პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ორფეოსს რომ უკან არ მიეხედა…

დაჩა მარაინის ,,გოგონა და მესიზმრე კაცი”

ბავშვის ერთი ცრემლიც არღვევს სამყაროს ჰარმონიასო, დოსტოევსკიმ. ამ სამყაროში კი ბავშვთა ტრეფიკინგის ცნება არსებობს. ბავშვებით ვაჭრობა ადრეც ძალიან ხშირი იყო და ახლაც აქტუალური თემაა. „ყოველწლიურად მსოფლიოში  ათობით ათასი ბავშვი იკარგება… ვარაუდობენ, რომ ეს ხდება ორგანოებით ვაჭრობის მიზნით ანდა ადამიანის სხეულით მოვაჭრეებს უვარდებიან ხელში”, – წერს დაჩა მარაინი. ადამიანებით, მათ შორის, ბავშვებით ვაჭრობა მონათმფლობელობის უძველესი ეპოქიდან დაიწყო, როცა ადამიანებს, როგორც ნივთებს, ისე ეპყრობოდნენ. ისტორიამ მრავალი მაგალითი იცის იმისა, როცა ბავშვებით ვაჭრობა სახელმწიფო დონეზე იყო დაკანონებული.

რომის იმპერიის ძლიერების ხანაში მამას უფლება ჰქონდა საკუთარი შვილი მონად გაეყიდა, გაყიდულ ბავშვებს პროსტიტუციასა და მათხოვრობას აიძულებდნენ. ბავშვთა ტრეფიკინგის მსხვერპლნი, ძირითადად, ოჯახის მხრიდან ყურადღებას, მზრუნველობას მოკლებული ბავშვები არიან, რომლებიც პრობლემებით სავსე ოჯახებიდან ალალბედზე ქალაქში მიდიან და ტრეფიკიორთა ხელში ხვდებიან. ხშირად კი ბავშვებს, როგორც ზემოთაც ვთქვით, თვითონ მშობლები ყიდიან მერკანტილური მიზნით. რა თქმა უნდა, ეს პრობლემა უმწვავესია მთლიანად მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოშიც, სამწუხაროდ.

ბავშვთა ტრეფიკინგი გავრცელების მასშტაბით, საშიშროების ხარისხითა და არალეგალური სახსრების ოდენობით, ნარკოტიკებითა და იარაღით ვაჭრობის შემდეგ, მესამე ადგილზეა. საქართველოში ამას ღრმა ფესვები აქვს – ვაჟებს მეომარ მამლუქებად, გოგონებს კი ჰარამხანებისათვის ზრდიდნენ და ამ სასტიკ საქმიანობაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი არა მარტო უცხო ჯურისები, არამედ თვითონ ქართველებიც. ძველი ტექნოლოგიების მხოლოდ მოდერნიზება მოხდა, ბავშვებით ვაჭრობის გზით მიღებულმა უზარმაზარმა შემოსავლებმა კი უსასტიკესი წესები დანერგა – მსხვერპლი ბოლომდე გამოიყენება, შემდეგ კი მას, უბრალოდ, როგორც უსარგებლო ნივთს, სანაგვეზე მოისვრიან ხოლმე.

ბავშვი დაუცველი არსებაა და ყოველი ჩვენგანი პასუხისმგებელია მის სიცოცხლესა და ბედზე. დღეს მსოფლიოში არ არსებობს ისეთი სახელმწიფო, რომელშიც ტრეფიკინგი არაა. ამიტომ აუცილებელია, ადამიანები ინფორმირებული იყვნენ იმის შესახებ, თუ რა არის ამ მოვლენის არსი და როგორ უნდა დაიცვან მისგან თავი.

თუნდაც ბავშვთა სექსუალურ ექსპლუატაციას უამრავი რამ უდევს საფუძვლად. მათ შორისაა: სექსუალურ მომსახურებათა მოხმარების გაზრდა; გართობის ინდუსტრიის ჩამოყალიბება; სოციალურ-ეკონომიური პრობლემები; გენდერული უთანასწორობის პრობლემები და ა.შ.

სწორედ ამ უმძიმეს, ერთგვარად ტაბუდადებულ პრობლემაზე საოცარი დელიკატურობით ჰყვება სახელგანთქმული იტალიელი პროზაიკოსი, ჟურნალისტი, პოეტი, დაჩა მარაინი, რომლის შემოქმედება მსოფლიოს მრავალ ენაზეა ნათარგმნი. მწერალს მოპოვებული აქვს არაერთი ეროვნული თუ საერთაშორისო ლიტერატურული პრემია, 2014 წელს კი ნობელის პრემიაზეც იყო წარდგენილი. სამწერლო მოღვაწეობასთან ერთად, დაჩა მარაინი სამოქალაქო აქტივისტიცაა, ქალების, ლტოლვილთა და უმცირესობათა უფლებების დამცველიც, რასიზმისა და ისლამის დემონიზაციის წინააღმდეგ ამხედრებული. მის წიგნში „გოგონა და მესიზმრე კაცი” სწორედ ზემოთქმული პრობლემებია წამოჭრილი და თუ მასზე ადამიანები, ჩვეულებრივ, საუბარს ერიდებიან, დაჩა მარაინი უშიშრად გვიყვება მსოფლიოს ამ დიდი ჭირის პერიპეტიებზე და მხატვრულ ქსოვილში გადააქვს მძიმე რეალობის ამსახველი ნიუანსები.

ამ წიგნს დეტექტიური ჟანრისთვის დამახასიათებელი სიმსუბუქე აქვს, მაგრამ ბოლოს მკითხველი ხვდება, რომ ეს მწერლის ლიტერატურული ოსტატობაა. „დემოკრატია ნიშნავს, გჯეროდეს ქვეყნისა, რომელიც მოქალაქეებისგან შედგება და არა _ ხელქვეითებისგან”, სწორედ ასეთი მოქალაქეა ნაწარმოების მთავარი გმირი, მასწავლებელი ნანი საპიენცა. ბავშვებსაც შთააგონებს, რომ იმ მოცემულობას, რომ დიდს შეუძლია პატარა გასრისოს, არასდროს შეეგუონ.

როგორც მწერალი წერს, აბსოლუტურ ჭეშმარიტებას არსად ასწავლიან, თვით ეკლესიაშიც კი და მისი აღმოჩენა ყოველი ჩვენგანის პრეროგატივაა. სწორედ ამას ასწავლის იგი ბავშვებს, რომლებიც, აღიარებულია, რომ ხშირად გვეხმარებიან ამ ჭეშმარიტების აღმოჩენაში, რადგან მასთან ჩვენზე ახლოს არიან ალღოთი თუ შეურყვნელი სულიერი მდგომარეობით. ბავშვები მართლა უცოდველნი არიან, როგორც რუსოსა თუ ავტორს მიაჩნიათ, თუ სრულყოფილი არაფერია ჩვენს წუთისოფელში? მაგალითად, რიჩარდ ჰაუზი თავის წიგნში „ციკლონი იამაიკაში” გვიხსნის, რომ „ბავშვები ადრეული ასაკიდანვე ატარებენ ყველა ადამიანურ ნაკლს და მათი უმანკოება მდგომარეობს მხოლოდ გასაოცარ სიმყიფეში, რომლის დასაცავადაც იმთავითვე ეუფლებიან დაფარვის, თავის მოჩვენების, თამაშის იშვიათ ხელოვნებას და ოსტატურად მალავენ საკუთარ სისუსტეს”. ასეა თუ ისე, მასწავლებლის დანიშნულებაა, გეზი მისცეს მათ სულიერ თუ შეგნების ზრდას და ეს პროცესი შებრუნებულ სახესაც იღებს – როცა პატარა იქით გამოდის ჩვენთვის ცხოვრების საუკეთესო მასწავლებელი.

„სამართლიანობა არც დანით მიიღწევა, არც ხმლით”, თუმცა მას ჩვენი დიდი ნებისყოფა და ძალისხმევა სჭირდება. ამ განცდის გარეშე სრულყოფილი ვერაა ჩვენი ადამიანურობა და ბოროტ მითს „რაც მე არ მეხება, რა ჩემი საქმეა” სწორედ სამართლიანობის შეგრძნება ამსხვრევს. სწორედ ამას აღვივებს თავის მოსწავლეებში მასწავლებელი საპიენცა, რადგან ბავშვებმა ზოგჯერ „დიდებივით” უნდა იაზროვნონ და მათ ეს ძალიანაც მოსწონთ.

წიგნში ვეცნობით აღმოსავლეთის საროსკიპოში გაყიდულ პატარა ფატიმას, რომლის სიცოცხლის ფეთქვასა და გადარჩენას იმედად გვიტოვებს მწერალი და ბნელი, დახშული სარდაფის ოთახში გამოკეტელ, მოტაცებულ რვა წლის ლუჩიას, რომელიც ყველას გარდაცვლილი ჰგონია, გარდა ნანი საპიენცასი. მას პატარა გოგონა წინასწარმეტყველურ სიზმრებში ესიზმრება, როგორც მისივე ტოლი ლეიკემიით გარდაცვლილი შვილის მეორე „მე”. მასწავლებელიც არ კარგავს იმედს, რომ ლუჩია ცოცხლია და მრავალი წინააღმდეგობის მიუხედავად, დამოუკიდებლად იძიებს სამართალდამცველების მიერ უკვე შეწყვეტილ საქმეს. გოგონა მის სიზმრებში იდუმალია და მისტიკური: „ვფიქრობ, რომ იგივე იერი ჰქონდა ღვთისმშობელს, როცა ლურდის პატარა მწყემს გოგონას გამოეცხადა, თვითონაც ძალიან ახალგაზრდა, დედა-ბავშვს ჰგავდა, ნაზი და მორიდებული, თავზე დახვეული ნაწნავებით, მწყობრი, მიმზიდველი, ფერმკრთალი სახით, შავი, კრიალა, ცნობისმოყვარე თვალებითა და მუხლამდე ცისფერი კაბით. გარგრის ღვთისმშობელი” (228).

საპიენცას დირექტორის არ იყოს, მეც შევფიქრიანდი, როცა რეზო ინანიშვილის ერთ-ერთი მოთხრობის ახსნისას ერთმა ჩემმა მოსწავლემ იუკადრისა – სიკვდილზე სახლში არ მელაპარაკებიანო. „რატომ იწყება ყველა ზღაპარი უწყვეტელ დროში: იყო და არა იყო რა?”, სვამს კითხვას მასწავლებელი ნანი საპიენცა. ჩვენც ვუპასუხოთ, რადგან, მგონია, ეს კითხვა მის მკითხველებსაც გვეხება. ზღაპარში, მართლაც, სიმბოლურ დროში შევდივართ, მაგრამ არა იმიტომ, რომ რეალობას გავექცეთ და როგორც ბუდას ცხოვრებაშია, თვალუწვდენელ კოშკში გამოვკეტოთ პატარები, რომ მათ არ იცოდნენ, რა არის ავადმყოფობა, სიბერე, სიკვდილი. ეს სირაქლემას პოზაა, თავის გაბითურება – განა, ერთ დროს მათთან არ მივა სამივე?! უბრალოდ, ზღაპარმაც და წუთისოფელმაც მათ ტკივილზე გამარჯვება უნდა ასწავლოს, სიკეთის მარადი ძლიერების რწმენა ჩაუნერგოს. ისე დამარცხდებიან. მათ უნდა იცოდნენ თუნდაც „პითაგორული” მორალიც: „შენ თავისუფალი ხარ, თუ გსურს, რომ შემწვარი ქათამი ჭამო და მე თავისუფალი ვარ იმ აზრის გამოთქმაში, რომ საქონლის ხორცის ასეთი გამალებული მოშენება დიდად არ განსხვავდება ნაცისტთა მასობრივი მოსპობის ბანაკებისგან და ცხოველებს მაშინაც, როცა ხოცავენ და ანაწევრებენ ჩვენს სუფრაზე მოსატანად, უფლება აქვთ სიცოცხლეში ხანმოკლე ბედნიერება და თავისუფლება მივანიჭოთ, გალიებში არ გამოვკეტოთ, სწრაფი წესით არ დავასუქოთ და წამლებით არ გავჭყიპოთ, რადგან ხშირად ტუბერკულოზით ავადდებიან… ისე, ალბათ, საჭიროა, ყველამ უყუროს, რა ხდება სასაკლაოზე, რათა გაიზიაროს ცხოველების ტანჯვა, როგორ გულცივად კლავენ მათ ადამიანები, შვილებს დედების წინ, მამებს შვილების წინ“ (313).

ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ სულიერი მოწამეობაც არსებობს, როგორც ამბობს ნაწარმოების ერთი პერსონაჟი, მღვდელი დონ ანტონიო. მათ უნდა იცოდნენ, რომ არსებობს „გარდაცვლილი ადამიანების ფუსფუსა და უაღრესად ჰუმანური საუფლო”, თითქოს სწორედ ეკლესიის, ცისკენ თვალებაპყრობილ, ფერმკრთალ წმინდა ლუჩიას ხელში პატარა ლანგარზე დადებული, მრგვალი, ცისფერი თვალებით („რომელთა გუგები ისე იყურებიან, თითქოს ხედავდნენ და ესმოდეთ კიდეც, თავისგან დამოუკიდებლად” 234), რომლებიც ჩვენ შიგნით იმზირებიან, როგორც ზნეობრივი ორიენტირები; რომ ხანდახან ბრძოლაცაა საჭირო, რომ „ჭირი იქ იყოს და ლხინი – აქ”.

ბავშვებთანაც, ერთობლივად, ჩვენ ისეთი სამყარო უნდა ავაშენოთ, რომელშიც ყველა გოგონა და ბიჭი შეძლებს საკუთარი ბავშვობით – თამაშითა თუ აღმოჩენებით ტკბობას; რომელშიც ისინი ეყვარებათ, პატივს სცემენ, მათ უფლებებს, უსაფრთხოებასა და კეთილდღეობას დაიცავენ, რომელშიც მათ ექნებათ ღირსება და მომავლის რწმენა.

დაბოლოს, რატომ იხედება ორფეოსი უკან? იმიტომ, რომ ნდობა, სიყვარული შეინარჩუნოს.

ზოგადად, განვლილია გასავლელის სიმყარე…

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი