შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

 ოლღა გურამიშვილი

ოთხი სტუმარი ეწვია ანდრეევის ქუჩაზე მცხოვრებ ოლღა გურამიშვილს. დარდისაგან დაუძლურებულმა მოხუცმა მაინც მოიკრიბა ძალ-ღონე და სტუმრებს სიხარულით უმასპინძლა, სათითაოდ გადაკოცნა, ჩაით და ალუბლის მურაბით გააწყო სუფრა.

ტირილს ვერც თვითონ იკავებდა, სტუმრებიც ჩუმ-ჩუმად იწმენდენ ცრემლებს. მერე იაკობ გოგებაშვილმა ჩაიმუხლა მის წინ, გეგონება დაუჩოქაო, ოლღას მჭკნარი ხელი ხელში მოიქცია და სტუმრობის მიზეზი აუხსნა. თბილი და ოდნავ დაძაბული ხმა ჰქონდა. ოლღამ იაკობს შუბლზე მიადო ხელისგული, თანხმობის ნიშნად და მშვიდად უთხრა:

– ჰო, რასაკვირველია, ასე მოვიქცეთ, ეს ილიასაც გაუხარდებოდა… ისიც ასე გადაწყვეტდა…

ამ ეპიზოდს ნინო ნაკაშიძე იხსენებს. იმ ოთხ სტუმარს შორის თვითონაც იყო. ამ მოგონებიდან ვიგებთ, რომ იაკობ გოგებაშვილის ინიციატივით, ისინი ილია ჭავჭავაძის ქვრივთან შუამდგომლობის სათხოვნელად მივიდნენ – ილიას მკვლელების სასიკვდილო სასჯელისგან შესაწყალებლად.

ეს ამბავი იმ დიდი სიყვარულის აღდგომად ვირწმუნოთ, რომელმაც ჯვარცმული ქრისტესავით განვლო ყველა ეპიზოდი. ილია ჭავჭავაძის და ოლღა გურამიშვილის სიყვარულის აღდგომად, მათი 40-წლიანი თანამოაზრეობის, თანამებრძოლეობის ღვთაებრივ კულმინაციად.

„მეუღლე ილიასი იყო ყოვლად კეთილი, სათნო ხასიათის ადამიანი, ქველის მომქმედი, ყოვლის კეთილის თანამგრძნობი, დიდათ მოსიყვარულე თავისი სახელოვანი ქმრისა და მაღმერთებელი მისი ნიჭისა“ – წერდა ილიას პირველი ბიოგრაფი გრიგოლ ყიფშიძე.

ოლღა გურამიშვილი 1842 წლის 12 მარტს დაიბადა და 1927 წლის 25 აპრილს გარდაიცვალა. დაბადების და გარდაცვალების თარიღები გაზაფხულს ემთხვევა. გაზაფხული მისი პიროვნული იერიც იყო, მისი პირადი ზოდიაქო, რომელმაც მისი დაუღალავი ძალისხმევა დამუხტა, ძალისხმევა და თავგანწირვა მეუღლისათვის და მთელი ქვეყნისათვის.

ოლღას მამა – თადეოზ ზაალის ძე გურამიშვილი ქართლის ერთ-ერთი უმდიდრესი მემამულე გახლდათ. ის სამეფო დინასტიასაც ენათესავებოდა – საქართველოს უკანასკნელი დედოფლის, მარიამ ციციშვილის დედის დისშვილი იყო. ილია თადეოზისთვის სასურველი სასიძო ნამდვილად არ ყოფილა. მეტიც, მის ოჯახში, სუფრასთან თუ ისე, მუდმივად გაისმოდა პეტერბურგიდან უდიპლომოდ დაბრუნებული, მამების თაობის წინააღმდეგ ამხედრებული ჭავჭავაძის მძაფრი კრიტიკა.

ერთხელ თადეოზმა „საქართველოს მოამბის“ კარიც კი შეუმტვრია ახალგაზრდა რედაქტორს და პასუხს სთხოვდა იმაზე, ლუარსაბ თათქარიძეში მე რატომ გამომიყვანეო.

დედით დაობლებული ოლღა გურამიშვილი მამიდასთან – გენერალ-მაიორ სავარსამიძის ქვრივთან, სიდონიასთან იზრდებოდა (სწორედ მამიდა სიდონიამ დაუტოვა თავისი ქონება, ანდერძის თანახმად, ოლღას). სიდონიას გავლენიან ოჯახში ხშირად იყრიდა თავს მაშინდელი თბილისური ბომონდი. ოლღაც ბევრს იცნობდა და სწორედ იქ მოკრა ყური პირველად ახალგაზრდა მეამბოხის სახელს, რომელიც პეტერბურგიდან ახლახან დაბრუნებულიყო და სამშობლოში ჩამოსვლისთანავე შეუპოვარი ბრძოლა გაემართა დრომოჭმული ფასეულობების წინააღმდეგ, ეროვნული და საზოგადოებრივი ცნობიერების გასაღვივებლად.

ილია ჭავჭავაძემ და ოლღა გურამიშვილმა ერთმანეთი 1863 წლის იანვარში გაიცნეს. პირველი ინიციატივა ოლღა გურამიშვილმა გამოიჩინა და თავისი მეგობრის, ნინო ორბელიანის (ყაფლანიშვილის) ხელით ილიას წერილი გაუგზავნა, პასუხად კი ეს მიიღო:

„მითხარით, სად შევხვდეთ. დროის გამო ნუ სწუხდებით, დროს ყოველთვის მოვნახავ, ოღონდ ერთი დღით ადრე მაცნობეთ“.

ეს არის პირველი ბარათი, ილია ჭავჭავაძის მიერ სხვადასხვა დროს გაგზავნილი იმ 240 წერილიდან, რომლებსაც ოლღა სიკვდილამდე რუდუნებით ინახავდა. ნაწილი ამ ბარათებისა რუსულ ენაზეა, რადგან ოლღამ ქართულზე უკეთ რუსული იცოდა. თუმცა, ამ აქტიურმა მიმოწერამ და ზოგადად, ილიას ფაქტორმა, ეს მოცემულობაც მალე შეცვალა და ერთი წლის შემდეგ ოლღა ჩინებულად მოქართულეც დადგა.

ეს წერილები, მე-20 საუკუნის 50-იან წლებში მეცნიერმა პავლე ინგოროყვამ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ილიას კაბინეტში აღმოაჩინა. წერილებს შორის ოლღას გამხმარი ყვავილებიც ჩაბნეულიყო…

„…იცოდეთ, მომავალში სიყვარულისა და ერთგულების მეტს ვერაფერს შემოგთავაზებთ. მართალია, ადამიანები ამ ორი რამითაც არიან ბედნიერნი, მაგრამ, მითხარით, თქვენ თუ გჯერათ ასევე?.. მართალია, მე ჩემი თავი სიღარიბისა და შრომისათვის გადამიდვია; მართალია, არც ერთისა და არც მეორის არ მეშინია, მაგრამ არც თქვენ გეშინიათ მისი? თუ არ გეშინიათ, მე თქვენი ვარ, ე. ი. – შენი ვარ“. /26 იანვარი, 1863 წელი/

 

 „ჩემო ანგელოზო! რატომ ღელავ, ჩემო მეგობარო? რისი უნდა გეშინოდეს? სიტყვას ვაძლევ ჩემს ოლიკოს, რომ მის თავს ვერავინ წამართმევს…“ /28 იანვარი, 1863 წელი/

 

„ოლიკოჯან! შენი მხიარული წერილებისათვის მადლობა მომიხსენებია. ნამდვილი მწერალი მყავხარ, – გიჟმაჟი, მხიარული, ხუმარა, – სახელი და დიდება შენ! მერმე რა ქართულითა წერ!.. პირდაპირ გამაოცა. არაფრით არ მოველოდი, თუ შენ ასე ლაღად შეგეძლო აზრის ქართულად გამოთქმა. აი, რას ნიშნავს ქართველი რედაქტორის ცოლობა!.. /29 იანვარი, 1863 წელი/

ამ პერიოდში ილია ჭავჭავაძე „საქართველოს მოამბის“ გამოცემაზე მუშაობდა. სავარაუდოდ, მისი თანამებრძოლები ეჭვობდნენ, რომ ქორწინება ილიას ამ საქმისთვის დროს და ენერგიას დააკარგვინებდა, ამიტომ მისი სიყვარულის ამბებს დიდი აღტაცებით არც ისინი შეხვედრიან. თუმცა, ილიას და ოლღას თანაცხოვრება უკვე მტკიცედ გადაეწყვიტათ.

1863 წლის 10 აპრილს, ძველი სამების ტაძარში, ილია ჭავჭავაძემ და ოლღა გურამიშვილმა ჯვარი საიდუმლოდ დაიწერეს. ჯვრისწერას, სიძე-პატარძლის გარდა, მხოლოდ მეჯვარეები ესწრებოდნენ.

ილია ჭავჭავაძე 25 წლისა იყო, ოლღა გურამიშვილი კი – 20 წლისა. მათ ერთად 40 წელი გაატარეს და ეს იყო საერთო იდეალებისთვის, სამშობლოსა და საზოგადოებისთვის უპირობო ბრძოლისა და თანაცხოვრების დიდი თავგადასავალი.

რაც შეეხება „საქართველოს მოამბეს“, რომელსაც ილიამ თავისი პირველი ვაჟიც კი უწოდა, ჟურნალმა მხოლოდ 1 წელი იარსება და 12 ნომრით შემოიფარგლა. მთელი ამ ხნის მანძილზე ილიას გვერდით ედგა მეუღლე, რომელიც ყველანაირად ეხმარებოდა ჟურნალის გამოცემაში. ილია ყოველთვის ანგარიშს უწევდა და აფასებდა მეუღლის ლიტერატურულ გემოვნებას.

ქორწინებიდან მესამე წელს – 1866 წელს, ილია დუშეთში გადავიდა მომრიგებელ-მოსამართლედ. ხშირად მიემგზავრებოდა პეტერბურგშიც. მიუხედავად იმისა, რომ ყველა საქმეში მხარს უჭერდა და ეხმარებოდა, ზოგჯერ ოლღას მეუღლესთან განშორება ძალიან უჭირდა. ამას თან ერთოდა ფინანსური პრობლემები. ილიაც, თავის მხრივ, ყოველთვის ამხნევებდა და სიშორის მიუხედავად, თავის სიყვარულს და ერთგულებას უდასტურებდა.

„საყვარელო ოლიკო! ეხლა მე პეტერბურგში ვარ… ახ, ნეტავი შენც ჩემთან იყო და სხვა არა მინდა რა. საშინლად მინდა ჩემს ქვეყანაში წამოსვლა და შენი მოხვევნა…

 ჩემო კარგო! შენ მწერ, რომ თერთმეტი თუმანი დამრჩაო… „ვჰსტირ და ვღრიალებ“ აგრე ჩვენის ფინანსების გამოლევაზედ, მაგრამ ჩვენი შემწე იყოს მაღალი ღმერთი, რომელსაც არა აქვს ისეთი ჩვეულება, რომ ფულები ციდამ ჩამოყაროს. მაგრამ მაინც კიდევ იმედია. რამდენი ჩვენზედ უფრო უფულოა და უნუგეშო. თუ კი ისინი თავს არ იტკივებენ, მე და შენ ხომ სიხარული გვეკუთვნის ვიყვნეთ ორნი ტოლნი, ორნი მეგობარნი, გულუხვად და უფრო სუბუქად ვივლით, იმიტომ, რომ გულუხვობას წონა არა აქვს… ფულიანს უკეთურებას სჯობს უფულო ღირსება“. /12 სექტემბერი, 1873 წელი/

ოლღა გურამიშვილის სრულყოფილი პორტრეტი მის პირად მიმოწერებში ყველაზე ხატოვნად იკვეთება. მისი ადრესატები არიან იმ დროის აქტორები, ცნობილი თუ ნაკლებად ცნობილი პერსონები; თავად ოლღაც ყოველთვის სასურველი და ძვირფასი ადრესატია, რომელსაც სწერენ დიდი სიყვარულით, საქმიანად და თანადგომის იმედით. ამ ბარათებიდან ვიგებთ მის საქმეებზე, საწუხარსა და საზრუნავზე, მის პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ შეხედულებებზე.

ოლღა აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოებრივ საქმიანობაში. ის იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი, ამიერკავკასიის ქალთა ინსტიტუტის მზრუნველთა საბჭოს წევრი, საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების წევრი, 1895-1906 წლებში ქართველ ქალთა საქველმოქმედო საზოგადოების თავმჯდომარე. ეხმარებოდა ღარიბ მოსწავლეთა შემწეობის თბილისის გუბერნიის თავად-აზნაურთა საზოგადოებას.

ის თამამად ერთვებოდა პოლიტიკურ საკითხებშიც. ჯერ კიდევ 1864 წელს, საქართველოში ბატონყმობის გაუქმების გამო, მან საადგილმამულო რეფორმას დაუჭირა მხარი. მეუღლის მსგავსად, ოლღამ თავის მამულში მცხოვრები ყველა ყმა და გლეხი გაათავისუფლა და ხელშეუხებელ საკუთრებად დაუმტკიცა მიწები და ვენახები. ოლღას გადაწყვეტილებით კმაყოფილი ილია ამაყად აცხადებდა: „ჩემმა მეუღლემაც გაყოფის დროს ისე გამოიწილადა მემამულეთაგან მამული, რომ არც ერთი ხიზანი, არც ერთი ნაყმევი არ ირგუნაო“.

იმდროინდელ, საზოგადოებრივად აქტიურ ქალებთან ერთად იბრძოდა ქალთა უფლებების დაცვის, მათი საზოგადოებრივი თანასწორობის, შემოქმედებითი და პროფესიული პოპულარიზაციისათვის. ეხმარებოდა ყველას, ვისაც რისი საჭიროება ჰქონდა. გარდა ამისა, იყო ერთგვარი ხიდი მაშინდელ ქალთა საზოგადოებებსა და ილიას შორის. მისი წყალობით გაიცნეს ილია პოეტმა ქალმა დომინიკა ერისთავმა (განდეგილმა), ნინო ტყეშელაშვილმა და სხვებმა. ეკატერინე გაბაშვილი კი წერდა: „ჩვენ ოლღას მივმართავდით, როცა ილიასი გვერიდებოდა და მეორე დღეს ყველაფერი მზად იყო“.

მეგობრობდა ეკატერინე გაბაშვილთან, რომელიც ქალთა პროფესიულ სკოლას ხელმძღვანელობდა. ერთობლივად გამართულ საღამოებსა და „ალეგრა-ლატარიებზე“ შემოსული თანხით, ოლღა გურამიშვილი და ეკატერინე გაბაშვილი ქართველ სტუდენტებს ეხმარებოდნენ. მათ ბენეფიციარებს შორის იყო ნიჭიერი ახალგაზრდა მწერალი შიო არაგვისპირელი.

ამ ეპისტოლარულ ქრონიკაში არის კიდევ ერთი სახელი, რომელსაც დიდი ღვაწლი მიუძღვის ზოგადად ქართული კულტურის პოპულარიზაციის საქმეში. ეს გახლავთ ინგლისელი მწერალი და მთარგმნელი მარჯორი უორდროპი. ოლღა გურამიშვილის და მარჯორი უორდროპის მეგობრობა განსაკუთრებული ფურცელია ორივე მათგანის ისტორიაში.

ეს ურთიერთობა, რომელიც მხოლოდ 15 წელიწადს გაგრძელდა, ვერც დრომ, ვერც მანძილმა, ვერც ოლღას თავს დატრიალებულმა ტრაგედიამ ვერ გააფერმკრთალა. საგულისხმოა, რომ ამ დროის მანძილზე ისინი მხოლოდ ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. პირველი შეხვედრიდან 14 წლის შემდეგ გაგზავნილ წერილში მარჯორი სწერს ოლღას:

„არასოდეს არ დავივიწყებთ ილიას და მის ცოლს და როდესაც პირველად გნახეთ მატარებელში მცხეთაში, თოთხმეტი წელიწადია, იმ წამში ყველა ჩამაჩნდი გულში და იქაც დარჩით სანამდის ცოცხალი ვიქნები“ /1908 წ. 12 მარტი/

მარჯორი უორდროპმა საქართველოს შესახებ უფროსი ძმისგან – ოლივერისგან შეიტყო. ოლივერი საზოგადო მოღვაწე და მთარგმნელი იყო. ინგლისურ არისტოკრატულ ოჯახში დაბადებულმა ყმაწვილმა, დისგან განსხვავებით, საუნივერსიტეტო განათლება ჯერ ოქსფორდში, მერე კი პარიზში მიიღო. ბევრს მოგზაურობდა. ოლივერი საქართველოს პირველად 1887 წელს ეწვია.

ახალგაზრდა ინგლისელი სტუმრის მასპინძლები ილია ჭავჭავაძე და ივანე მაჩაბელი იყვნენ. თითქმის მთელი საქართველოს მონახულების შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებულმა ოლივერ უორდროპმა დაწერა წიგნი „საქართველოს სამეფო“, რომელიც 1888 წლის შემოდგომაზე უკვე გამოიცა ლონდონში ქვესათაურით: „მოგზაურობის შთაბეჭდილებანი ქალების, ღვინისა და სიმღერის ქვეყანაში“. წიგნი მკითხველს აცნობს საქართველოს მდიდარ ისტორიას, სოციალურ-პოლიტიკურ მდგომარეობასა და კულტურას. სწორედ ამ წიგნიდან გაიცნო პირველად, მარჯორიმ საქართველო და გაუნელებელი ინტერესით აღივსო ამ უძველესი კულტურის მქონე ქვეყნის მიმართ.

1864 წელს ლონდონში გამოიცა მარჯორი უორდროპის მიერ ინგლისურად თარგმნილი ქართული ხალხური ზღაპრები, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ამ კრებულის შესახებ ინგლისურ პრესაში არაერთი რეცენზია დაიბეჭდა. მათი ნაწილი ქართულადაც ითარგმნა და გაზეთ „ივერიაში“ გამოქვეყნდა.

რამდენიმე თვეში კი, ლონდონში დაიბეჭდა მის მიერ თარგმნილი ილია ჭავჭავაძის პოემა „განდეგილი“.

მე-19 საუკუნის მიწურული და ახალი საუკუნის გარიჟრაჟი მძაფრი პოლიტიკური კატაკლიზმებით აღიბეჭდა. ილია მთლიანად საზოგადოებრივ საქმეებში იყო შთაფლული, საქმეებთან ერთად მტერიც დღითიდღე უმრავლდებოდა. ოლღა დაუღალავად ზრუნავდა მასზე, ილია როცა მუშაობდა, სახლში ფეხაკრეფით დადიოდა, ფანქრებს უთლიდა, შანდლებში სანთელს ცვლიდა, ქაღალდებში თავჩარგულ მეუღლესთან ჩაი შეჰქონდა…

1906 წელს, სახელმწიფო სხდომაზე დასასწრებად, ოლღა და ილია პეტერბურგში გაემგზავრნენ. ილია 7 ივლისამდე მონაწილეობდა სახელმწიფო საბჭოს პირველი სესიის სხდომებში, სადაც დუმის სათათბიროს დეპუტატებს რადიკალური ცვლილებების მოთხოვნები უნდა დაეყენებინათ – პოლიტიკური ამნისტია, სიკვდილით დასჯის კანონის გაუქმება, აგრარული რეფორმა და სხვა, მაგრამ რუსეთში შექმნილი რთული პოლიტიკური მდგომარეობით შეშინებულმა იმპერატორმა ნიკოლოზ მეორემ სახელმწიფო სათათბიროც და საბჭოც სასწრაფოდ დაითხოვა.

ილია და ოლღა სამშობლოში დაბრუნდნენ. პეტერბურგში გამგზავრება მათი უკანასკნელი ერთობლივი შორეული მოგზაურობა იყო. ორივეს შეერყა ჯანმრთელობა. სამაგიეროდ, კიდევ უფრო განმტკიცდა მათი ერთობა. ოლღას ავი წინათგრძნობაც ტანჯავდა. ამიტომ, როცა დაისვა საკითხი თბილისიდან საგურამოში წასვლის შესახებ, ძალიან აღელდა და მეუღლეს სთხოვდა, ამ მგზავრობისგან თავი შეეკავებინა.

თუმცა, ისტორიას თავისი გზა ჰქონდა. ამ გზას წიწამურთან უნდა გაევლო.

1907 წელს, 30 აგვისტოს/ახალი სტილით 12 სექტემბერს, შეიარაღებული რაზმი თავს დაესხა ეტლს, რომელშიც ილია და ოლღა იმყოფებოდნენ. ილია მოკლეს, ოლღას კი კონდახი ჩაარტყეს და გონდაკარგული დააგდეს…

 

„შენთან ერთად სტირის ძვირფას ილიას მთელი საქართველო და დიდხანს იტირებს კიდევ. რაც დრო გავა, იმდენად უფრო გაძვირფასდება ილია ქართველებისთვის… მაპატიეთ, რომ ამდენ ხანს ვერ გნახეთ. მეშინოდა ჩემი მოშლილი ნერვებით ვნება არ მომემატა თქვენის ჯანმრთელობისათვის და უთუოდ არ გამომემჟღავნებია ზარდამცემი უბედურება…“ – სწერდა ილიას სიკვდილით თავზარდაცემული ეკატერინე გაბაშვილი ოლღას.

 

1908 წლის 13 დეკემბერს, გაზეთ „დროებაში“ დაიბეჭდა ოლღა გურამიშვილის შუამდგომლობა, რომელმაც არამხოლოდ საქართველო, არამედ მთელი იმპერია აალაპარაკა. ოლღა თბილისის გენერალ-გუბერნატორს სთხოვდა, სიკვდილით არ დაესაჯათ მისი მეუღლის მკვლელები.

„სიცოცხლეში ჩემმა ქმარმა მთელი თავისი სულიერი ძალ-ღონე, ღვთის მიერ მასზე მოვლენილი მაღალი ნიჭი შესწირა ადამიანის სულში ადამიანურ გრძნობის, კაცთა შორის სიყვარულის განმტკიცებას. მე ღრმად მწამს, დღეს რომ ჩემი ქმარი ცოცხალი იყოს, შეუნდობდა იმათ, რომელთაც სასიკვდილოდ გაიმეტეს იგი და თავის უბედურ, გზადაბნეულ ძმებად მიიჩნევდა. ეს საზარელი სასჯელი დაარღვევს იმ ღვაწლს სიყვარულისას, ცხოვრების მასწავლებელ ქრისტეს იმ საუკუნო მცნებას, რომლითაც ცხოვრობდა ჩემი განსვენებული ქმარი, მოგმართავთ თქვენ გულწრფელისა და მხურვალე თხოვნით: ნუ დაამტკიცებთ სასამართლოს განაჩენს ამ უბედურთა სიკვდილით დასჯის შესახებ…“.

თითქმის 20 წელი იცოცხლა ოლღა ჭავჭავაძემ ილიას სიკვდილის შემდეგ.

 

„ჩემისთანა ბედნიერი არა მგონია ვინმე ყოფილიყოს“ – მისწერა ერთ წერილში ოლღამ ძვირფას მეუღლეს. ეს ტანჯული ბედნიერება მათი დიდი და ერთგული სიყვარულის ღვთაებრივი საჩუქარი იყო.

საჩუქარი – გაზაფხულის ზოდიაქოს ნიშანი.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი