შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

Tik-Tok პლატფორმის გამოყენება სწავლების პროცესში

თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ ტიკ-ტოკი და სწავლა ვერ მეგობრობენ, მაგრამ საწინააღმდეგოს დამტკიცებაც შეიძლება. ჩემი მოსწავლეების  შესვენებების დროს მუდმივად ტელეფონში ჩარგული თავები და მოღიმარი სახეები მაიძულებდა მეფიქრა, როგორ გამომეყენებინა ეს პლატფორმა, მათი ასეთი ინტერესის სფერო, სწავლებისთვის სასარგებლო ინსტრუმენტად. სწავლაც ხომ გართობაა. არაფერი გვიყვარს მასწავლებლებს იმაზე მეტად, როგორც გაკვეთილის პროცესში ჩართული ყველა მოსწავლე. ტიკ-ტოკი გვთავაზობს უთვალავ გზას, როგორ მოვიზიდოთ მოსწავლეების ყურადღება და აღვაფრთოვანოთ ისინი ჩვენი გაკვეთილების შინაარსით. მასწავლებლებს შეუძლიათ წვდომა უამრავ მასალაზე ჰეშთეგის გამოყენებით #TeachersOfTiktok. ასევე, არის უამრავი ვიდეო, რომლებიც შეგიძლიათ ინსპირაციის წყაროდ გამოიყენოთ.

ჩემი მუშაობის მრავალწლიანი პრაქტიკის მიხედვით მოსწავლეებს ყველაზე მეტად მოსმენის და საუბრის დავალებების შესრულება უჭირთ. ამიტომ შევეცადე, ეს საინტერესო პლატფორმა ამ უნარების განვითარებისთვის გამომეყენებინა. როდესაც გაკვეთილს ტიკ-ტოკ ვიდეოთი ვიწყებ, ჩემი მოსწავლეების ინტერესით სავსე თვალების და მოლოდინით სავსე სახეების ვერ შემჩნევა შეუძლებელია. რატომ მაინცდამაინც ტიკ-ტოკის ვიდეო?

  • მოკლეა (დაახლოებით 60 წამი);
  • დაფორმატებულია ისე, რომ მხოლოდ საინტერესო მომენტებზეა ყურადღება გამახვილებული;
  • ნებისმიერ საკითხზე შეიძლება სასურველი ვიდეოს მოძებნა;
  • ახალგაზრდებისთვის მუდმივად აქტუალური და საინტერესო შინაარსის თემებითაა სავსე;
  • თავად პლატფორმა ძალიან პოპულარულია ამ ასაკობრივ ჯგუფში;
  • თავადაც შეგიძლიათ შექმნათ ვიდეოები ნებისმიერ სასურველ თემაზე.

მარტში ჩატარებული ოსკარების ცერემონიიდან ვიდეომ პირველივე წუთიდან მიიზიდა ჩემი მოსწავლეების მთლიანი ყურადღება. დამეხმარა სტანდარტის შედეგების მიღწევაში, მოსწავლეებმა შეძლეს ტექსტის მოსმენა და გაგება საჭირო ინფორმაციის მოსაპოვებლად, ენობრივ-გრამატიკული საშუალებების, ჟანრული მახასიათებლების ცოდნისა და სტრატეგიების გამოყენებით ზეპირი მეტყველება/ლაპარაკი კომუნიკაციის დასამყარებლად განსხვავებულ ფიზიკურ თუ ვირტუალურ საკომუნიკაციო სიტუაციებში.

უფრო კონკრეტულად, გაკვეთილი დავიწყეთ KeHuy Quan-ის მონოლოგით ოსკარებიდან, რომელიც დაჯილდოვდა ოსკარით მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის. ის მაყურებლების წინაშე ძალიან ემოციური სიტყვით გამოვიდა. პირველ რიგში თავის 84 წლის დედას მადლობა გადაუხადა და ახარა, რომ ოსკარი მოიპოვა. შემდეგ კი მსმენელებს მოგვმართა, რომ თავშესაფრიდან დაიწყო ცხოვრება და შემდეგ ამ დიდებულ სცენაზე აღმოჩნდა, ამიტომ არასდროს არ უნდა შევწყვიტოთ ბრძოლა ჩვენი ოცნებებისთვის, თუ გულით გვინდა რაიმე, აუცილებლად გამოგვივა. მისი ამბავი, რომელსაც ის გვიყვება მოკლე ვიდეოში, ბავშვობიდან იწყება, ბავშვებმა იმ გაკვეთილზეც და იმის მერეც იმდენჯერ მოუსმინეს მის სიტყვას, რომ ბუნებრივად ჩაჯდა მეხსიერებაში ის გრამატიკული ერთეულებიც, რომლებიც წარსულის ამბების მოყოლის დროს დასჭირდა მსახიობს. ერთი მოკლე ვიდეო დამეხმარა მათთვის შემეხსენებინა წარსული დროის გრამატიკული დროები, მოსწავლეებმა სწორად მოძებნეს ყველა ზმნა წარსულ ფორმაში და აღნიშნეს მათ შორის განსხვავებებიც. ასევე ვიდეო დამეხმარა  მესწავლებინა ახალი ფრაზა I was afraid I would…. ვიდეოში მსახიობი ამბობს:

– I was afraid I would never surpass what I achieved as a kid.

–მეშინოდა, რომ ვერასდროს ვაჯობებდი იმას, რასაც მივაღწიე ბავშვობაში.

ვაჯობებდი – would surpass მსგავს წინადადებაში ამ ნაწილის სწორად ჩასმა ჩემს მოსწავლეებს საუბრის დროს ყოველთვის უჭირდათ. ამ ვიდეოს შემდეგ  კი– როცა წარსულში მომავალი დროის გამოყენება სჭირდებათ, სულ ეს ვიდეო ახსენდებათ ან ერთმანეთს ახსენებენ ამ კონკრეტულ წინადადებას და მათთვის უფრო მარტივი ხდება ზმნის სწორად გამოთქმა. ინფორმაციის ტრანსფერს ახდენენ ყოველდღიურ საუბრებში, დისკუსიების დროს და იყენებენ საკუთარ თავზე საუბრისას.

მოსწავლეებმა ასევე გაიზიარეს მსახიობის სიხარული, გულწრფელად უხაროდა ყველას მისი და მისი 84 წლის დედის გამო. ამბავი დამეხმარა მათი ემპათიის უნარების კიდევ უფრო გაღრმავებაში. გავავლეთ პარალელი ქართულ კულტურასთან, რომ ჩვენც ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევთ მშობლების რეაქციებს ჩვენს ქმედებებთან დაკავშირებით, ჩვენთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, იამაყოს დედამ ჩვენი მიღწევებით. მოვიყვანეთ მაგალითები, როგორ ვუზიარებთ მშობლებს ჩვენს წარმატებებს და ვინ გვახსენდება პირველი, როდესაც რაიმე საამაყოს ჩავიდენთ. ამით დავანახე მათ სხვადასხვა ქვეყნის სოციოკულტურულ კონტექსტებსა და კულტურებს შორის არსებული მსგავსებები– დედის და ოჯახის პატივისცემა. ტრადიციების და ღირებულებების მიმართ უვითარდებათ საკუთარი პასუხისმგებლობა. ასევე გაიაზრეს როგორი მნიშვნელოვანია წინსვლა და წარმატება. გააანალიზეს რას ნიშნავს ზოგადი განათლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი: „იყო შემოქმედი, თავად შექმნა ღირებულებები და არ იცხოვროს მხოლოდ არსებულის ხარჯზე“. სასკოლო განათლებამ უნდა უზრუნველყოს მოზარდის იმ უნარ-ჩვევების განვითარება, რომლებიც მისცემს მას საშუალებას, უკვე არსებული გამოცდილება და მიღწევები გამოიყენოს ახალი მატერიალური, ინტელექტუალური თუ სულიერი ღირებულებების შესაქმნელად, ამიტომ ეს პატარა ვიდეო შესანიშნავად დამეხმარა მოსწავლეებისთვის  ამემაღლებინა მოტივაცია. დაეჯერებინათ,რომ თუ გულით მოინდომებ და ძალიან ბევრს იშრომებ, ყველაფერი გამოგივა. მთავარია, არ დანებდე, ბევრი იშრომო, შენს ოცნებებს მიჰყვე და აუცილებლად გამოგივა. KeHuy Quan–ს 30 წლის შემდეგ გამოუვიდა და ძალიან ბედნიერია მიღწეული წარმატებით. თავადაც მოუწოდებს ვიდეოში ყველას, რომ წარმატების ისტორიები მხოლოდ ფილმებში არ ხდება, ბევრი შრომით ყველაფერია შესაძლებელი და არ დაივიწყოთ თქვენი ოცნებები. მოსწავლეებმა დატოვეს  ვიდეოზე კომენტარები, გამოვხატეთ ჩვენი გულწრფელი ემოციები. შესაძლებლობა, რომ  შენი კომენტარი ერთ დღესაც  შეიძლება თავად ჰოლივუდის ვარსკვლავმაც  მოიწონოს ან გიპასუხოს დადებითი ემოციით, ჩემს მოსწავლეებს კიდევ უფრო მეტ სურვილს უჩენს, დაწერონ უამრავი კომენტარი ინგლისურად.

ამიტომ, იმის ნაცვლად, რომ ავკრძალოთ ყველაფერი ,რაც სწავლების პროცესს „აფერხებს“, უმჯობესია, გამოვიყენოთ ისინი ჩვენ სასარგებლოდ. მივიღოთ სიახლე, თანამედროვე გამოწვევები, ავირჩიოთ ის, რასაც ირჩევენ ბავშვები, მოვარგოთ გაკვეთილები მათი ინტერესის სფეროს და გამოვიყენოთ ყველა რესურსი მათ საგაკვეთილო პროცესში მთლიანად ჩასართველად. მეორე დღეს მოსწავლეებმა როლური თამაშებით გააცოცხლეს ოსკარების ცერემონია, მოკლე სიტყვით მიმართეს საზოგადოებას დაჯილდოების შემდეგ, წარმოთქვეს ემოციური სიტყვები, დაიწყეს ამბის მოყოლა წარსულიდან, გაიხსენეს ბავშვობა, გამოიყენეს წარსული დროის შესაბამისი გრამატიკული ფორმები, ახსენეს ასევე რისი ეშინოდათ ბავშვობაში, რომ არ გამოუვიდოდათ, ვერ მიაღწევდნენ, გაუჭირდებოდათ. გამოიყენეს შესაბამისი გრამატიკული ფორმა. მოსწავლეებმა შესანიშნავად გაართვეს თავი სათანადო სტრატეგიების გამოყენებით გრამატიკული საკითხების ცოდნის ფუნქციურ კონტექსტში მართებულად გამოყენებას. მოსწავლეებმა მოახერხეს სამეტყველო ქმედებების მიზნობრივად განხორციელება სათანადო გამონათქვამებისა და ლექსიკურ–გრამატიკული ცოდნის გამოყენებით. მადლობა გადაუხადეს ოჯახის წევრებს. გაუზიარეს სიხარული მშობლებს, ისაუბრეს, რა მნიშვნელოვანია, ცხოვრებაში გქონდეს მიზანი და შრომობდე ამ მიზნის მისაღწევად. მოუწოდეს სხვებსაც, რომ მთავარია, გქონდეს სურვილი და არ დანებდე, წარმატება აუცილებლად მოვა ადრე თუ გვიან.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი