პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

მოდი, გავშალოთ აბრაამის ტაბლა!

ძველი ამბები, ლეგენდები, მითები შეგვიძლია შესანიშნავად გამოვიყენოთ, რათა ბავშვებს უძველესი სამყაროს კარი გავუხსნათ. გთავაზობთ, როგორ შეიძლება ვაქციოთ ბიბლიური ამბავი სასწავლო რესურსად.

უხსოვარ დროს, დაახლოებით ოთხი ათასი წლის წინ, ქალდეველთა ქვეყანაში, ქალაქ ურში, ცხოვრობდა ერთი ბრძენი და ღვთის მოყვარული კაცი, სახელად აბრამი. რადგან აბრამი ასეთი კეთილი და სათნო იყო, ღმერთს ის ძალიან უყვარდა. ამიტომ სწორედ აბრამი აირჩია ჭეშმარიტი მორწმუნეების მამამთავრად და სთხოვა, მიეტოვებინა საკუთარი სახლი, ოჯახი და ქანაანში გადასახლებულიყო. აბრამი დაემორჩილა უფლის სიტყვას, დატოვა მამის სახლი და ქანაანის ქვეყანაში გადასახლდა. ასე იქცა აბრამი აბრაამად – „მრავალი ხალხის“ მამად, და განაგრძო უფლის სიყვარული და მსახურება. გამონათქვამი „აბრაამის ტაბლა“ კი აბრაამის სტუმართმოყვარეობას უკავშირდება. როდესაც აბრაამი სტუმრებს იღებდა, მათთან ერთად სუფრასთან არ იჯდა, პატივისცემის ნიშნად თავად ემსახურებოდა მათ. ხოლო ისინი როდესაც მიირთმევდნენ, აბრაამი ხის ქვეშ დგებოდა. „აბრაამის ტაბლა“ კი ყოველგვარი სანოვაგით სავსე სუფრას, სტუმართმოყვარეობასა და გულუხვობას აღნიშნავს.

 ლექსიკონი

ჭეშმარიტი – ნამდვილი

ტაბლა – მაგიდა, ძვ. ქართულად

მოდი, თვალები დახუჭე და წარმოიდგინე, აბრაამთან ერთად ხის ქვეშ შენც დგახარ…

რას ხედავ?

რას ფიქრობ?

რამ გაგაოცა?

ტექსტის გასააზრებლად

რის შესახებ მოგვითხრობს ტექსტი?

როდის მოხდა აქ მოცემული ამბავი?

ვინ არის ამ ამბის მთავარი გმირი?

სად მოხდა ამბავი?

რატომ წავიდა აბრაამი ქანაანში?

საიდან ჩანს მისი სტუმართმოყვარეობა?

მოიფიქრე წინადადება სადაც „აბრაამის ტაბლას“ გამოიყენებ, როგორც ფრაზეოლოგიზმს.

ჩათვალე, რომ ეს აბრაამის მაგიდა, ტაბლაა. შეგიძლია წარმოიდგინო, რა სანოვაგითა და საკვებით იქნებოდა დატვირთული? როგორ იქნებოდა გაფორმებული? გაითვალისწინე, რომ აბრაამი ოთხი ათასი წლის წინ ცხოვრობდა, ნეტა რით იკვებებოდნენ მაშინ ადამიანები?

გააფორმე მაგიდა შენი ფანტაზიის მიხედვით.

 

ტექსტის სიტყვებიდან შექმენი შენი სიტყვები. სიტყვების შესაქმნელად გამოიყენე მოცემული სიტყვების ასო-ბგერები. შეეცადე, რაც შეიძლება მეტი სიტყვა შეადგინო. თითოეული ასო-ბგერა, შენს სიტყვაში იმდენჯერ გამოიყენე, რამდენჯერაც მთავარ სიტყვაშია გამოყენებული… იხილე ნიმუში:

სიტყვა გულუხვი ხელგაშლილს ნიშნავს, მას ვინც სხვისთვის არაფერს იშურებს. თუ ამ სიტყვას ჩაუღრმავდები, ნახავ, რომ გულის და უხვის შერწყმით არის შექმნილი. ასეთივე სიტყვაა გულჩვილი – რომელსაც მეტისმეტად მგრძნობიარე ადამიანზე ამბობენ ხოლმე. კიდევ უამრავი სიტყვა გვაქვს, რომელიც იწყება „გულ“-ით და სხვადასხვა თვისებას აღნიშნავს. შეგიძლია, დაფიქრდე და ეს სიტყვები ჩამოწერო? კარგი იქნება თუ განმარტებასაც მიუწერ. შეგიძლია პატარა ილუსტრაციებიც მიუხატო.

გულ

გულ

გულ

გულ

გულ

როგორ წარმოგიდგენია სტუმართმოყვარე ადამიანი? როგორ გამოიყურება ის, შენი აზრით? რას ფიქრობს? დახატე და ღრუბელში ფიქრებიც მიუწერე.

 

აბრაამი ქალდეველთა ქვეყნიდან ქანაანში გადასახლდა. მოდი, გამოიყენე პირობითი აღნიშვნები, იგივე რუკის ლეგენდები და შექმენი აბრაამის მოგზაურობის რუკა. წარმოიდგინე ოთხი ათასი წლის წინ, რით იმოგზაურებდა და გზად რას გადააწყდებოდა ის. შეგიძლია გამოიყენო მოცემული შაბლონი

 

იმ წინადადებებში, რომლებიც დაკავშირებული იქნება გულუხვობასთან, სტუმართმოყვარეობასთან, გამოიყენე ფრაზა „აბრაამის ტაბლა“. შეეცადე, წინადადებები შენს ყოველდღიურობას გამოხატავდეს. მაგალითად: ჩემს დაბადების დღეზე მეგობრები მოვიპატიჟე და მათ ნამდვილი აბრაამის ტაბლა დავახვედრე.

 

დაფიქრდი, როგორ მოჰყვებოდა ამ ამბავს თავად აბრაამი? აბრაამის ხედვის კუთხით, პირველ პირში მოჰყევი აბრაამის ისტორია. შეგიძლია განავრცო მოვლენები, დაამატო პერსონაჟები და ფაქტები. მოიფიქრე სათაური და წარმოადგინე წერილობით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი