პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ვინ დაიცავს ბავშვისა და მასწავლებლის უფლებებს

(ანგარიშში მითითებულია სათაური: ბავშვის უფლებები და ზრდასრულთა მიმართებები)

ყველგან, სადაც სასკოლო საზოგადოება იკრიბება, იქნება ეს რეალური თუ ვირტუალური სივრცე, და გაიჟღერებს ცნება „ბავშვის უფლება“, იწყება მსჯელობა „ბოლო დროს გაზრდილი უფლებების“ შესახებ. ერთნი ბრაზით ამბობენ, რომ „ბავშვებს მხოლოდ უფლებებს ვასწავლით და მოვალეობები გვავიწყდება“, მეორენი უფრო შორს მიდიან – „მასწავლებლებს უფლებები შეგვიზღუდეს და ბავშვებს მისცესო“. სხვები წარსულის დაბრუნებაზე ოცნებობენ – „დაგვიბრუნეთ ჩვენი უფლებები, რომ მასწავლებლის სიმაღლეზე დავდგეთო“.

სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანების ერთ ნაწილს დღემდე სჯერა, რომ ვიღაც ადგა, მშობლებს და მასწავლებელს უფლებები ჩამოაჭრა და ბავშვებს გადასცა. სჯერა, რომ მშობელი ან მასწავლებელი წყვეტს, რა უფლებები მისცეს შვილს და მოსწავლეს. სინამდვილეში, რა თქმა უნდა, არავის არავისთვის არაფერი წაურთმევია. ბავშვებიც, მშობლებიც და მასწავლებლებიც ერთი და იმავე უფლებებით ვსარგებლობთ.

ადამიანს უფლებები არც ასაკის, არც თანამდებობის და არც სტატუსის გამო არ ეძლევა. ბავშვიც ჩვეულებრივი ადამიანია, როცა იბადება, მას უკვე აქვს პოლიტიკური, სამოქალაქო, ეკონომიკური, კულტურული, სოციალური უფლებები, რაც ჩვენ ყველას გვიცავს, ძალაუფლების მქონე პირებისგან და სისტემებისგან.

განსხვავება ის არის, რომ უფლებების განხორციელებაზე, ბავშვების შემთხვევაში, ჩვენ, ზრდასრულები ვართ პასუხისმგებელნი. მაგალითისთვის, ბავშვებს აქვთ გამოხატვის თავისუფლება, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლება. ბავშვებმა სრულიად თავისუფლად უნდა გამოხატონ თავიანთი შეხედულებები ყველა იმ საკითხზე, რაც მათ ეხება. უფრო მეტიც, ბავშვის გამოხატვის თავისუფლებას უნდა ახლდეს ზრდასრულის ვალდებულება, მოუსმინოს ბავშვს, გაითვალისწინოს მისი აზრი, საჭიროების შემთხვევაში აუხსნას, რატომ არ არის კარგი მისი კეთილდღეობისთვის ეს არჩევანი ამ მომენტისთვის. ბავშვების აზრის უგულებელყოფა უფროსების მხრიდან ერთ-ერთი ხშირად დარღვეული უფლებაა. თუ ჩვენ არ მოვუსმინეთ ბავშვს – არ დავაკვირდით, რას გამოხატავს, რას გვეუბნება, როგორ ხედავს ცხოვრებას; როგორი ადამიანების გარემოშია; როგორ გრძნობს თავს სკოლაში; აინტერესებს თუ არა, რასაც სწავლობს; რა ძალისხმევად უჯდება საშინაო დავალებების შესრულება და ა.შ. – სხვა უფლებების განხორციელებას ვერ შევძლებთ. ბავშვის უფლებების დაცვისთვის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წამყვანი უფლებაა, მოვუსმინოთ ბავშვს – რომ მისი ყველა სხვა უფლება იყოს დაცული, როგორი ცხოვრება სურს, როგორი ურთიერთობა, როგორ უნდა დაიცვას თავი, ხომ არ არის ძალადობის მსხვერპლი და ა.შ. ამ ყველაფერს გავიგებთ, თუ ჩვენ ბავშვს მოვუსმენთ და მის აზრს საკმარის წონას მივანიჭებთ.

მასწავლებლები ზოგჯერ შიშობენ, რომ თუ ბავშვებს თავიანთ უფლებას გააცნობენ, შესაძლოა, მათ თვალში პატივისცემა დაკარგონ. მაგალითად, შეიძლება მიიღონ კრიტიკა მოსწავლეებისგან. ქართული და საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, რომ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის უფრო თანაბარი, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობების დამყარებისას, ბავშვები თავიანთ განწყობებს აგრესიულად არ გამოხატავენ. ამის ალბათობა გაიზრდება, თუ მოსწავლეები თავს შეურაცხყოფილად, უსამართლობის მსხვერპლად იგრძნობენ, თუ ბავშვებს თავს მეორეხარისხოვან პიროვნებებად ვაგრძნობინებთ.

ზოგჯერ მასწავლებლების შფოთვის მიზეზია იმაზე ფიქრი, რომ ბავშვებისთვის მხოლოდ უფლებების სწავლება მათ უპასუხისმგებლო ადამიანებად აქცევთ. თუ მოსწავლეებს ვეპყრობით, როგორც უცოდინარ და უპასუხისმგებლო სუბიექტებს, რომლებიც მადლიერნი უნდა იყვნენ იმისათვის, რასაც მოზრდილთა სამყარო მათთვის აკეთებს, ბავშვებისთვის მარტივი არ იქნება იმის გარკვევა, თუ რისი მოთხოვნა შეუძლიათ საკუთარი მასწავლებლებისაგან და რა შედის მათ საკუთარ პირად პასუხისმგებლობებში. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ბავშვებს მუდმივად მივაწვდით ინფორმაციას და გულწრფელ დაინტერესებას გამოვხატავთ მათ მიერ გამოთქმული მოსაზრებებისადმი, მოსწავლეები მეტად იქნებიან მოწადინებულნი, იმოქმედონ გონივრულად. ისინი შეძლებენ უფლებებსა და პასუხისმგებლობებს შორის კავშირის აღქმას და გააცნობიერებენ იმას, რომ არ შეიძლება საკუთარი უფლებების დაცვა სხვათა უფლებების დარღვევის ხარჯზე.

სამწუხაროდ, ზოგიერთი პედაგოგი თავს დაუცველად გრძნობს. არ იცის, ვის უნდა მიმართოს, როცა მისი უფლება ირღვევა. რა თქმა უნდა, მასწავლებელსაც აქვს უფლებები, მაგრამ ბავშვები მის უფლებას ვერ დაიცავენ. მასთან ვალდებულია სახელმწიფო და ის ორგანიზაცია, რომელმაც ის დაიქირავა, გადაამზადა. მან უნდა შეუქმნას საუკეთესო პირობები, რომ პედაგოგმა ღირსეულად შეძლოს პროფესიული საქმიანობის განხორციელება. მაშასადამე, მასწავლებლის უფლებების დაცვის ვალდებულება აქვს სახელმწიფოსა და დამსაქმებელს. ხოლო ბავშვის უფლებების დაცვის ვალდებულება აქვს მასწავლებელსაც, სკოლასაც, სახელმწიფოსაც და ოჯახსაც.

ბავშვის უფლებების, უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელნი ზრდასრულები ვართ. თუ მოსწავლეებს პატივისცემით მოვეპყრობით, მათგანაც უფრო მეტ პატივისცემას დავიმსახურებთ. ჩვენი მოვალეობაა, ბავშვმა თავი იგრძნოს ღირსების მქონე, გადაწყვეტილების მიმღებ პირად. თუ ბავშვობის ასაკშივე ავუკრძალავთ თვითგამოხატვას, ის 18 წლის შემდეგ ვეღარ ისწავლის თავისუფლებას, რადგან სწორედ ბავშვობის ასაკში სწავლობს ადამიანი თავისუფალია თუ არა, უსმენენ თუ არა, იცავენ თუ არა, პატივს სცემენ თუ არა. თუ ჩვენ გვინდა, მომავალში ბავშვი იყოს დამოუკიდებელი, ინიციატივის მქონე მოქალაქე, ძალიან პატარა ასაკიდან უნდა შევუქმნათ ამის პირობები.

 

სტატიაში გამოყენებული რესურსები:

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელის, იურისტ ანა არგანაშვილის მტკიცებულებებზე დაფუძნებული მოსაზრებები, რომელიც გაჟღერებულია ვიდეორესურსებში:

https://www.facebook.com/mshoblebiganatlebistvis/videos/608797134349185

https://www.facebook.com/mshoblebiganatlebistvis/videos/3265747990354763

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი