პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

შინ და გარეთ

არც მშობლიურ მთაში და არც გარეთ მას ის დაფასება არასოდეს ჰქონია, რაც  ეკუთვნოდა.  დიდი თონეთის მაგალითიც რად ღირს, უბრალო ხალხის გამოსარჩლების გამო, სოფლის  მამასახლისი ღიად რომ  იმუქრებოდა ამ თავხედი  „ უჩიტელის“ მოკვლით. ფშაველი მოკაფიავენი მასზე დიდ პოეტად სთვლიდნენ თავს. მოკაფიავე  ფრუშკა წვეროშვილმა ეს ლექსიც ამოთქვა:

„არა მაქვს საწერ-კალამი, წერით არ ვიღლი მაჯასა,

მაგრამ რით  დავუვარდები რაზიკაშვილსა ვაჟასა“.

ეჯიბრებოდნენ ლექსების წერაშიც და გლეხობაშიც.  ხშირად გაკილავდნენ კიდეც, თივის   ზვინს ისე სდგამდა, სულ მუდამ ულპებოდა ხოლმეო. სულ მუდამ ოჯახის გამოკვებაზე  და წერაზე მოფიქრალი კაცი, გლეხურ საქმეებს ჰპარავდა დროს. თავის ხალხსაც უხაროდა, რომ ამაშიც სჯაბნიდნენ.

ბევრი მიწისა და ცხვარ-ძროხის პატრონები კი საერთოდ არ უყადრებდნენ თავს. როგორც ახლა, მაშინაც კაცობა ფულით იზომებოდა სამწუხაროდ. მთაში ქუხდა გეჯა ბეწუკლიშვილის სახელი. ოცი ათას  სულამდე ცხვარი დაუდიოდა თურმე. ბევრი შენატროდა მის ბედს. ამ გეჯას ვაჟასთვის უთქვამს: „ მენანები,  ღარიბი ხარ, უსახელო მოკვდებიო“

„ შენ რომ მოკვდები, სულ მოკვდები, მე კი მკვდარიც  ვიცოცხლებო“,- პასუხი დაუბრუნებია ვაჟას. თიანეთის მამასახლის აბრამ აკობაშვილთან სტუმრობის დროს, აბრამსვე შეუჩივლია  ვაჟასთვის, ჩემი შვილი ლექსებს წერს და სხვა არაფერი ეყურებაო. როცა ვაჟამ უთხრა, წეროს კაცო, აი, ჩემი ძმაკაცის შვილი გოგლა ლეონიძეც წერსო. აკობაშვილს უპასუხია: „ შენ რა სიკეთეს მოეწიე მაგ წერით,  ჩემი შვილი რომ მოეწიოს, სიღარიბიდან ვერ ამოსულხარო“. არადა, აბრამ აკობაშვილი ვაჟას კარგი მეგობარი იყო.

თითქოს ვაჟაზე იყო დაწერილი ხალხური სტრიქონები:

„ კარგ ყმასა შურობს სოფელი,

იტყვიან: კარგი რად არი“…

ერთ-ერთ დღეობაში მეფის მთავრობის წინააღმდეგ აგიტაციას რომ ეწეოდა, ვიღაცამ ზურგიდან ასმინა: ტყვია უნდა შუბლში, ხალხს სათავისოდ აბრიყვებს ხელმწიფობა უნდაო. ვაჟას კი დანანებით ჩაულაპარაკია: მე თქვენთვის ვიბრძვი თქვე თხისტყავიანებოო..

სისხლით ნათესავმაც ვაჟას ბიძაშვილმა კეტი დასცხო თავში და ძნა აკიდებული დააგორა- ბიძას მე ვინახავდი და მისი დანატოვარი ყველაფერი მე მეკუთვნისო. ის კი არა, ჩარგლელთა ერთმა ნაწილმა ვაჟას თემიდან მოკვეთა განიზრახა. ამას წლების შემდეგ იხსენებდა მისი ქალიშვილი გულქანი:

„ მაშინისა მნე თვრამეტი წლისა ვიყავ .. ჩვენს სასიმინდეზე გზა დადეს.  გაუწყრა მამაი ბეჩავი… იმაზე იკვეთეს. აგერაი, აი, გაღმა ფოცხვერაანთ კაკლებს ეძახიან, იმის გრილოში ისხდიან, ოქმებსა რასამე სწერდიან. ბოწახით მიწვიეს ტიღუნაი, მამაშჩემს ეჯიბრებოდის, დიდკაცი ვარ მითამაო, მენ უფრო კარგ ცხენ მყავისო, ვაჟაის ცხენს ჩემი ცხენი სჯობავისო … იქით ეძახდნენ მამასა. მამაი კიდენ დერეფანში იდგა, პაპიროზსა სწევდა. რაზიკაშვილ გრიგოლ მოვიდა, აი, მაღალი. მამაშჩემმა ჰკითხა: რასა ყრანტალებენო?

-რასა და შენ გიკვეთენო; გახე, ან შენა, ან ეგ ხალხიო“!

-აი, საცოდავებიო,- გაიცინა მამამ, გაუბერნა პაპიროზსა – აი, ეგ კატებიო. ეგენი დაინახვენ ხალხი მლოცველივით მოდიოდეს ჩემს კარზე, თავად კატებივით სად შეძვრებიან, საიდან დაიწყებენ გამოხედვასო …“

აუხდა ვაჟას ნათქვამი, მის კარზე მლოცველებივით მიდიან ადამიანები, მანანამდე კი დღიურში წერდა: „ სხვას რა დავემდურო, როცა ჩემი ცოლიც მე დამცინის, ისიც ბეჩავს საცოდავ კაცს მეძახის. რა მითხრა იმ დღეს? ნეტავ ერთი ნაჯახი მამცა შენთვის თავში დამერტყა, რომ ეგები მაშინ მაინც გადმოგცვივნოდა თავიდან ეგ რაღაც უბედური აზრები გილაგიაო. დედაკაცი არ არის? ამას აზრები კარტოფილი და ჭარხალი ჰგონია! ვითომ იმას ის აწუხებს, ის აღონებს, მე რადა ვარ აზრებისგან დაღონებული, რად ვიტანჯები“.

ოჯახი მუდამდღე შრომას ითხოვდა, დილიდან დაღამებამდე. ვაჟას კი ამ დროს ათასი აზრი საწერისკენ ეწეოდა, ასე ორ წყალშუა დგომა ახრჩობდა და ტანჯავდა. ჩიოდა კიდეც :  „ქართული ლიტერატურა აბა როგორ უნდა განვითარდეს? როცა მწერლებს ლუკმაპურის ძებნაში ამოსდით სული!  ჩემი დღენია  ვწერ და რამდენადაც ვიცი, ქართულ საზოგადოებას მოსწონს ჩემი ნაწერები, მაგრამ რა გამოვიდა?! სული კბილით მიჭირავს. ჩემს ნივთიერ გაჭირვებასა და შევიწროებას ბოლო არ უჩანს.

ამაყი იყო ვაჟა. ამიტომაც უჭირდა შინ თუ გარეთ ამდენი სირეგვნის ატანა. უჭირდა იმიტომ, რომ მგრძნობიარე იყო, ხისა და ქვისა ესმოდა ადამიანებისა კი ვერაფერი გაეგო. იცოდა, დადგებოდა დრო, ვაჟას ნაღვაწს ხალხი დაინახავდა, ამის იმედზე იყო დარჩენილი. ჩვეულებრივ მოკვდავებს ასეთი რამ არ შეუძლიათ. იცოდა. ვინ უფრო ახლოს იდგა ღმერთთან …

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი