ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ომი და ადამიანები

„არის თუ არა თანამედროვე ომი უკანასკნელი რგოლი იმ სისხლში ნაბანი ჯაჭვისა, რომელიც დღევანდელ კულტურულ კაცობრიობას თავის ველურ წინაპრებთან აკავშირებს?“, – ამ უპასუხო კითხვით ასრულებს დიმიტრი უზნაძე თავის მრავალმხრივ საინტერესო ნაშრომს „ომის ფილოსოფია“. ტექსტი 1914 წელს არის გამოქვეყნებული. კულტურული კაცობრიობა, ჩანს, კვლავაც ვერ წყვეტს კავშირს ველურ წინაპართან და კონფლიქტის მოგვარებას ისევ სისხლისღვრით ცდილობს. რუსეთ-უკრაინის ომის კონტექსტში ცხოვრობს დღეს თანამედროვე მსოფლიო. ადამიანს კვლავაც უსამართლობისა და უმწეობის განცდა აქვს.

დიმიტრი უზნაძის აზრით, ომის ფაქტი თავისთავად „ძირიანად ეწინააღმდეგება ცხოვრების აზრის ძირითად მიმართულებას და სწორედ ეს გარემოება ხსნის იმ საკვირველ მოვლენას, რომ თავდაცვითი ომი თავგანწირვისა და გმირობის უშრეტ წყაროდ იქცევა და ხშირად სუსტი და მცირერიცხოვანი ერი ძლიერსა და უდრეკ ერთან შეტაკებაში გამარჯვებული გამოდის. მაგრამ ბოლოს და ბოლოს ცხოვრების აზრმა მაინც თავის შესაფერ კალაპოტში უნდა ჩააყენოს ადამიანთა მოქმედების ათასგვარი მცდარი და შეუფერებელი სახე და ცხოვრების ყოველი სფერო თავისი მიმართულებით უნდა აამოძრაოს. ჩანს, უნდა დადგეს ისეთი დრო, როდესაც ფუჭი და უაზრო ხარჯვა ჩვენი ენერგიისა სამუდამოდ უნდა აღიკვეთოს; უნდა დადგეს ისეთი ხანა, როდესაც, სხვათა შორის, ომიც, სრული დავიწყების ტალღებს უნდა გაჰყვეს“.

ესთეტიზებული ომის სურათები უხვადაა ქართულ პოეზიაში, `ვეფხისტყაოსანი~ მტრის ხოცვას, `მძლეთა მებრძოლთა მძლეობას~, რაინდის უცილობელ თვისებად ასახელებს. გრიგოლ რობაქიძე შედევრად მიიჩნევდა ვაჟას ლექსს `ფშაველი ვაჟკაცის წერილი~, რომელშიც პირველ მსოფლიო ომში წასული ქართველი კაი ყმის ფიქრებია გადმოცემული (თუმცა არც პირველი და არც მეორე მსოფლიო ომი არ იყო ქართული სახელმწიფოსთვის).

ლიტერატურაში, ფერწერასა თუ მუსიკაში არაერთი ნიმუშია შექმნილი, რომელთა მიზანი ომის სისასტიკის ჩვენება და პაციფიზმის პათოსის გაღვიძებაა. პიკასოს „გერნიკა“ ასახავს ნაცისტებისა და ფაშისტების მიერ ესპანეთის ქალაქ „გერნიკას“ დაბომბვას, მშვიდობიანი მოსახლეობის მხეცურ გაჟლეტას. „ამ მშვენიერსა დილასა კაცს რად სურს სისხლი კაცისა“, – კითხულობს გრიგოლ ორბელიანის პოემა „სადღეგრძელოს“ ლირიკული გმირი. ომის შემდგომ ლხინს და ხანმოკლე შესვენებას ისევ ბრძოლა მოჰყვება. „თორნიკე ერისთავის“ ერთ ეპიზოდში აკაკი ხატავს, რა გაოგნებული დაჰყურებს მთვარე კაცთა სიშლეგის შედეგს:

„და, ჰა, მთვარემაც ამოატანა!

ამოჰყო თავი მაღალ მთის წვერით

და გადმოხედა ნაზად ბრძოლის ველს;

კაცის ქვეყნიურს ბნელსა საქმესა

მაღლით ციური აფენდა ნათელს.

გაანათა და გამოაჩინა

დასანახავი გულშესაზარი,

თითქოს უნდოდა ეჩვენებია

კაცისთვის ბოროტ-ნამოქმედარი“.

ვაჟა-ფშაველას ლუხუმს („ბახტრიონი“) სიბრალულის ნიშნად თვალები „უწყლიანდება“ მტრის მოკვეთილი თავის დანახვაზე, ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი დაინდობს მტერს, მისივე ვაჟკაცობით აღტაცებული (ილია ჭავჭავაძე, „ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი“). ალუდას („ალუდა ქეთელაური“) დაღვრილი სისხლი სულს შეუხუთავს და ბრძოლაზე ხელს ააღებინებს:

„ვისაც მტერობა მოსწყურდეს,

გააღოს სახლის კარია,

სისხლ დაიგუბოს კერაში,

თვითონაც შიგვე მდგარია“.

ომი, სისხლისღვრა ადამიანის ფსიქიკას ცვლის, ის არა მხოლოდ კონკრეტული საომარი ვითარების განმავლობაში აუფასურებს სიცოცხლის ღირებულებას, არამედ შემდეგაც ღრმა ტრავმულ კვალს ტოვებს. ყველასთვის ცნობილია ომგამოვლილ ადამიანთა ფსიქიკური აშლილობანი, რომლებიც ყოველდღიურ ურთიერთობებში მჟღავნდება. სიზმრებში განდევნილი ომის საშინელი სურათები კვლავაც ჯიუტად იჭრებიან რეალობაში და ადამიანს მოსვენებას უკარგავენ. ეს თემა კარგად არის წარმოჩენილი ხელოვნებაში, მათ შორის, ლიტერატურასა და კინემატოგრაფიაში. შეიძლება გავიხსენოთ ვიეტნამის ომიდან დაბრუნებულ ამერიკელ ჯარისკაცთა ცხოვრებაზე გადაღებული ფილმები, ან, ზოგადად, ფილმები, ომის საშინელებას რომ გვახსენებენ, მაგალითად, ფრენსის ფორდ კოპოლას „აპოკალიფსი ახლა“; სპილბერგის „რიგითი რაიანის გადასარჩენად“, მიხეილ კალატოზიშვილის „მიფრინავენ წეროები“, აგრეთვე, ისეთი ცნობილი ფილმები, როგორებიცაა: „შინდლერის სია“, „ირმებზე მონადირე“, „ცხოვრება მშვენიერია“ და სხვა მრავალი.

დიმიტრი უზნაძე აღნიშნულ ნაშრომში მსჯელობს იმის შესახებაც, რომ „ჩვენი ჩვეულებრივი აზროვნება სიკვდილს უაღრესად ბოროტებისა და უბედურების სახელით ნათლავს. მისთვის სიკვდილი ვერაფრით გამართლდება. ამიტომ პრაქტიკული ცხოვრების ნიადაგზე განვითარებული სინდისი მკვლელს, როგორც უდიდესი ბოროტების გამომწვევ მიზეზს, უდიდესი სასჯელის ღირსად აღიარებს“. საომარი ვითარება კი ადამიანის ფსიქიკას აყირავებს, ჰუმანურ ღირებულებებს ნიადაგს აცლის: „იწყება ომი, ჩვენი ღირებულებათა მწყობრი სისტემა ერთბაშად ნიავდება, მისი შემაერთებელი და დამსრულებელი ძალა – სინდისი ძირფესვიანად ირყევა და ჩვენი აზრი და გრძნობა ძირფესვიანად იცვლება. იგი ჩვენი სულის სამკვიდროს მორევში მძლავრ ქარიშხლად ტრიალდება, ჩვეულებრივ დროს გაჭედილ ღირებულებათა მწყობრი სისტემა ერთბაშად ნიავდება, მისი შემაერთებელი და დამსრულებელი ძალა – სინდისი ძირფესვიანად ირყევა; და მტრის სიკვდილი სასიქადულო და სანატრელ ამბად ეპკურება ჩვენს სმენას. ერთ დღეს ასი ათასობით ისრისება ადამიანის ნორჩი სიცოცხლე, ხმება გულში დარგული ვარდები იმედებისა, და ყველა ეს სხვა დროს რომ ბოღმით ავსებდა ჩვენს არსებას, ახლა სანეტაროდ გაგვხდომია, და თუ ვინმემ თავი ისახელა მტრის ბანაკის მუსრის გავლებით, ჩვენ სასიქადულოდ მიგვაჩნია მისი „რაინდობა“. და რაც უფრო მეტად დამღუპველი იქნება მტრისთვის მისი მახვილი, მით უფრო მეტად ვაჯილდოებთ მას. ათასი კაცის სისხლში ამობანილი ხელი გმირისა კეთილისმყოფლის ხელად გვეჩვენება. ცხადია, რომ ომიც ძირფესვიანად ათავისუფლებს ჩვენს სულიერ ცხოვრებას გონების კატეგორიების ბატონობისაგან, და ამ გზით ჩვენს პირდაპირ უშუამავლო შეფასებას კვალს უკაფავს~.

ამიტომაც განსაკუთრებულ აღტაცებას იწვევს ხოლმე სწორედ ომის დროს მტრის მიმართ გამოჩენილი გულმოწყალებანი, მაგალითად, როდესაც ბრძოლის შემდეგ თორნიკე ერისთავის გასცემს ბრძანებას:

„ბრძანა თორნიკემ: – „გაურჩეველად,
ქართველი იყოს, გინდა სპარსელი,
გინდა ბერძენი, გინდა სომეხი,
სულ ერთიანად მოჰკიდეთ ხელი!
სიკვდილი ყველას ათანასწორებს:
თვისიანს, უცხოს, მტერს და მოყვარეს!..
ვეცადოთ ყველა და ნუ დავაკლებთ
დაჭრილებს მოვლას და მკვდრებს სამარეს.
ნურვინ გაჰბედავს, დატყვევებულებს
რომ მიაყენოს შეურაცხყოფა!
ვაჟკაცს რომ ბედი სხვას დაამონებს,
დასატანჯავად ისიც ეყოფა!“.

ამიტომაც შექმნა სვეტლანა ალექსიევიჩმა ასეთი მეტაფორა რომ „ომს არა აქვს ქალის სახე“. მისი ერთი პერსონაჟი კი ამბობს: „იქ მხოლოდ ისინი (ადამიანები!) როდი იტანჯებიან, არამედ მიწაც, ფრინველებიც, ხეებიც. ყველაფერი, რაც ამქვეყნად ჩვენთან ერთად ცხოვრობს. უსიტყვოდ რომ იტანჯებიან, ეს უფრო შემზარავიც კია“.

ოთარ ჭილაძის „სინათლის წელიწადში“ ვხედავთ, როგორ ასასტიკებს ომი ადამიანებს, თვითგადარჩენის ინსტინქტი ბნელსა და პირუტყვულ ვნებებს აღვიძებს:

„მე ათი წლის ვარ და ჩემს სხეულზე

ვგრძნობ უხეშ ხელებს და ის ხელები

ჩემს გადაგდებას ცდილობენ გზიდან.

და მეუფლება ისეთი გრძნობა, თითქოს

ფორთოხლის პატარა ხე ვარ და თითქოს

ძალით მგლეჯენ მიწიდან.

მომგლიჯეს კიდეც. ხოლო ფესვებზე

მაბიჯებს ხალხი და მე პირველად

ვგრძნობ ამგვარ ტკივილს და გაოცება

ძრავს ჩემს არსებას… ხოლო ტკივილი

სულში იბუდებს საფუძვლიანად, როგორც

გამძღარი მხეცი ბუნაგში“.

„რამდენად ყალბი და უმაქნისია ათასწლოვანი კულტურა და ცივილიზაცია, რომელიც ვერ აჩერებს სისხლის მომძლავრებულ ნაკადს“, – წერს ერიხ მარია რემარკი რომანში „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“. ქართული და მსოფლიო კლასიკური თუ თანამედროვე ლიტერატურიდან სხვადასხვა ჟანრის უამრავი ნაწარმოები შეიძლება გავიხსენოთ, რომლებიც ომს სხვადასხვა რაკურსით გვიხატავენ (რემარკის („ტრიუმფალური თაღი“, „ჟამი სიცოცხლისა და ჟამი სიკვდილისა“, ჰემინგუეის „მშვიდობით, იარაღო“, კურტ ვონეგუტის „სასაკლაო #5“, ლევ ტოლსტოის „ომი და მშვიდობა“ და სხვ. მრავალი).

გრიგოლ რობაქიძის აზრით, ხელოვანი ომის დროს ღრმა და საშიშ რყევას განიცდის, მაგრამ ეს შექმნის სურვილსა და უნარს არ აკარგვინებს, რადგან `მსოფლიო ხანძრის საშინელ დღეებში~ `მისი მხატვრული ენერგია შეკუმშულია, მიმართულია სიღრმისკენ დილის ვარდისფერი ფრთების მოლოდინში, რომ ხალისის გაიფანტოს შემოქმედებითი მზის სხივებში~ (წიგნი „ომი და კულტურა“).

მირზა გელოვანისა და მისი თაობის სხვა შესანიშნავ პოეტთა მეორე მსოფლიო ომის ფრონტიდან მოწერილი ლექსები გაგვახსენდება:

„და თუ ბოლომდე ტყვია დამინდობს,

თუ გაზაფხულებს შევხვდებით ერთად, –                                       გეტყვი, რომ მოველ ბრძოლანახული

და სიკვდილამდის შენთან დავრჩები,

რომ ლამაზია მზე გაზაფხულის,

ბრძოლების შემდეგ – მზე გამარჯვების“ (მირზა გელოვანი, „ნუ მწერ“).

ტიციან ტაბიძემ ესეიში `ომის თემა ქართულ მწერლობაში~ აღნიშნა, რომ `ომისთვის არცერთ ხალხს ისეთი გრძელი და საგმირო პოემა არ დაუწერია, როგორც ქართველს და ამ პოემის ეპილოგი ჯერ კიდევ დაუწერელია, ჯერ კიდევ ელის ქვეყანა ახალ სასწაულებს… აბა წაიკითხეთ „ქართლის ცხოვრება~! ბერი მემატიანე სარდალივით ლაპარაკობს, სენაკშიაც შედის სისხლის ალმური. …ქართული მწერლობა, ბევრში უკან მიმყოლი ევროპის მოწინავე იდეებისა, პაციფიზმზე ყრუ იყო თავისი უმრავლესობით და ერთხელაც არ უღალატია ძველი ტრადიციებისათვის. აკაკი წერეთელი მოხუცობაშიაც ნატრობდა თეთრი ჭაღარის მტრის სისხლით შეღებვას~.

ჩვენი უახლესი ისტორიის (აფხაზეთისა თუ სამაჩაბლოს საომარი კონფლიქტების) ტრავმები ჯერ კიდევ მოურჩენელი იარებივითაა. ქართული მწერლობაც, ერთი მხრივ, მალამოდ ედება ადამიანის სულს, გულსა და გონებას, მეორე მხრივ, აფხიზლებს, რათა კვლავაც წარმართივით არ უკმევდეს გუნდრუკს ომის ღმერთს და ეძებდეს გზას სისხლისღვრის ასაცილებლად.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი