ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

ენობრივი პრაქტიკის მეთოდი

კითხვის ეფექტურ მეთოდებს შორის გამოირჩევა ენობრივი პრაქტიკის მეთოდი, რომელიც გულისხმობს მოსწავლეების მიერ შეთხზული ტექსტის თვალსაჩინოდ ჩაწერას და შემდეგ ამ ტექსტზე მუშაობას.

ენობრივი პრაქტიკა წარმოადგენს მთლიანი ენობრივი მიდგომის ერთ-ერთ ფუნდამენტურ მეთოდს და იგი გულისხმობს ტექსტთან მრავალგზის მიტრიალებას და მასზე მრავალმხრივი სამუშაოების დაგეგმვასა და შესრულებას. თავად მეთოდი იმით არის საინტერესო, რომ მოიცავს აზროვნების, მეტყველების, წერისა და კითხვის პროცესებს. ამასთანავე მეთოდი არის ძალიან სახალისო და მოსწავლეები მონდომებით ერთვებიან მასში.

მოცემული მეთოდის სასარგებლო შედეგებს შორის ერთ-ერთი უმთავრესია ნაფიქრსა და დაწერილს შორის კავშირის დამყარება და ტექსტის ძირითადი მახასიათებლების  გააზრება, რაც მოსწავლეს ეხმარება გააცნობიეროს წერა-კითხვის კონცეპტუალური საფუძვლები. კერძოდ: რასაც ვფიქრობთ, შეიძლება, წარმოითქვას, რასაც ვამბობთ, შეიძლება, დაიწეროს.

რაც დაწერილია, შეიძლება, წავიკითხოთ. ანუ, მე შემიძლია, წავიკითხო ის, რაც დავწერე, აგრეთვე ისიც, რაც სხვამ დაწერა ჩემთვის წასაკითხად.

თუ გადავხედავთ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მისაღწევ შედეგებს, აღმოვაჩენთ, რომ ენობრივი პრაქტიკის მეთოდი თითქმის ყველა სასწავლო შედეგის მიღწევაში ეხმარება მოსწავლეს, იქნება ეს ტექსტის კონცეპტების დაუფლება, კითხვის ტექნიკის გაუმჯობესება, ამოცნობილი ლექსიკური ერთეულების მარაგის შევსება და სხვა.

ენობრივი პრაქტიკის მეთოდი ეფექტურად გამოიყენება პირველივე კლასიდან.

ამ მეთოდის განხორციელებისთვის უმჯობესია, მოსწავლეები დაფის გარშემო, მერხების გარეშე, ნახევარ წრეზე დასხდნენ. თუ საკლასო ოთახის რესურსი ამის საშუალებას არ იძლევა, მასწავლებელს შეუძლია მეთოდი ჩვეულებრივად მოწყობილ საკლასო ოთახშიც განახორციელოს.

მასწავლებელმა წინასწარ უნდა მოიმარაგოს დიდი ფორმატის ქაღალდი, მარკერები, თვალსაჩინოება, იქნება ეს ილუსტრაცია თუ სათამაშო, რაიმე ნივთი, რის შესახებაც ბავშვებმა ტექსტი უნდა შექმნან.

ენობრივი პრაქტიკა გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ტექსტის შესაქმნელად.

დამწყები მკითხველები ეცნობიან ტექსტის ისეთ მახასიათებლებს, როგორიცაა სათაური,

აბზაცი, სტრიქონი და ა.შ. იმავდროულად, მოსწავლეებს უვითარდებათ ფანტაზია, ინფორმაციის სტრუქტურირებისა და თხზვის უნარები.

მასწავლებელს უნდა ახსოვდეს, რომ აქტივობის დაწყებამდე მოტივაციის აღძვრა არის საფუძველი იმისა, რომ მოსწავლე შემდგომ ხალისით ჩაერთოს კითხვის პროცესში და აქტიურად შეასრულოს კითხვის სავარჯიშოები.

 

თემის შერჩევა

 -რას აკეთებენ მწერლები? (მასწავლებელი კითხვას უსვამს მოსწავლეებს)

-წერენ…

-რას წერენ?

– ამბავს, ზღაპარს, მოთხრობას, ლექსებს…

– დღეს ჩვენ ვიქნებით მწერლები და ვეცდებით, რომ მოვიგონოთ რაიმე ამბავი. მოიგონებთ რაიმე ამბავს?

კითხვის სწავლების პროცესში არსებითი მნიშვნელობა ენიჭება ტექსტის ავთენტურობას,

მასწავლებელს შეუძლია შესთავაზოს მოსწავლეებს, ისაუბრონ მათთვის საინტერესო, ავთენტურ საკითხზე, სხვადასხვა ნივთზე, საყვარელი საკვების, ფერების, სეზონების შესახებ. სასაუბრო მასალად გამოიყენებს პოსტერებს, დიდ წიგნებს.

მასწავლებელი მოსწავლეებს ეუბნება, რომ ის იქნება ,,კალამი’’, ბავშვები მოიფიქრებენ წინადადებებს, უკარნახებენ და დაფაზე დაწერს.

თავდაპირველად მოსწავლეები მასწავლებელთან ერთად შეარჩევენ და კარნახობენ მოთხრობის სათაურს.

მას შემდეგ, რაც მოსწავლეები და მასწავლებელი შეთანხმდებიან, რის შესახებ აპირებენ წერას, არჩევენ პირველ წინადადებას, რომლის დაწერაც სურთ. თუ ბავშვებს უჭირთ ფრაზების მოფიქრება, სასურველია, პირველი წინადადება მასწავლებელმა შესთავაზოს. შემდეგ მასწავლებელი შეკითხვების მეშვეობით ააქტიურებს მოსწავლეთა წინარე ცოდნას.

მსგავსი დავალებები ერთობლივ ფიქრთან ერთად საინტერესო და სახალისო გამოწვევაა მოსწავლეებისათვის.

ტექსტის შექმნა

 მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, რომ უკარნახონ წინადადებები მოთხრობის შესაქმნელად. მსურველი მოსწავლეები თანმიმდევრობით კარნახობენ მასწავლებელს თითო წინადადებას. მასწავლებელი იმეორებს წინადადებას და წერს დაფაზე.

ერთობლივი წერა წერის სწავლების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური მეთოდია. ეს არის შუალედური რგოლი მასწავლებლის მიერ წერის მოდელირებასა და მოსწავლის მიერ დამოუკიდებლად წერას შორის. წერის მოდელირების დროს მასწავლებელი მოსწავლეების თვალწინ, ყველასთვის თვალსაჩინოდ წერს დაფაზე და თან საუბრობს

საკუთარი მოქმედებების შესახებ. დაკვირვებისა და მოსმენის გზით, მოსწავლეები თანდათანობით აცნობიერებენ წერის ყველაზე მნიშვნელოვან მხარეებს.

ერთობლივი წერის დროს ცალკე ხაზგასასმელია ბავშვების მიერ დაშვებული შეცდომები.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებელმა თავად კი არ შეასწოროს, შეკითხვების დახმარებით მიუთითოს და მისცეს  მოსწავლეს შეცდომის დამოუკიდებლად გამოსწორების საშუალება.

ტექსტის ხმამაღლა წაკითხვა

 კარნახით შედგენილ ტექსტს ჯერ მასწავლებელი უკითხავს მოსწავლეებს, ხოლო შემდეგ უკვე მოსწავლეები კითხულობენ ერთობლივი კითხვის ვარიაციების გამოყენებით.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო გაკვეთილებზე (რამდენიმედღიანი ინტერვალით) მასწავლებელმა აქტიურად გამოიყენოს მოსწავლეების მიერ შექმნილი ტექსტი სხვადასხვა მიზნისთვის. შემდეგ გაკვეთილებზე კვლავ მიუბრუნდეს ტექსტს და ამით მოსწავლეებს მისცეს ტექსტის დამოუკიდებლად აღქმის საშუალება.

ტექსტის წინადადებებად დაშლა და აწყობა

 მომდევნო გაკვეთილისთვის მასწავლებელი გადაწერს მოსწავლეების მიერ შექმნილ ტექსტს დიდი ფორმატის ქაღალდზე და აკრავს მას დაფაზე ნიმუშად. შემდეგ გადაწერილი ტექსტის მეორე ეგზემპლარს დაჭრის წინადადებებად (ზოლებად) და სთხოვს მოსწავლეებს, ააწყონ წინადადებები დაფაზე გაკრული ნიმუშის მიხედვით.

ტექსტის სიტყვებად დაშლა და აწყობა

 მეორე აქტივობა პირველის შედარებით გართულებულ ვარიანტს წარმოადგენს. ამ ეტაპზე ბავშვებს სიტყვებად დანაწევრებული ტექსტის გამთლიანება უწევთ. ისინი შეადარებენ სიტყვების ბარათებს ტექსტის დედანს, რომელიც კვლავ დაფაზეა გაკრული.

მნიშვნელოვანია, რომ ენობრივი პრაქტიკის დროს გამოყენებული სიტყვები მასწავლებელმა სხვა აქტივობებშიც ჩართოს. მაგ: ფონოლოგიურ სავარჯიშოებში, სიტყვების კლასიფიცირებასა თუ ახალი წინადადებების შედგენაში.

მრავალფეროვანი დავალებები

 სასურველია, მოსწავლეებმა თავად დაასურათონ თავიანთი ტექსტი. ამისათვის მასწავლებელი ტექსტს ყოფს მონაკვეთებად და თითოეულ წყვილს ან ჯგუფს აძლევს შესაბამის მონაკვეთს, რათა მათ შექმნან ტექსტის შესაბამისი ილუსტრაცია.

კარგი იქნება თუ მასწავლებელი ბავშვების მიერ ენობრივი პრაქტიკის მეთოდით გამოყენებით შექმნილ ტექსტებს მოგვიანებით შეაგროვებს, გადააწერინებს მათ თაბახის ფურცლებზე, ან თუ წერა არ იციან, თავად დაეხმარება გადაწერაში, დაასურათებინებს და შემდეგ წიგნებად აკინძავს.

ამგვარად, ბავშვებს უკვე ექნებათ საკუთარი წიგნები, რომელიც მათთვის ძვირფასი გახდება, როგორც საკუთარი შრომის შედეგი და ამასთანავე – შემდგომი მოტივაციის წყარო.

სასურველია, ეს წიგნები კლასში გამოიფინოს, მოსწავლეებმა შინ წაიღონ და მშობლებს აჩვენონ, მოეწყოს სკოლაში მათი პრეზენტაცია და ა.შ. ეს მოსწავლეებისთვის დამატებითი მოტივაციის წყარო გახდება.

ენობრივი პრაქტიკის პირველივე კლასიდან გამოყენებით, ჩვენ ერთგვარად ვაბალანსებთ კითხვის სწავლების ტრადიციულ გზასა და ფონეტიკურ ვარჯიშებს და ვაღვივებთ კითხვისადმი, როგორც გაგება-გააზრების პროცესისადმი მოსწავლეების დამოკიდებულებას.

ხაზგასმით აღსანიშნავია მოსწავლის მოტივაცია, როგორც მკითხველის ფორმირების უმნიშვნელოვანესი წყარო. მოტივაციის აღძვრა და შემდეგ მისი მუდმივად შენარჩუნება სწავლის, ამ შემთხვევაში კითხვის პროცესის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია.

გამოყენებული რესურსი:

 

საგანმანათლებლო ვებპორტალი ,,კარგი სკოლა’’- მეთოდური ვიდეოფილმები მასწავლებლებისთვის

https://kargiskola.ge/tech_videos.php?videoid=reading2

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი