პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ლიტერატურული პროექტი

მასწავლებლის პროფესია მაძიებლობას გულისხმობს. ნამდვილი პედაგოგი გამუდმებით ცდილობს,  სამყაროს „მოპაროს“ ყველაფერი, რამაც შეიძლება მოსწავლეებისთვის მოსაწყენი შემეცნებითი პროცესები საინტერესო თავგადასავლად აქციოს. მით უმეტეს, დღეს, როცა წიგნს უამრავი კონკურენტი ჰყავს და  ბრჭყვიალა ინტერნეტსივრცეში ჩაკარგული მოსწავლის გულს რუტინული სასწავლო პროცესი ვეღარ იპყრობს.

ამ სტატიაში იმ ლიტერატურული პროექტის თქვენთვის  გაზიარება მსურს, რომელიც ჩემი მოსწავლეების თვალებშიც მუდამ  შემეცნების სიხარულს აციმციმებს და  ყოველ ჯერზე თავიდან გვაყვარებს ერთმანეთს;   მას  „წაიკითხე ჩემი წიგნიც“ ჰქვია და მისი კონცეფციის ავტორი უსაყვარლესი მასწავლებელი ლელა კოტორაშვილია (https://mastsavlebeli.ge/?p=17326). რადგან ლელას ეს კეთილი ჯადოქრობა კითხვის წახალისების პროცესში არაერთხელ დამეხმარა, ვფიქრობ, ინტერპრეტირებული ვარიანტის თქვენთვის შემოთავაზება სასარგებლო და საჭირო საქმეა.

დავიწყოთ მთავარი შეკითხვით.

რა ახარებთ მოსწავლეებს ყველაზე მეტად?

პასუხი მარტივი და უტყუარია – ზარი. საოცარი სურათია, როგორ წამოშრიალდებიან და გაეფინებიან ხოლმე სკოლის დერეფნებში და როგორ შეუპოვრად, დაუღალავად ცდილობენ 5 წუთის განმავლობაში საკუთარი თავის საერთო სასკოლო სოციუმში დამკვიდრებას. ეს განსაკუთრებით  საბაზო საფეხურის მოსწავლეებთან ჩანს, რადგან ასაკობრივი განვითარების თავისებურებებიდან გამომდინარე მათ ყველაზე მეტად  თვითგამოხატვა, ახალი მეგობრების შეძენა და ახალ ურთიერთობებში ჩართვა სურთ.

გარდა ამისა, ალბათ, ყველა მასწავლებელს გახსენდებათ ბავშვებისა და მოზარდების მუდმივი ინტერესი სხვა კლასის მოსწავლეების მიმართ, მუდმივი კითხვები – „მას, თქვენ ელენეს ასწავლით?“, „მას, ლუკა როგორი ბიჭია?“, „მას..,მას…“.

როგორ შეიძლება გამოიყენოს ეს ასაკობრივი მაჩვენებელი მასწავლებელმა კითხვის პროცესისადმი მოსწავლეთა მოტივაციის გასაზრდელად?

მარტივად!!!

წარმოიდგინეთ, რას იგრძნობენ თქვენი მოსწავლეები, როცა ერთ დღესაც თქვენ განუცხადებთ, რომ მათ  – ელენესთვის/ლუკასთვის უნდა წაიკითხონ წიგნი. იქვე დაამატებთ, რომ გზადაგაზა კომენტარები უნდა დაურთონ, წერილები დაწერონ და ასე გააცნონ მეწყვილეს ახალ ტექსტებთან ერთად საკუთარი თავი, ბოლოს კი წაკითხული წიგნი  მას გადასცენ.

დიახ, ისინი აღმოაჩენენ, რომ ჯერ კიდევ უცნობი მეწყვილეები ერთმანეთს მხატვრული ლიტერატურის საშუალებით დაუკავშირდებიან და ამ ჯადოქრობაში, კითხვის უნარების განვითარებასთან  ერთად,  საკუთარი თავის გამოხატვის ორიგინალური ფორმების მოძიებისა და ახალი მეგობრების შეძენის საშუალებაც მიეცემათ.

მეტი სიცხადისთვის გაგიზიარებთ ჩემს პრაქტიკას.

ამჟამად ორ მეშვიდე კლასს ვასწავლი. ორივე კლასში 29 მოსწავლეა. მოსწავლეთა მოსალოდნელი იმედგაცრუებების  თავიდან ასარიდებლად თავად დავაწყვილე ისინი მათი ფსიქოტიპების გათვალისწინებით  (თუმცა, ვფიქრობ, შემთხვევითობის პრინციპით  შექმნილი წყვილებიც საინტერესო ლიტერატურულ თავგადასავალში გადაეშვებოდნენ).

ერთმანეთისთვის წასაკითხი წიგნის შერჩევისას საინტერესო ტენდენციები გამოიკვეთა. აღმოჩნდა, რომ ჩემი მოსწავლეები, ცოტა არ იყოს, დათრგუნა სერია „აირჩიე სიკეთის“ იმ ტექსტებმა, რომელთა მთავარი გმირები განსხვავებული საჭიროებების მოზარდები/ბავშვები არიან. ალბათ, სწორედ ამიტომ შეარჩიეს მათ ფანტასტიკური და  იუმორისტული ტექსტები – ნილს სიმეონის (გიორგი მასხარაშვილის) „14 კრისტალის თეორია“ და  დევიდ უილიამსის „ბანდიტი ბებია“ შეარჩიეს.

ახლა უშუალოდ კითხვის პროცესიც აღვწეროთ.

გასათვალისწინებელია, რომ წიგნების მეწყვილისთვის წაკითხვისთვის არ დამიწესებია არანაირი ჩარჩო. მოსწავლეებმა თავად შეარჩევს კითხვის სტრატეგიები (სიტყვიერი კომენტარი, შეკითხვის დასმა,  ვარაუდის გამოთქმა, წაკითხულის ვიზუალიზაცია, სიტყვის მნიშვნელობის დაზუსტება, ასოციაციების, პირობით ნიშანთა სისტემის, გრაფიკული ორგანიზატორების  შექმნა და სხვა), რომელთა გამოყენებაც მათ თვითგამოხატვაში დაეხმარა.

გთავაზობთ რამდენიმე ნიმუშს.

მოსწავლის შინაგანი ძალების გააქტიურება ყველაზე მეტად  კითხვის პროცესში დაუფლებული ემოციების, დაკვირვებების, მოსაზრებების მეწყვილისთვის ინდივიდუალურად შემუშავებული კითხვის სტრატეგიების საშუალებით გაზიარებამ გამოიწვია. ჩემი დაკვირვებით, სწორედ თავისუფალი არჩევანით მიიღწევა მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული გრძელვადიანი მიზნები:

ა) ინტერპრეტაცია, საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა (5.ტექსტის ინტერპრეტაცია პირად ან ლიტერატურულ გამოცდილებაზე დაყრდნობით; 7. ტექსტის შეფასება, პირადი დამოკიდებულების გამოხატვა-დასაბუთება).

ბ) სტრატეგიები (11. წერისა და კითხვის სტრატეგიების მიზნის შესაბამისად შერჩევა და ადეკვატური გამოყენება).

საინტერესოა ისიც, რომ მოსწავლეთათვის ერთმანეთის წიგნებზე, პოზიტიურ მაგალითებზე დაკვირვება მოტივაციის გაზრდის და  წიგნის მეტად ორიგინალურად დამუშავების გზად იქცა. სწორედ ამიტომ. გზადაგზა  ჯგუფური მუშაობასაც მივმართავდი,  რომლის მიზანიც კითხვის განსხვავებული სტრატეგიების, აღმოჩენების, გამოცდილების ერთმანეთისთვის გაზიარება იყო.

ემოციური და დაუვიწყარი აღმოჩნდა მეწყვილეებთან შეხვედრისა და წიგნის გაცვლის დღე. სწორედ ამ დღის მოლოდინით  საზრდოობდნენ მოსწავლეები კითხვის მთელი პროცესის განმავლობაში. ნებისმიერი სიტყვის, ფრაზის, გვერდისა თუ ილუსტრაციის უკან სწორედ ამ დღის სიხარული იმალებოდა.

რადგან მოსწავლეებს მობეზრებული აქვთ ფორმალური სასწავლო გარემო, შემაჯამებელი აქტივობა მოსწავლეებთან ერთად  არაფორმალურ გარემოში დავგეგმე, რათა მეწყვილეებს ერთმანეთთან არა გაუცხოება, არამედ მთლიანობა ეგრძნოთ. ასეთი შეიძლება ყოფილიყო სკოლის ბიბლიოთეკა ან კლუბური მუშაობის ოთახი, თუმცა საკმარისი სივრცის არარსებობის გამო საბოლოოდ სააქტო დარბაზში გადავინაცვლეთ.

შემაჯამებელ შეხვედრაზე მოსწავლეთა დაძაბულობის შესამცირებლად,  უშუალო და კეთილგანწყობილი გარემოს შესაქმნელად გამოვიყენე კითხვების ყუთი, რომელშიც მოვათავსე კითხვები.

გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:

  1. რა შეცვალა ამ პროექტმა თქვენს ცხოვრებაში?
  2. როგორ გგონიათ, განსაკუთრებით რა უნარები განგივითარათ ამ პროექტმა?
  3. თავიდან რომ იწყებდე, რას შეცვლიდი ამ პროექტში?
  4. დაასახელე სამი სიტყვა, რომლითაც აღწერ იმ ემოციებს, რომლებიც ამ პროექტს უკავშირდება.
  5. დაასახელე მთავარი მიზეზი, რის გამოც არ ან ვერ თქვი უარი ამ პროექტში მონაწილეობაზე.
  6. მოიფიქრე წინადადება, რომელიც იმ გარემოს აღწერს, რომელსაც ახლა შენი თვალები ხედავს.
  7. მოიფიქრე სიტყვა, რომელიც ახლა ყველაზე მეტად შეეფერება ნინა მასწავლებელს.
  8. კითხვის/წერის პროცესში რა იგრძენი ახალი. აღწერე ემოციები.
  9. გაახმოვანე ის ერთი წინადადება, რომლითაც წამოიწყებ საუბარს მეწყვილესთან (  ამ კითხვა-პასუხის შემდეგ)
  10. როცა წიგნს მეწყვილისთვის ვკითხულობდი…. (დაასრულე წინადადება)
  11. როცა წიგნზე კომენტარებს ვტოვებდი …. (დაასრულე წინადადება)
  12. ეს პროექტი შემაყვარებს…. (დაასახელე სამი რამ)
  13. რომ შემეძლოს…. ( დაასრულე წინადადება)
  14. უბრალოდ ხმამაღლა წაიკითხე :

მიხარია, რომ ეს დღე შედგა!

მიხარია, რომ ერთმანეთს შევხვდით!

მიხარია, რომ გხედავთ!

ჩვენი მეგობრობა გაგრძელდება!

  1. კითხვების ყუთიდან შეკითხვა იმ ბავშვს ამოაღებინე, ვისთვისაც, შენი აზრით, ღირდა ეს პროექტი (ვინც ყველაზე დიდი ემოციითა და ინტერესით მოეკიდა ამ პროექტს).
  2. უბრალოდ ხმამაღლა წაიკითხე:

დღეს 23 აპრილია!

წიგნის საერთაშორისო დღე!

ჩვენ წიგნებმა  შეგვახვედრეს ერთმანეთს!

კითხვა აბედნიერებს!

საბოლოოდ, მოსწავლეებმა გაცვალეს წიგნები და  ახალ ლიტერატურულ თავგადასავალში გადაეშვნენ. ახალი წიგნის კითხვის პროცესში მათ გვერდით შეძენილი მეგობრის ემოციების ამსახველი წარწერები, კომენტარები, შეკითხვები, ნახატები, პირობითი ნიშნები, წერილები და, თქვენ წარმოიდგინეთ, ნივთებიც და ფოტოებიც იქნებიან.

სტატიის დასასრულს გთავაზობთ პროექტის რეფლექსიისთვის შექმნილ გასასვლელი ბარათის შაბლონს.  კითხვებზე პასუხებმა  კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ჩვენს მოსწავლეებს არაფორმალური და შემოქმედებითი აქტივობები სწყურიათ.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი