სამშაბათი, მარტი 19, 2024
19 მარტი, სამშაბათი, 2024

შენ ხარ ჩემი ბედნიერება – სავალდებულო საგაკვეთილო ამბავი

„თქვენ ხართ ჩემი ბედნიერება“ – თუ ჩემს წიგნს წაიკითხავთ, ამ სიტყვების მნიშვნელობას მიხვდებით. იმედია, მოგანდომეთ წიგნის წაკითხვა. აუცილებლად უნდა წაიკითხოთ, ლელა მას! მპირდებით?“ – ეს სიტყვები სემესტრის ბოლოს გამართულ ლიტერატურულ კაფეში მომწერა მეექვსეკლასელმა მარიამმა. 11 წლის გოგო აქტიური მკითხველია. დიდხანს არჩევდა წარსადგენ წიგნს. ნაჭრის ჩანთები რომ მოვხატეთ, მაშინ მითხრა, ჯენი პირსონის წიგნზე „ჩვენი საოცარი რეკორდი“ ვისაუბრებო. მეექვსე ლიტერატურულმა კაფემ რომ ჩაიარა, შინ დაბრუნებულმა, შთაბეჭდილებების წერილების კითხვა დავიწყე. მარიამის თხოვნამ წიგნთან მიმაბრუნა. მეორე დღეს ვუთხარი, წიგნი მათხოვე და არდადეგებზე წავიკითხავ-მეთქი. ბიბლიოთეკიდან მქონდა გამოტანილი და უკან დავაბრუნეო, დაღონებულმა მიპასუხა. დავპირდი, რომ უბნის ბიბლიოთეკას მივაკითხავდი.

რამდენიმე დღეში კიდევ ერთ მეექვსე კლასთან გავმართე ლიტერატურული კაფე. ამჯერად ანდრიამ ისაუბრა „ჩვენს საოცარ რეკორდზე“. ჩვეული ბარგით შინ რომ ვბრუნდებოდი, ანდრიამ გამომაცილა, წიგნიც მათხოვა და ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთო, მომაძახა.

ახალი წლის პირველ დღეებში ჯენი პირსონის „ჩვენი საოცარი რეკორდი“ ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე. გამუდმებით მარიამსა და ანდრიაზე ვფიქრობდი. მაინტერესებდა, რაზე გაეცინათ, მათაც თუ მოადგათ ცრემლი, როცა მთავარი პერსონაჟი დედასთან გატარებულ დროს იხსენებდა, ისინიც თუ დააკვირდნენ სიტყვებს „სურიკატი“, „სურვივალისტი“, „ასთაკვი“… საფოსტო მარკებისა და ძველმანების ბაზრობის ამბებს რომ კითხულობდა, ნეტავ თუ გაახსენდა მარიამს ილიას მუზეუმში გამართული მინილექცია „მარკების საიდუმლო ენის“ შესახებ ან ის, მუზეუმიდან გამოსულებმა ფეხით რომ გადავკვეთეთ მშრალი ხიდი და ძველი ნივთები დავათვალიერეთ?

წიგნი იმდენ მნიშვნელოვან თემას ეხება, გადავწყვიტე, მასწავლებლებისთვისაც გამეცნო და გამეზიარებინა, როგორ ვაპირებ მის მიხედვით საინტერესო გაკვეთილისთვის აქტივობების აკინძვას.

ჩემდა გასაოცრად, ამ მხიარულგარეკანიან წიგნში მოვლენები ფსიქიკური პრობლემების მქონე პერსონაჟის ირგვლივ ვითარდება. 11 წლის ლუსის დედას დეპრესია აქვს, რის გამოც ლუსის თანაკლასელი დასცინებს და მიახლის, ძველი ნივთების შეკეთებას, სჯობია, დედაშენი შეაკეთოო. ლუსი კლასელს ცხვირ-პირს მიუნაყავს და, სკოლიდან გამოძევებული, გადაწყვეტს, დედა მართლა „შეაკეთოს“, მუდმივი ძილქუშიდან გამოაფხიზლოს და ხალისიანი განწყობა დაუბრუნოს.

„შავი ძაღლი“ – ასე უწოდებენ ინგლისში დეპრესიის შეტევას. პატარა ლუსის მეტაფორა პირდაპირი მნიშვნელობით ესმის და როცა დედა ეუბნება, „შავი ძაღლის“ გაგდებას ვცდილობო, თავადაც ეზოში ეძებს შავ ძაღლს.

ამ წიგნის საშუალებით ვაპირებ, მოსწავლეებს ცნობიერება ავუმაღლო. ვინ იცის, რამდენი მათგანი შეჯახებია ოჯახში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს. პირადი მაგალითების მოყვანა ამ თემაზე საუბარს გამიადვილებს: მეც ხომ ლუსის მსგავსად მრცხვენოდა ჩემი უფროსი ძმის დიაგნოზის – ქრონიკული შიზოფრენიის, მეც ხშირად მტკიოდა შვილის ავადმყოფობით დათრგუნული დედაჩემის დარდი, მისი შეხორცებული ყურის ბიბილოები, გარდერობიდან გამქრალი ლამაზი ტანსაცმელი. ლუსის მსგავსად, ხსნას მეც უახლოეს მეგობრებთან ვეძებდი და დრო დამჭირდა იმის გასაცნობიერებლად, რომ ჩემს უფროს ძმას სულაც არ სჭირდებოდა „შეკეთება“.

თემები, რომლებსაც მოსწავლეებს „ჩვენი საოცარი რეკორდის“ მიხედვით გავაცნობ და ვესაუბრები, არის:

. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები, კერძოდ, დეპრესია, მისი გამომწვევი მიზეზები, სიმპტომები, დახმარების გზები;

. უფროსი მეგობრების ძალა;

. იუმორი – პრობლემებთან გამკლავების საუკეთესო საშუალება;

. ბრაზის მართვა;

. მეგობრის ძიება;

. თავგადასავლები;

. დედასთან გატარებული დრო;

. ჯუმბერ ლეჟავას რეკორდები.

ახალი სემესტრისთვის ეფექტური სტარტი იქნება ლიტერატურულ კაფეში მოსწავლეების მიერ წარდგენილი წიგნის გარშემო დაგეგმილი აქტივობები. დარწმუნებული ვარ, ძალიან გაუხარდებათ იმის გაცნობიერება, რომ მათი თხოვნა ჩემთვის შეუმჩნეველი არ რჩება, მათგან წიგნებს ვთხოულობ და ვკითხულობ, მერე კი შთაბეჭდილებებს ვუზიარებ.

 

  • ცნობისმოყვარეობის აღსაძვრელად მოვასმენინებ ბახის ინგლისურ სიუიტას – #2 ლა მინორს, რომელსაც ლუსის მეგობარი სანდეში უკრავს და ბიონსეს ერთ-ერთ სიმღერას, რომელზეც ლუსის დედის მეგობარი, შილა, ცეკვავს. საინტერესოა, მარიამი და ანდრია თუ გაიხსენებენ ამ ეპიზოდებს.
  • მერე დავურიგებ წიგნიდან ამოწერილ და ფურცელზე ამობეჭდილ სიტყვებს, ვთხოვ, ხაზი გაუსვან ნაცნობ ადამიანებს, მოვლენებს, ფაქტებს და ერთმანეთს გავუზიარებთ ცოდნას. ზოგ რამეს თავად გაიხსენებენ, დანარჩენზე მე ვესაუბრები.

ენდი უორჰოლი, ჯგუფი „აბბა“, ბიონსე, „ოზის ჯადოქარი“, ოქროსფერი სნიჩი „ჰარი პოტერიდან“, იბეი, მიულერის ხილის იოგურტი, რომან აბრამოვიჩი, ასთაკვი, საიმპერატორო პინგვინები, პარმიჯანინო, უმპალუმპები, „კენვუდის“ მიქსერი, „ფერერო როშეს“ კანფეტი, ოლივერი, შერვუდის ტყის ბინადარი რობინ ჰუდი – ერთი წიგნიდან ამოკრეფილი სიტყვების მიხედვით საუბრისა და ახალი ცოდნის შესაძენად საკმაოდ ბევრი თემა დაგროვდა. მიყვარს, როცა ავტორი თხრობისას თანამედროვე და ძველ სამყაროებს ერთმნეთთან აკავშირებს, ლიტერატურულ ალუზიებს მოიხმობს, ცოდნას გვაძლევს, ფაქტებსა და ცნობილ ადამიანებს სიუჟეტურ ხაზში ბმულებივით რთავს და მკითხველისთვის სათითაოდ „ხსნის“, ძველს იხსენებს, მახსოვრობიდან ამოასრიალებს, სიახლეს აკვირდება და ინახავს. მუსიკის მოსმენის შემდეგ წიგნიდან თავმოყრილ სიტყვებზე დაკვირვებით მოზარდი მკითხველის თვალის გააქტიურებას შევეცდები.

  • წიგნის მიხედვით კითხვარს შევადგენ:
  1. რომელი საინტერესო მოვლენის შესახებ ისაუბრებდი კლასის წინაშე?
  2. ვინ არის ადამიანი, რომელიც „სახის კუნთებზე კონტროლს გაკარგვინებს“, ანუ ბევრს გაცინებს?
  3. დედასთან ერთად გატარებული დროიდან ყველაზე მეტად რისი გახსენება გიყვარს?
  4. ვის ეტყოდი სიტყვებს: „შენ ხარ ჩემი ბედნიერება“?
  5. რა იცი რეკორდებისა და ჯუმბერ ლეჟავას შესახებ?
  6. რომელიმე მუსიკალურ საკრავზე თუ უკრავ ან თუ გსურს დაკვრა?
  7. დედის მეგობრებიდან ვისთან გრძნობ თავს ყველაზე კომფორტულად?
  • ლუსის მასწავლებლის მსგავსად, ორმაგი უარყოფისა და რიტორიკული შეკითხვის მახასიათებლებს გავაცნობ, პატარა ეპიზოდებს კი სასწავლო რესურსად გამოვიყენებ.
  • ბოლოს პერსონაჟის როლს მოვირგებ და როლური თამაშით გავაცნობ ლუსის დედის მეგობარს შილას – ექსცენტრიკულ, უსაყვარლეს ქალს, რომელიც ეკოლოგიური კატასტროფისთვის ემზადება, ძველმანების ბაზრობაზე ნივთების გაყიდვით ირჩენს თავს და არაჩვეულებრივი იუმორი აქვს. ასევე, როლური თამაშით გავაცნობ ლუსის დედას, შილასგან განსხვავებით, ცხოვრების სირთულეებთან გამკლავება რომ უჭირს. ჩამოვწერ 10 კითხვას, დავურიგებ მოსწავლეებს, ჯერ ისინი გამცემენ პასუხს, მერე კი შილასავით უცნაურ, ფერად ტანსაცმელში გამოვეწყობი და ახლა მე, შილა, ვუპასუხებ დარიგებულ კითხვებს.
  • წიგნის დასაწყისში მეექვსე კლასის დამამთავრებელ პრეზენტაციაზე მოსწავლეები მათთვის საინტერესო საკითხებზე საუბრობენ. სიამოვნებით მივბაძავ ლუსის მასწავლებელს და ბავშვებს შესაძლებლობას მივცემ, თანაკლასელებს თავიანთი ინტერესები გააცნონ.

მთავარ ამბავს, პრობლემების გადაჭრის ავტორისეულ ხედვას, პერსონაჟების პიროვნულ განვითარებას, ისევე როგორც ამ სტატიაში, მეექვსეკლასელებთანაც გვერდს ავუვლი. ჩემი მთავარი მიზანია, მათი რჩევით წაკითხული წიგნის დახმარებით ქართულის გაკვეთილები გავახალისო, მერე კი 11 წლის გოგო-ბიჭებს, მთავარი პერსონაჟის მსგავსად, საკუთარ თავზე დაკვირვება ვასწავლო.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი