ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სამშობლოს გემზე ვაგნერის თანხლებით

(აკა მორჩილაძის „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“)

მე ვიტყოდი, „დიდგორი“ ჩვენი, ქართველთა, არსებობის წესია, რომელიც ტანჯვასთან ერთად მის უცილობელ ძლევასაც გულისხმობს. „დიდგორს“ დავით აღმაშენებელი სჭირდება, მაგრამ როგორ? იმ სოციუმში, რომელშიც ადამიანი, აი, სადამდე მისულა: „მოკლედ, დაიბანე-ნუ დაიბან, მაინც ქლიავს გავხარ. მარტო მე კი არა, ყველა. რაღაცა ჩამოგრძელებული სიფათები გაგვიხდა. დროა ეგეთი, დაქლიავების კლასიკური ჟამი“ (4).

ეს აკა მორჩილაძის გახმაურებული რომანის მთავარი გმირის, ზაზა კობახიძის, „ხმა მღაღადებლისაა“, რომელიც ნაცრისფერ სინამდვილესთან წილნაყარია, ასეთივე ბულვარული გაზეთის რეპორტიორია და მისი რედაქციის, „სევდის სახლის“, ცხოვრებად წოდებულის თანამონაწილე. რეალობაში, სადაც ხელოვნებაშიც კლანებია, ქალაქის მამოძრავებელი ძალა კი – საეჭვოდ „გამაძღარი“ ხალხი, სიგარეტი „მაგნა“ 5000 კუპონი ღირს, ნიჰილიზმი იქამდე მისულა, რომ ზაზა ნიცის „პატრიოტია“, თანამემამულეებს კი „შავებსა“ და „ბინძურებს“ უწოდებს, მშობლიურთან გაუცხოებისა და არასრულფასოვნების შეგრძნებით გატანჯული („როგორ ხარ, ღვთისმშობლის წილხვედრთა დარდზე დაფიქრებულო?“)

საუკუნეებიდან კვნესად გამოძახილი – „მე ვარ ავი მუსაიფი, კახთ ბატონი ირაკლისა!“ – სულისკვეთება 90-იან წლებში ომგამოვლილი თბილისის ტყვიების ხმაურსა და იმედისგან დაცლილ სინამდვილეში ჩაკარგულა პერსონაჟთა ურთიერთობებსა და დიალოგებში, რომლებიც, ერთი შეხედვით, ზედაპირულია, მსუბუქი, ცრემლიანი იუმორით სავსე, რეალობისგან ანუ საკუთარი თავისგან გაქცევის მცდელობებით. ისინი, ყველანი, ზაზასთან გადაიკვეთებიან და ცალ-ცალკე მოგვითხრობენ საკუთარ ემოციებსა თუ უპერსპეტივობაზე.

„ყველაფერს დასცინის“, – ამბობს ზაზაზე ქეთი, მერიას მიმაგრებული რეპორტიორი, რომელიც ზაზასთან ერთად ყოფნის „საშინელებაზე“ მოგვითხრობს. ისინი ხომ ანტიპოდები არიან (ამიტომ ხომ არ იზიდავენ ერთმანეთს?) – „ცოტა სერიოზული რომ ვიყო და მეცხრამეტე საუკუნეში ვცხოვრობდე, იტყოდნენ, ფრიად მიმზიდველი პატარა ქალიაო“ (19), ამბობს, აშკარად, „სხვა დროში“ მოხვედრილი ქეთი საკუთარ თავზე და ამ გადასახედიდან ზაზა ხშირად „დეგენერატად“ ეჩვენება. „ანგელოზების მარკიზა, ჩიხტიკოპი მოიხსენი?“ – ზაზა ჭკვიანია და ქეთის ბუნებას ხვდება. ეს მიღება და ასე, გარკვეულწილად, გაგება ერთმანეთისა აკავშირებთ კიდეც მათ: „რაღაცა უცნაური, დაუმთავრებელი რომანის მსგავსი ურთიერთობა გამოგვდის. თითქოს სადღაც, მივარდნილ ადგილას გავჩერდით, ქარიან და უმთვარო ღამით, პროვინციული სადგურის ჩიხში, მხოლოდ ერთმანეთის ლანდებსღა ვარჩევთ და ამიტომაც კმაყოფილები ვართ“ (35).

იქნებ ზაზას ცინიზმნარევი ხუმრობები სრულიად ლოგიკურია და მისაღები მათთვის, ვისთვისაც მხოლოდ პური და სანახაობაა საინტერესო: „უბრალოდ, არ მომწონს საჭმლით და გამარტივებული ქადაგებებით დამშეულთა სულებზე ნადირობა. არ მომწონს და მორჩა. აი, დედა ტერეზაზე ხომ არაფერს ვამბობ. ან, რა უნდა ვთქვა“ (22). რელიგია არ უნდა იყოს „ოპიუმი ხალხისთვის“, როგორც მარქსი ამბობდა, არამედ სწორედ შიმშილის, ოღონდ ფიზიკურზე უფრო – არამატერიალურის, დაკმაყოფილების, სულიერი სიგლახაკის, წყურვილის მოკვლის საშუალება, ანკარა წყაროსავით რომ გადმოედინება. მხოლოდ ასეთი სარწმუნოება („ცეცხლიან“ საუკუნეებს რომ გამოატარა ტანჯული ქვეყანა) მიაღწევს თუნდაც თანამდროვე თათქარიძეებამდეც, რომ სხედან და „ბომბებს ისვრიან“ ტელევიზორში (კაკუჩა), მაშინ როცა გარეთ სისხლის გუბეებია, ზამთარი, სიბნელე (როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით) და „სამშობლო ხევსურისა“, როგორც ამბობს ზაზა. როცა ჩამოყალიბებულია უკვე ნარკომანთა „კასტის მწუხრის ფილოსოფიაც“: „წამალში ეგრეა, რო, ყოველთვის ჯობია, შენს კუტოკში იყო. ახლობლურში. ზოგი პირიქით ამბობს, მეგობარო, რომ ჩერეზ, ჩერეზ და ვიღაცეებთან ერთად უკეთესიაო და გეტყვი, ყოველთვის მარტო ჯობია, მაგრამ მარტო ძნელია. საერთოდ, რაც ცოტანი ხართ, უკეთესია“ (110) – ესეც ვარამი, ოღონდ „გმირთა“, წამხდარ ადამიანობაზე, ზნეობაზე, ინსტინქტებამდე დასვლაზე, ცხოვრებით სწორედ ფალიაშვილის მაწანწალა ძაღლების ხროვას მიმსგავსებულობაზე. „მე ხომ ვიცი, ახვარი, ფიქრობს, რომ მოვუტეხე და მარტო გავიკეთებ. მაგის პრინციპი რა არის? როგორიც თვითონაა, ისეთი ვგონივარ“, – ეს ვატოს ადამიანური დარდია, საგვარეულო, პაპის ძვირფასი საათი წამალში რომ დააგირავა.

რაღა დარჩა ჩვენგან, ქართველებისგან?! ნუთუ, ცარიელა „ეროვნული დაუმორჩილებლობა“, რომელსაც ძღვნად თუ ვალად ვუტოვებთ შთამომავლებს, ახალგაზრდა თაობას? „მწერალი სულის ინჟინერია, პარლამენტარი მოღვაწე კი ადამიანის სულიერი გემის ლოცმანიაო“, – შაყირობს ზაზა ირაკლიზე, რომლის ცოლისძმაცაა და რომელიც პარლამენტარია („ბამბანერკებს როდის მოიტანენ პოლიტიკურ მოღვაწეთათვის?“).

ყოველი პერსონაჟის საარსებო პრინციპი ჰუმანიზმია, რაც მშვიდობის სიყვარულზე, პაციფიზმზე მეტყველებს პერმანენტულ სროლასა და ომში, როგორც ზაზას შემთხვევაშია, რომელიც „ანა კარენინას“ ბოლოდან კითხულობს, რადგან ასე კარგად მთავრდება.

აი, ეს უმძიმესი დროისა და სოციუმის პროდუქტი, ყველაფრის შთამნთქმელი და წამლეკავი ნიჰილიზმი: „ამ ლოცმანის მეგობრები გამოდიან ტელევიზორში და ამბობენ, ჩვენი საყვარელი პოლიტიკოსები არიან დავით აღმაშენებელი და სტალინიო. სტალინს ესენი ვერ დაივიწყებენ და დავით აღმაშენებელი მაინც დაივიწყონ. დააყენონ საფლავში, დაადგან ფეხი, როგორც თვითონ დაიბარა. ხომ დაიბარა, დამადგით ფეხიო? დაადგით, რამე ახალი მოიგონეთ“ (117) – რომ ძველი დიდება აღარასდროს განმეორდება. ეს ყოფილი პოეტების ნიჰილიზმია, საკუთარ „მგზნებარებაში რომ ჩაიფერფლნენ“. რაღა დარჩენიათ? გადმოიყვანონ არალეგალური ელქტროხაზები, ირონიული გროტესკით „იოცნებონ“, ინდიელებივით ცეცხლს შემომსხდარებმა – „ლტოლვილი მაინც ვიყო, აზრი ექნება ჩემს ცხოვრებას“ და ეცადონ, ყველამ ერთად დაივიწყონ ყველაფერი, რაც იყო (სამწუხაროდ, ცუდთან ერთად კარგიც), თორემ ისე არაფერი გამოვა. ჰოდა, წელს თუ გადარჩებიან, გაისად სურათიც გადაიღონ და დააწერონ „საქართველო“ და ძნელად შესახორცებელი სულისა თუ სხეულის ჭრილობების ტკივილებით დაღლაში დაკარგული თავისუფლების წყურვილი თუ სურვილი რადიო „სვაბოდას“ მოსმენით დაიკმაყოფილონ, ამპუტირებული კიდურის შეგრძნებასავით.

ავადმყოფ ვირთხას დიდის ამბით კლავენ სადარბაზოში. ამ სიკვდილს თუ მკვლელობას ვაგნერის მუსიკა მოუხდებოდაო, ხუმრობენ, როგორც ეს მწარე გროტესკი – ამ ნაწარმოებს.

ზაზა, რომელიც სრულიად უაზროდ კვდება, ვითომდა უწყინარ სიტუაციაში, სულ ნატრობდა სიცოცხლეში ნიცაში წასვლას და ასე „მიემგზავრება მადრიდს“, სადაც აღარაა უშაქრო, უკარაქო, უკვერცხო ნამცხვარ „სიგუას“ სიმწარე, სადაც, როგორც ნიცაში, „კამკამა ზღვა და თეთრი სახლებია“.

„ფალიაშვილის ქუჩის ძაღლებში“ ზედაპირზე ვიტივტივე, მღვრიე ადამიანურ თუ სოციალურ ნაკადებში, და ამ „ტივტივის“ მიზანი ალბათ იყო იმ სიცარიელის განცდა, სწორედ სიღრმეებისგან დაცლა თუ მოქანცვა რომ ბადებს. აქვეა კვლავ და კვლავ ძიება ამ დაკარგული სიღრმისა და დიდი იმედი, ოპტიმიზმი, რომ „ისევ ადამიანები გავხდებით“.

 

ციტატები წიგნიდან: აკა მორჩილაძე „ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები“, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2017

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი