიც იქნებოდა.

დაახლოებით 4-5 საათის შემდეგ სამასწავლებლოს კარის ვიწრო ფანჯარაში ლოყებაწითლებული მესამეკლასელები აისვეტნენ. ხტუნავდნენ და მეძახდნენ, მალე მოდითო. შედეგით მართლაც აღფრთოვანებული დავრჩი. აფიშა მალევე გამოვაკარით ბიბლიოთეკის შუშის კარზე. წინა აფიშამ კი სამასწავლებლოს კედელზე გადმოინაცვლა.

ამჯერად მესამეკლასელებმა იმდენი ბილეთი გააკეთეს, რომ მეორეკლასელებისთვისაც საკმარისი ყოფილიყო. ბილეთები სხვადასხვანაირად იყო გამოჭრილი და გაფორმებული, ისე შეუქმნიათ, როგორც თავად უნდოდათ. თითოეულიდან მათი ხასიათი და ინდივიდუალიზმი ანათებდა – ამან განსაკუთრებით გამახარა.

კინოჩვენებამ ამჯერადაც ბრწყინვალედ ჩაიარა და პატარა ადამიანებმა ბოლო წუთამდე ერთგულად უცქირეს მათსავით პატარა და-ძმის უცნაურ ამბავს. ფილმის დასასრულ ეკრანზე გამოჩენილი ფილმის დასაწყისში გარდაცვლილი დედის გამოჩენამ კი ისეთი ხმამაღალი ოვაცია გამოიწვია, რომ მთელი საათ-ნახევრის გულწრფელი ემოციები გადაწონა. მესამეკლასელი დემეტრე ცრემლიანი თვალებით მიხსნიდა, რომ დასასრული არ მოეწონა და თავად დაწერდა სხვანაირ ფინალს, სადაც დედას სამუდამოდ დააბრუნებდა.

კინოჩვენებების მოწყობა მრავალმხრივ და მხოლოდ დადებითად მოქმედებს ბავშვების სასკოლო ცხოვრებაზე. ფილმების ყურება ბავშვებს ისეთი კოგნიტიური უნარების განვითარებაში ეხმარება, როგორიცაა, გრძელვადიანი მეხსიერების ჩამოყალიბება, კონცენტრაციისა და მსჯელობის უნარი. ფილმებში ბევრი დიალოგია, რომელთა დახმარებითაც ბავშვები ახალ ლექსიკურ ერთეულებს სწავლობენ. ჩემს შემთხვევაში ეს ორმაგად მომგებიანი იყო, რადგან როგორც ინგლისურის მასწავლებელი, ფილმებს ინგლისურად ვუშვებდი. მართალია, ზოგიერთი უკმაყოფილებას გამოთქვამდა, რომ ყველაფერი არ ესმოდა და შიგადაშიგ იღლებოდნენ კიდეც, თუმცა ყურის შეჩვევა მხოლოდ და მხოლოდ დროის საკითხია, რაც თანდათანობით უკეთ და უკეთ გამოუვათ.

გარდა ზემოთ ნახსენები ზოგიერთი კოგნიტიური უნარისა, ფილმები ბავშვებს ზოგად განათლებასაც აძლევს. მათ ინფორმაცია მიეწოდებათ სხვადასხვა ამბავზე, ისტორიაზე, კულტურაზე; ზოგიერთი ამბავი მათთვის შთამაგონებელიც შეიძლება აღმოჩნდეს, რაც, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან შთაგონებას თან ახლავს წარმოსახვისა და შემოქმედებითი უნარების გააქტიურებაც. და რაც ყველაზე მთავარია, ვითარდება მათი ემოციური ინტელექტი და ყოველი მომდევნო კარგი ფილმის შემდეგ, იმაზე უფრო ემპათიური ხდებიან, ვიდრე მანამდე იყვნენ.

ამიტომ, მაქსიმალურად გამოიყენეთ თქვენი სკოლის რესურსი და აჩუქეთ მოსწავლეებს ის ჯადოსნური წუთები და გამოცდილება, რომლებიც მათთვის ფილმის შერჩევას, აფიშაზე და ბილეთებზე მუშაობას, სივრცეში მოწვეული სტუმრების მიღებას და შემდეგ კი – ფილმის ყურებას მოაქვს. ეს ყველაფერი მათთვის დაუვიწყარ მოგონებებად იქცევა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი