ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

უკრაინული პისანკა – სიკეთის გამარჯვების სიმბოლო

პისანკა – ხელით მოხატული აღდგომის კვერცხი – უკრაინელი ხალხის იდენტობის ნაწილია, ულამაზესი ფერებით, სიმბოლური ორნამენტებით, ლაღი და მამაცი ხალხის ბუნების გამომხატველი და ისტორიის ამსახველი. (სურ.1)

უკრაინული ლეგენდის თანახმად, ვიდრე ამქვეყნად პისანკის მოხატვის ტრადიცია იარსებებს, სიკეთე ბოროტებაზე ყოველთვის გაიმარჯვებს.

დღეს რუსეთის უსამართლო და სასტიკ ომში უკრაინის მხარდასაჭერად სოციალურ ქსელში ნახავთ ამ მოძრაობასაც #pysankyforukraine – რომელიც ოსტატებს მოუწოდებს „კისტკა“ ხელში აიღონ, ტრადიციული სააღდგომო კვერცხები მოხატონ, ნამუშევრების ფოტოები სოციალურ ქსელში გააზიარონ და ამ ჟესტით ომში გამარჯვება უსურვონ უკრაინას და პოზიტიური აზრების და ენერგიის გაგზავნით გაამხნეონ უკრაინელი ხალხი როგორც სამშობლოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

უკრაინული სიტყვა „pysaty“ წერას ნიშნავს, „pysanka“- დაწერილს. პისანკები ბატიკის ტექნიკით იხატება. ულამაზესი ორნამენტების ცვილით „საწერად“ სპეციალურ ინსტრუმენტებს კისტკას (kistka) ან რილცეს (ryl’tse) იყენებენ. ამ იარაღებით კვერცხის ზედაპირზე დახვეწილი და ზუსტი ორნამენტული მოხატულობა იხაზება. შემდეგ ფერებით ღებავენ, დასრულებულ ნახატებს სანთლის ალზე ცვილს აცლიან, ცვილით დაფარული ადგილები საღებავს არ იკარებს, კვერცხის დანარჩენი ნაწილები იღებება და უნიკალური მოხატულობები იქმნება.

უკრაინაში ტრადიციული ხალხური პისანკები  მრავალი საუკუნის განმავლობაში იხატებოდა. პისანკარსტვო (Pysankarstvo – პისანკების წერის ხელოვნება), საკმაოდ კონსერვატიულია, თუმცა მორთულობაში მცირე ცვლილებები დროთა განმავლობაში შეინიშნებოდა, ორნამენტები და ფერები საუკუნეების მანძილზე ვითარდებოდა და იცვლებოდა.

პისანკი საბჭოთა კავშირის დროს აკრძალული იყო, რადგან რეჟიმი სააღდგომო კვერცხების მოხატვას რელიგიურ პრაქტიკად თვლიდა. იმ დროს პისანკარსტვო მოქმედებდა უკრაინის იზოლირებულ რაიონებში – ჩერკასის ოლქში და დასავლეთ უკრაინის მთიან რაიონებში, საბჭოთა უკრაინის დანარჩენი ნაწილიდან კი კომუნისტებმა საფუძვლიანად აღმოფხვრეს.

უკრაინაში პისანკების მოხატვის ტრადიცია 1991 წლიდან კვლავ აღორძინდა, როცა ქვეყანამ რუსეთის რეჟიმისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა.

უკრაინული პისანკების მოხატვის ჩვეულება პრეისტორიული ხანიდან იღებს სათავეს, იმ დროდან, როცა ამოუცნობი ბუნებრივი მოვლენების მიმართ ადამიანის შიშებმა მითები შვა. პირველყოფილი ადამიანისთვის სამყარო, მზე, წელიწადის დროები, დაბადება, სიკვდილი – ამოუხსნელი საიდუმლო იყო.

ძველი ადამიანები კვერცხებს განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე სიმბოლოებით და ფერებით რთავდნენ და მათ სხვადასხვა სოციალურ შეკრებისა და რელიგიური რიტუალის დროს იყენებდნენ, განსაკუთრებით გაზაფხულზე. ადამიანებს სჯეროდათ კვერცხის საკრალური დამცველი ძალის, რომ ის მაგიური თვისებების მატარებელი იყო. კვერცხი სიკეთის მომტან ძვირფას თილისმად ითვლებოდა, რომელიც ბოროტისგან იცავდა მას. ის ასევე სიცოცხლის წყაროდ, მზის, სამყაროს სიმბოლოდ მოიაზრებოდა. თანამედროვე პისანკებს მეგობრებს და საყვარელ ადამიანებს აჩუქებენ და როგორც წესი, ადრესატის პიროვნების შესაფერისად აფორმებენ.

ხალხის რწმენით პისანკა მფარველ ძალას ფლობდა, არა მხოლოდ თავად კვერცხი, არამედ ის სიმბოლური ნახატებიც და ფერებიც, რომლებიც ზედ იხატებოდა, თან განსაკუთრებული წესით, წინასწარგანსაზღვრული რიტუალის მიხედვით.

წინათ პისანკებს ქალები და ახალგაზრდა გოგონები ხატავდნენ. გასაფორმებლად კვერცხებს თურმე დიდი სიფრთხილით არჩევდნენ – მხოლოდ ქათმის პირველ დადებულ კვერცხებს იღებდნენ. მოსახატად ყველაზე გლუვზედაპირიან და საუკეთესო ფორმისას ირჩევდნენ. ხატვის პროცესს კი საიდუმლოდ ინახავდნენ, ავი თვალისგან დაფარულად. წარმართულ დროში პისანკებს ადრე გაზაფხულზე ხატავდნენ, ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ კი აღდგომის წინ ამზადებენ.

ძველი თქმულების თანახმად, უკრაინელ ახალგაზრდა ქალს, რომელიც ბაზრიდან შინ ბრუნდებოდა, დოქით წყალი და კვერცხებით სავსე კალათა თან მიჰქონდა. გზაზე მას ქვაზე მჯდომი მგზავრი შეხვედრია. ქალს შეეცოდა, იფიქრა, ალბათ დაღლილი მოგზაურიაო და მას წყლის დალევა შესთავაზა. როცა უცნობმა მას დოქი დაუბრუნა, ქალი გაოცდა, რადგან მის ხელებზე ჭრილობები შეამჩნია. უცნობს არაფერი უთქვამს, წამოდგა და ქალისგან საპირისპირო გზას გაუდგა. შინ დაბრუნებულმა ქალმა აღმოაჩინა, რომ კალათში მისი კვერცხები ულამაზეს პისანკებად გადაქცეულიყო. მიხვდით ალბათ, უცნობი მგზავრი ქრისტე იყო. მათი შეხვედრა კი აღდგომის დღეს მოხდა.

პისანკების ორნამენტული დიზაინი ძირითადად გეომეტრიული, მცენარეული და ცხოველური ფორმებისგან შედგება. ყველაზე ხშირად სტილიზებული მზის სიმბოლო გვხვდება, რომელიც სხვადასხვა ვარიაციით – სამკუთხედის, გატეხილი ჯვრის, რვაკუთხა ვარდულის ან ვარსკვლავის სახით გამოისახება. ამ ნახატებში უსასრულო ხაზები მარადისობის სიმბოლოა, ცხოველების და ფრინველების ფიგურები კი, როგორიცაა, მაგალითად, ირემი ან მამალი, ნაყოფიერებისა და ძალის გამომხატველია. უკრაინაში ქრისტიანობის შემოსვლის შემდეგ მოხატულობებში ქრისტიანული სიმბოლოები – ჯვარი, თევზი, ეკლესიები – ჩნდება.  (სურ. 2)

პისანკის მოხატულობაში გამოყენებულ ფერებსაც სიმბოლური მნიშვნელობა ჰქონდა. წითელი მზის, სიცოცხლის, სიხარულის სიმბოლოა, ყვითელი სიმდიდრისა და ნაყოფიერების, მწვანე – გაზაფხულის და მცენარეების სიცოცხლის. არც ისე შორეულ წარსულში, ხელოსნები თავად ამზადებდნენ საღებავს, იყენებდნენ ბუნებრივ პროდუქტებს მუხის ან იფნის ქერქს, ვაშლის ხის ყლორტებს, ზაფრანის ან ტირიფის ხის ფოთლებს. დღეს პისანკების მოსახატად  ქიმიური საღებავებს ხმარობენ.

ტრადიციული უკრაინული პისანკის ორნამენტი რეგიონული თავისებურებებით ხასიათდება. კარპატები „პისანკარსტვოს“ ბაზრის ცენტრი ყოფილა და იქაური პისანკების დიზაინი უფრო რთულია, ნახატებში გარეული ცხოველების მოტივები გვხვდება, კოლორიტში კი ნარინჯისფერი და ყვითელი ჭარბობს. პისანკები პოდილიაში სტილიზებული გველის/ Berehynia  მოტივებით და რამდენიმე ფერით – წითელი, ყვითელი და შავი – გამოირჩევა. ვოლინიის პისანკები წითელ-მწვანეშია მოკაზმული. ჩერნიჰივის და სოკალის საყვარელი მოტივები მცენარეებია, დაწყებული მარტივი ყვავილებით, დასრულებული რთული ორნამენტებით. პისანკების ნახატებში ტალღებს კი სამხრეთ უკრაინაში, შავი და აზოვის ზღვების მახლობლად ნახავთ.

როცა ინტერნეტში პისანკების ისტორიის შესახებ ამბებს ვეძებდი და ვაგროვებდი, უკრაინული სააღდგომო კვერცხების ულამაზესმა ფოტოებმა საინტერესო ვებ გვერდზე გადამიყვანა (www.pysanky.info/Traditional_Pysanky/Traditional_Pysanky.htm), სადაც თავმოყრილია მთელი მრავალფეროვნება, ისტორია, ბიბლიოგრაფია ამ უნიკალური ტრადიციის. აქვე ნახავთ ერასტ ბინიაშევსკის მიერ აკვარელით შესრულებულ პისანკის დიზაინების კრებულს, რომელიც 1968 წელს, პატარა წიგნად, მცირე ტირაჟით გამოქვეყნებულა და ძირითადად საზღვარგარეთ გაყიდულა. წიგნის დათვალიერება საიტზე არის შესაძლებელი. (https://www.pysanky.info/Erast_Book/Home.html)

ერასტ ბინიაშევსკი (1928-1996), უკრაინელი ექიმი, ხალხური პისანკით იყო გატაცებული და ამ უნიკალურ ნიმუშებს აგროვებდა, სწავლობდა და იხატავდა. და ეს მთელი მისი ცხოვრების შრომა, უკრაინის სხვადასხვა რეგიონის პისანკების აკვარელით შესრულებული ორიგინალი ნახატები თურმე შემთხვევით იპოვა ერთმა კაცმა ქუჩაში, გარდაცვლილის ბინიდან გადაგდებულ პატარა ჩემოდანში. მან კარგად გააცნობიერა ამ ნახატების ღირებულება, მუზეუმში წაიღო და ასე შეინარჩუნა მომავალი თაობებისთვის, მოგვიანებით კი ეს ნაშრომი წიგნად გამოიცა. (სურ. 3, 4)

პისანკების მართლაც მაგიური ნახატების სტილს თანამედროვე დროში ცვლილებები შეეხო, რადგან ისინი ხელოვნების ობიექტებად გადაიქცნენ. დღეს პისანკებს გასაყიდად ამზადებენ, ან პერსონალური მხატვრული გამოხატვისთვის, და მეტი აქცენტი ინდივიდუალურ ესთეტიკურ შეხედულებებსა თუ ბაზრის მოთხოვნებს არის მორგებული. მაგრამ უძველესი ორნამენტები და მოტივები ისევ არსებობს და გადარჩენილია წიგნებში, მუზეუმებსა და მეხსიერებაში. ბევრი ოსტატი ფესვებს უბრუნდება, და ახალ სიცოცხლეს აძლევს ხალხურ თილისმებს.

ხელოვნების გაკვეთილებზე უკრაინული პისანკების ფოტოები ვიზუალური შთაგონებისთვის და ინტერპრეტაციისთვის შეგვიძლია გამოვიყენოთ. ვთხოვოთ ბავშვებს, დააკვირდნენ ილუსტრაციებს, დეტალებს, სიმბოლურ ფერებს, ორნამენტებს. იფიქრონ, რა მასალაში სურთ ნამუშევრის შესრულება – ფანქარში, აკვარელში, ციფრულ მედიაში, ან იქნებ კოლაჟის ტექნიკას გამოიყენებენ. შეუძლიათ თიხისგან გამოძერწონ კვერცხის ფორმა და შემდეგ მოხატონ. არჩევანში თავისუფლები არიან. ზოგიერთ მოსწავლეს შეიძლება პისანკის ნახატების იმიტაციის შესრულება მოუნდეს, ესეც კარგია დაკვირვებისთვის. (სურ.5)

თუმცა თავისუფალ ინტერპრეტაციებზე ფიქრი და მუშაობა უფრო საინტერესო იქნება, რადგან მიცემულ მასალას გარდასახავენ და საკუთარ შემოქმედებით სტილს მიუსადაგებენ. მოტივები, ფერები შეუძლიათ შეცვალონ და შექმნან საკუთარი სიმბოლისტური ნამუშევარი, ნებისმიერ მედიაში, ფორმატსა და სტილში, როგორც მოისურვებენ.

წყარო:

https://www.pysanky.info/Traditional_Pysanky/Traditional_Pysanky.html

https://www.pysanky.info/Wichorek/Symbolism.html

Pysanka. Ukrainian Easter Traditions

https://www.ukrainianmuseum.org/ex_110326pysanka.html

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი