შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

„როცა დედოფალი ვიყავი“ -ესმა ონიანის პოეზია

„ადამიანო, შენ წინა ვარ, თუ რამეს ეძებ…“

 ღმერთთან ინიციაცია – ნიჭიერება – ხანდახან გასაოცარი მრავალმხრივობით მჟღავნდება ადამიანში, როგორც დასტური სრულყოფილის არსებობისა. ესმა ონიანის უნივერსალიზმი ისაა, რომ მისი მხატვრობა ლინგვისტურია – მოგვითხრობს, პოეზია კი ფერწერული – გვიხატავს. ხოლო, საზოგადოდ, მისი თვითგამოხატვის მანერა სინკრეტულია: თითქოს პირველქმნილი, უხინჯო, ინტუიციური წვდომაა სამყაროსი – მუსიკით, ფერითა და სიტყვით, რომელიც არცთუ ისე კონკრეტულია, რადგან მრავალ განცდას აერთიანებს, როგორც ი გ ი, „რომელმან შექმნა სამყარო“… ისიც ხომ სიტყვაა. მასთანაც, როგორც სხვა შემოქმედებთან, სამყაროს მოდელია მოცემული, სრულიად თვითმყოფადი და ორიგინალური. ეს არის განცდები, ასოციაციები, სააზროვნო კატეგორიები, პირობითობები თუ მათი რღვევის ნება, ფარულიცა და გაცხადებულიც. როგორიც იყო წუთისოფელი თუნდაც ფიროსმანის შემთხვევაში – შავი ნათებით, „ვერცხლისფერი კალმახების ცინცხალ ლაღობით“; ტერენტი გრანელთან – „დახარბებული მოფერებას“, ბავშვები „გიჟის“ ძახილით და ტაშით რომ მიაცილებდნენ, მისი სიცხიანი „დაო ზოზიათი“ და სიკვდილთან შეფიცულის მარადი შეცხადებით: „ყველაფერი მოგონილი, უსიცოცხლო დანაზოგია; ან ვაჟასეული თუ ესმას მეგობარ გურამ რჩეულიშვილისეული სულიერი სისპეტაკე, ყვავილის ან ბავშვის სიყვარულში გამონაშუქი: „მინდვრის პატარა ყვავილთან/ მოვახერხებდი ტრფიალსო“. გურამის მოთხრობა „ნათელა” მახსენდება, დიდი თუ პატარა ბავშვის გაუგებრობისთვის განწირული სიყვარულის სისუფთავე თუ სიალალე, უცნაური ბედნიერების შეგრძნება, აუხდენელი სიზმარივით. ესაა ჭეშმარიტებასთან სიახლოვის მძიმე სიმსუბუქე:

„რადგან ვინც იგრძნო გაელვებული,

აყვავებული სურნელი მიღმა,

უათკეცდება ცოდვის სიმძიმე,

მისთვის სიმძიმედ ბუმბულიც კმარა“ (155).

მოდი, მივყვეთ მხატვრული სახეების ზოგჯერ იდუმალ, მომნუსხველ გაურკვევლობას, როგორც „მზის კომშისფერ ბილიკს იატაკზე“ ბიოკლინისეული მისტიკური კაეშნით („ნაძვების სიკვდილიან სიმწვანით“), პეპლის მიმოზას მსგავსი ფერფლით, უცოდველი ამაოებით, „ღვინისფერი საღამოებით“, მშვენიერი ინფანტას „დატალღული ფურცლის სისველით“, გადამხდარისა თუ არგადამხდარის გახსენების სინანულის მუსიკით და ერთ მძივად ავკინძოთ ეს „მარცვლები“ ესმა ონიანის განუმეორებელი წუთისოფლისა.

თავისუფლება – და მე კი ყველას მონა ვარო, ვაჟა რომ წერდა ბუნებისა და ადამიანის ჰარმონიულობის პრინციპზე, ახლა ესმა ონიანს მოვუსმინოთ:

„რიდით უცქერენ ჩემს დღესასწაულს და გაოცებით,

აღარც რა უნდათ წამიერი, ნაავხორცები.

გამოუვალი სიკეთისკენ მისდრეკთ გონება,

ენატრებათ უსასრულო ეს დამონება“ (6).

„გამოუვალი სიკეთე“ ღმერთია უთუოდ და მასთანმყოფობის თავისუფლება ანუ ზნეობრიობა. ესაა თავისუფლება „დანის პირზე ბასრად ანთებული სიტყვასავით“, ტყვიასავით მძიმე, სისხლის „მზეების გამოსასხმელად“ – მკაცრი საკანი მაღალი სულიერებისა. არის თავისუფლების სხვა დეფინიციებიც ესმა ონიანთან – ყოფა, თავისი ურბანული ჯუნგლებითა („დაგეშილი ჟიგულები“) თუ მშვიდი პასტორალურობით („ნასწავლ-ხსოვნაში გლეხი, ხარი და ურემია“), მისი ტყვეობა, ყველას თავს გადახდენილი და ჩვენი ღირსების „ლაკმუსის ქაღალდი“: „გინდა გასხლტე უნამდვილო სინამდვილისგან…/ ჩემმიერობა ყვითელ ჩალმასავით მეხვევა თავზე“ („ტყვე“, 112) და საკანშიაც თავისუფლება, რომელსაც გამუდმებით ეძებს და იშვიათად, დიდი სულიერი სიმტკიცის შემთხვევაში, მოიპოვებს ადამიანი: „გუმბათებიდან ჩიტების ჭყივილს, კუკიას, მტრედებს/ რას გამოველით, დაბზარულ ხმებით/ რომელი კარის გასასვლელს ვეძებთ?“

ღმერთი – უარყოფილი, ჯვარცმული სრულყოფილება, რომელსაც მთელი ცხოვრება მიელტვის ადამის მოდგმა, გულნატკენი მაცხოვარი: „ის გულის ტკენა (თუმცა ყველაფრის გაგება ძალგიძს),/ თანაგრძნობის ალერსიან მკლავისკენ ლტოლვა,/ ადამიანურ სიუხეშით უნებურად უპასუხოდ დარჩენილი, დღემდე გაღელვებს“ („გარდამოხსნა“, 46). მისი „არწივივით გაშლილი“ ჯვარცმის ქვეშ, სამყაროს რომ დაჰყურებს, დგას ადამიანი უხსოვარი დროიდან დღემდე და მარადი მონანიებით ცდილობს, შეიმსუბუქოს უცვლელად, კვლავ განმეორებით ცოდვილი ბუნების სიმძიმე:

„მონანიეს, დაბნეულს, –

რა ინანოს, რა – არა,

როდის არის მართალი, როდის ავი გამხდარა.

ჩემს სულს გზა გაუნათე,

შინისაკენ გაუძეხ,

შიში სიტკბოდ უქციე,

ტანჯვა – გამქრალ სიზმრებად,

აპატიე, რაც სცოდა,

სიყვარული აუწყე!“ (152).

სამშობლო – უხილავი „შინისკენ“ სწრაფვაზე ვწერდით და ხილული – საქართველოა („ვარ-დის სუნი, ოქროს-ფერი სა-ქარ-თვე-ლო…“), ტრაგიკულობით ასე გადაჯაჭვული ღმერთთან.

„ფრესკებს ვნახავდით ტაძრებში

მოქნილ ხაზიანს, მკრთალსაო,

ზედ სახეები მდუმარე

ჩვენ მოგვაბჯენდნენ თვალსაო.

გარეთ ვნახავდით ქალწულებს,

რომ მოარხევდნენ ტანსაო,

იმ ფრესკებს მივამსგავსებდით –

წინაპართ სისხლი ჩანსაო“ (157).

ქვეყანა, რომელშიც ძველებურად ტირიან „თავო ჩემოზე“, მისთვის ანთებული გულებით. რომელთანაც ჩვენი ბედი საუკუნოდ გადაჯაჭვულა. აქ ხანდახან არის „არაფრის ქარი – არა რა ფერი” (გვახსენდება: „არ არიან, ქარია“), დაკარგულა ქართული სიბრძნე. ღმერთო, შენ კი ამ დროს:

„სიოთ მოგვივლენ, ზესურნელით ჟღენთილ-ნართაულთ –

ვინც ვერ გიწამა, ვინც ვერ მოგყვება,

ზე-ბედკრული იგი ვიტიროთ…

ვისშიც არ ფეთქავს ხსოვნა ნეტარი,

ყოველივეში მშობლის თბილ სუნთქვას არ სცნობს მადლიერ,

ვის არ აეჭვებს თვისი ჭაობი,

სიმძიმე ჯაჭვავს უგნურ-კადნიერს“.

დღეს კი, ამასწინათ ნანახი პატარა ემიგრანტი ბიჭი კითხვაზე, რა არის მისთვის საქართველო, ცდილობს პასუხის გაცემას და უცბად ატირდება. რა არის ეს, თუ არა „სამშობლოს განცდა გასაკვირველი“? ის ხომ ჯერ არ ყოფილა სამშობლოში?! რა არის ეს, თუ არა გენეტიკის ყივილი, „ცოდნა“, რომ „სისხლის ბილიკით შემოსული სინათლის ფეთქვა… ჩემში ვატარებ, გამუდმებით აღმოჩენილსა და მოღალატეს“ (31)?

ქართულ უნიკუმში, სიმღერაში, ხომ ეს ყველაფერი გამოხატულია („და გაისმოდა დების სიმღერა“, გალაკტიონისეული):

„თვალდაორთქლილ ქალთა ხატებით…

შიგ ჩაფლეთილი ტკბილი ქართულით…

სიყვარულით, სიყვარულით დაისრულების“ (44).

ქართული ყოფის, ისევე როგორც ჭეშმარიტების, მძიმე სიმსუბუქის ფილოსოფიაცაა ესმა ომიანთან…

ადამიანი – ქრისტესი არ იყოს, შემოქმედიც, ღვთაებრივი ქმნადობის მიწიერი ასლი, ადამიანში იბადება. ამ ერთიანობის შეუმჩნევლად, რომელიც მას განსმჭვალავს, „ორგანულ მთელად კრავს“, მას ბევრი აკლდება – უამისოდ ხომ ყველაფერი უფასურდება ამა სოფლად. ეს ორკესტრირება შემოქმედებისა ადამიანის გარეთაცაა და შიგნითაც. მთელის ნაწილიც ხარ და პატივსაცემი ავტონომიაც (იქნებ ესაა მიღმიერი არსებობის ფორმაც?). და როცა შენ შიგნით მოგესმის „უსასრულობის გუგუნა ოდა“, ჩვენი „განათლებული“ სიცარიელის, უცოდნელობის მიუხედავად, აღვფრთოვანდებით: „ნუთუ ეს მე ვარ?!/ ისევ მე ვარ?!/ ისევ მოვსულვარ!“ (21). ვართ პატარებიც: სისუსტეებს, ჩვენს სიბრმავეს ვერ ვღალატობთ პირობითობის ჯაჭვებიან ჭრიალა კართან და ვეძებთ საყრდენს, როგორც სიმტკიცეს, „როგორც დასტურს მართალზე მართლის“. თუ ეს კარი განგვეღო („ყველაფერი ღვთის ნებაა“ და აქ აუცილებლად ჩვენი ნებაც, სინერგიაც, ჩვენთვის სასიკეთოც მოიაზრება), ვირწმუნებთ: „შენ დიადი ხარ, ადამიანო“, ან „მე ისევ მოვალ ადამიანად“, – ეს ადამიანის ჰეგემონიით და არა ვაჟასეული „რატომ არ მოვედ წვიმადა“. ადამიანად ყოფნა და მისი ყველაზე დიდი, ეკლესიასტეს ფილოსოფია, ამაოება ამაოებათა. ეს იგივეა, რაც თანასწორუფლებიანობის ღვთაებრივი პრინციპი: „სიცრუეა შედარება, დახარისხება ღვაწლთა, ამაგთა/ სასაცილოა მნიშვნელოვნის მოძიება, როგორც ფეხზე გამძვრალი ქოშის“. ადამიანი, რომელიც ხანდახან უბრალოდ, უღალატოდ სიცოცხლის ფერხულშია ჩაბმული და ცდილობს, თუნდაც სიყვარულით ამოიცნოს მისი ფარული არსი ყველაფერში:

„მიყვარხართ, ვენახებო, მთვლემარე რამინა,

მაყვლიანი ბუჩქების სუნო…

ნეხვო, ჭიებო, თბილო, გამხმარი ბალახის ჩხვლეტავ,

დამპალო ვაშლო,

ჭის სახელურის სადღაც ჭრიალო,

მე თქვენ მიყვარხართ, მე თქვენ მიყვარხართ“ (25).

ადამიანი – „წინაპართა მოცისკროვნე, მზიან სისხლით წარბებშემართული“, დაჯვარულფანჯრებიანი, სინათლით „ჩამოჯვარული“ კედლებიანი ტაძრების თაყვანისმცემელი და თავად ტაძარი ამიტომ. იგი ხომ ყოველთვის გრძნობს და ამბობს:

„მე ვარ დიადი, არარა ვარ, მე ვარ ფიტული,

უნაყოფო, მწიფე მტევან ნაყოფ მოსხმული,

ხმელი ნერწყვი, შემზარავი ბედნიერება,

მიბმული ვარ გამუდმებით მოქანავე, სულ ასაშვები“ (29).

ესმა ონიანი პოეტთან ერთად მხატვარიცაა და იცის „ნაზჭერმისფრად“ მანათობელი სამოთხე, საღამო „დამწვარი შაქრისფერი“, „მელნისფერი ბინდი“ – ეს პირველქმნილი სამყაროს აღქმაა, თითქოს პირველყოფილი ადამიანის შეგრძნებების ერთიანობაა, რომლებსაც ძნელად დაერქმევა სახელი, რომლებსაც ის სინკრეტულად გამოხატავდა კიდეც: ცეკვითაც, სიმღერითაც, ხატვითაც. ეს შეგრძნებები როდი შეცვალა ცივილიზაციამ, როგორც „ეს მუქი მზე და მისი სქელი ოქროვანი ჩამოვანება“ (15). სამყაროს მძაფრი, ქაოსური, სინქრონული შეგრძნებებით აღქმა „ფერების ჩუმ ბორძიკად, ფშვინვად, მთვარედ ციმციმებს“. ეს სინთეზი უცნაური სისავსეა, სანამ „სქესად დაყოფის უცნაურ მიწიერებას: შეიგრძნობდა (ჰერმან ჰესეს „ჰერმაფროდიტული სისავსე“) ბუნებასთან შეზრდილი ყოფიერება და იქნებ სიახლოვეც პირველსაწყისთან, რომელიც ასეთივე გამოუთქმელია.

ბავშვობა, დედა, მამა, სიკვდილი – დედის ტკბილი ჩაით „დაპურებები“ და მისი მიღმიერში მადლად წასული ეს რუტინული ღვაწლი („ყვავილოვან ცისფერ ჟორჟეტის კაბით მოჩანს დედა სარკეში“), რომელიც თითქოს გესიზმრა, როგორც ბავშვობა, „მზის ბურუსში ყველაფერი“ – როგორ მოკურცხლავს სადღაც ბავშვი, მისი ნაბიჯების ექო. „ფარდა წითელი შუქით აივსო,/ დედას შევხედე, ისე მომშივდა“, – თითქოს ჩვილის, საერთოს, მიღმიერს ახლად გამოყოფილი არსების შეგრძნებებია, რომელიც ჯერ ისევ ახლოა პირველსაწყისთან. ჩვენი სიცოცხლის ყველაზე ნაღდი ხანა, როცა „ფრიადზე ვწერდი თემებს და… უცოდინრობის მწვავდა სახმილი“ და მისი გახსენება, „გლეხის ბავშვების თითებწაყინულ შიშველ მტევნებით ბეღურასავით აბუზული გამოცხადება“.

მამისა და სიკვდილის განცდა ესმა ონიანთან ერთმანეთს უკავშირდება და ძალიან ემთხვევა ჩემს შეგრძნებებს სწორედ მამაჩემსა და მის გარდაცვალებასთან. მისი პოეტური მხატვრობის სიკვდილის ყვითელი დაემთხვა ჩემი ყვითლის გაცდას, რომელიც ასევე ასოცირდება სიკვდილთან, რომლითაც „სიცოცხლე შვენობს“. „ყოვლისმოცვილი ყვითელი ჩრდილი“, „თოთო სიბავშვით განათებული ყვითელი ელდა“, – იდენტური განცდები ადამიანად ყოფნის ბოლო, მტკივან წუთებზე. მამა, „სუფთა, მხრებამოყრილ ფრინველივით/ დიდი მოწყენით წყლიან თვალებით… დაუცველი სიკვდილისპირა ბავშვის იმედით“ და დიდის სიმარტოვით. მეც ასეთი მახსოვს მამაჩემი მისი სიცოცხლის ბოლოს („შუქი სახეში ყვითლად ჩაქვავებოდა“).

სიკვდილი, „თოხქვეშ მიწის თხელი ხრიალით“, როგორც ისევ გათანაბრება მიღმიერთან, როგორც სიმსუბუქე, გაქრობა და გასინათლება, „უსასრული სიჩქარეა – ერთბაშ-ყოველი“. ისევ გალაკტიონი გვახსენდება: „სიკვდილის გზა არრა არის, ვარდისფერ გზის გარდა“. მიღმიერის დინამიკის, სიცოცხლის მარადიული ბრუნვის ეს განცდა ძალიან დამაიმედებელია ჩემთვის. ეს მოხდება სიცოხლეებისა და სიკვდილების მრავალჯერ გამეორების შემდეგ (ბევრჯერ „ვკვდებით“ და „ვიბადებით“, არა?).

„გასისხამდება სისხლის ამოსხმა,

აბღავლდებიან სოფლის ბატკნები,

საკუთარ სულის მოსახსენებელს

გაკაპასებულ გარჯით დატკეპნის“ („სოფლის სიკვდილი,“ 138).

…და გახსენდება: „სიკვდილი დედა ყოფილა, სიცოცხლე – დედინაცვალი“.

ვიცით, რაც გვიყვარს და რასაც ვტოვებთ:

„იქ ჩაინთქმება მიწად თამაში, ადამიანად,

აყვავებული სასაცილო ხეები და ნაკადულები,

ნიავი, სუნი, შრიალა ქარის ქროლვა-ხალისი,

გაფუყული მოლანდებები,

სიყვარულის მარყუჟით მოქანავე ხორხების შეხრა,

ამ ყოველივეს – ტკბილ თრობით, გაუმაძღრად ვეღარ მოვეშვით…“

(„სვიმონ ბაბუა“, 52)

მაგრამ ამ შუქთა ქარბუქში ანუ „ციდან ცამდე“ არ ვიცით, „თუ იკვირტება ნეტავ იქაც რაიმე ნდომა“.

მხატვრობა, სამყაროს ფერები, ხმები, სუნი – ესმა ონიანის პოეზია მხატვრის ხედვა, აღქმა უფროა. თითქოს ნახატს უყურებ, მხატვრული სახეები ფუნჯის მონასმებია, უნდა დაშორდე, რომ აღიქვა ერთიანობაში ეს უცნაური ფერები („აქა-იქ დამამჩნევს ძეწკვის ბრწყინვა ოქროს სველ ნაკვალევს“; „უნაბისფერი ოთახი“; „ოქრო-ვარდისფერ ლექსში ვეშაპთა მოშავოდ მბზინავი ნაფრცქვენი“; „ძვლისფერი სინათლე“). სუნსაც კი ფერი აქვს: „მონგოლთა ძველი ვარდების ფერი სუნი“, დროს – გამოსახულება: „სარკის ქარებში აორთქლებული სუნამოები“. ფერს კი გემოც აქვს: „კარაქისფერი კამეოს ნუში გულზე დამკვდარი“. თითქოს ამ შეგრძნებების ერთიანობა ცდაა, ჩასწვდე ყოფიერებას.

„აჰა, შენითაც მიბმული ვარ, ფერწერავ – დიდო, ფარულო!

უძლიერესი გამოფურჩქვნით ჩემიდან იძვრი;

მუსიკა? – შენთან შედარებით ანგელოზია,

ის ფარული შრიალია უსხეულო,

სასრულობის უსხეულო სადინრებისა,

ამოვსებული შავი ბუთბუთა ხავერდის ფოთლით, თეთრი ფთილებით“ (34).

მკითხველი გრძნობს, რომ ეს შემოქმედი, უპირველესად, მხატვარია და მერეა პოეტი. მისი პოეზიის ფერებიც საღებავებია, „გამოხმობილა დაპრესილი, ფხვნილიანი მოკვდინებიდან“ ანუ მიღმიერიდან, არყოფნიდან. ყვითელი – „აღგზნებული ზაფრანაა; კვერცხისგულის ამოფენა ნაღვლიანი სადინრებიდან; ინდოეთის ყვითელ ალმურში მანგოს ფოთლებით ნაკვებ ძროხების; ოქროს შროშანებიან (აბრეშუმზე); ფრესკის ფრთაჭრელ ფრთოსნებში“; შავი – არმსტრონგივით „ამოხეთქილ ხახის ვარდებით“; შავისა და სუნის კავშირი; ატმის კურკების, ნაჭუჭების შავი გურგური, გამჭვარტლული ოთახების ლამფის ყელის შავი არშია; ბებიის, ღაბუასა და ღაბაბიანის, შავ-ჭრელი თავშლის ფერი; „ბავშვების შავი პეპლებივით ცეცხლში ჩაფერფლა!“; წითელი – წითლის გრადაცია, რომელიც გაგრძნობინებს, რომ ეს ის ფერია, ყველაზე უკეთ რომ გამოხატავს ყოფიერების ტრაგიზმს, კაეშნიან ვნებას. ესმა ონიანის მეწამულის პრიორიტეტს თუ გავითვალისწინებთ, თავად სიცოცხლის გამოხატვაზე, მისი აღქმის უჩვეულო სიმძაფრეზე, დიდ სიყვარულზეა მისი ლექსები თუ ნახატები. საბჭოურ სინამდვილეში წითლის ასე გაიდუმალება, გარომანტიკულება და არსობის სრულქმნილების, სისავსის გამომხატველად გადაქცევა, უდავოდ, მისი დამსახურებაა. თორემ კომუნისტურ დროშას კი ჰქონდა სისხლისა და ძალადობის ფერი, მართლაც, რომელსაც შემოქმედმა „ცოდვა“ მოსწმინდა და გააკეთილშობილა. „ღვინისფერი ვარდების კონა“, „ენდროს ფესვები… სისხლი მოშივდა… მეწამული ყვავილების დიდი გუნდებით პირის ავსება“; მეწამული ესმა ონიანის ფერია, „ჩამავალ მზეში შეფაკლულ კედლებს“ რომ აქვს, ბავშვობის ოცნებების სიმძაფრის ფერი, ბროწეულის ყვავილების, „აღმოსავლეთის სიმცხუნვარის უცნაური ძალის“ შეგრძნება; ვარდისფერი – ეს იყო წითლის დასაწისი…“ ნაზად ხარობდა… ამოიცნობა ცნობამიხდილი ხსოვნის სიცხადის მოტკბო ვარვარად“; ნარინჯისფერი – „ნარინჯისფერ საღამოს მღვიმეს კვიპაროსების შავის შოლტებით“; ლურჯი – „ჩამობნელებულ ცის რუხ-ლურჯი ღელე მიდის ფანჯრებში“, „ტკბილი სიძველის სიყვითლეს… ლურჯად მოგვბერს“ – ესაა დები იშხნელების მუსიკის ფერი. მათი ხმისა, „დაბზარულ ეშხით“, „დამჭკნარ ვარდების, ტრფობის, ვედრების“.

სამყაროს ხმებიც ერთობლივია: ადამიანის, ბუნების, მუსიკის, – „ნეკნების, გულის, სასულის შერწყმული ხმები/ თბილ ნაკადად მანანას ხმად ტუჩების ხატში, წარბთა რკალში ცხადლივ ამოდის“ და ღვთაებრივი: „მამადავითის დგაფუნი ფრთათა“; მხატვრული სახეები, ტროპები ღრმა თუ ზედაპირული ქვეტექსტებით ერთდროულად. ხოლო სუნის შეგრძნება („რომლის კანქვეშ უცაბედი უფსკრული ქშინავს“) ზოგჯერ ისეთი დახვეწილია და არქაული („სუნი კეთილი – საკრებულო ნეტარ ხსოვნათა“), თითქოს საკმევლისაა, ისევ და ისევ, მყიფე თუ სერიოზული განცდებით, რომ „ყოფის სინათლით გაჭოლილი უყოფნობის ბაღებში ვთვრებით“ (49). იქნებ ეს საკუთარი არასრულყოფილების დაუკმაყოფილებლობით თრობაა?

შეგრძნებათა, ასოციაციათა ფრაგმენტები, რომლებიც აბსტრაქტულ, ავანგარდულ, სხვადასხვა ტექნიკით შესრულებულ ნახატებად ერთიანდება – ფუტკრის „ეჭვიანი სიფიცხე“, „შავი ტყემლები, როგორც ძმის თმები“, „ლაპლაპა ბროწეულების გადაპარსული თავების სხდომა“, ნეფერტიტის ზეთით გაზელილ მუცელზე „ხბოს ნესტოსავით“ მბზინავი ჭიპი – და მას პირობითად შეიძლება დაერქვას: „ვა, სოფელო, რაშიგან ხარ, რას გვაბრუნებ, რა ზნე გჭირსა?“ ან „ჩვენი ცხოვრების გზა სიზმარია“.

ბოლოს ერთად რჩებიან ღმერთი და ადამიანი:

„ღვთისმშობლის თეთრი სტუმრები…

სიყვარულის, ახლობლობის მტვერში არიან“.

ეს კი იგივეა, რაც „ნაწვიმარ სილაში ვარდი“ – ხილულის მიღმა შეფარული უდიდესი საიდუმლო ყოფიერებისა, რომელსაც დაბადებიდან გრძნობ. ის უფაქიზეს, მგრძნობიარე სიმებს ეხება ჩვენი სულისა, მაგრამ როცა გამოხატვაზე მიდგება საქმე, ვერ არქმევ სახელს, არ იცი, რა არის… ამისთვისაა პოეზიაც.

იქნებ მართლა ცოდნით არცოდნაა ჩვენი ცხოვრება? –

„ბრმები ბრეიგელისა და ბრმები მეტერლინკისა შეხვდნენ ერთმანეთს:

„ჰაიტ, თქვე ბრმებო!“ – შესძახეს და განაგრძეს გზები“ (204).

ბრმანი ვართ, ნეტარნი თუ ტრაგიკულნი, ჭეშმარიტად!.. ამას ემატება შეუცნობლის, სიბრძნის, ჭეშმარიტების შემეცნების სიმძიმე და ასე იქცევა პოეზია პროზად ანუ წუთისოფლად, მასში გამკრთალი სრულყოფილის ნამცვრევებით ისე, როგორც ჩამავალი მზე მოლიცლიცე წყლის ზედაპირზე: თვალისმომჭრელიც, დამატყვევებელიც, შემაძრწუნებლად იდუმალიცა და დიდი იმედის მიმანიშნებელიც, როგორც უკვე ხსენებული ღვთისა და ადამიანის ერთიანობა.

ესეც ესმა ონიანის „წუთისოფლის მძივი“.

 

 

ციტატები წიგნიდან „ესმა ონიანი – ისევ მე ვარ?! ისევ მოვსულვარ!” (არტანუჯი, 2021)

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი