ოთხშაბათი, თებერვალი 8, 2023
8 თებერვალი, ოთხშაბათი, 2023

ხელოვნების პირველი გაკვეთილებისთვის

რამდენიმე აქტივობა მოსწავლეების გაცნობისთვის – „ჩემ შესახებ“, „დახატე სახელი“ და „სახელების თამაში“

ზაფხული იწურება და ახალი სასწავლო წლის სამზადისში უკვე ნაცად სასწავლო მეთოდებს და გაკვეთილებს ყურადღებით ვაფასებ, ვაახლებ და ვახალისებ. ვფიქრობ, მოსწავლეებს უფრო ახლოს როგორ მივწვდე, განსაკუთრებით მათ, ვისაც პირველად შევხვდები.

ხელოვნების პირველი გაკვეთილები მე და ჩემი მოსწავლეების ურთიერთობების გაბმით, ღიმილით, ერთმანეთის დანახვით, მიახლოებით, ურთიერთპატივისცემით, სწავლების პროცესში თანამშრომლობით და პოზიტიური, ლაღი სასწავლო გარემოს შექმნით იწყება.

ბავშვების ჩართულობა მთელი გაკვეთილის მსვლელობისას იქსოვება, როდესაც რაიმე ისტორიას ვუყვებით და შეკითხვებით ვიწვევთ საუბარში. არ ვდუნდებით შემოქმედებითი პროცესის დროსაც, ისევ ვეკითხებით, თემის ირგვლივ ერთმანეთისთვის შთაბეჭდილებების გაზიარებას ვთხოვთ და ასე, ახალი ურთიერთობები იბადება. ამ საუბრებში მათ ჩვენი ხელოვნების სიყვარული და სწავლების სიხარული უთუოდ გადაედებათ და მყარი კავშირებიც გაიბმება.

ძალიან მინდა თავიდანვე პოზიტიური გარემოს და საკლასო კულტურის ჩამოყალიბება ერთად, შეთანხმებულად შევძლოთ.

ხელოვნების გაკვეთილებზე, სანამ ბავშვები შემოქმედებითი პროცესით არიან დაკავებულები, მე შემიძლია მეტი გავიგო მათი ინტერესების შესახებ, რას კითხულობენ, რას გეგმავენ შაბათ-კვირას და ა.შ. ბავშვებიც მეკითხებიან რამდენი წლის ვარ, შვილები თუ მყავს, რომელია ჩემი საყვარელი მხატვარი? და ყველაზე მეტად ჩემს მოსწავლეებს იცით რა უყვართ? როცა მათთან ერთად ვხატავ, ვძერწავ, ვჭრი და ვაწებებ.

ახალ კლასში შესვლისთანავე ურთიერთგაცნობას პატარა კითხვარის, „ჩემ შესახებ“, შევსებით ვიწყებთ. ეს გაკვეთილი მეხმარება უცებ გავიგო ყოველი მათგანის მისწრაფება თუ პიროვნული მახასიათებლები. (სურ.1)

ბავშვებს მოსწონთ როცა ფერად ფურცლებზე ამობეჭდილ ამ კითხვარს წარვუდგენ და ვთხოვ ყურადღებით შეავსონ. ისინი უმალ ხვდებიან, რომ მათი უკეთ გაცნობა მსურს და სიხარულით იწყებენ ფიქრს, წერას და ხატვას.

ჩემი შეკითხვები მათ ირგვლივ ტრიალებს – უნდა დაწერონ თავიანთი სახელი და გვარი, რომელ კლასში არიან, ასაკი, დაბადების დღე როდის აქვთ, რა საჭმელი, სასუსნავი უყვართ, რას ხატავენ ხოლმე, რა აინტერესებთ ყველაზე მეტად, თავისუფალ დროს როგორ ატარებენ და ა.შ. შეკითხვების ველებს ვიზუალურად გაფორმებული სახალისო გამოსახულებებიც ახლავს. კითხვარის ბოლოს სპეციალურად ვტოვებ ცარიელ ადგილს, რომ თავად დაწერონ ან დახატონ რაც უნდათ რომ მათ შესახებ ვიცოდე.

როცა ასეთ კითხვარს ვადგენ, ცხადია, მოსწავლეების ასაკს ვითვალისწინებ. პირველი კითხვარი მე-4-5 კლასელებისთვის გამომადგება. დიდებს ცოტა სხვა შინაარსის და დიზაინის კითხვარს მოვუმზადებ. ამ კითხვარს ბავშვებთან ერთად მეც ვავსებ და პასუხებს დიდი ინტერესით ისმენენ.

მსგავსი კითხვარის შექმნა მარტივად შეიძლება Word-ის დოკუმენტშიც, მაგრამ ბავშვებისთვის უფრო მომხიბვლელი დიზაინი Canva-ს დახმარებით გამომივიდა.

მოსწავლეებმა კითხვარის შევსების შემდეგ, ფურცლის უკანა მხარეს თავიანთი სახელი უნდა დახატონ და შეეცადონ მიჰყვნენ ჩემს მიერ მიწოდებულ ინსტრუქციას.

როცა ხელოვნების გაკვეთილებზე ათეულობით ახალი სახე მხვდება, მინდა ყველა მოსწავლის სახელი რაც შეიძლება სწრაფად ვიცოდე, მისალმება ან მიმართვა რომ უშეცდომოდ შევძლო. ამისთვის კითხვართან ერთად, პირველ რამდენიმე გაკვეთილზე, ყოველთვის მაქვს მომარჯვებული ჩემი წიგნაკი და ყველას სახელს და გვარს ხმამაღლა ვკითხულობ. თან ბავშვებს წინასწარ ვაფრთხილებ, ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ ყველას სახელი სწრაფად დავიმახსოვრო. სკოლაში ბავშვებთან სახელით მისალმება და მიმართვა, და რაც მთავარია, სწორად წარმოთქმა უმნიშვნელოვანესია. რამდენჯერ ყოფილა, მეორე დღესვე უკითხავთ, „აბა, მას., მე რა მქვია?“, „როგორ დაიმახსოვრეთ ჩემი სახელი?“ და უხარიათ, რომ ყველას სახელი მახსოვს, თითქოს უფრო მშვიდად და დამაჯერებლად გრძნობენ თავს. ესმით, რომ შენ მათ როგორც პიროვნებებს ისე ხედავ, უმალ ნდობას იმსახურებ და უფრო მონდომებით სწავლობენ და ასრულებენ დავალებებს.

სახელის დახატვას სანამ დაიწყებენ, მოსწავლეებს ვთხოვ დაფიქრდნენ და საკუთარი თავის შესახებ „გონებრივი რუკა“ შექმნან. ფურცლის ცენტრში ჯერ თავიანთი სახელი დაწერონ. შემდეგ ირგვლივ გაშალონ და ჩამოწერონ მათი ჰობი, ინტერესები, რა უყვართ, რაზე ფიქრობენ ხშირად, საყვარელი ფერები, საკვები, წიგნები, ფილმები, ოჯახის წევრები და ა.შ აირჩიონ. ჩამოწერილ სიტყვებს კი შესაბამისი სიმბოლოები უნდა დაუხატონ. ასე შეიკვრება გონებრივი რუკის ჩონჩხი, რომლის მიხედვითაც დაიწყებენ სახელის დიზაინზე მუშაობას.

როცა ბავშვები მათი ინტერესებისა და მისწრაფებების გამომხატველი სიმბოლოების ხატვას მორჩებიან, მერე ვთხოვ ეს სიმბოლოები სახელის დიზაინთან შემოქმედებითად დააკავშირონ. შეეცადონ სახელის ირგვლივ ცარიელი სივრცე ნახატებით და წარწერებით აითვისონ, კომპოზიციის განაწილებაზე იფიქრონ. ფერებიც, რაც უყვართ და მათ ხასიათს გამოხატავს, ის გამოიყენონ. მასალების არჩევაში თავისუფლები არიან, შეუძლიათ დახატონ ფანქარში, ფლომასტერებით, ან საღებავებით. ან გამოჭრან და დააწებონ გამოსახულებები. (სურ. 2)

უფროსკლასელებთან ხშირად კოლაჟს ვიყენებ ამ აქტივობისთვის. გაკვეთილზე რამდენიმე ფერადი ჟურნალით შეიარაღებული შევდივარ და მოსწავლეებს კოლაჟის ტექნიკის ხიბლსაც ვახსენებ. მათ უკვე იციან ძველ ჟურნალ-გაზეთებში აღმოჩენილი ფოტოების, წარწერების თუ დეკორის ღირებულება, რომ რაც მოეწონებათ, შეუძლიათ ამოჭრან, დაანაწევრონ, მერე კი თავიანთ ნამუშევარში ახალი სიცოცხლე შესძინონ, ახალ ფურცელზე დაალაგონ და დააწებონ. ეს ტექნიკა ყველა ასაკის მოსწავლეს ხიბლავს, ალბათ იმიტომ, რომ უფრო მეტ თავისუფლებას გრძნობენ და არ არიან შებოჭილები „სწორად ვერ დავხატე“-ს დოგმით.

სახელის დიზაინზე მუშაობისას ვცდილობ წავახალისო მოსწავლეები, რომ ექსპერიმენტები ჩაატარონ და განსხვავებული მასალები გამოიყენონ. სანიმუშოდ პატარა ფურცლებზე ვაჩვენებ ხოლმე როგორ შეუძლიათ შრეებად დასვან ფერები პასტელებით ან ფერადი ფანქრებით და ვქმნით სხვადასხვა ტიპის ხაზს სახატავი კალმებით, მარკერებით. გრაფიტით ნახატებში როგორ შეუძლიათ გრადაცია და მოცულობა შექმნან. შრიფტის დიზაინსაც მიმოვიხილავთ, რამდენიმე ნიმუშს ვაჩვენებ და ა.შ. ასეთ დროს მოსწავლეებს ყოველთვის საინტერესო ნამუშევრები გამოსდით, თემის ირგვლივ ნაფიქრი ზოგჯერ სიურრეალისტურ სურათებში, ზოგჯერ აბსტრაჰირებულ კომპოზიციებში ვლინდება. შეფასების დროს ყურადღებით მისმენენ და ერთმანეთის აზრსაც ითვალისწინებენ. ეს ძალიან საინტერესო პროცესია.  (სურ. 3).

როდესაც საკლასო გარემოში მოსწავლეების პოზიტიურ მონაწილეობას ვაფასებთ და ისინი სამუშაოს შესრულების შემდეგ ჩვენგან დადებით უკუკავშირს იღებენ, ეს მათ ახალისებთ, სტიმულს აძლევთ, თავდაჯერებულობას მატებთ და უფრო მეტად მონდომებულები ხდებიან. სწორ დროს სწორი კითხვის დასმაც მნიშვნელოვანია და კარგი გზაა მოსწავლეების ჩართულობის გასაუმჯობესებლად, რადგან მოსწავლის ცოდნას აღრმავებს და საკითხის გააზრებაში ეხმარება.

პატარებთან წელს „სახელების თამაში“ უნდა ვცადო. ამ თამაშის ბევრნაირი ვარიაცია არსებობს, ხშირად შემხვედრია მასწავლებლების სახალისო აქტივობების გვერდებზეც და როგორც ჩანს, წარმატებით იყენებენ. თამაშის ერთ-ერთი ვერსია სახელების და მათთან მიმსგავსებული თანახმიერი სიტყვების გამეორებას გულისხმობს.

თამაშის წესი კი ასეთია: ბავშვებთან ერთად წრეში ვდგებით, თან ვაფრთხილებთ, რომ ცოტა სასაცილო თამაშს ვიწყებთ, რომელიც ერთმანეთის გასაცნობად ძალიან დაგვეხმარება. სახელს წარმოვთქვამთ და თან მის მსგავს თანახმიერ სიტყვას ვუწყვილებთ, რომელიც იმავე ასოზე იწყება, რაც სახელი. მაგალითად, ჯერ მე ვიტყვი: „ირენი-ირემი“ (და ზუსტად ვიცი, ამაზე ბევრს იცინებენ). მას შემდეგ, რაც პირველი მოთამაშე იტყვის თავის სახალისო სახელს, შემდეგმა მოთამაშეებმა უნდა გაიმეორონ წინამორბედი წყვილებიც და დაამატონ საკუთარი სახელის წყვილი – 1.”ირენი-ირემი, ” 2.„ირენი-ირემი, ანა-ბანა“,  3.„ირენი-ირემი, ანა-ბანა“, „დათუნა-ბათუნა“ და ა.შ. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ წრე არ დასრულდება. თუ რომელიმეს შეეშლება ან დაავიწყდება, დახმარების უფლება ექნება თანაკლასელებისგან. ბავშვები იმხიარულებენ, მე კი მათ სახელებს დავიმახსოვრებ. მგონი ეს ჯგუფური აქტივობა მეხსიერების გასავარჯიშებლადაც მშვენიერია.

მოსწავლეები განსხვავებულ სოციალურ-ეკონომიკურ გარემოში ცხოვრობენ და გარე ფაქტორებმა შეიძლება სერიოზული გავლენა მოახდინოს მათ სწავლის მოტივაციაზე, ემოციურ ჩართულობასა თუ სკოლაში ქცევაზე. მათ სჭირდებათ მასწავლებლები, რომლებიც მათ კარგად იცნობენ, მათზე ზრუნავენ და სწორედ ურთიერთობების დამყარებით იწყება ყველაფერი.

ხელოვნების სასწავლო პროგრამის წარმატების გასაღებიც ხშირად პირველ რამდენიმე გაკვეთილზეა დამოკიდებული. ჩემი გამოცდილებით მგონია რომ ასეა.

დასაწყისისთვის ეს იყოს. დანარჩენს მე და ჩემი მოსწავლეები სასწავლო გეგმის მიხედვით მივყვებით, ზოგჯერ ლირიკული გადახვევებით და ვეცდებით ხელოვნების გაკვეთილების საინტერესო აღმოჩენები ხშირად გაგიზიაროთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი