შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

წერითი დავალება  ,,რაფთ“

კონსტრუქტივიზმის მიხედვით, მოსწავლე სწავლის პროცესის აქტიური მონაწილეა და არა ინფორმაციის პასიური მიმღები. სწავლების კონსტრუქტივისტული მეთოდოლოგია ემყარება პრინციპს, რომლის მიხედვით, ნებისმიერი სახის ცოდნის მიღება გულისხმობს ამ ცოდნის კონსტრუირებას ანუ აგებას. მოსწავლის მიერ ცოდნის აგება, ცხადია, არ გულისხმობს მასწავლებლის მიერ ცოდნის უბრალოდ გადაცემას მოსწავლისათვის.

მოსწავლე ყველაზე კარგად ითვისებს მაშინ, როდესაც ახალი ინფორმაცია ნათლადაა დაკავშირებული იმასთან, რაც მან უკვე ისწავლა.

წერითი დავალება „რაფთ“ გულისხმობს მოსწავლის გააზრებულ არჩევანს წერითი დავალების შესრულებისას, რომელიც ხელს უწყობს დიფერენცირებულ სწავლებას.  „რაფთ“ არის შემდეგი სიტყვების აკრონიმი: როლი, აუდიტორია, ფორმა.

მასწავლებელს შეუძლია სთხოვოს მოსწავლეებს, დაფიქრდნენ შესასწავლი მასალის შინაარსზე და მოემზადონ წერითი დავალების შესასრულებლად. თუმცა, ვიდრე წერას დაიწყებენ, მათ უნდა გადაწყვიტონ, ვის როლს მოირგებენ, ვისი პოზიციის გამოხატვას შეეცდებიან საკუთარი ნაწერით. ამის შემდეგ მოსწავლემ უნდა შეარჩიოს აუდიტორია,  რომელსაც მიმართავს. როლისა და აუდიტორიის შერჩევის შემდეგ, მოსწავლე გადაწყვეტს, რა ფორმით სურს სათქმელის გამოხატვა, ვისი პერსპექტივიდანაც წერს ავტორი – ვინ წერს? ისტორიკოსი, ჟურნალისტი, დისიდენტი, ჯარისკაცი, მოსწავლე, პოლიტიკოსი და სხვ.

აუდიტორია, რომლისთვისაც წერს ავტორი – ვისთვის იწერება? სამეცნიერო ჟურნალის მკითხველები, მოზარდები, ახალგაზრდები, უფროსი თაობა, მასწავლებლები, ქვეყნის მთავრობა, პოლიტიკური პარტია, ქვეყნის ლიდერი, რომელსაც ომი აქვს ჩაფიქრებული და სხვ.

როგორია ნაწერის ფორმა? სტატია, მოხსენება, წერილი, ბლოგი და სხვ.

რა თემას ეხება ნაწერი? რეზა შაჰის ბიოგრაფია, თერგდალეულთა როლი ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, კათოლიკე მისიონერთა მიერ დანახული  მე-17 საუკუნის საქართველო და სხვ. დიფერენცირებული სწავლების ინსტრუმენტები.

მასწავლებელს შეუძლია „რაფთ“ ფორმის რომელიმე ნაწილი თავად შეავსოს, მაგალითად, ჩამოთვალოს რამდენიმე თემა და სთხოვოს მოსწავლეებს, აირჩიონ ერთ-ერთი. მას, ასევე, შეუძლია, მოსწავლეებს შესთავაზოს სრულიად შეუვსებელი ფორმა და მათ დაუტოვოს არჩევანი, საკუთარი ინტერესების მიხედვით შეავსონ იგი. ის, თუ რა ფორმით იქნება მიწოდებული ინსტრუმენტი, დამოკიდებულია სასწავლო მიზნებზე, გაკვეთილის სპეციფიკასა და მოსწავლეების მახასიათებლებზე.

„რაფთ“ არის წერითი დავალების შესრულების შემოქმედებითი სტრატეგია. იგი იძლევა დიფერენცირებული სწავლების მიდგომების გამოყენების შესაძლებლობას. მისი გამოყენებით მოსწავლე საკუთარ თავს მოარგებს კონკრეტულ როლს და ურთიერთობას ამყარებს მის მიერ შერჩეულ კონკრეტულ აუდიტორიასთან, რაც მასწავლებელს შესაძლებლობას აძლევს, შეაფასოს მოსწავლის რეალური გამოცდილება, ცოდნა და შეხედულებები გარკვეულ საკითხებზე.

ზოგადად, მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ ისეთ სამუშაოში, რომელიც მოსწავლეთა ინტერესებს ითვალისწინებს, მოსწავლეები მეტი ენთუზიაზმით და ხალისით ერთვებიან. სკოლა მათთვის იქცევა ადგილად, სადაც ყველა მოსწავლეს აქვს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისა და გაუმჯობესების შესაძლებლობა.

როდის გამოვიყენოთ? „რაფთ“-ის გამოყენება შესაძლებელია ყოველთვის, როცა მასწავლებელი საჭიროდ ჩათვლის წერითი დავალების მიცემას მოსწავლეებისთვის. მისი მიზანი შეიძლება იყოს მოსწავლეების განვითარება გარკვეული მიმართულებით. შეიძლება ეს იყოს მაგალითად,  პროექტის შეჯამება, „რაფთ“ წერითი დავალება მოსწავლეებმა შეიძლება შეასრულონ გაკვეთილზე ან მის შემდეგ, როგორც საშინაო დავალება. მასწავლებელმა უნდა წაახალისოს მოსწავლეები, მოიძიონ ინფორმაცია ვებბმულებზე, ჟურნალებში, გაზეთებსა და წიგნებში. გარდა იმისა, რომ ეს ინსტრუმენტი დიფერენცირების კარგ შესაძლებლობას იძლევა, მისი გამოყენებით მასწავლებელს შეუძლია შეაფასოს როგორც მოსწავლეთა წინარე ცოდნა, ისე თემის შესწავლის პროცესში მოსწავლის მიერ საკითხის გაგებისა და გაანალიზების ხარისხიც. გარდა ამისა, ამ ფორმით შესრულებულ დავალებაში კარგად ჩანს, როგორ შეუძლია მოსწავლეს საკითხების/მოვლენების შეფასება და რა ახალი იდეები გაუჩნდა მას.

როგორ გამოვიყენოთ?

  1. განსაზღვრეთ გაკვეთილის მიზანი;
  2. გააცანით მოსწავლეებს „რაფთ“ წერითი დავალების ინსტრუქცია, მისი შინაარსი და სასწავლო მიზანი;
  3. უპასუხეთ მოსწავლეთა კითხვებს და სთხოვეთ, დაიწყონ მუშაობა;
  4. სთხოვეთ მოსწავლეებს, გაუზიარონ თავიანთ მეწყვილეებს შესრულებული ნაშრომის პირველადი მონახაზი და მისცენ ერთმანეთს განმავითარებელი უკუკავშირი.

ისტორიისა და სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე ჩემ მიერ გამოყენებული მაგალითების ცხრილი:

დისკრიპტორი განმარტება მაგალითი
როლი ვისი პერსპექტივიდანაც წერს ისტორიკოსი, მემატიანე, ჟურნალისტი, სამოქალაქო აქტივისტი, დისიდენტი, პარლამენტარი, გიდი და სხვა.
აუდიტორია ვისთვისაც იწერება მთავრობა, პოლიტიკური პარტია, არასამთავრობო ორგანიზაცია,  ადგილობრივი თვითმმართველობა, ქვეყნის ლიდერი, მასწავლებელი, ახალგაზრდები და სხვა.
ფორმა

 

როგორია ნაწერის ფორმა? მოხსენება, პეტიცია, სტატია, წერილი, ესე, თხზულება,  ბლოგი და სხვა.
თემა რა თემაზეა ნაწერი? გიორგი სააკაძე-მედროვე თუ პატრიოტი, რეზა შაჰის ბიოგრაფია, თერგდალეულთა როლი ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში, კათოლიკე მისიონერთა მიერ დანახული  მე-17 საუკუნის საქართველო, ვოლტარიანელობა საქართველოში, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის გზები, მირანდას გაფრთხილება და შენი უფლებები და სხვა.

 

თუ მოსწავლეების ნაშრომის შეფასებას „ჩექლისტით“ ან რუბრიკით აპირებთ, მაშინ გააცანით ისინი მოსწავლეებს. ეს მათ გაუადვილებს თანაკლასელისთვის უკუკავშირის მიცემას.

  1. როცა მოსწავლეები დაასრულებენ მუშაობას და ჩათვლიან, რომ მზად აქვთ ნაშრომის საბოლოო ვერსია, სთხოვეთ მათ, გადმოგცენ ისინი. შესაძლებელია მცირე ჯგუფების შექმნა ერთმანეთისთვის გაზიარების მიზნით. ეს მოსწავლეებისთვის კიდევ უფრო საინტერესოს გახდის პროცესს, რადგან მათ ნამდვილად ეყოლებათ აუდიტორია, რომელსაც მიმართავენ.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ სწავლების მეთოდების ეფექტიანი გამოყენება მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ერთ-ერთი წინაპირობაა.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

 

  1. ,,ეფექტიანი სწავლება“, გამოცდების ეროვნული ცენტრი, კვლევის დეპარტამენტი;
  2. ,,განმავითარებელი შეფასება და დიფერენცირებული სწავლება“, მარიანა ხუნძაყიშვილი, სარა ბივერი

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი