პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მოგზაურობა პუნქტ -არ ვიციდან, პუნქტ -ვიცისკენ

  ხშირად მეგობრებთან საუბრისას, გამიგია მათგან ერგთვარი,, წუხილი“, რომ საღამოს დრო არ აქვთ იმისთვის, რომ  ბავშვები  ამეცადინონ და  ეს ყოველდღიურ რუტინად იქცა მათ ცხოვრებაში, მას შემდეგ რაც სკოლის კარები შეაღეს მათმა შვილებმა.

ვფიქრობ, ყველა ჩვენგანს გვყავს სანაცნობო წრეში  მშობლები, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები საშინაო დავალებების მომზადებაში, ალბათ უმრავლესობა ოჯახში თითქმის ყოველდღე ისმის შეკითხვა: „დაჯექი, დაიწყე მეცადინეობა!  მე რა გითხარი? რანაირად დაწერე? რა ქენი, იმეცადინე? რამდენჯერ უნდა გაგიმეორო ერთი და იგივე”?  –  ხშირად ეს ყვირილში და ჩხუბში გადაიზრდება,   წამოიჭრება პრობლემა – ერთ მხარეს დგას  შეშინებული, დათრგუნული ბავშვი, მეორე მხარეს-შეწუხებული მშობელი.

საშინაო დავალებების მომზადებასთან მიმართებაში მშობლებს  უმეტეს შემთხვევაში სხვადასხვა მოსაზრებები გააჩნიათ. ერთნი ფიქრობენ, რომ დავალებების მომზადების პროცესში თუ კი  აქტიურად  იქნებიან ჩართულები  და ერთობლივად მოამზადებენ დავალებებს, უკეთესი იქნება მათი შვილისთვის. მშობლების სხვა ჯგუფი ფიქრობს, რომ თუ კი თავისუფლებას მივანიჭებთ   და არ ჩავერევით, ეს  ბავშვის დამოუკიდებლობას გაუსვამს ხაზს  და უფრო კარგია მისი განვითარებისთვის.დაბეჯითებით ძნელია იმის თქმა, რომ მშობლების ჩართულობა   დავალებების შესრულებისას  პირდაპირ კავშირშია მოსწავლეთა მიღწევებთან, თუმცა სხვადასხვა კვლევები, ადასტურებს,იმას, რომ გარემო, სადაც მოსწავლეს უწევს მეცადინეობა ,მის მიღწევებს აუმჯობესებს.

არიან მშობლები, რომლებსაც  საშინაო დავალებების რაოდენობაზე აქვთ საკუთარი შეხედულებები,  რაც მეტია, უკეთესია.  ერთ-ერთ  ამერიკულ ფორუმზე მშობლის კომენტარი ამოვიკითხე, რომელიც  საშინაო დავალებების სიმცირეზე წუხდა და უნდობლობას უცხადებდა სკოლას, მას ნამდვილად არ აკმაყოფილებდა  ის, რომ ნასწავლი მასალის განმტკიცება საკლასო ოთახში, გაკვეთილზევე, ხდებოდა და საშინაო დავალებების სიმცირე სწორედ ამით აიხსნებოდა.

ეროვნული სასწავლო გეგმის ( რომელიც ეფუძნება საქართველოს ზოგადი განათლების სისტემისათვის ფუნდამენტური მნიშვნელობის მქონე დოკუმენტს ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს),  მიხედვით, საშინაო დავალება  შეფასების ერთ – ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, ამიტომ ბუნებრივია, ისევე როგორც შეფასების  სხვა  კომპონენტებზე (საკლასო, შემაჯამებელი), დავალებაზეც მშობლების ინტერესი მაღალია, რადგანაც მშობლებისათვის სავსებით შესაძლებელია საშინაო დავალება- იყოს საშუალება, საზომი გააკონტროლოს თუ რამდენად არის ჩართული მისი შვილი სასწავლო პროცესში.ამაზე არაერთხელ ითქვა და დაიწერა, ამიტომ ამ თემას აქ არ შევეხები, თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო  მშობელთა  ჩართულობის როლზე  მოსწავლეთა საშინაო დავალებების მომზადებისას, როგორ  და რა დოზით უნდა იყოს ჩართული მშობელი ამ პროცესში.ეს სარეკომენდაციო ხასიათის წერილი, თავის მხრივ, შესაძლებელია  პედაგოგებმაც გამოიყენონ მშობელთა კრებებზე, მშობლებთან დისკუსიის, სემინარის ორგანიზებისას მსგავსი თემატიკის განსახილველად ან პრობლემის გადასაჭრელად.

ამერიკელი ფსიქოლოგი, ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ფუძემდებელი კარლ როჯერსი თავის წიგნში – ,,სწავლის თავისუფლება” – აღნიშნავს, რომ : ,,განათლებულობა ეფუძნება არა ცოდნას, არამედ მისი მოპოვების უნარს. კი არ ასწავლო, არამედ ხელი შეუწყო სწავლას – ეს არის მასწავლებლის მთავარი ფუნქცია “ ამ პრინციპზე დაყრდნობით უნდა შევეცადოთ, მოვახდინოთ მშობელთა პედაგოგიზაცია, რათა  საკუთარ  შვილებს შეუწყონ ხელი,  შეუქმნან გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს  საშინაო დავალებების მომზადებას და სწავლას.

მინდა შემოგთავაზოთ  ფსიქოლოგების მიერ მოწოდებული პრაქტიკული რჩევები, რომლებიც მშობლებს  დაეხმარებათ   საშინაო დავალებების მომზადებისას:

  • პასუხისმგებლობა

თუ კი ბავშვს გაცნობიერებული ექნება ,დავალების შესრულების აუცილებლობა და ვალდებულება,  ,მას პასუხისმგებლობის გრძნობაც გაუჩნდება,მაგრამ სასურველია ,ჯერ გამოვუმუშაოთ მიდგომა გაკვეთილებისადმი, როგორც  მისთვის მნიშვნელოვანი საქმისადმი.

  • წესები და ვალდებულებები

აქ, მნიშვნელოვანია მივაჩვიოთ ბავშვი წესებს , პროცედურებს, რეჟიმს, რომელიც საბოლოო ჯამში, სისტემატურ ხასიათს შეიძენს და ორგანიზებულობაში დაეხმარება.

  • სკოლიდან დაბრუნებისთანავე დავალებების მომზადებას ნუ დააწყებინებთ, საჭიროა ,,ამოვასუნთქოთ „, დავასვენოთ, ბავშვი ნელ- ნელა გადმოერთოს სასკოლოდან  ოჯახურ გარემოში.
  • დავალებების შესრულებას დააწყებინებთ   მარტივიდან რთულისკენ პრინციპით,ფსიქოლოგები თვლიან ,რომ ნებისმიერ ბავშვს რთული დავალების შესასრულებლად, დიდი დრო სჭირდება, ბავშვი იღლება, თავს წარუმატებლად თვლის, თვითშეფასება ეცემა და ამ დროს შესაძლოა დავალების თავის არიდებისკენ გაუჩნდეს სწრაფვა.ამასთან ნუ გადატვირთავთ დამატებითი სავარჯიშოებითა და ამოცანებით.
  • განათლების სპეციალისტებს ,მშობლების მხრიდან დიდ შეცდომად მიაჩნიათ სასწავლო პროცესის შეწყვეტა  ,იმ მიზნით, როცა ვთხოვთ მაგალითად მარკეტში ჩარბენას ან ნაგვის გადაყრას.სამუშაო პროცესისგან მოწყვეტა არ არის რეკომენდებული!
  • ხშირ-ხშირად დაასვენეთ !უფროსებიც კი, ვისვენებთ და ბუნებრივია ბავშვისთვის ეს აუცილებელიცაა. საშინაო დავალებების მომზადება უნდა ხდებოდეს ისეთივე ,,გაკვეთილებისა „ და ,,შესვენებების“ მონაცვლეობით, როგორც სკოლაშია, იმ განსხვავებით ,რომ დრო აქ მკაცრად რეგლამენტირებული არ არის. მნიშვნელოვანია, რომ არ შევზღუდოთ ბავშვი, მიეცით მოძრაობის საშუალება, ნუ დაუშლით შუალედში მიირთვან წვენი ,ხილი.
  • სამუშაო სივრცის ორგანიზება

სასურველია გარემო, სადაც ბავშვებს უწევთ დავალებების მომზადება, სწორად იყოს ორგანიზებული, მაგალითად, დაწყებითი კლასის მოსწავლეები ისე უნდა ისხდნენ მაგიდასთან, რომ ქვედა კიდურები იატაკს ებჯინებოდეს, შუქი სამუშაო ადგილს მარცხნიდან ეცემოდეს(აქ გასათვალისწინებელია, თუ კი ბავშვი ცაციაა, პირიქით- მარჯვნიდან). ოთახში, დავალებების შესრულებისას დაიცავით სიწყნარე, ხმაური ყურადღებას ადუნებს  და  კონცენტრირებაში ხელს უშლის.

  • ვისწავლოთ ბავშვთან ერთად და არა მის მაგივრად!

თუ კი ვთანხმდებით იმ აზრზე ,რომ საშინაო დავალების მიზანია სწავლის პროცესის ხელშეწყობა ,მაშინ ლოგიკურია,  მასწავლებელმა უნდა შეაფასოს არა ერთობლივი ნამუშევარი , არამედ მოსწავლის დამოუკიდებელი შრომა, რადგან ცოდნას იღებს თქვენი შვილი  და არა თქვენ.

  • დაეხმარეთ მაშინ , როცა ის ამას საჭიროებს.
  • ხშირად ,პრობლემას წარმოადგენს მეთოდები, რომლითაც ვეხმარებით მოსწავლეს. მასწავლებელი ამას სხვაგვარად ახორციელებს , შედეგად ვიღებთ დაბნეულ ბავშვს. გაიარეთ საგნის მასწავლებელთან კონსულტაცია, თუ ხედავთ , რომ თქვენი შვილი სირთულეებს განიცდის დავალებების მომზადებისას.
  • წარმოიდგინეთ, რომ ერთად მიემგზავრებით რთულ მოგზაურობაში, რომლის დროსაც მთავარი გმირი ის პატარა მამაცი მოგზაურია, რომლის თანმხლები პირი თქვენ ხართ.  მშობელი, ამ მოგზაურობაში   დამკვირვებელი, მიმართულების მიმცემია, ეს არანაკლები საპასუხისმგებლოა, ვიდრე თავად დავალების შესრულება, ამიტომ უფროსებს  დასჭირდებათ მეტი  გამძლეობა, ძალა  და თავდაჯერებულობა წარმატებაში, ვიდრე მათ პატარებს.
  • ხაზი გაუსვით მის წარმატებებს! ხშირად შეაქეთ!

ეცადეთ  ყოველთვის იგრძნოს ბავშვმა თქვენი სიყვარული, შეაქეთ ის, მოიწონეთ მისი საქმიანობა თუ კი ხარისხიანად და დროულად შეასრულა დავალება- ეს მატებს მოსწავლეებში რწმენს საკუთარ თავში, რომელიც საბოლოო ჯამში მიზნის მიღწევაში დაეხმარება. იმის ცოდნა, რომ ოჯახისათვის ის მნიშვნელოვანია და ძვირფასი, მიუხედავად მისი მიღებული ქულებისა, საკმაოდ მნიშვნელოვანია. მოლოდინები ზემოქმედებენ  ბავშვის ქცევებზე, ჩატარებული ექსპერიმენტის მიხედვით (MILLEZ,1975) დამტკიცდა, რომ  ის ბავშვი, ვისაც სისტემატურად აქებდნენ აკურატულობის, პასუხისმგებლობის გამო, ცდილობდნენ გაემართლებინათ  მოლოდინი და ყოფილიყვნენ აკურატულები,კეთილები  და დამჯერები. ნუ დაიშურებთ კეთილ, თბილ სიტყვებს ბავშვებისათვის“ (პრაქტიკული ფსიქოლოგია ,მანანა ნარგიზაშივლი, თბილისი 2011 ტ.1    გვ .78).

  • გამორიცხეთ ნეგატივი თქვენს სასაუბრო ლექსიკაში!

თუ მშობელი თვლის ,რომ ,,ძვირფასს“ დროს კარგავს , როცა დახმარებას უწევს მას და ხშირად უმეორებს ამას, ბავშვს უვითარდება არასრულფასოვნების კომპლექსი,  ის ვარდება განცდებში, რომლებიც, საბოლოოდ, მის სწავლაზეც აისახება.

  • ეცადეთ, არ შეაფასოთ ისეთი ეპითეტებით როგორიცაა: ზარმაცი, უყურადღებო და ა.შ. არ გამოიყენოთ, ისეთი ფრაზები როგორიცაა: ,, დავიჯერო, არ შეიძლებოდა ეს უფრო დროულად შეგესრულებინა? ამ დროისათვის ის უფრო კარგად გააკეთებდა.  არ შეადაროთ მოზარდის ცოდნა სხვა მოსწავლის ცოდნას.  ყველა ბავშვი ინდივიდუალურია. ნუ დავაჩქარებთ მათი მუშაობის ტემპებს. ფსიქოლოგთა აზრით, ეს მათ ნევროზულობას იწვევს, რაც უარყოფითად აისახება დავალებების შესრულებისას.

როდესაც გვსურს, დახმარება გავუწიოთ  მოზარდს  დავალებების მომზადებისას, საჭიროა, აღვიჭურვოთ მოთმინებითა და შემოქმედებითობით, რათა მეცადინეობა გადაიქცეს არა მტანჯველ პროცედურად, არამედ ურთიერთობისა და შემეცნების საინტერესო საშუალებად.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. მანანა ნარგიზაშივლი „პრაქტიკული ფსიქოლოგია“ თბილისი 2011 ტ.1
  2. კარლ როჯერსი,  ,,სწავლის თავისუფლება“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი