შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

10 პორტრეტი

ღუაწლი კეთილი მომიღუაწებიესსრბა აღმისრულებიესსარწმუნოება დამიმარხავს.

პავლე

1.

ზურაბ ცხონდია მეუბნებოდა აგვისტოს ომის ცხელ დღეებში, – სიკეთის ფლუიდების დეფიციტია სამყაროში, როგორც ჩვენი კახა დარასელია ამბობს, ბოროტება-სიკეთე – ტრი-ადინ მიყავს შოთი ბოროტებასო. ამიტომ ყველაზე მეტად ასეთ დღეებში გამოჩნდება, აბელური საწყისის მატარებლები ვართ თუ დემონურისო.

მა იშენ ბჯერს, – დასძენდა ბოლოს, – ჯეგეშ კათა უმოსო ვორეთ ჩქი, – გაიღიმებდა მისებურად, – ასე მჯერა, კაენურ საწყისს წმინდა გიორგის მადლი სჯაბნის ჩვენშიო.

2.

„პაპა“ – თენგიზ სავიცკი – ჩვენს სტამბაში, ქაღალდის საჭრელ მანქანაზე მუშაობდა. ორმოცი წელი პოლიგრაფიაში ყოფნას იმდენი გამოცდილება და სათქმელი დაეგროვებინა ბერიკაცისთვის, ერთ შეხვედრაზე, თუკი კეთილგანწყობილად დაგიგულებდა, ცდილობდა არ გაეშვი და ბევრი რამ მოეყოლა შენთვის. ღამეც სტამბაში რჩებოდა და მისთვის გამოყოფილ ოთახში იძინებდა. იმ დილასაც, ახალ ამბავს რომ აფორიაქებულები მივყევით, მშვიდად ესვენა საწოლზე, ღამის ძილში გაპარულიყო და მის მომკითხველთათვის ბოლო ამოსუნთქვასავით ღიმილი დაეტოვებინა… იმან გამახსენა, ჩიტივით რომ კვდებიან ჩვენ გარშემო მოხუცები.

3.

წერედიანის ლორკამ ისეთივე აღიარება მოიპოვა, როგორც წერედიანის ვიიონმა. ერთი განსხვავებით – მთარგმნელი „ბოშური რომანსეროს“ აღიარებას ვერ მოესწრო. სიტყვა და ნაწერი უკვდავყოფს მის შემოქმედს, ამიტომ ნამდვილი პოეტის სიცოცხლე სხვაგვარად აღორძინდება ხოლმე, როცა ის არ არის ამქვეყნად და მისი პოეტური სამყარო კი თითოეული ჩვენგანის თანამდევად ქცეულა.

ლორკას „ბოშური რომანსეროს“ კორექტურა რომ მივიტანე წერედიანების ოჯახში, ბატონ დავითს, ტრადიციული პურობის შემდეგ, გამოსვლამდე ისიც ვუთხარი, – სულ რამდენიმე კორექტურული და ტექნიკური წვრილმანია, სხვა ყველაფერი დიდებულადაა, მხოლოდ ერთი სიტყვა… ცოტა ისე მეჩვენება… იქნებ მაინც შეხედოთ.

„თვალიანად“ მიბრუნება თავის ნაწერ-ნათარგმნთან დავით წერედიანს რომ შეეძლო ისეთი სხვასთან ალბათ არც მინახავს: ზოგჯერ მთლიანად ცვლიდა და თუმცა უკეთეს ვერსიებს ქმნიდა, მაგრამ ისიც, ძველიც, ფასეული იყო და გენანებოდა.

„ის ერთი სიტყვა“ „სან მიგელში“ გავხაზე:

„გზებზე მზესუმზირის კვნეტით

ტურფები იწყებენ გოგმანს,

დიდ-დიდი ტრაკები ბნელში

სპილენძის პლანეტებს მოჰგავს.“

რამდენიმე დღის შემდეგ მანანა ღარიბაშვილმა დამირეკა, სადილზე მიმიწვია და სანამ სუფრას შემოვუსხდებოდით, ბატონმა დათომ „ბოშური რომანსეროს“ კორექტურიანი ანაბეჭდი გამომიწოდა. „ის ერთი სტროფი“ ხმამაღლა წავიკითხე და სანამ გულიანად გავიცინებდი, წამით თვალი გავუსწორე დავით წერედიანის კვიმატ მზერას, სადაც სამეგრელოში დაბადებული და მეგრულის ბრწყინვალედ მცოდნე დიდი პოეტის ნოსტალგია და ის იუმორი/სილაღე ჩანდა, რაც დავით წერედიანის თარგმნილ პოეზიაში მარგალიტივით ბრწყინავს:

„გზებზე მზესუმზირის კვნეტით

ტურფები იწყებენ გოგმანს,

დიდ-დიდი მუნდები ბნელში

სპილენძის პლანეტებს მოჰგავს.“

4.

მეგონა, რომ ნინელი ჭითანავა სულ იქნებოდა. ყველგან იყო – დღესასწაული და ხალისი შეჰქონდა ყველგან, სევდას და უიმედობას არ დაგანებებდა, თვითონ ხომ საერთოდ არ შეიტყობდა.

ჰერული ანდაზაა: „თეთრ კარში ქენ, შავ – შიგნიან“. ნინელი მარტო ცხოვრობდა, მაგრამ ხალხმრავლობაში გასაბრწყინებლად იყო დაბადებული. სევდა შინ მიჰქონდა, მხოლოდ საკუთარი თავისთვის, სიკეთეს და სიხარულს კი ყველას უნაწილებდა. მეცხრე კლასში ვიყავი, ერთ-ერთი ღონისძიების ბოლოს მოვიდა და რა კარგი სიმღერაა, ვიცეკვოთო. დავიბენი, ზუგდიდის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ლეგენდარულ დირექტორთან ცეკვისოდენა სითამამე სად მქონდა! ხელი ჩამჭიდა და ძალით გამიყვანა.

ბოლოს ჭკადუაშში, ბერტა ფონ ზუტნერის პრემიის დაჯილდოებაზე შევხვდი აგვისტოში. ფოტოები გადავიღეთ, ნაცნობ ხუმრობებს ვახსენებდი, გულიანად, მისეულად გაიცინებდა ხოლმე, – ეს რეები გხსომებიაო. გთხოვ, თავიდან მოყევი-თქო. და ისიც, დაუზარებლად, – საქვეყნოდ ცნობილი ჩვენებური კაცი გარდაცვლილა, ძალიან პატივსაცემი და მის გასვენებაში შეიყარა თურმე მთელი ქვეყანა. ქელეხიდან მოსული ერთი ქალი გაკვირვებას ვერ მალავდა თურმე, – ოოო, ღორონთუმე, დავბერდი და ასეთი რამე არ მინახავს, ირდიხიდან (მეგრ. ყველა მხრიდან, ყოველი კუთხიდან) იყო ხალხი ჩამოსული, ტევა არ იყოო.

…ბევრი ჩვენგანის – წარსულში ბავშვის – ამაგი და ცრემლები გაუნათებს იმქვეყნად…

5.

თამაზ ჭილაძემ მითხრა ერთხელ, – ილია იმ მხრივაც იყო დიდი მასშტაბის კაცი, რომ ჩვეულებრივი, არც ისე სახელოვანი და დღეისთვის თითქმის უცნობი პროფესიონალების (ილია ოქრომჭედლიშვილი, ივანე პოლტორაცკი და ა. შ.) ღვაწლს და საქმეს ხედავდა, მათზე წერილებს წერდა, სიტყვას არ იშურებდა და ასე აკოწიწებდა ქართულ საზოგადოებასო.

აკოწიწებდაო, – მახსოვს, ეს სიტყვა რამდენჯერმე ახსენა, – აკოწიწებდა, იმიტომ რომ მერე იმ საზოგადოებას უნდა წამოეკიდებინა ზურგზე მწერლობაც, თეატრიც, პრესაც, ბანკიც, განათლებისა და სამეურნეო საქმეც. ყველაფერი.

6.

ზურაბ გუჩუას სულ რამდენჯერმე შევხვდი. მის გვერდით, სუფრასთან ყოფნა ყოველ ჯერზე მარწმუნებდა, რომ ღირსებით, ნამდვილი თავმდაბლობითა და პატიოსნებით შემკული ადამიანები მხოლოდ წიგნებს კი არ იყვნენ შერჩენილი, ჩვენს დროშიც ცხოვრობდნენ. სიმშვიდე და ფილოსოფოსის მჭვრეტელობა ჩანდა მის ყოველ სიტყვაში, დაკვირვებაში. პირველი ქრისტიანებივით იყო – დევნილი და თავისი მრწამსის განუხრელად დამცველი, მძიმე ფიზიკური და სულიერი ტკივილების დამთმენი. არ უყვარდა და სხვასაც უშლიდა მასზე, მით უფრო მის დამსახურებაზე ლაპარაკს, არადა მჯერა, ზვიად გამსახურდიას თანამებრძოლებში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მოღვაწე იყო – ერთგულებით, განათლებით, კაცთმოყვარეობით.

თავისებური იუმორი და მახვილი სიტყვა სამეგობრო წრეში მასთან დროსტარებას განუმეორებელს ხდიდა. სიტყვაძვირი კაცისგან წარმოთქმული ყოველი ასეთი ფრაზა მარგალიტივით ბრწყინავდა, გამახსოვრდებოდა. კატეგორიული არ იყო და ამდენი ხნის შემდეგაც კი, თითქმის ოცდაათი წლის წინანდელ ამბებზე საუბრისას, ადამიანური ბუნების იდუმალ, მოულოდნელ და საჩოთირო მომენტებზე ამახვილებდა ყურადღებას მუდმივად თანმდევი სევდით; იმ გარემოებებზე, რამაც ჩვენი საზოგადოების ერთ ნაწილს გადააწყვეტინა სახელმწიფო გადატრიალებას მიმხრობოდა და კანონიერად არჩეული პრეზიდენტი სიკვდილისთვის გაეწირა.

ეროვნული ხელისუფლების დამხობის აქტორები დაუნდობლად გაუსწორდნენ ზურაბ გუჩუას და მის ოჯახსაც, სამეგობროს. ათწლეულობით ემიგრაციაში ყოფნისას, დროდადრო, სამშობლოში დაბრუნებული სულს ითქვამდა და თვითონაც სულის მოთქმასავით იყო იქამდე ძვირფასი თუ შემდგომ შეძენილი მეგობრებისთვის.

ველაზე ტრაგიკული და საბედისწერო ჟამის წალენჯიხის პრეფექტი დარჩება სიმბოლოდ იმათთვის, ვინც ბრძოლითა და მოთმინებით ადგას გზას უკეთესი საქართველოსთვის; ვინც, არც დევნილი და მოძალადეებისგან შეურაცხყოფილი იბრუნებს პირს ადამიანებისგან, არამედ ყველგან, სადაც მივა, სამართლიანობაზე, ჭრილობების მოშუშებაზე და კვლავაც ფეხზე წამოდგომაზე იქადაგებს, ისე, როგორც ეს ზურაბ გუჩუას სჩვეოდა.

7.

ზაზა ხალვაშს გადამდები ემოციითა და დღეს სულ უფრო გაიშვიათებული გულღიაობით შეეძლო ესაუბრა თავის გეგმებსა და ჩანაფიქრებზე – რას აპირებდა კინოში, თავის სოფელში, თბილისში… სულ ასეთი დამამახსოვრდება: კეთილშობილი და მუდმივად მაძიებელი პროფესიონალი. ბრწყინვალე რეჟისორმა მართლაც გამორჩეული ფილმები და ნაწერები დატოვა. საკუთარი თავის ღრმა კუნჭულში შეყუჟულმა რწმენამ თუ დააწერინა ეს სიტყვები:

„პიერ-პაოლო პაზოლინი – რომაელია. ამ კაცის შემოქმედებას, მართალია, ცუდად ვიცნობ – ფრაგმენტულად, შეიძლება ითქვას – მაგრამ, როცა გავიგე, რომ მას პოეზიაშიც უცდია ბედი, რომანებიც დაუწერია, მოთხრობებსა და კინოსცენარებზე ხომ აღარაფერს ვამბობ და ფილოლოგიურ-ლიტერატურათმცოდნეობითი ესეებიც შეუქმნია, პატივისცემის გრძნობით განვიმსჭვალე მის მიმართ, ორიენტირად გადაიქცა ჩემთვის და მასთან გაჯიბრების (ჩემებურად!) სურვილით შემბოჭა.

ის თუ რომაელია – ფართო გაგებით, მე ქართველი ვარ, კავკასიელი, იაფეტის შთამომავალი – პირდაპირი მნიშვნელობით.“

8.

– ნოღელის პრემიის ლაურეატები მაინც ხომ ვართ, ბიჭო! – მითხრა თენგო კუდავამ მარტვილში, ჩემი წიგნის წარდგენის შემდგომ სუფრაზე, 2009 წელს, – ოოო, ნუ გეცინება, რა გგონია, იმ ნობელებზე ნაკლებია ეს, ჩვენი პატარა ნოღელა?

– არ მაღიარებთ შენ და შენი სიმამრი, – ეს უკვე რამდენიმე წლის შემდეგ მისაყვედურა ღიმილით, მისი მოთხრობების კრებულს რომ ვადგენდით, – შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს. – თან ეტყობოდა, ნასიამოვნები რომ იყოს წიგნის გამოცემის სამზადისით.

– მიტოვებული სახლების სევდაზე, სიმარტოვეზე და ადამიანისგან უარყოფილ უღალატო შინაურ ცხოველებზე უნდა წერო ისე, რომ ყველამ გაიგოს და წაიკითხოს, – მითხრა ერთხელ გამომცემლობის აივანზე, – ესაა ნამდვილი მწერლობა…

9.

ჩემს დიდ ბებიას – ზეინე ბოხუას ჩვევად ჰქონდა: სუფრებსა და დღეობებში ოჯახის ახლობელ-ნათესავს თუ დაიგულებდა, მიუჯდებოდა გვერდით და ჰკითხავდა: „რომელი საათია?“ „ორის ნახევარი“. „შკვითის ბღურუქ“ – შვიდზე მოვკვდებიო, ისე თავდაჯერებულად ეტყოდა სტუმარს, გეგონება წერამწერალს მისთვისაც ყურში ეჩურჩულებინოს აღსრულების დრო და საათი.

ვინც იცოდა ზეინეს ეს ახირება, უიოლებდნენ, სიცილში გაუტარებდნენ ხოლმე; ვინც იჯერებდა და ცნობისწადილით ელოდა 90-ს მიტანებული ქალის წინასწარმეტყველების ახდენას, დღის ბოლოს რწმუნდებოდა, რომ…

ისე, პავლე მოციქულის „მარადღე მოვკვდებიც“ ხომ აღსრულების ყოველდღე მოლოდინს და სიკვდილის გაიოლებას გულისხმობს?!.

10.

იშვიათად, ესმა ონიანივით ვინმეს ესმოდეს და სწამდეს ადამიანისა. ეს სიტყვები ფოლკნერის სანობელო ლექციის რანგისაა:

„ვისაც აქვს მარადიულის, მთავრის, უმაღლესის, უკეთესის ხსოვნა-სარჩული, ამით შინაგანი სისავსე-სიმაძღრე, – ის აქაურობაში არ კარგავს ღირსებას, გონებას; არ ხარბდება, არ წვრილმანდება, არ გამოედევნება და არ გააფთრდება აქაურ ფასეულობებზე; არ მოეშლება გაჭირვებით სახე; – დაახლოებით ასე რომ წარმოვიდგინოთ: – აი, ოჯახი, ან ადამიანი, რომელსაც რაღაც მიზეზთა გამო მოუხდა სადღაც გაჩერება (მგზავრობისას) ხრიოკ, უბადრუკ, მწირ ადგილას, მატარებელში, სადაც ცუდი პირობებია; ხოლო მას იქ, საიდანაც არის, საიდანაც მოდის და მიდის, აქვს უმშვენიერესი სასახლე, მზიანი ნათელი სარკმლებით, სურნელოვანი ოთახებითა და დახვეწილი საგნებით; სპეტაკი, ფუშფუშა ლოგინი, ყვავილები, ვარდები, შრიალა ხეები, ნათელი ხეივნები, მხიარული მწერ-ბზუილა ბაღები; – ის გაცოფებული არ მივარდება რაღაც პლასტმასის კოვზსა თუ რაღაც სხვას, რომელსაც უკვე რამდენიმე ჩაფრენია და თავისკენ ქაჩავს, – ან გაყვითლებულ, აშმორებულ, საეჭვოდ გარეცხილ თეთრეულისთვის თუ კუპეში უკეთესი ადგილისთვის არ გაავდება და არ დაიწყებს ბრძოლას და კბენას; არ დახარბდება უბადრუკი ხედის დასანახად მაინცადამაინც ფანჯარასთან დაიკავოს ადგილი, – მას ნამდვილი სიმშვენიერის ხსოვნა ავსებს“.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი