სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

ისევ და ისევ საინტერესო ლიტერატურულ პარალელებზე

ხელოვნების ყველა დარგი სულის მალამოა ადამიანისთვის, მაგრამ ჩემთვის მოთხრობაზე უფრო ჯადოსნური, მაგიური, მომნუსხველი ქვეყნად არაფერია. მოთხრობა თავის მოკლე სიუჟეტში ერთ პატარა მიკროკოსმოსს შექმნის და იქ ჩატევს მთელ უკიდეგანო მაკროკოსმოსს. პოეტებიც ძალიან მიყვარს, რომანისტებიც, მაგრამ მცირე პროზის, მოთხრობებისა და ნოველების, ავტორებს ვაღმერთებ. რევაზ ინანიშვილი და გოდერძი ჩოხელი ჩემთვის დიდი მაგები არიან, რომელთა მოთხრობების სამყარო აბსოლუტურად უნიკალური და უნივერსალურია. ასეთივე მომაჯადოებელია გურამ რჩეულიშვილის პროზაც. მის ბიოგრაფიაში წერია, რომ სულ რაღაც სამი წელი დაყო სამწერლო ასპარეზზე. რომ დასცლოდა, მისი მოთხრობები შეძრავდა მსოფლიოს…

ლიტერატურის მასწავლებლის მიზანი უპირველესად არის მოსწავლეებში დახვეწილი ლიტერატურული გემოვნების, მკითხველის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება. თვით მოთხრობის ჟანრი მორგებულია თანამედროვე ციფრულ, დაჩქარებულ ეპოქასთან. მისი ტექსტი არ არის ვრცელტანიანი და წაკითხვა არ ითხოვს დიდ ძალისხმევას. ის ხელმისაწვდომია ყველგან, ნებისმიერი გაჯეტით, მისი სიუჟეტი ავტორისგანაც და მკითხველისგანაც ითხოვს სხარტ აზროვნებას, მაღალ ანალიტიკურ უნარებს, სინთეზირების აუცილებლობას. მოთხრობა საუკეთესო მასალაა ლიტერატურული ესეებისა და თხზულებების დასაწერად, ინსპირაციისთვის, იმდენად ეფექტური და შთამბეჭდავია მოკლე ტექსტში ჩატეული ღრმა იდეები, რომ ჩვენც კი გვიბიძგებს ახალი სიუჟეტების მოფიქრებისა და ახალი ტექსტების შექმნისკენ. თხზულებების წერის პროცესში ესოდენ დაფასებული კრიტერიუმები – დამოუკიდებელი აზროვნება და ზოგადი განათლება – მნიშვნელოვნად უმჯობესდება მოთხრობების კითხვით, მათ სამყაროზე ფიქრით, ძიებებითა და ევრისტიკით.

საშუალო საფეხურის კლასებში მაღალი სააზროვნო უნარების განსავითარებლად ლიტერატურის მასწავლებელს შეუძლია მოსწავლეებს შესთავაზოს ქართული და უცხოური მწერლობიდან ე.წ. პარალელური ტექსტები. ყოველთვის სასიამოვნოა მოსწავლისთვის ტექსტების შედარება. თანამედროვე ლიტმცოდნეობაშიც კამპარატივისტიკა, ანუ შედარებითი ლიტმცოდნეობა ძალზე აქტუალურია. ჩვენ შეგვიძლია ჩვენი მოსწავლეები სასკოლო ასაკისთვის შესაფერის კამპარატივისტებად ვაქციოთ და ეს მათ მრავალმხრივი ლიტერატურული უნარების დახვეწა-განვითარებაში დაეხმარება. აქ საუკეთესოა ვენური დიაგრამის გამოყენება და ამ კოგნიტიური სქემით ნებისმიერი ორი ტექსტის შედარება საინტერესო პროცესად იქცევა ყველა მოსწავლისთვის.

ამჯერად ჩვენი დაკვირვებისა და სინთეზის ობიექტია ორი მოთხრობა: გურამ რჩეულიშვილის „მუნჯი ახმედი და სიცოცხლე“ და იაპონელი მწერლის, კუნიკიდა დოპოს მოთხრობა „ძია გენი“. მოცულობით ორივე ტექსტი დაახლოებით თანაბარია. რჩეულიშვილის მოთხრობა 1957 წელს არის შექმნილი, ხოლო „ძია გენის“ შექმნის თარიღი ჩვენთვის უცნობია, თუმცა ის კი ვიცით, რომ მისი ავტორიც საკმაოდ ახალგაზრდა, 37 წლისა გარდაცვლილა საუკუნის გარიჟრაჟზე, 1908 წელს.

მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში მძლავრმა ლიტერატურულმა მიმდინარეობამ, მოდერნიზმმა, შემოიტანა პიროვნების ფსიქოლოგიური პრობლემების, დაცემის, ღმერთთან დაშორების თემების ასახვა. მართალია, არც კუნიკიდა დოპო და არც გურამ რჩეულიშვილი მოდერნისტები არ ყოფილან, მით უმეტეს 50-იან წლებში, როცა რჩეულიშვილი წერდა, უკვე პოსტმოდერნიზმის ეპოქა აღებდა კარებს მსოფლიო ლიტერატურაში, თუმცა ამ ავტორების დამოკიდებულება საკუთარი გმირებისადმი ძალიან ემსგავსება იმპრესიონისტი და ექსპრესიონისტი მწერლებისას. აქ იკითხება ინტერესი ადამიანის გაუცხოების, მარტოსულობის, სულიერი ტკივილებისადმი, აქტუალურია ინტროსპექცია პერსონაჟის ფსიქოპორტრეტში. ე.წ. „ზედმეტი“ ან „პატარა“ ადამიანის პრობლემებია წამოწეული და მათდამი თანაგრძნობა უმაღლეს რეგისტრშია აყვანილი.

მუნჯი ახმედი და ძია გენი გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთმანეთს. მოთხრობის დასაწყისში ორივე მოხუცია, თუმცა სიუჟეტის მიმდინარეობისას ავტორები მათი ახალგაზრდობის წლებს უბრუნდებიან. ორივე ზღვის პირას ცხოვრობს, ორივე მენავე, მაშველი და მეთევზეა და ორივეს საოცრად ესმის „ზღვის სულის“. მართალია, ახმედი მუნჯია, მაგრამ მისი სიმუნჯე პირობითი და სიმბოლურია, რადგან ის სრულფასოვანი ადამიანის ცხოვრებით ცხოვრობს და ყველას ყველაფერს აგებინებს, ხოლო ძია გენი დაბადებით მუნჯი არ ყოფილა, მაგრამ თითქოს ცხოვრებამ დაამუნჯაო, მდუმარე და გაუხარელი გახდა. ახალგაზრდობაში კი თურმე ისე მომაჯადოებლად მღეროდა, მის ნავს საგანგებოდ ქირაობდნენ, რომ მისი სიმღერით დამტკბარიყვნენ. ისე კი საკვირველად სიტყვაძვირი და უთქმელი კაცი იყო. ძია გენი 28 წლის ვაჟკაცი იყო, როცა მასთან მეორე ნაპირზე გადასაყვანად უმშვენიერესი ქალიშვილი იური მივიდა. მუნჯ ახმედსაც ბედმა ასე მოულოდნელად აჩუქა თავისი დიდი სიყვარული – ლილი. ჭაბუკმა მძინარე გოგონა მიტოვებულ ბარკასში იპოვა. ახმედის მამამ, ჯანბეგმა, და ახმედმა გაზარდეს ლილი, ხოლო შემდეგ ახმედმა ცოლად შეირთო. ხანმოკლე უბედნიერესი თანაცხოვრება – ეს ორივე გმირს მთელ ცხოვრებად უღირს და უდიდეს სულიერ ტკივილსაც ამ ბედნიერების ხანმოკლეობა აყენებს. იურისა და გენის შვილი კოსკე 7 წლისა იყო, როცა ქალი მეორე მშობიარობას გადაჰყვა, ხოლო კოსკე მამამ არაფრით არ გააშვილა, თავად გაზარდა, თავზე ევლებოდა. მეორე დიდი ტრაგედია ძია გენის წინ ჰქონდა – 12 წლის ბიჭი ზღვამ წაართვა, ბიჭს ტალღა დაეცა და ზღვაში დაიკარგა, მოგვიანებით მამის ნავქვეშ იპოვეს მისი ცხედარი.

ახმედს შვილის გაზრდის ბედნიერებაც წაართვა ცხოვრებამ. ლილის მშობიარობის დროს ბავშვს ჭიპლარი შემოეხვია და დაახრჩო. ბავშვისა და მოგვიანებით ჯანბეგის სიკვდილი დაუძლეველ ტრაგედიად იქცა ლილისთვის და ის სამუდამოდ გაქრა ახმედის ცხოვრებიდან. ახმედს ლილი არც უძებნია. როცა ჰყავდა, არც კი სჯეროდა საკუთარი ბედნიერებისა და სულ მისი დაკარგვის შიშში ცხოვრობდა. ზღვიდან რომ ბრუნდებოდა, ეგონა, ლილი სახლში არ დახვდებოდა და ერთ უკუღმართ დღეს აუხდა კიდევაც ეს წინათგრძნობა. არც ახმედი გაუბოროტებია შვილის სიკვდილს და არც ძია გენი. ორივე ცდილობდა, რომ ადამიანების სამსახურში ყოფილიყვნენ, გაჭირვებულს მიშველებოდნენ. თუმცა სიხარული სამუდამოდ დაავიწყდათ საყვარელი ცოლ-შვილის დაკარგვის შემდეგ. ახმედმა სიბერეში მოხუცი მათხოვარი სედა შეიკედლა, ხოლო ძია გენმა კიდევ ერთხელ სცადა ბედთან გაბრძოლება და გადაწყვიტა ეშვილებინა მის მშობლიურ საეკიში მოულოდნელად მოსული მაწანწალა ბიჭი კისიუ. რას არ აკეთებდა ძია გენი, რომ კისიუს სიყვარული მოეპოვებინა, მაგრამ ამაოდ. ბიჭი ქვასავით უგრძნობი იყო. როგორც ახმედის ჭიპლარით მომხრჩვალი შვილია ახალი ეპოქის სიმბოლო, ისე ძია გენის ნაშვილები მაწანწალაც, უგრძნობი, უსიყვარულო, შეუცნობელი, უცხო, მტანჯველი ეპოქის სახე-სიმბოლოა თითქოს. ძია გენიმ ვერაფერი შეასმინა კისიუს, ბიჭი სახლიდან გარბოდა. ამ უგრძნობმა გულმა ისეთი თავზარი დასცა ძია გენის, რომ მან თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, ფიჭვის ხეზე ჩამოიკიდა თავი. იკედა გენტარო – ასე ერქვა ძია გენის და ეს სახელი დააწერეს მთაში მის სასაფლაოს, სადაც ერთად განისვენებდნენ ის და მისი ყმაწვილი მეუღლე, შუაში კი 7 წლის ვაჟი ეწვინათ.

კისიუ სადღაა? – კითხულობს ავტორი მოთხრობის ფინალში და პასუხობს: „ძია გენიმ თავი ჩამოიხრჩოო, უთხრეს ერთხელ კისიუს, მაგრამ ბიჭმა მთქმელს ერთი უაზროდ შეხედა და გზა განაგრძო“. ყველაზე შემზარავი კისიუს ასეთი უგრძნობლობა იყო, ძია გენიზე უფრო გამანადგურებლად რომ იმოქმედა, ვიდრე საყვარელი ცოლ-შვილის დაკარგვამ.

ორივე მოთხრობის პერსონაჟთა ბედისწერა, ცხოვრების გზა, მსოფლაღქმა, გარესამყარო, ადამიანური თვისებები აბსოლუტურად იდენტურია. ორივე ზღვის შვილია, ზღვა მათ ბობოქარ ცხოვრებასაც განასახიერებს სიმბოლურად.

ჩვენი მენავეები თავიანთი ადამიანური ბუნებით, ჰუმანიზმით საერთოდ არ ჰგვანან ბერძნული მითოსის დაუვიწყარ სახეს – მოხუც მენავე ქარონს, რომელსაც მიცვალებულთა სულები მდინარე სტიქსის წყლებიდან ჰადესში გადაჰყავდა. ქარონი ბნელი არსება იყო, უხიაგი, ბოროტი, ანგარებიანი, მხოლოდ ისინი გადაჰყავდა, ვისაც გულუხვი გასამრჯელოს გაღება შეეძლო, ხოლო ახმედი და ძია გენი უსაზღვრო სიკეთის მატარებელი, გულმოწყალე, ქველმოქმედი ადამიანები არიან. სხვის ტკივილს საკუთარივით განიცდიან და ეძებენ ბედნიერებას, სიყვარულს, სიმშვიდეს, თუმცა ბედი ძუნწია მათ მიმართ. ისინი ცხოვრების ამაოების გაკვეთილებს გვიტარებენ.

ამ ორივე მოთხრობის მთავარი იდეები დაკავშირებულია ცხოვრების ამაოებისა და ადამიანის ღვთაებრიობის განცდებთან. ავტორები გვასწავლიან ემპათიას, სიყვარულისა და თანაგრძნობის ფასს, ცხოვრების სირთულეებს, სიკვდილის გარდუვალობას, სიკეთის ძალას. ამ ნაწარმოებებს ბევრი აქვთ საერთო თხრობის მანერითაც. ორივეგან აღიწერება დაუვიწყარი ზღვისპირა ყურე, მეორეხარისხოვანი პერსონაჟებიც კი მკვეთრი ფერებით იხატებიან და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ სიუჟეტის არქიტექტონიკაში.

მართალია, სხვადასხვა ეპოქის, ორი სრულიად განსხვავებული სამყაროს, იაპონიისა და საბჭოთა ეპოქის საქართველოს, არაიდენტური ტრადიციებისა და მსოფლხედვის არეალიდან არის ეს მოთხრობები, თუმცა მათ იმდენი აქვთ საერთო, თუ ერთი წაკითხული გაქვთ, მეორის კითხვისას ის უსათუოდ თავადვე შეგახსენებთ თავს. „ძია გენის“ კითხვა როგორც კი დავიწყე, რჩეულიშვილის მოთხრობის სიუჟეტი იქვე გაცოცხლდა.

ლიტერატურის მასწავლებლებს ვურჩევ, ეს ორი ნაწარმოები კლასგარეშე საკითხავი მასალის ფარგლებში უსათუოდ მისცენ საშუალო საფეხურის მოსწავლეებს. მერწმუნეთ, ბავშვებს მოეწონებათ და უამრავ მასალას იპოვიან სადისკუსიოდ, საანალიზოდ, სინთეზირებისთვის.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი