შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ლიტერატურული პერსონაჟი – ეპოქის პროდუქტი თუ ცოცხალი სახე

სწავლების თანამედროვე თეორიების მიხედვით, მნიშვნელოვანია სხვა ადამიანის თვალით სამყაროს დანახვის უნარის გამომუშავება, რაც, თავის მხრივ, მოსწავლეთა სოციალურ განვითარებას უწყობს ხელს. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა კითხვის სათანადო სტრატეგიების გამოყენება. ლიტერატურული ნაწარმოების განხილვისას უნდა ვისაუბროთ პერსონაჟთა რთულ და ზოგჯერ ურთიერთსაწინააღმდეგო მოტივებზე. მოსწავლეები უნდა ჩაუღრმავდნენ მხატვრული ნაწარმოების გმირის არა მარტო საქციელს, არამედ გრძნობებს, აზრებს, ემოციებს, მიმიკებსა და ჟესტებსაც კი. მათ პერსონაჟში უნდა დაინახონ არა მხოლოდ ეპოქის წარმომადგენელი, არამედ ცოცხალი, რეალური ადამიანი.

 

მივადექით მნიშვნელოვან მეთოდიკურ საკითხს: ხომ არ ვაკნინებთ ეპოქის თავისებურების, კულტურული კონტექსტის მნიშვნელობას? ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ზემოჩამოთვლილი ფაქტორები მნიშვნელოვანია ნაწარმოების გასაგებად და, შესაბამისად, სწავლებისას მათ გარკვეული დრო უნდა დაეთმოს, მაგრამ არ მიგვაჩნია სწორად ზედმეტი გატაცება ამ თავისებურებებით.

 

მაგალითად კონსტანტინე გამსახურდიას რომან “დიდოსტატის მარჯვენას” მოვიყვანთ. რა თქმა უნდა, ისტორიული კონტექსტის გარეშე ამ ნაწარმოების შესწავლა შეუძლებელია, მაგრამ მისი შესწავლისთვის განკუთვნილი საათები არ უნდა დაემსგავსოს ისტორიის გაკვეთილებს.

ავტორის მიერ დახატული გიორგი პირველი მეტად რთული და წინააღმდეგობრივი პიროვნებაა. არ შეიძლება ის განვიხილოთ მხოლოდ იმ პერიოდის მონარქის სქემატურ სახედ. ძალიან საინტერესო და მრავლისმომცემია მის ხასიათზე, ემოციებსა და ქცევაზე დაკვირვება.

რომანის დასაწყისშივე იკვეთება მეფე გიორგის ბუნება. ახალი წლის ღამეს ატყობინებს მას ზვიად სპასალარი ამბოხებული ერისთავების ამბავს. როგორც წესი, ამ მონაკვეთის სწავლებისას ყურადღება მახვილდება პოლიტიკურ ასპექტებზე: ვინ შეიძლება იდგეს ამბოხებული ფეოდალების უკან _ თბილისის ამირა თუ ბასილი კეისარი? ბუნებრივია, გიორგისთვის, როგორც მეფისთვის, უდიდესი საფრთხის შემცველია ყველაფერი, რაც ემუქრება ქვეყნის ერთიანობას, მაგრამ არანაკლებ მტკივნეულია ახლობელი ადამიანის ღალატის დაჯერება: “თავი ჩაქინდრა გიორგი პირველმა, ამ ამბის შემტყობმა. თვალწინ დაუდგა მამამზე ერისთავის ისრიმისფერი თვალების ყალბი ციმციმი. მერმე ვინ? ბაგრატ კურაპალატის განუყრელი მეგობარი, ფადლონ ამირასთან ომებში, შირიმნის ბრძოლაში გიორგისთან მრავალი ჭირის გადამხდელი”.

მკითხველი ხედავს, როგორ სურს გიორგის, არ გამართლდეს ზვიად სპასალარის ვარაუდი: “ახლა კი ეჭვი შეეპარა გიორგის, ეგებ სტყუოდნენო მსტოვრები და მამამზე უბრალო იყოსო ერისთავების ატეხილ ამბოხში”.

 

ავტორი კარგად გვიხატავს გიორგის შინაგან წინააღმდეგობებს. ერთი მხრივ, მას, როგორც ადამიანს, უჭირს მამის სიყრმის მეგობრის ღალატის დაჯერება და სასიკვდილოდ მისი გამეტება, მეორე მხრივ კი ვალდებულია, მტკიცედ იდგეს ქვეყნის ერთიანობის სადარაჯოზე. მკითხველი ხედავს, როგორი შინაგანი ბრძოლა მიმდინარეობს გიორგის სულში. იგი მზად არის, მეფის უფლებები დროებით დაივიწყოს და ადამიანურად გაესაუბროს მამამზეს: “გადაწყვიტა, იმ წუთშივე დაემარტოხელებინა მამამზე, ძმურად, მამაშვილურად გასაუბრებოდა, გამოეკითხა ჭიაბერის განდგომის მიზეზი”. უნდა ითქვას, რომ გიორგის ადამიანურ განცდებზე, შინაგან წინააღმდეგობებზე დაკვირვება არანაკლებ მნიშვნელოვანია სწავლების დროს, ვიდრე მისი პოლიტიკური ორიენტაციის ჩვენება. ლიტერატურა სწორედ ის საგანია, რომელიც ადამიანის ურთულესი ბუნების შეცნობაში ეხმარება მკითხველს და, ამავე დროს, ამაღლებს მის სოციალურ ცნობიერებას.

მნიშვნელოვანია არა მხოლოდ გმირის განცდებზე, არამედ ჟესტებსა და მიმიკებზე დაკვირვებაც. ჩვენ ვისაუბრეთ მეფე გიორგისა და მამამზე ერისთავის ურთიერთობაში გაჩენილ ბზარზე. დაკვირვებული მკითხველი ადვილად შეამჩნევს მათ შორის დაძაბულობას, სანამ სპასალარი შეატყობინებდეს მეფეს არაგვის ხეობაში მომხდარ ამბებს: “მოიღო მთელი კონა ისრებისა მამამზე ერისთავმა, ჭრელი და მჭრელი თვალები ისარივით მიაჭდო გიორგის და წარმოსთქვა: ისარი განერთხას გულსა შინა მეფობისა შენისა ორგულსა. გიორგი მდუმარე იყო ბავშვობიდანვე, კაცი არამეტყველი, მაგრამ ფრიად დაკვირვებული. მან ხმალივით შეაგება მზერა მამამზეს ისრიმისფერ თვალებს, წარბებქვეშ თრითინებსავით აწრიალებულთ, შემდგომ ამისა სპასალარისკენ გადაიტანა მზერა”. მეფის ხმალივით შეგებებული მზერა და სპასალარისკენ გადატანილი ყურადღება მისი დაეჭვების ნიშანია, ხოლო მამამზე ერისთავის თრითინებივით აწრიალებული თვალები მის მზაკვრობაში არწმუნებს მკითხველს.

ასეთი დეტალები მრავლად მოიძებნება ყველა ნაწარმოებში და აუცილებელია მათზე ყურადღების შეჩერება. მსგავს ნიუანსებზე დაკვირვება ხელს უწყობს მოსწავლეთა სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებას.

თანამედროვე პედაგოგიკა მნიშვნელოვნად მიიჩნევს მოსწავლეთა უნარს, ანგარიში გაუწიონ სხვა ადამიანთა აზრებსა და გრძნობებს. ასეთ მოსწავლეებს განვითარებული აქვთ სოციალური უნარები და კარგად იცნობენ საკუთარ თავს. ბავშვის ზრდასთან ერთად იხვეწება მისი უნარი, ამოიცნოს სხვა ადამიანის აზრები, შეხედულებები, გრძნობები და მოტივები. რეკომენდებულია, დაწყებითი კლასებიდანვე დავაფიქროთ ისინი ამ საკითხებზე. მოთხრობების კითხვის დროს უნდა დავსვათ შეკითხვები პერსონაჟთა აზრების, გრძნობებისა და მოტივების შესახებ. ასაკის მატებასთან ერთად ისინი უფრო მეტ ინტერესს გამოიჩენენ სხვათა აზრებისა და გრძნობებისადმი, გააცნობიერებენ, რომ ადამიანს შეიძლება ბევრი, ხანდახან ურთიერთსაპირისპირო, მოტივი ჰქონდეს.

 

სხვათა გრძნობებსა და განცდებზე დაკვირვების, მათი ქცევის მოტივების გაცნობიერების საშუალებაა მხატვრული ნაწარმოები, რომელშიც პერსონაჟი ნაჩვენებია სხვადასხვა ასპექტით. სწორედ ამ მიმართულებითაა საჭირო მუშაობის გაშლა ლიტერატურის გაკვეთილზე. ლიტერატურული გმირი არასდროს არის მხოლოდ ეპოქის სულისკვეთების გამომხატველი. რაც უფრო დიდია მწერალი, მით უფრი ღრმად გვახედებს ადამიანის სულში, გვიჩვენებს მისი ქცევის ცნობიერ და არაცნობიერ მოტივებს.

 

ცნობიერისა და ქვეცნობიერის დაპირისპირების, ურთიერთსაწინააღმდეგო მოტივების წარმოჩენის საუკეთესო ნიმუშია აღაზას (ვაჟა ფშაველა, “სტუმარ-მასპინძელი’’) განცდები, როდესაც იგი დაიტირებს თავისი ქვეყნისა და ხალხის მტერს:

“ერთ მხრივ, ხათრი აქვს თემისა,
მეორით – ღმერთი აშინებს,
ქისტეთის მტრისა მოზარეს
თავს რისხვას გადმოადინებს.
ეს ფიქრი გონებისაა,
გული თავისას შვრებოდა,
კაცის კაცურად სიკვდილი
გულიდან არა… ჰქრებოდა”.

უფროსი სასკოლო ასაკის მოსწავლეები აცნობიერებენ, რომ ადამიანები გარემოს მიხედვით იცვლებიან და სხვადასხვა ფაქტორი გავლენას ახდენს მათი ხასიათის თავისებურებებსა და ქცევაზე. ისინი იმასაც აცნობიერებენ, რომ ადამიანები ყოველთვის ვერ ხვდებიან, რა არის მათი საქციელის მიზეზი.

აქ არ შეიძლება, არ გავიხსენოთ ონისეს განცდები ალექსანდრე ყაზბეგის რომანიდან “ხევისბერი გოჩა”. ავტორი ამ სიტყვებით წარმოაჩენს მის სულში მიმდინარე ბრძოლას: “გაღვიძებული გრძნობის სიტკბოება” და “მტანჯველი მდგომარეობა”. როდესაც ონისე გააცნობიერებს, თუ რა გრძნობებს მოუცავს იგი, სიტყვას აძლევს საკუთარ თავს, რომ პირნათელი იქნება ხალხისა და მეგობრის წინაშე, მაგრამ ამ წუთიდან უმნიშვნელო ხნის შემდეგ ავტორი გვეუბნება: “რაღა საქმე ჰქონდა ან ხალხთან, ან ქვეყანასთან, სადღა ეცალა მათზე საფიქრალად”. მოსწავლეებს უნდა ავუხსნათ, რომ ეს მხოლოდ ონისეს წუთიერი განცდაა და არა შეგნებულად მიღებული გადაწყვეტილება.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მრავლისმომცემია გმირის არა მარტო გრძნობებსა და განცდებზე, არამედ ჟესტებსა და მიმიკებზე დაკვირვებაც. ლიტერატურაში შესაძლებელია, ერთი ჟესტით პერსონაჟის ხასიათის მნიშვნელოვანი მხარე იყოს წარმოჩენილი. კრიტიკოსი გურამ ასათიანი პოემა “გამზრდელის” დასაწყისში მოცემულ ბათუს ერთ უმნიშვნელო მოქმედებაში მისი ხასიათის მნიშვნელოვან თავისებურებას ხედავს:
“გაუკვირდა აფხაზს და სთქვა:
ამ თავსხმაში ეს ვინ არის?
შეუკიდა ცეცხლს და უცბად
გამოაღო ფაცხის კარი”.
“ეს პირველი მოძრაობა, ეს თითქმის გაუცნობიერებელი ჟესტი პირველი საღებავის ფუნქციას ასრულებს: ბათუ უკვე ზრუნავს სტუმარზე, რომელიც არც კი უნახავს” (გ. ასათიანი).
ასევე, საინტერესოა, რომ ალუდას მეტამორფოზა (ვაჟა ფშაველა, “ალუდა ქეთელაური”) უკავშირდება მუცალის ერთ სასოწარკვეთილ ჟესტს:
“მაჰგლეჯს, დაიფევს წყლულშია

მწვანეს ბალახსა მთისასა”.

“მუცალის ეს უჩვეულო, სასოწარკვეთილი ჟესტი – ბალახის მოგლეჯა და ჭრილობაში ჩაფენა – სულისშემძვრელია, მასში ერთბაშად ხდება თვალხილული სიცოცხლესთან განშორების ტკივილის განუზომელი სიღრმე. და ეს მეტყველი, ტრაგიკული ჟესტი დაანახვებს და აგრძნობინებს ალუდას, პირველად მის ცხოვრებაში, რა საზარელია სიკვდილი, სიცოცხლესთან გაყრა” (თ. ვასაძე).

მნიშვნელოვანია საკუთარი თავის სხვა ადამიანის ადგილზე წარმოდგენის უნარიც. ამისთვის კარგი იქნება, თუ პერსონაჟის ხასიათზე მუშაობისას მოსწავლეებს მივცემთ დავალებას, წარმოიდგინონ თავი ამა თუ იმ გმირის ადგილას და გადმოსცენ მისი განცდები პირველ პირში. მაგალითად, “გამზრდელის” სწავლებისას შეიძლება მათ დავაწერინოთ ესე: “ჩემს სიცოცხლეს სიკვდილი სჯობს”, პოემა “ალუდა ქეთელაურზე” მუშაობისას კი სასურველია, დაწერონ ესე: “ვერ გავიმეტე მუცალი მარჯვენის მოსაჭრელადა” და პირველ პირში ისაუბრონ ალუდას განცდებზე.
ამრიგად, მხატვრული ლიტერატურის სწავლების ერთ-ერთი მიზანი მწერლის იდეური ჩანაფიქრისა და მხატვრული თავისებურებების წვდომასთან ერთად მოსწავლეთა სოციალური განვითარებაც უნდა იყოს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი