შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

აბოს თავისუფლება

ფიოდორ დოსტოევსკი თავისი რომანის „ძმები კარამაზოვების“ ერთ-ერთ თავში, რომელსაც „კონტრავერსა“ ჰქვია, გვიამბობს აზიაში ისლამის მიმდევართა ტყვეობაში მყოფი „მართლმადიდებელი“ რუსი ჯარისკაცის თავგადასავალს, რომელსაც რჯულის შეცვლა მოსთხოვეს. მან უარი თქვა რელიგიის შეცვლაზე, რის გამოც აწამეს, ბოლოს კი „ტყავი გააძვრეს“ და მოკლეს. რომანის ოდიოზური პერსონაჟი სმერდიაკოვი რუსი ჯარისკაცის ქმედებას დიდ უაზრობას უწოდებს. მიაჩნია, რომ მას სარწმუნოების უარყოფაც არ ჩაეთვლებოდა ცოდვაში, რადგან მწვალებლების მოთხოვნაზე, როგორც კი გაიფიქრებ, ქრისტიანობის უარყოფის შესახებ, წამის მეოთხედიც არ იქნება გასული, რომ უკვე განკვეთილი ხარ, და როგორ უნდა ჩაგეთვალოს ცოდვად იმის უარყოფა, რისი მიმდევარიც უკვე ისედაც არა ხარო. შემდეგ სმერდიაკოვი საუბრობს ადამიანის ურწმუნოების მიზეზზე: როდესაც გაწამებენ, ქრისტიანობის უარყოფას გთხოვენ, გაგახსენდება ქრისტეს სიტყვები: „თუ გექნებათ მდოგვის მარცვლის ოდენა რწმენა, უბრძანებთ ამ მთას: გადაადგილდიო, და ისიც გადაადგილდება, და არაფერი იქნება შეუძლებელი თქვენთვის“. ჰოდა, როდესაც მაწამებდნენ, ვთხოვე მთას გადაადგილდი და დასრისე ჯალათები-მეთქი, მაგრამ ის ადგილიდან არ დაძრულა. როგორ, მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა არა მაქვს? დავუშვათ, მე ურწმუნო ვარ – განაგრძობს სმერდიაკოვი – თქვენ ხომ ხართ მორწმუნე? მაშინ უბრძანეთ აბა მთას, იქნებ გადაადგილდეს… არ გადაადგილდა? მაშინ შენც ურწმუნო ყოფილხარ და რატომ აწამებინებ და აკვლევინებ თავს ჯალათებს? გასაგებია, რომ ამ მსჯელობაში სოფისტური და იეზუიტური ელემენტი ურევია, მაგრამ მოვიტანე მხოლოდ იმიტომ, რომ დამესვა შემდეგი შეკითხვა: რა არის აბოს მთავარი ღირსება, ის, რომ ჭეშმარიტება შეიცნო, თუ ის, რომ თავისუფალი არჩევანი გააკეთა?

იოანეს სახარება ჭეშმარიტების შეცნობასა და თავისუფლებას ერთმანეთთან აკავშირებს: „შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ“. თუმცა კონკრეტულად არც ჭეშმარიტებას განმარტავს და არც თავისუფლებას, თითქოს უსასრულო სივრცეს ტოვებს ინტერპრეტაციისთვის. ყოველთვის გვაფიქრებს პილატეს მიერ ქრისტესთვის ირონიულად დასმული უკიდურესი სკეფსის გამომხატველი შეკითხვა: „რაი არს ჭეშმარიტება?“. ეს შეკითხვა მუდმივად თან სდევს კაცობრიობის ისტორიას. ყველა დროში ადამიანი თავისებურად ცდილობდა ამ შეკითხვისთვის დამაჯერებელი პასუხის გაცემას, მაგრამ ყოველთვის ტრაგიკულ შედეგამდე მიდიოდა, რადგან „საერთო თაყვანისცემის მოთხოვნილების გამო [ადამიანები] ანადგურებდნენ ერთმანეთს. ისინი… ერთმანეთს აიძულებდნენ: ზურგი აქციეთ თქვენს ღმერთებს და თაყვანი ეცით ჩვენს ღმერთებს, თორემ სიკვდილი თქვენც და თქვენს ღმერთებსაცო!“. (ფიოდორ დოსტოევსკი, „ძმები კარამაზოვები“). მთელი ამ ტრაგიკული თავგადასავლის შემდეგ კაცობრიობა მივიდა, ე.წ. რელატივიზმამდე, შენ შეგიძლია მიხვიდე ჭეშმარიტებამდე, მაგრამ ეს ვერ იქნება ობიექტური და საყოველთაო, არამედ ეს იქნება ჭეშმარიტება შენთვის. ადამიანმა სხვის არჩევანსაც პატივი უნდა სცეს, ამას აღიარებს ყველა ცივილიზებული (და ზოგი არაცივილიზებული) ქვეყნის კონსტიტუცია. როგორც ჩანს, ეს ყველაზე საღი მიდგომაა საკითხის მიმართ.

შეძლო თუ არა აბომ ობიექტური ჭეშმარიტების შეცნობა, არ ვიცი. ერთი რამ ცხადია, მან შეძლო გააზრებული და თავისუფალი არჩევანის გაკეთება და ამ ნაბიჯის წყალობით სულის თავისუფლების უდიდესი აქტი განახორციელა. „მოიპოვო ჭეშმარიტი თავისუფლება – ნიშნავს შეხვიდე სულიერ სამყაროში. თავისუფლება სულის თავისუფლებაა… სულიერ სამყაროში შესასვლელად ადამიანმა თავისუფლების გმირობა უნდა შეძლოს“ (ნიკოლოზ ბერდიაევი).

საიდან ვიცით, რომ აბომ შეგნებული არჩევანი გააკეთა? როგორც ჩანს, იგი საკმაოდ შეძლებული ოჯახიდან იყო, კარგი განათლებაც ჰქონდა მიღებული, რადგან „სუნნელთა“ შეზავების საიდუმლო იცოდა, მენელსაცხებლე იყო. მის დროს მოღვაწეობდა ალქიმიის დამაარსებელი, დიდი მეცნიერი ჯაბირ იბნ ჰაიანი (721-815), ლათინურად – გებერი. მას არაფერი აკლდა, მაგრამ მაინც გაბედა და იმ სფეროში დასვა შეკითხვა, რომლის მიმართაც შეკითხვის დასმა უდიდეს მკრეხელობად მიიჩნეოდა. მან თავის რელიგიას (რომლის მოძღვრებითაც აღზარდეს), მამა-პაპის მიერ გადმოცემულ, საუკუნით დამკვიდრებულ და განმტკიცებულ ტრადიციებს დაუსვა კითხვები. ფაქტობრივად, თავისი აზროვნებით საკრალურ სფეროში შეიჭრა და ტაბუ დაარღვია. დაეჭვდა, შემდეგ შეკითხვა დასვა, ბოლოს კი თავისუფალი, შეგნებული არჩევანი გააკეთა. კვლავ ვიმეორებ, კაცთაგან არავინ იცის ეს არჩევანი ობიექტურად სწორი იყო თუ არა, მაგრამ თავისთავად არჩევანია ღირებული. ამ არჩევანით მან თავისუფლება მხოლოდ საკუთარ თავს კი არა, იმდროინდელ ზნეობრივად დაძაბუნებულ და დათრგუნულ ქართულ საზოგადოებასაც მოუტანა. მან შიშის ტყვეობიდან გაათავისუფლა თბილისის მთელი მოსახლეობა. უცნაური პარადოქსია: დამმონებელი ერის შვილმა გაგვათავისუფლა ისე, რომ დღესაც, როცა არაბები საქართველოში აღარ არიან, ამ თავისუფლების სიო ისტორიის ფურცლებიდან ისევ სასიამოვნოდ უბერავს.

აბო 14-15 წლის იყო, როდესაც ქართლის ერისთავ ნერსეს დახმარებით არჩევანის გაკეთება გადაწყვიტა, 17 წლისამ კი არაერთი გაბედული ნაბიჯი გადადგა. შეუძლია დღევანდელ ქართველ თინეიჯერ მოსწავლეს მსგავსი შეკითხვების დასმა, მათზე მსჯელობა და შემდეგ შეგნებული არჩევანის გაკეთება? თუ დამკვიდრებული ტრადიციების ბრმა მიმდევრად რჩება? ავითარებს თანამედროვე პედაგოგი მასში შეკითხვის სწორად დასმის უნარს, თუ უკვე დამკვიდრებული „ჭეშმარიტების“ ბრმად მიღებისკენ უბიძგებს? თუ გაკვეთილზე ძირითადად აბოს მიერ ჭეშმარიტი რელიგიის არჩევაზე ვამახვილებთ ყურადღებას, შეიძლება კლასში იჯდეს ისლამის მიმდევარი მოსწავლე, რომლისთვისაც აბომ ჭეშმარიტება კი არ შეიცნო, მამა-პაპის რჯულს უღალატა. ისლამსაც ჰყავს თავისი აბოები (რწმენისთვის წამებულები). ამიტომ ჭეშმარიტებისკენ გზა თავისუფლებაზე გადის და ვინც ასწავლის, უპირველესად ის უნდა იყოს თავისუფალი. ვასწავლოთ თავისუფლება, ჭეშმარიტებამდე მიყვანა ღმერთს მივანდოთ.

ისე ფიქრი, როგორც ყველა ფიქრობს, მარტივია, საკუთარი ორიგინალური აზრის ქონა რთული. იმის გაკეთება, რასაც უმრავლესობა აკეთებს, მარტივი და კომფორტულია, კრიტიკული აზროვნება, კომფორტის ზონიდან გამოსვლა და ბრძოლით მოპოვებული თავისუფლების რეალიზება – რთული. გაბედულების მაგალითს სწორედ პატარა არაბი ბიჭი აბო გვაძლევს, რომელმაც შეძლო თავისუფალი ყოფილიყო და ასეთი სიტყვები წარმოეთქვა:

„მე პატივსა კაცთაგან არა ვეძიებ“.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი