პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

სკოლამდელი აღზრდის მიდგომების გავლენა ბავშვის მიღწევებზე სკოლაში

ჩემი შვილებისთვის საბავშვო ბაღის ძებნა ორი წლის წინ დავიწყე. დავინტერესდი, სად რომელ მეთოდს მიჰყვებოდნენ და თუ შეეძლოთ, გაეზიარებინათ მიმდინარე წლის პროგრამა. ცოტა დაბნეული თანამშრომლებისგან იმდენად ზოგად პასუხებს ვიღებდი, რომ რამდენიმე ცდის შემდეგ კითხვების დასმა შევწყვიტე და ვენდე დაწესებულებას, რომელიც სახლთან ახლოს მდებარეობდა. ალბათ ბევრი მშობელი იქცევა ასე და ბაღის შერჩევის კრიტერიუმებიდან (ადგილმდებარეობა, გარემო, ფასი, სწავლის მიდგომები, სამუშაო საათები, კვების რაციონი, ჯგუფში ბავშვების რაოდენობა…) ძალიან ცოტა ანიჭებს პრიორიტეტს სასწავლო პროგრამას, რომლითაც აღმზრდელები ბავშვებთან ყოველდღიური მუშაობისას უნდა ხელმძღვანელობდნენ. არადა სკოლამდელი აღზრდა და განათლება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სამომავლო მიღწევებზე სკოლაში.

არსებობს სკოლამდელი განათლების ტრადიციული და ე.წ. ალტერნატიული მიდგომები. მცირერიცხოვანია სამეცნიერო კვლევები იმის შესახებ, რა გავლენას ახდენს სკოლამდელი აღზრდის სხვადასხვა მიდგომა ბავშვის განვითარებაზე და განსხვავდება თუ არა სწავლის შედეგები სწავლების ალტერნატიული მიდგომების მიხედვით.

2022 წელს ჟურნალში „Frontiers in Psychology“ გამოქვეყნდა კვლევა, რომელიც სწავლობდა სკოლამდელი ასაკის ბავშვების დამოკიდებულებებს, სასკოლო მოტივაციასა და აღმასრულებელი ფუნქციების[1] განვითარებას სხვადასხვა ტიპის საბავშვო ბაღში. კვლევის მიზანი იყო ჩეხეთის რესპუბლიკაში სკოლამდელი განათლების სხვადასხვა მიდგომის გავლენის შეფასება ფსიქოლოგიური ცვლადების კონტექსტში, სადაც აისახებოდა კვლევის მონაწილე ბავშვების ის უნარები, რომლებიც სკოლის სამომავლო მიღწევებს უწყობს ხელს. კვლევის ცვლადი იყო სასკოლო მზაობის ჯგუფის ბავშვების დამოკიდებულებები, მოტივაცია და ძირითადი აღმასრულებელი ფუნქციები. კვლევის ავტორებმა შეადარეს სკოლამდელი განათლების ტრადიციული და ე.წ. ალტერნატიული, სკოლამდელი განათლების პროგრამის შედეგები. კვლევაში მონაწილეობდა 861 ბავშვი, რომლებიც დადიოდნენ ტრადიციულ (84.9%) და ალტერნატიულ (15.1%) – რელიგიურ, მონტესორის და ვალდორფის – საბავშვო ბაღებში. ვინაიდან მონტესორისა და ვალდორფის პედაგოგიური მიდგომები ბევრისთვის კარგად ნაცნობი და საერთაშორისოდ აღიარებულია, მოკლედ შევეხები ტრადიციულ და რელიგიურ საბავშვო ბაღებს, რომლებიც ჩეხეთის რესპუბლიკაში მოქმედებს.

ტრადიციული საბავშვო ბაღები ალტერნატიული ბაღებისგან განსხვავდება მეთოდებით, დაკვირვების ფორმებითა და საგანმანათლებლო სივრცის ორგანიზებით. ტრადიციულ ჯგუფში 24-28 ბავშვია. ეს ინდივიდუალურ მუშაობას ხელს უშლის, ამიტომ აღმზრდელები ირჩევენ ყველასთვის ხელმისაწვდომი შინაარსის აქტივობებს. სკოლამდელი განათლება ჩეხეთის რესპუბლიკაში რეგულირდება ჩარჩო პროგრამით, რომელიც განსაზღვრავს სკოლამდელი ასაკის ბავშვების განათლების შინაარსს, პირობებს და წესებს. ტრადიციულ საბავშვო ბაღებს აქვთ საერთო მახასიათებლები, რომლებიც ეფუძნება სასწავლო გეგმის მოთხოვნებს და ჩეხეთის სკოლამდელი განათლების ისტორიულ კონტექსტს.  მიუხედავად ამისა, ბაღებს შეუძლიათ აირჩიონ სწავლების მიდგომები. მთელი სასწავლო პროცესი კი დამოკიდებულია აღმზრდელის მითითებებსა და სწავლების რიტმზე.

რელიგიური სკოლების დაარსება ჩეხეთში მხოლოდ სახელმწიფოს მიერ აღიარებულ ეკლესიებსა თუ რელიგიურ თემებს შეუძლიათ. მათი მიდგომები ემსახურება რელიგიურ განათლებას და მორალს (ქრისტიანულს, ებრაულს და ა.შ.). ჩეხეთის რესპუბლიკაში ამ ტიპის სასწავლო დაწესებულებებში უმეტესად ქრისტიანული საბავშვო ბაღები ჭარბობს და ტრადიციულისგან ის გამოარჩევს, რომ დღის განმავლობაში იქ ლოცვებს კითხულობენ და რელიგიურ დღესასწაულებს (აღდგომა, შობა…) აღნიშნავენ.

სკოლამდელი აღზრდის ფილოსოფიისა და სწავლების მეთოდების განსხვავებულობის მიუხედავად, ბავშვების განვითარება ერთმანეთს ძალიან ჰგავს. კვლევამ მხოლოდ მინიმალური განსხვავება გამოავლინა ჩეხეთის რესპუბლიკის სხვადასხვა ტიპის საბავშვო ბაღებს შორის სასკოლო მიღწევებთან (ბავშვების დამოკიდებულება საბავშვო ბაღის მიმართ, მთავარი აღმასრულებელი ფუნქციები, სკოლაში სწავლის მოტივაცია) მიმართებით. ამავე დროს სხვადასხვა ტიპის საბავშვო ბაღებს აქვთ სპეციფიკური ძლიერი მხარეებიც. მაგალითად, მონტესორის განათლება ყველაზე დადებითად აღიქმება ბავშვების მიერ და ხელს უწყობს მიღწევაზე ორიენტირებულ აღმასრულებელ მოტივაციას, ხოლო ვალდორფის მიდგომა ხასიათდება საუკეთესო შედეგებით აღმასრულებელი ფუნქციების განვითარების თვალსაზრისით.

 

ამრიგად, მიუხედავად იმისა, რომ ყოველგვარი ტიპის საბავშვო ბაღს ბავშვები დადებითად აღიქვამენ და ყველა საკმარისად ავითარებს აღმასრულებელ ფუნქციებთან დაკავშირებულ ყველა სფეროს, ალტერნატიული სკოლამდელი განათლება მეტი წარმატებით ამზადებს ბავშვებს მომავლისთვის.

[1] აღმასრულებელი ფუნქცია არის კონსტრუქცია, რომელიც ეხება ურთიერთდაკავშირებულ ნეიროფსიქოლოგიურ ფუნქციებს და ჩართულია ისეთი კოგნიტიური, ქცევითი და ემოციური ფუნქციების წარმართვაში, რეგულირებასა და მართვაში, რომლებიც მნიშვნელოვანია აკადემიური და ცხოვრებისეული წარმატებისთვის. ეს პროცესები ბავშვობაში ვითარდება. განსაკუთრებით სკოლამდელი ასაკის ბავშვებში ყურადღება ეთმობა თვითრეგულაციას, იმპულსების კონტროლს, სამუშაო მეხსიერებას და გონებრივ მოქნილობას. თუმცა ასევე არსებობს კვლევები, რომელთა მიხედვითაც სკოლამდელი ასაკის ბავშვები აჩვენებენ დაგეგმვის, ორგანიზებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარებსაც. მრავალი კვლევა ადასტურებს მჭიდრო კავშირს სასკოლო მიღწევებსა და აღმასრულებელ ფუნქციებს შორის.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი