პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

დაიჭირე ამბები

ჩვენი ყოველდღიურობა სავსეა ამბებით. მთავარია, მათი დანახვა და გაზიარება შევძლოთ. ამბავს სურათ-ხატებად აღვიქვამთ, სიტყვებით ვფუთავთ, ფოტოკადრებად ვაფიქსირებთ. სასწავლო პროცესის რუტინის, მოსწავლეთა სიმრავლის, სწრაფი რიტმის ფონზე რთულია ერთმანეთის მოსმენა. სწორედ ამიტომ გთავაზობთ ძალიან კარგ მეთოდს, რომელსაც მე და ჩემმა მოსწავლეებმა „დაიჭირე ამბები“ ვუწოდეთ. ამბების მოსაგროვებლად უბანში სიარულიც კი საკმარისია. აუცილებლად გაეცანით თემო სუყაშვილის სტატიას ფეხტურის შესახებ. ტერმინი “ფეხტური” თემოს შემეცნებით სტატიაში ამოვიკითხე და ძალიან მომეწონა. არაფორმალური და ფორმალური გარემოების მონაცვლეობა სასწავლო პროცესს ხალისს მატებს, ბავშვებს სიხარულით ავსებს და ყოველივე ეს მათ აკადემიურ მიღწევებზეც აისახება.

შემოდგომის მიწურულს ვირუსი რომ გავრცელდა, მოსწავლეთა რაოდენობამ იკლო. თუკი მასწავლებლობის საწყის ეტაპზე ვწუწუნებდი მოსწავლეთა სიმრავლის გამო, ბოლო დროს მივხვდი, რომ გუნდურობის განცდისთვის, მრავალი აქტივობის წარმატებით განსახორციელებლად სწორედ რომ მოსწავლეთა სიმრავლეა საჭირო. ერთ დღეს კლასში შესულს მხოლოდ შვიდი მოსწავლე დამხვდა. ასეთ დროს თითქოს საკლასო ოთახიც კარგავს თავის როლს. ბოლო გაკვეთილი იყო, გარეთ მზიანი ამინდი იდგა და მოსწავლეებს გაკვეთილის სკოლის ეზოში ჩატარება შევთავაზე. სკოლის კარს რომ გავცდით, ახალი იდეა დამებადა. ვფიქრობ, თემოს სტატიამ, არაფორმალური გარემოს სიყვარულმა, მოსწავლეების ახალი შთაბეჭდილებებით ავსების სურვილმა თავი ერთად მოიყარა და უბნის ფეხტურის იდეა დამებადა. მსგავსი აქტივობა ადრეც შემითავაზებია უფროსკლასელებისთვის, თუმცა ბევრი ბავშვის ღია სივრცეში მარტო გაძღოლას თავი ვერ მოვაბი.

ჩვენი სკოლა თბილისის გარეუბანშია. მდინარეც კი ჩამოუდის – გლდანულა. იქვეა ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, ავტობუსების გაჩერება, სასურსათო მაღაზიები, კერძო სახლები, რამდენიმე კორპუსი, ულამაზესი სკვერები, ფეხსაცმელების შემკეთებლის ჯიხური, აქა-იქ – “ლარიანი” მაღაზიები, პატარა სალონები, თონე და სამკერვალოები – დაკვირვებისთვის მშვენიერი, მყუდრო, უსაფრთხო გარემო გვაქვს და სწორედ ამიტომ გადავწყვიტე, მოსწავლეებისთვის საგანმანათლებლო მიზნებს მორგებული აქტივობებით სავსე ფეხტური შემეთავაზებინა. რამდენიმე თვის წინ სკოლის გვერდით ჩემი მოსწავლის დედამ ავტოფარეხის შენობაში კაფეც გახსნა. “ჰაკუნა მატატამ” ხელმისაწვდომი ფასებითა და ულამაზესი გარემოთი მალევე შეგვაყვარა თავი.

სკოლის ჭიშკარს რომ გავცდით, გზადაგზა ფეხტურის მიზანი ავუხსენი. ვთხოვე, დაჰკვირვებოდნენ ადამიანებს, შენობებს, მოვლენებს. ასეთ დროს ყველაფერი მნიშვნელოვანი ხდება. ხმამაღალი ფიქრის გამოყენებით ჩემი თვალით დანახულ გარემოს აღვწერდი, სიტყვებად ვაჟღერებდი. ვჩერდებოდით, ვაკვირდებოდით. ჩვენი უბნის შუაგულში ერთი უზარმაზარი შენობაა, შორიდან უსახური და შეუხედავია, ახლოს რომ მიხვალ, სულ სხვაგვარად დაინახავ. ამ შენობასთან მისულებმა ვისაუბრეთ ორ შუშებჩამსხვრეულ ფანჯარაზე. ერთი მათგანიდან ხე ამოზრდილიყო და ნოემბრის მიწურულს მწვანე ფოთლები გამოესხა. აქტიური სიცოცხლის მეტაფორად მივიჩნევ და ვცდილობ, ბავშვებსაც ავუხსნა, დავაფიქრო, სხვაგვარად დავანახო. ამ დღის შესახებ დაწვრილებით ჩემი დღის ჩანაწერში გაეცნობით, რომელსაც სტატიას ბოლოს დავურთავ.

რა არის საჭირო ფეხტურისთვის?

  • მოსანახულებელი ადგილის წინასწარ შერჩევა;
  • მოსწავლეებისთვის მიზნისა და სამოქმედო გეგმის გაცნობა;
  • რვეული და კალამი;
  • დანახულის ერთმანეთისთვის გაზიარება;
  • ხალისიანი განწყობა;
  • 20-30 წუთის განმავლობაში ფეხით სიარული;
  • შთაბეჭდილებების გაზიარებისთვის მყუდრო ადგილის შერჩევა, სადაც დღის ჩანაწერს დავწერთ.

მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლებიც გულმოდგინედ ვწერთ და მერე ხმამაღლა ვუკითხავთ ერთმანეთს.

ერთი კვირის შემდეგ მეორე მეექვსე კლასშიც 7 მოსწავლე დამხვდა და მათთანაც მოვაწყვე ფეხტური, სახელად „დაიჭირე ამბები“. ჩვენი დაკვირვებით, ამ პროცესში უფროსებიც ებმებიან, მაგალითად, რეზის დედა, რომელიც შვილებს სკოლასთან ელოდა, მომსწრე გახდა ჩვენი საინტერესო ამბებისა; თინა, სანდროს დედა და კაფეს მეპატრონე, ხომ არაფორმალურ დამკვირვებლად იქცა და ყველაზე მეტად მან დაინახა, რა არაჩვეულებრივი თავგადასავლები გადაგვხდა; ნათია, ინგლისურის მასწავლებელი, რომელიც კაფედან გამოსულებს შემოგვხვდა – ბავშვებს ქართულის შემდეგ სწორედ მისი გაკვეთილი ჰქონდათ, მეც მშვიდად გადავაბარე 7 მოსწავლე და სხვა გაკვეთილის ჩასატარებლად გავიქეცი; შოთას და გელას მზრუნველი ბიძები; გამვლელები, რომლებმაც ღიმილი გვაჩუქეს და ჩვენი კარგად ყოფნაც იგრძნეს. დაბოლოს, დაუვიწყარი იყო „გლოვოს“ კურიერთან შეხვედრა. შორიდან დავინახეთ ბიჭი სადარბაზოსთან მოტოციკლზე დამაგრებული „გლოვოს“ ყუთით. გადავწყვიტეთ, გვეკითხა, რა შეკვეთა მოიტანა და ჩვენი ამბებისთვის მიგვემატებინა, თავქუდმოგლეჯილები გავიქეცით მისკენ –  ქუსლებზე ამხედრებული მასწავლებელი და მისი შვიდი მოსწავლე. გზადაგზა სიცილი წაგვსკდა. ცისკენ თავგადაგდებულები, მთელი გულით ვიცინოდით. ხშირად ვიხსენებთ ამ მომენტს და ისევ სიცილი გვიტყდება. ნეტავი, რა იფიქრა „გლოვოს“ კურიერმა? ნეტავი, თუ ვახსოვართ?

როცა სკოლაში სხვა მოსწავლეებიც დაბრუნდნენ, სინანულით აღნიშნეს, მაინცდამაინც მაშინ ხდება კარგი ამბები, როცა ვაცდენთო. მათი განცდები კი ჩემთვის იმის მანიშნებელია, რომ მასწავლებლობისას სწორი გზით მივდივარ.

თქვენც გირჩევთ ამბების დასაჭერად უბანში ხეტიალს, დღის ჩანაწერის დაწერას, ერთმანეთისთვის გაზიარებას და სკოლის დღეების დაუვიწყარი თავგადასავლებით ავსებას. გარდა ამისა, ხელს შეუწყობთ ზეპირმეტყველებითი და წერითი უნარების განვითარებას, ამბის თხრობის უნარის გამომუშავებას, ღირებულებების განვითარებას (საკუთარი იდენტობის გააზრება საცხოვრებელი მიკროსოციუმის გაცნობითა და შეყვარებით, გარემოს დაცვის მნიშვნელობაზე ფიქრი, ადამიანების შრომის დაფასება).

ფეხტურის ბოლოს დროს ვინიშნავთ და პირადი მაგალითის გამო მოსწავლეებთან ერთად ვწერ დღის ჩანაწერს. მეც ერთი სული მაქვს, როდის წავუკითხავ მათ ჩემს ნაწერს. ამავე დროს, საინტერესოა ერთი და იმავე ამბების შესახებ რამდენიმე ადამიანის მიერ დაწერილი ტექსტი.

გიზიარებთ მოსწავლეებთან ერთად დაწერილ ჩემს ორ ჩანაწერს, მეექვსეკლასელების დაჭერილი ამბების შესახებ კი შეგიძლიათ წაიკითხოთ ბლოგზე.

 

18 ნოემბერი, 2022 წელი

ბოლო, მეხუთე გაკვეთილი დაიწყო. პირველი სართულისკენ მივრბივარ. მე-6 კლასში მხოლოდ 7 მოსწავლე მხვდება. მზე ჩახჩახებს. გარეთ გვიხმობს. ბავშვებს ეზოში გასვლასა და  გაკვეთილის იქ ჩატარებას ვთავაზობ. აჟრიამულდნენ. ელვის უსწრაფესად ჩაალაგეს ჩანთები. ეზოში რეზის დედა გვხვდება. ჩავუარეთ კაფეს ჰაკუნა მატატა“. სანდროს დედა დავინახეთ და გაგვიხარდა. წითელი ძაფით რაღაცას ქსოვდა. ნეტავი, რას? მიტოვებული შენობისკენ მივდივართ. ერთად ყოფნა გვიხარია. „2 ნაბიჯის“ წინ ნარინჯისფერი მანქანა კვახითა და კარტოფილით არის სავსე. ვფიქრობთ, რა ხდებოდა იმ დღეს ოჯახში, რომელმაც კარტოფილი დათესა მინდვრად. შენობა ძველი, დანგრეული, ცოტა საშიში და ამავე დროს ძალიან ლამაზია. წარმოვიდგინე, რა საინტერესო სივრცის მოწყობა შეიძლება აქ. რკინის ჭერს შუშით ამოვავსებდი. ორი ბნელი ფანჯარა გვერდიგვერდ მიტუზულა. ერთ-ერთიდან ხე ამოზრდილა. ნოემბრის ბოლოა და ხეს მწვანე ფოთლები გამოუსხამს. უცნაური სანახავია. მწვანეფოთლებიან ხეზე ბეღურა ჩამოსკუპებულა. ფოტოებს ვიღებთ წიგნებთან ერთად და მერე მდინარე გლდანულას სანახავად მივდივართ. შოთიკოს და სევგის საკუთარ უბანში მდინარე არასდროს უნახავთ. მდინარე რუს ჰგავს და ნაგვით არის ამოვსებული.

– გინდათ, დავასუფთაოთ, მასწავლებელო? – მეკითხებიან.

351 ნომერ ავტობუსთან თეთრი ძაღლი წევს. ანასტასიამ მითხრა, მამა ავტობუსის მძღოლიაო. მამაჩემიც ავტობუსის მძღოლი იყო-მეთქი, ვუპასუხე და ავტობუსის მძღოლების შვილ გოგოებს გულიანად გაგვეცინა. ვამჩნევთ ხილის ყუთებისგან აშენებულ ძაღლის ბუნაგს, სადაც ლეკვები გვხვდებიან. სკოლაში კიბით ვბრუნდებით. სკოლის სახურავზე ყვავები სხედან. „ჰაკუნა მატატაში“ ვასრულებთ ფეხტურს. სანდროს დედა რძიან ყავაზე გვეპატიჟება. ვწერთ თემას სახელად „დაიჭირე ამბები“. კედლებს ვათვალიერებ. ძალიან მომწონს ავტოფარეხში გახსნილი პატარა კაფე მოხატული კედლებით და საინტერესო გარემოთი. კედელზე ნახატს ვამჩნევ – ვიღაცას თინა დაუხატავს. ხმამაღლა გამოვხატავ მოწონებას და თინა სევგისკენ მანიშნებს, მან დამხატაო. კაფეში მოგვაკითხეს გელას და შოთიკოს ბიძებმა, სხვა მეექვსეკლასელებმა… წავედით, სანამ დედები, მამები, მამიდები, დეიდები და ბებიებიც არ მოსულან.

 

1 დეკემბერი, 2022 წელი

უბნის პატარა კაფეში ვართ მე და ჩემი 7 მეექვსეკლასელი. წარმოიდგინეთ, მესამე გაკვეთილია და ჩვენ უკვე დაუვიწყარი თავგადასავლები გადაგვხდა თავს. თავქუდმოგლეჯილებმა ვდიეთ „გლოვოს“ კურიერს, ვიყიდეთ ერთი ცალი ბროწეული და ვისაუბრეთ აჰმეტისთვის ნაყიდ ბროწეულზე. მიტოვებულ შენობაში ფოთლებშემხმარი ხე დავინახეთ. ვიღაც ქალი მომესალმა, მომიკითხა. ახლაც არ ვიცი მისი ვინაობა. იქნებ ჩვენმა ამაღლებულმა განწყობამ მიიქცია მისი ყურადღება? გულიანმა მოკითხვამ დღე გამილამაზა. მერე ველოსიპედიანი მამაკაცი დავინახეთ. გამოველაპარაკეთ. ჯუმბერ ლეჟავას თანასოფლელი აღმოჩნდა. ახლა რძიან ყავას ველოდებით. თინა, ნეონისფერსვიტერიანი გოგონა, თეთრი ძაფით ქუდს ქსოვდა და გიომ გაიხსენა ტომ და ტაპენს ბერესფორდები აგათა კრისტის წიგნიდან „ნ თუ მ“. ერთ პერსონაჟს უთქვამს, ვინც ქსოვს, ყველაზე მაგარი ადამიანები არიანო. თქვენ რას ფიქრობთ? მე ვეთანხმები.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი