შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

სასწავლო პროექტი – გარემო და ჩვენ

ჩვენ ვირჩევთ პროექტზე დაფუძნებულ სწავლებას.

ეს დიალოგი მეცხრე კლასში ქიმიის გაკვეთილზე წარიმართა:

მასწავლებელი: – შემაჯამებელი ტესტის სახით გირჩევნიათ თუ პროექტი გავაკეთოთ?

 მოსწავლე 1: – ტესტი;

 მოსწავლე 2: – ტესტი;

 მოსწავლე 3: – პროექტი;

 მოსწავლე 4: – პროექტი.

 მოსწავლე 1: – კარგი რა, პროექტს იმდენი მუშაობა უნდა, თან სანამ ბოლომდე კარგად არ წარვადგენთ, თავს არ გვანებებს;

 მოსწავლე 3: – რა გახსოვს აბა წინა გაკეთებული ტესტებიდან?

 მოსწავლე 1: – არაფერი, მაგრამ ნიშანი ხომ მივიღე და. . . .

 მოსწავლე 3: – ჰოდა, ტესტიდან არც მე მახსოვს არაფერი, თითქოს არც მისწავლია. არადა, არაფერი გამომიტოვებია. პროექტზე იმდენს მუშაობ, იმდენ საკითხს ამუშავებ, არასოდეს დაგავიწყდება.

 მოსწავლე 4: – მაშინ პროექტი გავაკეთოთ და ჯგუფის წევრები ჩვენ შევარჩიოთ.

 ხმათა უმრავლესობით გადაწყდა: მუშაობას ვიწყებთ ახალ პროექტზე – „გარემო და ჩვენ“.

ამ კლასში საუკეთესო მოსწავლეები არიან. საკუთარი აზრის დაფიქსირება და არგუმენტირებული მსჯელობა არაჩვეულებრივად გამოსდით. თუმცა ეს მხოლოდ ერთი მასწავლებლის მუშაობის შედეგი არაა, მეხუთე კლასიდან ჰყავდათ ძალიან საინტერესო ქართულის მასწავლებელი და დღემდე ჰყავთ დამრიგებელი, რომელიც სულ ცდილობს, ხელი შეუწყოს მათ სრულყოფილ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას. მეც რაღაც ფორმით ხელი უნდა შევუწყო ამ პროცესს. ქიმიის სწავლა უჭირთ, თუმცა თავისუფლება მოსწონთ და ქიმიის გაკვეთილიც უყვართ. მოსწავლეების უმრავლესობას პროექტებზე მუშაობა მოსწონს. მიუხედავად საგნის სირთულისა, როცა მოსწავლის აზრის გათვალისწინება ხდება, როცა არჩევანს მოსწავლე აკეთებს, პროცესი გაცილებით მარტივად მიდის, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის ელექტრონული ტესტის შედგენა და შეფასება გაცილებით მარტივია, ვიდრე პროექტის შექმნა და მასზე სრულყოფილი მუშაობა, მაინც პროექტი მირჩევნია. დიდი შესავალი გამომივიდა, რომელიც არ ეფუძნება კვლევებს, მხოლოდ პირად გამოცდილებას და სასკოლო სიტუაციას აღწერს. გაგიზიარებთ ერთ ინტეგრირებულ სასწავლო პროექტს, რომელიც მეცხრე კლასელებისთვის არის განკუთვნილი.

სასწავლო პროექტი აერთიანებს ქიმიას, ბიოლოგიას, ინგლისურს და სამოქალაქო განათლებას (ძალიან ეფექტური იქნებოდა გეოგრაფიის მასწავლებლის მონაწილეობა), ემსახურება მდგრადი განვითარების მე-13 (კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგო ქმედებები) და მე-15 (დედამიწის ეკოსისტემები) მიზნის შესახებ ცნობადობის ამაღლებას.

სამიზნე ცნებები და ქვეცნებები:

ინგლისური: ლექსიკა, კითხვა, გრამატიკა, მოსმენა, მეტყველება;

ბიოლოგია: ბიომრავალფეროვნება/ადამიანის ზემოქმედების გავლენა გარემოზე;

ქიმია: აღმოჩენა, თეორია, კანონი, მდგრადი განვითარება, ტექნოლოგია/ქიმიური მოვლენა;

მოქალაქეობა: მდგრადი განვითარება/სამოქალაქო უსაფრთხოება.

აქტივობა 1: ინტერესის აღძვრა (აქტივობა პარალელურად მიმდინარეობს ქიმიის, ბიოლოგიის, ინგლისურისა და მოქალაქეობის გაკვეთილებზე)

მასწავლებლები წარადგენენ დასამუშავებელ საკითხს.

მოსწავლეები ნახავენ ვიდეოს https://bit.ly/3SeTW6c ინგლისურ ენაზე. სამუშაო ფურცელზე ჩაინიშნავენ სიტყვას ან მთლიან ფრაზას.

შემდეგ ეტაპზე სურათზე წარმოდგენილ სათაურებს შეუსაბამებენ: https://bit.ly/3Q372l0 – ინგლისურის მოსწავლის წიგნი (ნებისმიერი გრიფირებული წიგნის გამოყენებაა შესაძლებელი).

აქტივობის ბოლოს ინგლისურის მასწავლებელი სლაიდის გამოყენებით აჩვენებს სწორ პასუხს და მოსწავლეები შუქნიშნის გამოყენებით გამოხატავენ საკუთარი ნამუშევრის სისწორეს.

 

 

მოქალაქეობის მასწავლებელი მდგრადი განვითარების მიზნების მნიშვნელობაზე წარადგენს ინფორმაციას (სასურველია, ნახონ მიზნების გამომსახველი პიქტოგრამები).

ქიმიის მასწავლებელი დაამუშავებს საკითხს ნავთობისა და ბუნებრივი აირის მოპოვება-გადამუშავების დადებითი და უარყოფითი მხარეების შეფასების მიზნით. იმსჯელებენ მათი რაციონალურად გამოყენების მნიშვნელობაზე, გარემოზე მათი მოპოვების თანმხლები პროდუქტების გავლენაზე.

ბიოლოგიის მასწავლებელი გააცნობს ტექსტს სახელმძღვანელოდან – ანთროპოგენური ფაქტორები.

აქტივობა 2: წინარე ცოდნის გააქტიურება ინგლისურში

ინგლისურის მასწავლებელი მოსწავლეებს გაახსენებს 0-3 პირობით წინადადებების წარმოებას და სურათზე მოცემულ სავარჯიშოს გადააქცევენ პირობით წინადადებებად (სასურველია, აქტივობა განხორციელდეს ვერბალურად).

აქტივობა 3. მოსწავლეები ბიოლოგიის გაკვეთილზე დაიყოფიან ჯგუფებად. ისინი დაამუშავებენ ბმულებზე მოცემულ ინფორმაციას ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით. გააკეთებენ ჩანაწერებს და აქტივობის ბოლოს წარმოადგენენ ნამუშევარს. დაასახელებენ ადამიანის საქმიანობით გამოწვეულ პრობლემებს:

https://bit.ly/3zljGFm ჰაერის დაბინძურება,

https://bit.ly/3vqZPTS შიდა ჰაერის დაბინძურება.

აქტივობა 4. ბიოლოგიის მასწავლებელი მინი-ლექციის სახით წყლის დაბინძურების შესახებ წარადგენს ინფორმაციას. მოსწავლეები ნახავენ ვიდეოს პაუზებით. საჭიროების შემთხვევაში ჩაერთვება ინგლისურის მასწავლებელიც. ვიდეოს ნახვის შემდეგ უპასუხებენ გაკვეთილის ბოლოს დასმულ შეკითხვებს ქართულ ენაზე.

https://bit.ly/3oGXLmV წყლის დაბინძურება;

https://bit.ly/3OJz4RC ვიდეო.

მოსწავლეები ინგლისურის მასწავლებლის მითითებით დაამუშავებენ მოსწავლის წიგნში წარმოდგენილ ტექსტს დელფინის შესახებ და შეასრულებენ სავარჯიშოებს.

https://bit.ly/3Q372l0 – ინგლისურის მოსწავლის წიგნი. გვ. 40. ტექსტი – Dolphyn doc for a day . სავარჯიშო: N1, 2 და 3.

აქტივობა 5. მოსწავლეები ბიოლოგიის გაკვეთილზე გაეცნობიან ტექსტს ჰაბიტატის განადგურების შესახებ (CK12).

ინგლისურის გაკვეთილზე წიგნში განიხილავენ გვ. 44-ზე მოცემულ ინფორმაციას და შეასრულებენ სავარჯიშოს. ინგლისურის მასწავლებელი მოისმენს შესრულებულ დავალებებს და მისცემს უკუკავშირს.

https://bit.ly/3ON6sqx ჰაბიტატის განადგურება;

https://bit.ly/3Q372l0 – ინგლისურის მოსწავლის წიგნი;

გვ 44. გადაშენების პირას მყოფი სახეობები. შესაბამისი სავარჯიშოები.

აქტივობა 6. პროექტში ჩართული მასწავლებლები მოსწავლეებს გადაანაწილებენ ჯგუფებში მათი უნარებისა და გამოცდილების, ასევე გენდერული ბალანსის მიხედვით. ინგლისურის მასწავლებელი წარადგენს პროექტსა და მისი შეფასების კრიტერიუმებს. ,,წარმოიდგინე, რომ ტურისტულმა კომპანიამ შეგიკვეთა, მოამზადო უცხოელი ტურისტისთვის საინფორმაციო ხასიათის ორენოვანი ბუკლეტი შენს რეგიონში არსებული ნაკრძალის, დაცული ტერიტორიის ან აღკვეთილის შესახებ. მოამზადე ფოტომასალა, გაარკვიე – რომელი სახეობებია დაცული, რა ტიპის ნიადაგია, როგორი კლიმატური პირობებია მის ტერიტორიაზე, რას ნახავს სტუმარი და როგორი მომსახურება დახვდება იქ“.

მოსწავლეებს პროექტის მოსამზადებლად დასჭირდებათ ერთი კვირა. მათ წინასწარ ეცოდინებათ, რომ პრეზენტაცია უნდა მოამზადონ ინგლისურ და ქართულ ენებზე.

დროის ამოწურვის შემდეგ მოსწავლეების ჯგუფები წარმოადგენენ ნამუშევარს. პრეზენტაციაში მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველა მოსწავლემ.

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ინგლისური 9 კლასი (2021წ) – სულაკაურის გამომცემლობა;
  2. ქიმია 9 კლასი (2021წ) – გამომცემლობა ,,საქართველოს მაცნე“;
  3. ბიოლოგია 9 კლასი (2021წ) – გამომცემლობა ,,ტრიასი“;
  4. მოქალაქეობა 9 კლასი (2021წ) – გამომცემლობა ,,კლიო“.
  5. edu.ge-ზე განთავსებული ბიოლოგიის და მეცნიერების ელექტრონული სახელმძღვანელოები;
  6. https://mastsavlebeli.ge/?p=29548 რა იციან მოსწავლეებმა გარემოსდაცვითი მიმართულებით.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი