შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ნეიტრალიტეტი და მასთან დაკავშირებული ნიუანსები

მოსწავლეებისთვის სწორი, გადამოწმებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება დღეს ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს.

შემეცნების პროცესი აღმოჩენებს, კრიტიკულ და დამოუკიდებელ აზროვნებას უნდა უკავშირდებოდეს, ამიტომ სწავლა-სწავლების დროს მოსწავლეებს უნდა დავუტოვოთ სივრცე ფიქრისთვის და არა მზა პასუხები მივაწოდოთ.

სტატიის მიზანი ნეიტრალიტეტის შესახებ ტყუილ-მართლის დადგენაა. მოდი, ერთად ვიმსჯელოთ, რამდენად ვაკმაყოფილებთ ნეიტრალური სახელმწიფოებისთვის განკუთვნილ კრიტერიუმებს.

 

ისტორიული ექსკურსი

უპირველეს ყოვლისა, უნდა ვახსენოთ 1907 წლის ჰააგის კონვენცია, რომელიც დღემდე განსაზღვრავს ნეიტრალიტეტის საკითხებს. კონვენციის V და XIII თავები ეხება ნეიტრალური ტერიტორიების უფლებებსა და მოვალეობებს სახმელეთო და საზღვაო ომის შემთხვევებში.

კონვენციის V თავის პირველი მუხლის მიხედვით, ნეიტრალური სტატუსის მქონე სახელმწიფოს ტერიტორია ხელშეუხებელია, ხოლო მე-2 მუხლი დაპირისპირებულ სახელმწიფოებს უკრძალავს ჯარების გადაადგილებას ნეიტრალური სტატუსის მქონე სახელმწიფოს ტერიტორიაზე.

თავის მხრივ, ასეთი სტატუსის მქონე სახელმწიფო იღებს ვალდებულებას, რომ მისი ტერიტორია არ იქნება გამოყენებული სამხედრო ნაწილებისა და იარაღის გადასაადგილებლად.

განასხვავებენ მუდმივ და დროებით ნეიტრალიტეტს. შვეიცარია და ირლანდია მუდმივი ნეიტრალიტეტის სტატუსის მატარებლები არიან. არსებობენ ქვეყნები, რომლებიც კონკრეტულ კონფლიქტებში გვევლინებიან ნეიტრალურებად. ამის საუკეთესო მაგალითია საქართველო, რომელიც ყარაბაღის ბოლო ომში (2020 წლის სექტემბერ-ოქტომბერი) ნეიტრალური სახელმწიფოს პოზიციას იკავებდა.

როგორ შეიძლება ნეიტრალური სახელმწიფოს სტატუსის მიღება?

იმისთვის, რომ ესა თუ ის ქვეყანა გახდეს ნეიტრალური, მან რამდენიმე პირობა უნდა დააკმაყოფილოს.

  1. ქვეყანას, რომელსაც ნეიტრალურის სტატუსი სურს, არ უნდა ჰქონდეს ტერიტორიული დავა მეზობელ სახელმწიფოებთან. ამ დროს, საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ და არ გვაქვს დადგენილი საზღვრები (დემარკაცია და დელიმიტაცია) აზერბაიჯანთან, სომხეთსა და რუსეთთან.
  2. თვითგამოცხადებული ნეიტრალიტეტი დაცვის არავითარ გარანტიას არ იძლევა. ამის საუკეთესო მაგალითია მოლდავეთი, რომელმაც 1994 წელს კონსტიტუციით ნეიტრალიტეტი გამოაცხადა, თუმცა, 1990-იანი წლებიდან მოყოლებული, დღემდე აქვს დნესტრისპირეთის მოუგვარებელი კონფლიქტი. შესაბამისად, სხვა ქვეყნების აღიარების გარეშე, თვითაღიარებულ ნეიტრალურობას აზრი ეკარგება.

ხშირად დიდი ქვეყნები იღებენ ვალდებულებას, რომ გახდებიან კონკრეტული სახელმწიფოს ნეიტრალიტეტის გარანტორები, ერთგვარი დამცველები. აქ უნდა დავსვათ ლოგიკური კითხვა: შეიძლება კი, რუსეთი, რომელსაც საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული, საქართველოს ნეიტრალიტეტის გარანტორი გახდეს?

  1. მსოფლიოში არ არსებობს ქმედითი საერთაშორისო დოკუმენტი ან შეთანხმება, რომელიც ნეიტრალურ სახელმწიფოს თავდასხმისგან დაიცავს. მაგალითად, პირველი მსოფლიო ომის დროს ბელგია ნეიტრალური ქვეყანა იყო. მიუხედავად ამისა, 1914 წლის აგვისტოში ის ოკუპირებულ იქნა გერმანიის მიერ, რითაც დაირღვა ჰააგის კონვენციის V თავში ასახული პრინციპები.

მაშ, როგორ უნდა დაიცვას თავი ნეიტრალურმა ქვეყანამ?

ნეიტრალურმა სახელმწიფომ საკუთარი თავის დაცვა თვითონვე უნდა შეძლოს. ამისთვის ის უნდა იყოს ეკონომიკურად ძლიერი, რათა მეტი და მეტი თანხა მიმართოს თავდაცვის ბიუჯეტისკენ. შვეიცარია და ფინეთი ამის საუკეთესო მაგალითები არიან. შვეიცარიას მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოდ შეიარაღებული ჯარი ჰყავს. 5,5 მილიონიან ფინეთს, საჭიროების შემთხვევაში, 61 000 პროფესიონალისა და ტერიტორიული თავდაცვის 176 000 ჯარისკაცის მობილიზება შეუძლია.

  1. ევროპაში, დღეის მდგომარეობით, ნეიტრალურ სახელმწიფოებად გვევლინებიან:
  • ავსტრია;
  • ირლანდია;
  • ფინეთი;
  • შვედეთი;
  • შვეიცარია;

ფორმალურად

  • მოლდავეთი;
  • სერბეთი.

ყოველ მათგანს სხვადასხვა გეოპოლიტიკური მდებარეობა აქვს. საქართველო ისტორიულად დასავლური და აღმოსავლური ცივილიზაციების შეხვედრის ადგილი იყო. რეალობა არც დღეს, XXI საუკუნეში შეცვლილა. გარშემო 1000 კილომეტრის რადიუსით დედამიწის ყველაზე ცხელი წერტილებია განლაგებული.

რამდენად აქვს ასეთ ქვეყანას ნეიტრალიტეტის ფუფუნება?

 

ახალი რეალობა

რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ ნეიტრალიტეტისადმი დამოკიდებულება მკვეთრად შეცვალა. დღემდე ნეიტრალურმა ქვეყნებმა, ფინეთმა და შვედეთმა, ოფიციალურად დაადასტურეს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში (NATO) გაწევრიანების სურვილი.

როგორ ფიქრობთ, რატომ მიიღეს საქართველოზე ბევრად უკეთესი გეოპოლიტიკური მდებარეობისა და განვითარების მქონე ქვეყნებმა მსგავსი გადაწყვეტილება?

 

კონსტიტუციური ჩანაწერი

საქართველოს კონსტიტუცია უზენაესი კანონია. ის გამოხატავს საქართველოს მოქალაქეების მისწრაფებებს, სურვილებს და ქვეყნის განვითარების კურსს. საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლში ნათქვამია, რომ: „კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად“.

აღნიშნული ჩანაწერის მიხედვით, საქართველოს როგორც ქვეყნის ურყევი სურვილია როგორც ევროპის კავშირში, ასევე ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში ინტეგრაცია და ნეიტრალიტეტზე საუბარი ყოველგვარ აზრს მოკლებულია.

ნეიტრალიტეტის იდეას ხშირად ტროას ცხენს ადარებენ. ეს არის მარტივი გზა რუსეთისთვის, დაუცველ ქვეყანაში მარტივად და უმტკივნეულოდ დამკვიდრდეს.

 

გამოყენებული მასალები:

საქართველოს კონსტიტუცია

https://worldpopulationreview.com/country-rankings/neutral-countries

https://www.adducation.info/general-knowledge-politics-religion/all-neutral-countries/

https://nato.gov.si/eng/topic/national-security/neutral-status/neutral-countries/

https://www.youtube.com/watch?v=3LvWTmqn7A4

The Avalon Project – Laws of War : Rights and Duties of Neutral Powers and Persons in Case of War on Land (Hague V); October 18, 1907 (yale.edu)

The Avalon Project – Laws of War : Rights and Duties of Neutral Powers in Naval War (Hague XIII); October 18, 1907 (yale.edu)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი