ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მუსიკოსები ავტორიტარიზმის წინააღმდეგ

მუსიკა ავტორიტარულ რეჟიმთან ბრძოლის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. მოსაზრებას ორი ანტიდემოკრატიული სისტემის გამოცდილება და ისტორია ადასტურებს. საბჭოთა კავშირშიც და გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაშიც ოპოზიციის ყველაზე ძლევამოსილი მოღვაწეები პარტიული და პროფკავშირული ლიდერები, სოციალური მოძრაობების მეთაურები არ ყოფილან. დისიდენტურ წრეებში პოლიტიკოსებზე მეტი გავლენა მუსიკოსებსა და მუსიკალურ ჯგუფებს ჰქონდათ. განვიხილოთ ორი მკაფიო და თვალსაჩინო მაგალითი.

1970-იანი წლების ბოლოსა და 1980-იანი წლების დასაწყისში საბჭოთა კავშირში „უძრაობის ხანამ“ დაისადგურა. მოსახლეობას შიმშილის, უსახლკარობის, უმუშევრობის პრობლემა ნაკლებად აწუხებდა, ელემენტარული სოციალური კეთილდღეობა თითქმის ყველასთვის გახლდათ უზრუნველყოფილი. პარტიასაც ღრმად ჰქონდა გადგმული ფესვები საზოგადოების ყველა ფენაში, პარაზიტოლოგიის ინსტიტუტიდან დაწყებული არმიით დასრულებული – ყველა დაწესებულებაში გადამწყვეტი სიტყვა პარტიულ მუშაკებს ეთქმოდათ. რეპრესიული ეპოქისა და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ქვეყანაში აქა-იქ თუ შენიშნავდით წინააღმდეგობის მბჟუტავ, უსუსტეს კერებს, რეჟიმის ყველა მტერი განეიტრალებული გახლდათ. უშიშროების სამსახურებს ყოვლისმომცველი ძალაუფლება ჰქონდათ მოხვეჭილი, ყველასა და ყველაფერს აკონტროლებდნენ. ჯერ კიდევ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საბჭოეთი ოდესმე მსოფლიოს რუკიდან გაქრებოდა.

რა ბერკეტები ჰქონდა ხელთ მაშინდელ ახალგაზრდებს სისტემისგან თავისუფალი ცხოვრების მოსაწყობად?

ღია წინააღმდეგობა პატიმრობისა და გადასახლების წინაპირობა გახლდათ. ყველას არ შეეძლო სახაროვისა და მერაბ კოსტავას მსგავსი ტვირთით ცხოვრება, ამიტომ რეჟიმისგან თავის დასახსნელად უფრო მარტივ გზებს ეძებდნენ. ბევრმა მიიჩნია, რომ კომუნისტურ პარტიასთან შუბლით დატაკება უაზრობა იქნებოდა. მათ გადაწყვიტეს ეცხოვრათ ისე, თითქოს რეჟიმი არც არსებობდა. მაშასადამე, საბჭოეთის მოწინააღმდეგეთა ნაწილმა სისტემის იგნორირების, მისგან განრიდების, მისი თვალსაწიერიდან გაქრობის მიმართულება აირჩია. მაშინდელმა ხელოვანებმა თავისუფლების ამგვარ კუნძულად საბჭოთა როკი აქციეს. როკ-ჯგუფები პროვინციულ თეატრებში იკრიბებოდნენ, მათი კონცერტები მიყრუებულ ტყე-პარკებში, სარდაფებსა თუ ბინებში იმართებოდა. არაოფიციალურ კონცერტებს ცენზურის გავლა არ უწევდათ. საბჭოთა მაკონტროლებელ უწყებებს უჭირდათ რენტგენის სურათებისგან დამზადებული ფირფიტების შინაარსის რედაქტირებაც. აქედან გამომდინარე, ნელ-ნელა, ბრეჟნევის მმართველობის მიწურულს რუსულ როკში მუსიკალურ კომპოზიციაზე მნიშვნელოვანი სიმღერის ტექსტი გახდა. როკერები აღარ მღეროდნენ მხოლოდ პირად პრობლემებსა და განსაცდელზე, მათ აქცენტები ირიბად დასვეს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გამოწვევებზე. ცხადია, როკმა მალევე დაიპყრო მოსაწყენი ყოველდღიურობისგან დატანჯული ახალგაზრდების გულები. სარდაფებიდან და სოფლის ბოლოს აღმართული ფიცარნაგებიდან საბჭოეთისათვის უჩვეულო მუსიკამ თითქმის ყველა საუნივერსიტეტო ქალაქში გადაინაცვლა.

რუსული როკის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოვლენა ჯგუფი DDT გახლდათ. მუსიკის მოყვარულები დღემდე ვერ თანხმდებიან, თუ რატომ შეარჩიეს კოლექტივის წევრებმა თავიანთ სახელწოდებად აღნიშნული აბრევიატურა. ლეგენდარული იური შევჩუკი პირდაპირ ამბობს, რომ მათი შთაგონების წყარო მწერებისა და მღრღნელების საწინააღმდეგო ხსნარის დასახელება გახლდათ – „ჩვენ გვინდოდა ჩვენი შემოქმედებით ტარაკნები გაგვენადგურებინა ადამიანთა თავებში“. DDT-ს ადრეული ალბომებში შესული კომპოზიციების მოსმენაც კი საკმარისია იმის გასაგებად, თუ როგორ უპირისპირდებოდნენ იური შევჩუკი და მისი მეგობრები გაბატონებულ შეხედულებებს. მათ შეეძლოთ, რომ ავღანეთის ომის მიმდინარეობისას მრავალრიცხოვან აუდიტორიაში ხმამაღლა ემღერათ ანტისაომარი, პაციფისტური ნაწარმოები „Не стреляй“ („არ ისროლო“). როკერთა შემოქმედების პირველ ნიმუშებს შორის გადააწყდებით სიმღერებს, რომელთა მიზანიც საბჭოთა ელიტის წევრებისა და მათი შვილების ყოფითი კულტურის კრიტიკაა („Мальчики-мажоры“). რუსეთის დემოკრატიულ წრეებში დღემდე ჰიტად რჩება სიმღერა წვიმის შესახებ. ტექსტის დასასრულს ავტორი თავისი ნატვრის თაობაზე მოგვითხრობს, შევჩუკი ნაწარმოებში მხიარული ადამიანებით სავსე ქუჩებზე, ქუჩებში სიმღერით გამოსულ მოქალაქეებზე, შიშისგან გათავისუფლებულ ხალხსა და გაზაფხულის მანიშნებელ ქუხილზე მღერის … ცხადია, პოლიტიკური უფლებებისგან გაძარცვული ახალგაზრდების ნაწილი კომპოზიციას სასურველი მომავლის ფერმკრთალ, მაგრამ იმედიან კონტურად აღიქვამდა.

იური შევჩუკმა და მისმა ჯგუფმა „პერესტროიკის“ ეპოქამდე აამოძრავეს საზოგადოება, ხაზი გაუსვეს ხალხში არსებულ საპროტესტო განწყობილებებს და ხელი შეუწყვეს მასობრივ მობილიზაციას, რომელიც გორბაჩოვის პერიოდში დემოკრატიზაციის მთავარ საფუძვლად იქცა.

DDT-ს სოლისტი მხოლოდ საბჭოთა ავტორიტარიზმს არ ებრძოდა, ის დღემდე რჩება პუტინის მოწინააღმდეგედ და ქვეყნის სხვადასხვა მხარეში აქტიურად უმართავს ხელს სამართლიანო მოთხოვნებით ქუჩაში გამოსულ ხალხს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ხელისუფლებამ შევჩუკის წინააღმდეგ უკვე გამოწერეს ოქმი, სადაც მას „რუსეთის არმიის დისკრედიტაციაში“ ადანაშაულებენ.

გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკაში ვითარება ოდნავ განსხვავებული იყო. აღმოსავლეთ გერმანულ ავტორიტარიზმთან მებრძოლ მთავარ მუსიკოსად და დისიდენტად ვოლფ ბირმანს მოიხსენიებენ. ბირმანი ძალიან საინტერესო და ტრაგიკული ბიოგრაფიის კაცი გახლავთ.

ბირმანი ებრაელი კომუნისტის ოჯახში დაიბადა, მამა და მისი ნათესავების ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში დაიხოცნენ. ოჯახის კომუნისტური ტრადიციებიდან და ტრავმებიდან გამომდინარე, დასავლეთ გერმანიაში აღმოჩენილმა ახალგაზრდა ბირმანმა მშობლიური ჰამბურგის დატოვება გადაწყვიტა და საბჭოეთის ბანაკში აღმოჩენილ რესპუბლიკაში გადასახლდა. ახალგაზრდულ ასაკში მას გულმხურვალედ სწამდა, რომ სოციალისტების მიერ მართული გერმანია შეძლებდა ნაცისტურ ეპოქაში ჩადენილი დანაშაულის გამოსყიდვას და გერმანელთათვის თავისუფალი განვითარების შესაძლებლობების შეთავაზებას. თუმცა, მისი ყველა ილუზია ბერლინის კედლის მშენებლობამ დაამსხვრია.

ბერლინის კედლის აშენების შემდეგ დაიწყო ვოლფ ბირმანის ოპოზიციონერ ხელოვანად გარდაქმნა. 1961 წელს მან აღმოსავლეთ ბერლინში მშრომელთა თეატრი დააარსა, დედაქალაქის ორად გახლეჩის შემდეგ კი გადაწყვიტა საკითხის შესახებ სპექტაკლი დაედგა მუშათა კლასისთვის განკუთვნილ სცენაზე. ცხადია, „სოციალისტური ერთიანობის პარტიის“ მესვეურებმა სპექტაკლი ჩაშალეს და ბირმანს არ მისცეს საშუალება საკუთარი სევდიანი განწყობილების გამოსახატად. სევდაც კი პროტესტად და რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლად აღიქვეს. კომუნისტმა ბიუროკრატებმა მტრულ აქტად ჩათვალეს გერმანელი ბარდის მიერ გამოქვეყნებული ბალადა, რომელიც ჰაინრიხ ჰაინეს ცნობილ პოემას „გერმანია – ზამთრის ზღაპარი“ ეხმაურებოდა. ჰაინეც და ბირმანიც თავიანთ სამშობლოს ჩაკეტილობის, განახლების ენერგიის არქონისათვის, რევოლუციის სტაგნაციის გამო აკრიტიკებდნენ. სპექტაკლის აკრძალვის შემდეგ, ხელოვანს უკვე ბალადის გამოქვეყნების უფლებაც შეეზღუდა. საბოლოოდ, პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა ანტისახალხო საქმიანობისთვის საერთოდ წაართვა ჰამბურგელ პოეტს საჯაროდ გამოსვლის უფლება. თერთმეტი წელი ბირმანი კონცერტებს სახლში, თავის ბინაში ატარებდა. მისი სასტუმრო ოთახი იქცა აღმოსავლეთ გერმანიის დისიდენტთა თავშეყრის მთავარ ადგილას, ანტისისტემური ლექსები და სიმღერები ერთი პატარა მისაღების საზღვრებს არ სცილდებოდა. მიუხედავად მოკრძალებული აუდიტორიის, „შტაზის“ წარმომადგენლები ამჩნევდნენ, რომ ბირმანის ტექსტები მაინც პოპულარობით სარგებლობდნენ. ნელა, კუს ნაბიჯებით, მაგრამ მაინც ოპოზიციური შემოქმედება ხალხის ყურამდე აღწევდა. იური შევჩუკისგან განსხვავებით, ებრაელი კომუნისტების შთამომავალი ქვეყნიდან გააძევეს. გდრ-ის მთავრობამ გაძევების განსაკუთრებული მეთოდი გამოიყენა… ბირმანი კიოლნში, დასავლეთში გასტროლებზე გაუშვეს, შემდეგ კი შინ დაბრუნების ნებართვა არ მისცეს, თან სამშობლოს წინააღმდეგ მოქმედების გამო მოქალაქეობაც ჩამოართვეს და ამგვარად შეძლეს მისი თამაშგარე დატოვება. ცინიკურმა ძალმომრეობამ მუსიკოსი ვერ გატეხა, ულვაშებიანი გიტარისტი კონცერტს კონცერტზე მართავდა ევროპის თავისუფალ ნაწილში და სამყაროს გდრ-ის რეჟიმის ნაკლოვანებებსა თუ არაადამიანურ ხასიათზე მოუთხრობდა. გაძევებული ბირმანი უფრო საშიში აღმოჩნდა, ვიდრე ბინაში გამოკეტილი დისიდენტი. შევჩუკის მსგავსად, ბირმანიც ბევრი აღმოსავლეთ გერმანელისთვის იქცა პატარა შუქურად, რომელიც მათ პოლიტიკურად თავისუფალი სამყაროს არსებობაზე მიანიშნებდა.

ცხადია, ბარდს არც გაერთიანების შემდეგ შეუწყვეტია აქტიურობა, ის დღემდე სისხლსავსე საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწევა. თუმცა, მის ბიოგრაფიის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტად „შტაზის“ შენობაში ხელოვანის სამკვირიან შიმშილობას მიიჩნევენ. დემოკრატიზაციის შემდეგ ფედერალურ მთავრობას განზრახული ჰქონდა, რომ უშიშროების არქივები ჩაეკეტა და საზოგადოება „პანდორას ყუთის“ ეფექტისაგან დაეცვა. ბირმანმა იბრძოლა და მისი შიმშილობის შემდეგ ცვლილებები შევიდა კანონმდებლობაში, რომლის მიხედვითაც ადამიანებს თავიანთი დოსიეების ნახვის შესაძლებლობა მიეცათ.

მეოცე საუკუნის ავტორიტარიზმის გამოცდილება ცხადყოფს, რომ ხანდახან დემოკრატიისთვის ბრძოლის საუკეთესო იარაღი, არც მეტი და არც ნაკლები, გიტარა გახლავთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი