შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

რჩევები ლიტერატურული ესესთვის

არც ისე დიდი ხნის წინ ეროვნული გამოცდების ქართულის ტესტში შეტანილმა ცვლილებებმა დიდი ხმაური და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. იყვნენ მომხრეები, რომლებსაც მიაჩნდათ, რომ ტესტი გამარტივდა და დაიხვეწა. მოწინააღმდეგეების აზრით, ორი ტიპის ესეს გაერთიანება აბიტურიენტების დაბნეულობას გამოიწვევდა. ასეც მოხდა, არა მარტო მოსწავლეები, მასწავლებლებიც დავიბენით. ერთმანეთს ვურეკავდით, ვეკითხებოდით, როგორი შეიძლება ყოფილიყო სტრუქტურა, განლაგება, მოცულობა ახალი დავალებისთვის. შეფასების კრიტერიუმებისა და დავალების პირობის გაცნობის შემდეგ ვნებათა ღელვამ იკლო და მუშაობას შევუდექით. გარკვეული გამოცდილებაც დაგროვდა, რომლის გაზიარებაც კოლეგებისთვის, ვფიქრობ, ურიგო არ იქნება.

ესეს წერისას ძირითადი ორიენტირი უნდა იყოს ოთხი კრიტერიუმი, რომლებსაც ყველაზე მაღალი ქულები აქვს. ესენია: პრობლემის აქტუალობა, მხატვრული ტექსტის ანალიზი (5-5 ქულა), ზოგადი განათლება და დამოუკიდებელი აზროვნება (3-3 ქულა).

ეს ესეც, როგორც ყველა სხვა, შედგება შესავალი, შუა და დასკვნითი ნაწილებისგან.

დავიწყოთ საკითხის ზოგადი მიმოხილვით, დავსვათ კითხვა: რატომ არის ყველა დროსა და ეპოქაში აქტუალური მოცემული პრობლემა?

პასუხის შემდეგ მოვიყვანოთ მაგალითები ისტორიიდან, რეალური ცხოვრებიდან, ფილმებიდან, ლიტერატურიდან დასაბამიდან დღემდე (თანამედროვეობას აქ არ შევეხოთ). მოცემული მაგალითებით უნდა დავადასტუროთ, რომ ეს პრობლემა აწუხებდათ ადამიანებს ყველა საუკუნეში მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში. თითო მაგალითის შემდეგ კარგი იქნება შუალედური დასკვნების გამოტანა და მუდმივი აპელირება საკითხის აქტუალობაზე, მაგალითად, ასე: მოცემული ფაქტი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ ადამიანი ემოციური, ინტერაქციული არსებაა და მას მუდმივად აწუხებს სულიერი წონასწორობის დაცვის საკითხი. ასეთი შესავალი მოსწავლეებს საშუალებას მისცემს, ქულები მოიპოვონ როგორც პრობლემის აქტუალობაში, ისე ზოგად განათლებაშიც.

მეორე აბზაცში მიმოვიხილოთ მწერლის ეპოქა, მოღვაწეობის ასპექტები, ვუპასუხოთ კითხვას: რითაა ამ შემოქმედისთვის საინტერესო მოცემული საკითხი?

შესაძლოა, საჭირო გახდეს ბიოგრაფიული დეტალების მოყვანაც. ამის შემდეგ გადავიდეთ ტექსტის ანალიზზე. ამისთვის მოცემული ნაწყვეტიდან მოსწავლეებს მოვანიშნინოთ ციტატები, რომლებიც მიემართება სათაურს (კარგი იქნება, სანამ თემის წერას დავაწყებინებთ, ვამუშაოთ ციტატა/კომენტარის სქემით, რათა მიეჩვიონ კომენტარების წერას და პერიფრაზი არ გამოუვიდეთ). აქვე უნდა მოვიყვანოთ პარალელები ზოგადი განათლებისთვის და შუალედური დასკვნები დამოუკიდებელი აზროვნების კრიტერიუმისთვის. მოცემულ ეპიზოდში შეიძლება საჭირო გახდეს რამდენიმე აბზაცის გამოყოფა.

ბოლოდან მეორე აბზაცში, ვფიქრობთ, უნდა ვისაუბროთ თანამედროვეობაზე, მოვიყვანოთ კონკრეტული მაგალითები, სასურველია სტატისტიკაც, რათა დავადასტუროთ, რომ ეს პრობლემა დღესაც არ კარგავს აქტუალობას. თუმცა შესაძლოა იყოს ისეთი საკითხიც, რომელიც ჩვენს ეპოქაში აღარ არის ისეთი მწვავე. ესეც უნდა აღვნიშნოთ და მაგალითებით დავადასტუროთ.

ბოლო აბზაცი იქნება დასკვნა, სადაც მოკლედ შევაჯამებთ ნააზრევს და წარმოვაჩენთ პრობლემის გადაჭრის ჩვენეულ ხედვას.

ასეთი მიდგომით, ჩვენი ვარაუდით, ესე გამოვა 700-800 სიტყვა, რაც საშუალებას მოგვცემს, სიღრმისეულად მიმოვიხილოთ საკითხი და მაღალი ქულაც დავიმსახუროთ.

ქვემოთ გთავაზობთ წერითი დავალების ნიმუშს, რომელიც, რასაკვირველია, იდეალური არ არის, მაგრამ შეიძლება ერთგვარ ორიენტირად გამოადგეთ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს.

 

შოთა რუსთაველი პოემა „ვეფხისტყაოსანში“ დაგვანახვებს ტარიელისა და ფარსადანის დიდსულოვან დამოკიდებულებას მოღალატე მტრის მიმართ.

იმსჯელეთ, როგორაა წარმოჩენილი მოცემული პრობლემა ტექსტში და რამდენად აქტუალურია იგი დღეს.

 

ადამიანი ეგოცენტრული არსებაა, მას უჭირს თავის სურვილებზე უარის თქმა, კომპრომისზე წასვლა, პატიება. ამიტომაც ხშირია პიროვნებებს, ქვეყნებს შორის დაპირისპირება, რომლის დროსაც მოკვდავები კარგავენ ჰუმანურობას, დიდსულოვნებას და მხეცებად, ტირანებად იქცევიან. ამის მაგალითი მსოფლიომ მრავლად იცის. ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში „ღვთის რისხვად“ წოდებული ჰუნების ბელადი ატილა არბევს ბალკანეთს, ანადგურებს ქალაქებსა თუ სოფლებს. „ჩემი ცხენის ნატერფალზე ბალახიც კი არ უნდა ამოვიდეს“ – ბელადის ეს სიტყვები ნათელი დადასტურებაა ადამიანთა სისასტიკისა და დაუნდობლობისა. მეათე საუკუნეში ბიზანტიის იმპერატორ ბასილი II-ის ბრძანებით 15 ათასი ბულგარელი ტყვე დააბრმავეს. ასეთი გაუგონარი უმოწყალობის გამო მას ბულგართმმუსვრელი (ბულგართმჟლეტი) უწოდეს. როცა ჰუმანიზმის პრობლემას ვეხებით, შეუძლებელია, არ გაგვახსენდეს პირველი და მეორე მსოფლიო ომები – ქვეყნების გლობალური დაპირისპირება, რომელმაც ას მილიონზე მეტი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირა. ეს და მრავალი სხვა ფაქტი მაუწყებელია იმისა, რომ ყველა საუკუნეში აკლიათ ადამიანებს სულგრძელობა, პრობლემა მწვავედ დგას მსოფლიოს ნებისმიერ ხალხთან.

შოთა რუსთაველი მე-12 საუკუნის მოღვაწეა. ეს ის ეპოქაა, როდესაც თამარ მეფის მმართველობით ქვეყანა განვითარების მწვერვალს აღწევს და „ოქროს ხანად“ იწოდება. მიუხედავად ამისა, ამ დროშიც აქტუალური რჩება ისეთი მარადიული ზოგადსაკაცობრიო საკითხები, როგორებიცაა სიყვარული, მეგობრობა, კაცთმოყვარეობა, პატრიოტიზმი, ჰუმანიზმი.

„ვეფხისტყაოსნის“ მოცემულ ეპიზოდში საინტერესოდაა წარმოჩენილი დამარცხებული მოწინააღმდეგის მიმართ ტარიელისა და ფარსადანის დამოკიდებულება. ხატაეთის ბრძოლის შემდეგ გამარჯვებული ამირბარი ხელს არ ახლებს მოსახლეობას:

„მისნი სპანი ყველაკანი დავიპყრენით, არ მოვკლენით“.

ტარიელის გადაწყვეტილება ისევე აოცებს ადამიანს, როგორც ქრისტეს საქციელი. ასეთი მიმტევებელი ხომ მხოლოდ განკაცებული ღმერთია, რომლის სიტყვები: „მამაო, შეუნდევ, რამეთუ არ იციან, რას იქმან“, – სამარადისო გაფრთხილებად უნდა ქცეოდა კაცობრიობას. მაცხოვარი უფალს იმ ადამიანთა შენდობას სთხოვს, რომელთაც ჯვარს გააკრეს, ამით მიტევების საოცარ მაგალითს უტოვებს კაცთა მოდგმას. თუმცა, სამწუხაროდ, მისი მიბაძვის სურვილი იშვიათად უჩნდებათ ადამიანებს. ტარიელი კი ზეადამიანს განასახიერებს, რომელიც ქრისტეს მიემსგავსება. ამას ავტორის დამოკიდებულებაც ცხადყოფს, როდესაც ამბობს, მისი მსგავსი დედამიწაზე არავინ დაიბადებაო:

„მისებრი მართ დაბადებით ვინმცა ყოფილა შობილი“.

ინდოეთის მხედართმთავარი ურყევად ასრულებს ქრისტეს მცნებას: „გიყვარდეს მტერი შენი, ვითარცა მოყვასი“. დიდი მოკრძალებითა და პატისცემით ექცევა ხატაელებს და ამბობს:

„ქვეყანა ჩავსხი, ვუბრძანე: ,,იყვენით თქვენ უკრძალავად,

მზემან არ დაგწვენ, იცოდით, დაგყარენ გაუგვალავად“.

ვფიქრობ, მკითხველთა უმეტესობისთვის ასეთი საქციელი წარმოუდგენელი და დაუჯერებელია. თუმცა საქართველოს ისტორიიდანაც შეიძლება მსგავსი მაგალითების გახსენება. მეათე საუკუნის მოღვაწე თორნიკე ერისთავი ბარდა სკლიაროსის დამარცხების შემდეგ ბრძანებს, ყველა მეომარს თანაბრად დაეხმარონ, რადგან იცის: „ვაჟკაცს რომ ბედი სხვას დაამონებს, დასატანჯავად ისიც ეყოფა“.

ტარიელის მიერ მტრის მიმართ ღირსეული, დიდსულოვანი მოპყრობის შემდეგ, ჩემი აზრით, აღარ არის გასაკვირი ფარსადან მეფის სულგრძელი, შემწყნარებლური ქცევა:

„ტკბილად ნახა ხელმწიფემან, ვითა შვილი სააკვანე“.

ის არა მხოლოდ უმასპინძლდება მოღალატეებს, არამედ საჩუქრებითაც ამკობს მათ:

„მერმე ყველაი დამოსა იგი და მისი ხასია,

შეწყალებული გაგზავნა, უყო რისხვისა ფასია“.

ინდოეთის ხელმწიფე არ ბღალავს რამაზ მეფის ღირსებას და შეწყალებულს, ნაპატიებს აბრუნებს სამშობლოში. ამასთან დაკავშირებით შეიძლება გავიხსენოთ ილია ჭავჭავაძის „ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი“, რომელშიც მთავარი გმირი წაქცეულ ყიზილბაშს ფეხზე წამოაყენებს, ვაჟკაცობას შეუქებს და ამ სიტყვებით გაუშვებს: „შენი თავი შენი ვაჟკაცობისთვის მიპატიებია. ცოდვაა შენი გაფუჭება. წადი და ღმერთმა გზა მშვიდობისა მოგცესო“. ასე იქცევა ნამდვილი ვაჟკაცი – დამარცხებულს არ შეურაცხყოფს, არ ქედმაღლობს.

ტარიელისა და ფარსადანის ჰარმონიულ ურთიერთობაზე მეტყველებს ამ უკანასკნელის კითხვაც, შეუნდონ თუ არა მოღალატე რამაზს. ამირბარის პასუხი ძალიან თავმდაბლურია:

„…ღმერთი ვინათგან შეუნდობს შეცოდებულსა,

უყავით თქვენცა წყალობა მას ღონე-გაცუდებულსა“.

უდავოა, ინდოეთის მმართველი სრულყოფილი ვაჟკაცი, ღირსეული რაინდი, ზნესრული ადამიანია, შეუძლია სხვის ადგილას თავის წარმოდგენა, გააზრებული აქვს წუთისოფლის ცვალებადობა. მან იცის, რომ, თუ დღეს გამარჯვებულის ამპლუაშია, ხვალ შესაძლოა დამარცხებული იყოს. ეს ხაზს უსვამს ტარიელის სულიერ სიმაღლეს, უდიდეს ჰუმანურობას, უნარს „სამოცდაათჯერ შვიდგზის“ მიუტევოს თავის მსგავს ქმნილებას, რათა განკითხვის ჟამს მასაც მიეტევოს.

შოთა რუსთაველი ამგვარად ეხმიანება მოცემულ პრობლემას და ტარიელისა და ფარსადანის სახით დაგვანახვებს იდეალურ ადამიანებს, ღირსების უზენაეს გამოვლინებას.

21-ე საუკუნეში, დროში, რომელშიც უკვე აღარავინ იბრძვის ხმლებითა და ცხენებით, კვლავ აქტუალური რჩება ჰუმანიზმის, მოწინააღმდეგის მიმართ დიდსულოვანი დამოკიდებულების პრობლემა. დღეს ღირსება, სულგრძელობა იშვიათია. სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირებები ვირტუალურ თუ რეალურ სამყაროში თვალსაჩინოა. მიუხედავად დემოკრატიული პრინციპების დამკვიდრებისა, მსოფლიო უფრო ჰუმანური რომ არ გამხდარა, ამას კვლევებიც ადასტურებს – ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში კაცობრიობამ ათ მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლის ფასად გაიარა დაახლოებით ას ორმოცდაათი სამოქალაქო ომი. საქართველოში მომხდარი სალარიძისა და შაქარაშვილის გახმაურებული მკვლელობებიც მოწმობს დღევანდელი ახალგაზრდების ერთმანეთისადმი არაჰუმანურ და დაუნდობელ დამოკიდებულებას. საკითხის სიმწვავეს წარმოაჩენს რუსეთ-უკრაინის ომის დროს განვითარებული მოვლენები.

საბედნიეროდ, დედამიწაზე ჯერ კიდევ არსებობენ ღირსეული, სულგრძელი ადამიანები და მათი საქციელი ამ სასტიკ სამყაროში დიდ აღფრთოვანებას იწვევს. მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ სანტანდერის ტრიატლონის მონაწილე ესპანელი სპორტსმენის დიეგო მენტრიდას საქციელი. მან შეამჩნია, რომ კონკურენტმა შეცდომა დაუშვა. ესპანელი ტრიატლონისტი დაელოდა ინგლისელს, სამართლიანი გამარჯვება დაუთმო მას და ფინიშის ხაზი გადააკვეთინა. უდავოა, ასეთი ადამიანური დამოკიდებულება სპორტში, პოლიტიკასა თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში იდილიურს გახდიდა ჩვენს ყოფას.

საბოლოოდ, რომ შევაჯამოთ, ჰუმანიზმი, დანდობა, პატიება ყველა დროისა და ეროვნების ადამიანთა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ძლიერ, ჯანსაღ საზოგადოებას სწორედ სულგრძელი, კაცთმოყვარე პიროვნებები ქმნიან. ნებისმიერ ქვეყანას სჭირდება ჰუმანური მოქალაქეები, რათა ადამიანზე მორგებული, დემოკრატიული სახელმწიფო შეიქმნას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი