პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ფსიქოტექნიკური თამაშები და სავარჯიშოები მასწავლებლებისთვის

ფსიქოტექნიკური თამაშების მიზნები ფსიქოთერაპიულია: ისინი ხელს უწყობენ მასწავლებლის შინაგანი სამყაროს ჰარმონიზაციას, ასუსტებენ გონებრივ დაძაბულობას და ავითარებენ შინაგან ძალას. ფსიქოლოგიური ვარჯიში ეხმარება მასწავლებელს, არ დაკარგოს საკუთარი ფსიქიკური მდგომარეობის ორიენტირი, ადეკვატურად შეაფასოს ნებისმიერი სიტუაცია, მართოს თავი, შეინარჩუნოს ფსიქიკური ჯანმრთელობა და, შედეგად, მიაღწიოს წარმატებას პროფესიულ საქმიანობაში ნეიროფსიქიკური ენერგიის შედარებით მცირე ხარჯვით.

ფსიქოტექნიკური თამაშები არ საჭიროებენ დიდ დროს და ამისათვის სპეციალურად შერჩეულ ადგილს. მასწავლებელს სავარჯიშოების შესრულება შეუძლია სამასწავლებლოში, მარტო ან სხვა მასწავლებელთან წყვილში, გაკვეთილებზე, როდესაც მოსწავლეები დამოუკიდებლად მუშაობენ, სამუშაოზე ან სახლისკენ მიმავალ გზაზე და სხვ.

მასწავლებელი უნდა ეცადოს, საკუთარ თავში ფსიქოლოგიური მოქმედებების ჩვევა განავითაროს. მხოლოდ ამ შემთხვევაში გაუჩნდება მას გონებრივი სტაბილურობისა და შინაგანი წესრიგის მოთხოვნილება. ფსიქოლოგიური რელაქსაციის თამაშებს მასწავლებლებისთვის 3-5 წუთის განმავლობაში შეუძლია დაღლილობის მოხსნა, სტაბილიზაცია, თავდაჯერებულობის გამომუშავება. აღნიშნულ ვარჯიშებს ფსიქიკისთვის „ფსიქოლოგიური შხაპის“ ეფექტი აქვთ.

სავარჯიშო 1. „შინაგანი სხივი“ – სავარჯიშო, რომელიც სრულდება ინდივიდუალურად, ხელს უწყობს დაღლილობის მოხსნას, შინაგანი სტაბილურობის მოპოვებას.

ამისათვის საჭიროა, დაიკავოთ კომფორტული პოზიცია, მჯდომარე ან დგომით პოზიციაში, იმის მიხედვით, თუ სად ასრულებთ მას. წარმოიდგინეთ, რომ თქვენს თავში, მის ზედა ნაწილში, ჩნდება სინათლის სხივი, რომელიც ნელა და თანმიმდევრულად მოძრაობს ზევიდან ქვევით და თანდათანობით ანათებს თქვენს სახეს, კისერს, მხრებს, ხელებს თბილი, თანაბარი და დამამშვიდებელი შუქით. სხივის მოძრაობისას ნაოჭები იშლება, ქრება დაძაბულობა თავის უკანა მხარეს, შუბლზე ნაოჭი სუსტდება, თითქოს თვალები „გიგრილდებათ“, ტუჩები აღარ გაქვთ მოკუმული, მხრებს დაბლა უშვებთ. კისერი და მკერდი თავისუფლდება. შინაგანი სხივი ქმნის მშვიდი, გათავისუფლებული ადამიანის ახალ სახეს, რომელიც კმაყოფილია საკუთარი თავითა და ცხოვრებით, თავისი პროფესიითა და მოსწავლეებით. გააკეთეთ ვარჯიში რამდენჯერმე. ვარჯიშის შესრულებით მიიღეთ სიამოვნება. დაასრულეთ სავარჯიშო სიტყვებით: „მე გავხდი ახალი ადამიანი! გავხდი ახალგაზრდა, ძლიერი, მშვიდი და სტაბილური! ყველაფერი კარგად იქნება!”.

სავარჯიშო 2. სავარჯიშო „პრესი“ თამაშის სახით ინდივიდუალურად სრულდება. ის ანეიტრალებს და თრგუნავს ბრაზს, გაღიზიანებას, გაზრდილ შფოთვას, აგრესიას, ნეგატივს.

გირჩევთ სავარჯიშო შეასრულოთ „რთულ“ კლასში მუშაობის დაწყებამდე, „რთულ“ მოსწავლესთან ან მის მშობლებთან საუბრამდე, ნებისმიერი ფსიქოლოგიურად დაძაბული სიტუაციის წინ, რომელიც მოითხოვს შინაგან თვითკონტროლსა და თავდაჯერებულობას. სავარჯიშო უმჯობესია, შესრულდეს მაშინვე, როგორც კი იგრძნობთ ფსიქოლოგიურ დაძაბულობას. თუ დროულად არ ივარჯიშეთ და გამოვტოვეთ ეს მომენტი, მაშინ მძვინვარე ემოცია ცუდ შედეგამდე მიგვიყვანს – უარყოფითად დამუხტული ენერგია გადმოიღვრება მოსწავლეზე ან ჩვენს კოლეგაზე. ყველაზე ხშირად ნეგატიური ენერგიის „დამიწება“, სამწუხაროდ, ხდება მასწავლებლის ოჯახში.

სავარჯიშოს არსი შემდეგია. მასწავლებელი საკუთარ თავში, გულმკერდის დონეზე წარმოიდგენს ძლიერ პრესს, რომელიც ზევიდან ქვევით მოძრაობს, თრგუნავს წარმოქმნილ ნეგატიურ ემოციებს და მათთან დაკავშირებულ შინაგან დაძაბულობას. სავარჯიშოს შესრულების დროს მნიშვნელოვანია, მივიდეთ შინაგანი პრესის ფიზიკური სიმძიმის მკაფიო განცდამდე, რომელიც ჩვენგან არასასურველ ნეგატიურ ემოციებსა და ენერგიას განდევნის.

სავარჯიშო 3. სავარჯიშო „ქალბატონი ნათელა“ ავითარებს როლური დეცენტრაციის შინაგან საშუალებებს. ტარდება ინდივიდუალურად, 10-15 წუთის განმავლობაში. წარმოიდგინეთ, რომ დღეს თქვენ გქონდათ უსიამოვნო საუბარი, მაგალითად, სკოლის დირექტორთან, რომელსაც პირობითად ქალბატონ ნათელას ვარქმევთ. მან საკუთარ თავს უფლება მისცა, თქვენთვის დაეყვირა ან თქვენ მისგან უსამართლო შენიშვნები მიიღეთ. თქვენ იმდენად გულდაწყვეტილი ხართ ამის გამო, რომ ამ ამბავს სამუშაო დღის დასრულების შემდეგაც იხსენებთ და გწყინთ. ეს საზიანოა თქვენი ფსიქიკისთვის. ამ დროს ფსიქოლოგიური დაღლილობის ფონზე, ვითარდება სტრესი. თქვენ ცდილობთ, დაივიწყოთ შეურაცხყოფა, მაგრამ ვერ ახერხებთ.

მოდით, სხვანაირად მოვიქცეთ. იმის ნაცვლად, რომ ძალით წაშალოთ ქალბატონი ნათელა თქვენი მეხსიერებიდან, შეეცადეთ, პირიქით იმოქმედოთ. შეეცადეთ ითამაშოთ მისი როლი, „შეძვრეთ მის ტყავში“. მიბაძეთ სიარულში, ქცევაში, დაფიქრდით, როგორი ოჯახური მდგომარეობა აქვს და რატომ გითხრათ ის, რაც გითხრათ. ასეთი თამაშის შემდეგ შვებას იგრძნობთ, დაძაბულობა ჩაცხრება. შეიცვლება თქვენი დამოკიდებულება კონფლიქტისადმი. თქვენ დაინახავთ მასში უამრავ დადებით რამეს, რასაც აქამდე ვერ ამჩნევდით. ფაქტობრივად, თქვენ მოირგებთ მის როლს და გაუგებთ. ასეთი თამაშის შედეგები გამოვლინდება მეორე დღესვე, როცა სამსახურში მიხვალთ. ეს შეუმჩნეველი არ დარჩება ქალბატონ ნათელას და ალბათ თავადაც კონფლიქტის მოგვარებას შეეცდება.

სავარჯიშო 4. მას „თავი“ ჰქვია. მასწავლებლის პროფესია მიეკუთვნება არა მხოლოდ სტრესულ პროფესიებს, არამედ პროფესიებს მენეჯერული დატვირთვით და მენეჯერული სტრესით. მასწავლებელი იძულებულია, სამუშაო დღის განმავლობაში ზეგავლენა მოახდინოს მოსწავლეებზე: როგორმე შეზღუდოს ისინი ბევრ ქმედებაში, შეაფასოს, აკონტროლოს.

სასწავლო სიტუაციის ასეთი ინტენსიური მართვა იწვევს მასწავლებელში „მმართველის სტრესს“ და, შედეგად, გადატვირთვის შემთხვევაში, ფიზიკურ სისუსტეს. მასწავლებლების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი ჩივილია თავის ტკივილი, სიმძიმე კეფის მიდამოში. შემოთავაზებული ვარჯიში სწორედ ამ უსიამოვნო სომატური შეგრძნებების შემსუბუქებისკენაა მიმართული.

დადექით სწორად, თავისუფლად გაშლილი მხრებით და უკან გადაწეული თავით. შეეცადეთ, იგრძნოთ თავის რომელ ნაწილშია ლოკალიზებული სიმძიმის შეგრძნება. წარმოიდგინეთ, რომ თავზე მძიმე ქუდი გახურავთ, რომელიც იმ ადგილზე გაწვებათ, სადაც სიმძიმის შეგრძნება გაქვთ. თქვენს წარმოდგენაში მოიხადეთ ქუდი ხელით და ექსპრესიულად, ემოციურად დააგდეთ იატაკზე. თავი შეანჯღრიეთ, თმა ხელით გაისწორეთ, შემდეგ კი ხელები ჩამოიფერთხეთ, თითქოს თავის ტკივილს ასე ითავისუფლებდეთ.

სავარჯიშო 5. „ხელები“ ​. თქვენ ბოლო გაკვეთილი გაქვთ. კლასი დაკავებულია რაღაც პრობლემის გადაჭრით. კლასში სიჩუმეა და შეგიძლიათ რამდენიმე წუთი დაუთმოთ საკუთარ თავს.

დაჯექით სკამზე ოდნავ გაშლილი ფეხებით და ჩამოკიდებული ხელებით. შეეცადეთ წარმოიდგინოთ, რომ დაღლილობის ენერგია ხელებიდან მიწაზე „ჟონავს“ – მიედინება თავიდან მხრებისკენ, აღწევს იდაყვებს, ხელისგულებს და თითის წვერებით ეშვება მიწაში. თქვენ ფიზიკურად უნდა შეიგრძნოთ თბილი სიმძიმე, რომელიც ხელებზე სრიალებს. იჯექით ასე ერთი-ორი წუთი, შემდეგ კი მსუბუქად დაფერთხეთ მაჯები, საბოლოოდ მოიშორეთ დაღლილობა. წამოდექით მსუბუქად, გაუღიმეთ თქვენს მოსწავლეებს, მოიარეთ კლასი, გაიხარეთ იმ საინტერესო კითხვებით, რომლებსაც ბავშვები სვამენ, ეცადეთ, რომ დეტალურად უპასუხოთ. ვარჯიში ხსნის დაღლილობას, ხელს უწყობს ფსიქიკური წონასწორობის დამყარებას, ბალანსს.

სავარჯიშო 6. „მე ბავშვი ვარ“ – ამ თამაშს ბევრი გამოცდილი მასწავლებელი მიმართავს. აი, მაგალითად, როგორ არის აღწერილი აღნიშნული მეთოდი: „მე ვიწვევ ჩემს თავში ბავშვობის მდგომარეობას. ჩემს თავში ვიწვევ ბავშვისთვის დამახასიათებელი სიმსუბუქის განცდას, უარვყოფ ყველაფერ ზრდასრულს, რაც ახლავს ჩემს სოციალურ როლს“. შემდეგ მოდის ბავშვების მიმართ მიმართვის ფორმების შერჩევა, რომელიც მოიცავს ინტონაციის არჩევას, ახსნის მეთოდს, ქცევას. გაიხსენეთ, რომელი თამაში გიყვარდათ ყველაზე მეტად ბავშვობაში. ახლა მიუახლოვდით თქვენს შვილს ან შვილიშვილს და მოიწვიეთ ის ამ თამაშში. თამაშის დროს თქვენ უნდა შეასრულოთ ბავშვის როლი, დარჩეთ „თანაბარ მდგომარეობაში“ პარტნიორთან. ეს აძლევს მას შესაძლებლობას, თავი იგრძნოს ლიდერად, განიხილოს თქვენთან ერთად თამაშის წესები. თქვენ კი შეიგრძნობთ განახლებას, ორიგინალურობას, ბავშვურად აზროვნების არასტანდარტულობას.

 

მოამზადა ირმა კახურაშვილმა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი