პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

კომპლექსური დავალება: პირადი თვალსაზრისის დასაბუთება 

მახსოვს, ბავშვობაში, როცა თანატოლები რამეზე ვკამათობდით, მეც მითქვამს: მართალი ვარ, იმიტომ, რომ ტყუილს არ ვამბობ. თუმცა ეს არ იყო საკმარისი პირადი მოსაზრების დასასაბუთებლად.

დღეს ბევრი რამ სხვანაირად ისწავლება. საკუთარი თვალსაზრისის დასაბუთება გაცილებით მარტივია, როცა ამისთვის მყარი არგუმენტები გაქვს.

წარმოგიდგენთ კომპლექსური დავალების სარეკომენდაციო სცენარს (ავტორი – დაწყებითი განათლების ექსპერტი, სსიპ 72-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი, ნატო ხაჭაპურიძე), რომელშიც ძალიან კარგად არის გადმოცემული, როგორ ვასწავლოთ დაწყებითი კლასებიდანვე პირადი თვალსაზრისის არგუმენტირებული დასაბუთება ისეთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა გარემოზე ზრუნვა.

სამიზნე ცნება: სიტყვა, წინადადება, ტექსტი (შედეგები: (I).4, 5, 6)

ქვეცნება – დასაბუთება

მკვიდრი წარმოდგენები

  1. სათქმელის გამოსაკვეთად მნიშვნელოვანია მიზნის შესაბამისი სიტყვებისა და წინადადებების, ტექსტის ერთეულების (მაგ., სათაურის) შერჩევა.
  2. შინაარსის გასამდიდრებლად, მკითხველზე/მსმენელზე შთაბეჭდილების მოსახდენად მნიშვნელოვანია დეტალების წარმოჩენა, მრავალფეროვანი სიტყვების გამოყენება.
  3. იმისთვის, რომ მკითხველს/მსმენელს გავაგებინოთ სათქმელი, ტექსტის აგებულება უნდა შეესაბამებოდეს მიზანს.

საკითხი: პირადი თვალსაზრისის წერილობითი დასაბუთება (ადამიანების მიერ გარემოზე ზრუნვის საჭიროების შესახებ).

ქვესაკითხი: დასაბუთების აგებულება (მოსაზრება, ახსნა/არგუმენტი, გამამყარებელი მაგალით(ებ)ი); მიზეზეშედეგობრივი კავშირების გამოხატველი სიტყვები;

საკვანძო შეკითხვა: როგორ დავასაბუთო წერილობით პირადი მოსაზრება ადამიანების მიერ ბუნებაზე ზრუნვის საჭიროებასთან დაკავშირებით? რა შემთხვევაში იქნება ჩემი მოსაზრება დასაბუთებული?

კომპლექსური დავალების პირობა:

ადამიანები ბუნებრივ რესურსებს თავიანთი საჭიროებისთვის მოიხმარენ: ისინი სხვადასხვა მიზნით ხშირად ჭრიან ხეებს. არის შემთხვევები, როდესაც გზის გასაყვანად თუ მშენებლობის გამო კაფავენ/ანადგურებენ ტყეს.

დაფიქრდი, გამართლებულია თუ არა ხეების ჭრა? რა შემთხვევაში? წერილობით გადმოეცი შენი დასაბუთებული თვალსაზრისი ამასთან დაკავშირებით;

შეფასების კრიტერიუმები (კონკრეტულ კომპლექსურ დავალებას მისადაგებული):

  • ნაშრომის წარდგენისას წარმოაჩინე შენი თვალსაზრისი. ახსენი, რატომ ფიქრობ ასე და მოიყვანე მოსაზრების დამადასტურებელი მაგალითები (ს. 3)
  • რა სიტყვები გამოიყენე მიზეზშედეგობრივი კავშირების აღსანიშნავად (მაგ., იმიტომ, რომ)(ს. 1, 2)?

კომპლექსური დავალების განხორციელების ეტაპები (აქტივობები, რესურსები, შეკითხვები)

ეტაპი I – კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა

  • გაიხსენეთ, რისი დასაბუთება გიწევთ თანატოლთან, მშობელთან;
  • რამდენად მოგიხერხებიათ თქვენი აზრის დასაბუთება?
  • რას მოითხოვს თქვენგან ეს დავალება?
  • რა ცოდნა-გამოცდილება გამოგადგებათ მის შესასრულებლად?
  • რისი შესწავლა დაგვჭირდებათ?

ეტაპი II – კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა

ნაბიჯი 1. როგორია შენი თვალსაზრისი? ახსენი, რატომ ფიქრობ ასე და მოიყვანე მოსაზრების დამადასტურებელი მაგალითები (ს. 3).

ქვესაკითხები: დასაბუთების მახასიათებლები.

რესურსები/აქტივობები

რესურსი 1. ანონიმურ მოსწავლეთა მაგალითების განხილვა-განაალიზების გზით დასაბუთების მახასიათებლების დადგენა, (კი-მაგალითებისა და არა-მაგალითების) შედარება:

მაგალითი 1.

ადამიანი უნდა უფრთხილდებოდეს ბუნებას, რადგან თვითონაც ბუნების ნაწილია. როგორც მოექცევი ბუნებას, ისე მოგექცევა ის შენ. მაგალითისთვის გავიხსენებდი ერთ დოკუმენტურ ფილმს იმის შესახებ, თუ როგორ ანაგვიანებდნენ ადამიანები გარემოს ქარხნების გამონაბოლქვით და თან ტყეებსაც ანადგურებდნენ. ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდა.

ჩემი აზრით, ადამიანი უნდა შეეცადოს, რაც შეიძლება ნაკლები ხე მოჭრას, რადგან ის გვაძლევს ჟანგბადს. რაც უფრო მეტ ხეს მოვჭრით, მით უფრო ნაკლები გვექნება სუფთა ჰაერი და ჟანგბადი. მაგალითად, ჩვენს ქალაქში ბევრ ადგილას ხეები სულ გაჩეხეს, რათა იქ მრავალსართულიანი სახლები აეშენებინათ. ამის გამო თბილისში თითქმის აღარაა სუფთა ჰაერი და ადამიანები ხშირად ავადმყოფობენ.

მართალია, ხანდახან მაინც გვიწევს ხის მოჭრა სამშენებლო მასალისთვის ან წიგნების დასამზადებლად, მაგრამ სანაცვლოდ ახალი ნერგები უნდა დავრგოთ და დავეხმაროთ ბუნებას, რათა ის შემდეგ ჩვენ დაგვეხმაროს.

აქ სამივე კომპონენტია გათვალისწინებული: თვალსაზრისი, ახსნა (არგუმენტები) და მაგალითები. დასკვნა: ეს არის დასაბუთების სრული ანუ კარგი მაგალითი.

 

მაგალითი 2.

ჩემი აზრით, ადამიანებმა უნდა დაიცვან ბუნება. მათ არ უნდა მოჭრან ხეები.

(შენიშვნა: ამ მაგალითში მხოლოდ ერთი კომპონენტია: გამოთქმულია თვალსაზრისი, მაგრამ არ ჩანს ახსნა ანუ არგუმენტი და მისი გამამყარებელი კონკრეტული მაგალითი. დასკვნა: ეს დასაბუთების არასრული მაგალითია, კარგ მაგალითად ვერ მიიჩნევა).

მაგალითი 3.

იცით, რატომ ვფიქრობ, რომ ბუნებას უნდა მოუფრთხილდნენ ადამიანები? იმიტომ, რომ ტყეების გაჩეხვამ ბევრ ადგილას მეწყერი გამოიწვია. ჩვენ ეს ბუნებისმეტყველებაში ვისწავლეთ.

(შენიშვნა: აქ მოყვანილია მოსაზრება და არგუმენტი, მაგალითი არ ჩანს. ახსნა: მაგალითი იქნებოდა იმ შემთხვევაში, თუ ავტორი დაასახელებდა თუნდაც ერთ ადგილს, სადაც ეს მოხდა. მაგალითად, რაჭას, აჭარას. დასკვნა: ეს დასაბუთების არასრული მაგალითია, კარგ მაგალითად ვერ მიიჩნევა)

მაგალითი 4.

ჩვენ ვისწავლეთ, რომ გზების გაყვანისას ხშირად იჩეხება ტყეები, იჭრება კლდეები. იმ გაკვეთილიდან მახსოვს, რომ ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია კარგი გზების, ქალაქებისა და სოფლების შენება, მაგრამ ვფიქრობ, რომ ადამიანებმა მეტი უნდა იზრუნონ ბუნებაზე, ტყეებსა და ცხოველებზე.

არ უნდა დავივიწყოთ, რომ იმ ტყეებში უამრავი ცოცხალი არსება ცხოვრობს და იქ მათი საცხოვრებელი გარემოა. ხეზე ჩიტებს, ხშირად ციყვებსაც აქვთ თავიანთი საცხოვრებელი მოწყობილი. გარდა ამისა, ხეები გვაძლევს ჟანგბადს. თუ ტყეები გაიჩეხება და არ ვიზრუნებთ მასზე, შეიძლება წყაროებიც დაშრეს. მაშინ ადამიანებიც ვერ ვიქნებით კარგად.

(შენიშვნა: ამ ნიმუშში გამოთქმულია მოსაზრება, არის არგუმენტებიც, მაგრამ არ არის მაგალითი/მაგალითები; დასკვნა: ეს დასაბუთების არასრული მაგალითია, კარგ მაგალითად ვერ მიიჩნევა)

მაგალითი 5.

ხე არ უნდა მოჭრა, იმიტომ, რომ მასაც უნდა სიცოცხლე. თუ ხეს მოვჭრით, არ გვექნება მისი ნაყოფი და ახალი ხის გაზრდას კიდევ დიდი დრო დასჭირდება.

(მოსაზრება და ახსნა აქვს. დასკვნა: ეს არის დასაბუთების არასრული მაგალითი)

მაგალითი 6.

სოფელში ჭრიან ხეებს, რომ ღუმელი და ბუხარი აანთონ და გათბნენ ან საჭმელი მოამზადონ. ჩემი პაპაც ჭრის ხეებს და მოაქვს ტყიდან.

(შენიშვნა: მოსწავლეებს უნდა მივუთითოთ, რომ აქ მხოლოდ ფაქტია მოყვანილი. იგი რაიმე თვალსაზრისის განმამტკიცებლად ვერ ჩაითვლება, რადგან თვალსაზრისი არ ჩანს. ფაქტი არგუმენტად იქცევა მხოლოდ მაშინ, როცა ის რაიმე თვალსაზრისს უკავშირდება. დასკვნა: ეს არ არის დასაბუთება!)

აქტივობა 1. დასაბუთების მახასიათებლების დადგენა კი- და არა- მაგალითების მეთოდის გამოყენებით.

დასასმელი შეკითხვები თითოეული მაგალითის განხილვისას:

  • არის თუ არა „მაგალითი 1“ დასაბუთების კარგი მაგალითი? რატომ ფიქრობთ ასე? (რესურსი 1)
  • არის თუ არა გამოთქმული თვალსაზრისი?
  • არის თუ არა ახსნილი, რატომ ფიქრობს ასე, ანუ მოყვანილია თუ არა არგუმენტი/არგუმენტები? საიდან ჩანს?
  • მოყვანილია თუ არა არგუმენტის გამამყარებელი კონკრეტული მაგალითი/მაგალითები? რომელი?
  • გამოყენებულია თუ არა მიზეზშედეგობრიობის ან პირადი დამოკიდებულების აღმნიშვნელი სიტყვები? რომელები?
  • რას ურჩევდით თანატოლს ხარვეზების გამოსასწორებლად?

 

(შენიშვნა: ამგვარად განიხილება ყველა მაგალითი)

 

დასკვნა/შეჯამება:

 

  • რას იტყოდი, როგორია კარგი დასაბუთების მაგალითი?
  • რა ნაწილებისგან უნდა შედგებოდეს დასაბუთება? (თვალსაზრისი; ახსნა, რატომ ფიქრობ ასე (არგუმენტი); მაგალითი);

 

ნაბიჯი 2. რა სიტყვები გამოიყენეთ მიზეზშედეგობრივი კავშირების აღსანიშნავად (მაგ., იმიტომ, რომ… რადგან… ამიტომ… ამის გამო….) (ს. 1, 2)? რატომ, რის საფუძველზე დასვი სასვენი ნიშნები ამგვარად?

ქვესაკითხები: მიზეზეშედეგობრივი კავშირების გამოხატველი სიტყვები; სტრატეგია.

რესურსები / აქტივობები

აქტივობა 1. პირველადი ვარიანტის დაწერა და შეფასება-გაუმჯობესება.

აქტივობა 2. საბოლოო ვარიანტის შექმნა და წარდგენა.

წარდგენის შემდეგ მოსწავლე აკინძავს პირველად და ბოლო ნამუშევარს თავის პორტფოლიოში.

 

გეზის მიმცემი შეკითხვები

  • როგორ დავასაბუთო ჩემი მოსაზრება?
  • როგორ გამოვიყენო სტრუქტურა-აგებულების ცოდნა ჩემი აზრის დასასაბუთებლად?
  • რა ენობრივი საშუალებები გამოვიყენო დასაბუთების დროს?

 

შეფასების კრიტერიუმებისთვის:

 

  • გამოთქმული გაქვს თუ არა თვალსაზრისი?
  • გაქვს თუ არა ახსნილი, რატომ ფიქრობ ასე ?
  • გაქვს თუ არა მოყვანილი კონკრეტული მაგალითები?
  • გაქვს თუ არა არა გამოყენებული მიზეზშედეგობრიობის (რადგან, ამიტომ, იმიტომ, რომ…) ან პირადი დამოკიდებულების (ჩემი აზრით, გაუმართლებელია/გამართლებულია, დაუშვებელია… ვფიქრობ, კარგია/არ არის კარგი, არ შეიძლება…) აღმნიშვნელი სიტყვები?

 

კომპლექსური დავალების შესრულების და პრეზენტაციის პროცესში დასასმელი კითხვების ბანკი კონკრეტულ მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობის საწარმოებლად, თითოეული მათგანის წინსვლისა და რეფლექსიის უნარის ხელშესაწყობად

 

ხსენი, რა ცოდნა შეიძინე და წარმოაჩინე კომპლექსური დავალების საშუალებით:

  • რა დაგეხმარა დასაბუთებაში და როგორ დაასაბუთე შენი მოსაზრება?
  • რით გაიმდიდრე ცოდნა-გამოცდილება?
  • სად და როგორ გამოიყენებ შეძენილ ცოდნას?

 

აღწერე, როგორ იმუშავე დავალებაზე:

  • რატომ ფიქრობ, რომ შენ მიერ შექმნილი ტექსტი დასაბუთებაა?
  • რა გააკეთე? რა თანმიმდევრობით?
  • რა ენობრივი საშუალებები გამოიყენე დასაბუთების დროს?
  • რატომ არის საჭირო დავალების პირველადი ვერსიის შექმნა?
  • რა გაგიძნელდა, რა გაგიადვილდა? რატომ?
  • შენი თანაკლასელის რომელმა ნაშრომმა მიიპყრო ყველაზე მეტად შენი ყურადღება? რატომ? რით?
  • რას გააკეთებდი განსხვავებულად, ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?

 

აღწერე, რა დაბრკოლებებს წაააწყდი და რა დაგეხმარა კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში;

  • რა გამოგივიდა კარგად კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში?
  • რა გაგიძნელდა, რა გაგიადვილდა? რატომ?
  • მსგავსი დავალება სხვა დროს თუ შეგისრულებია?
  • ვისთან ერთად იმუშავე კომპლექსურ დავალებაზე? რით და როგორ დაეხმარეთ ერთმანეთს?

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი