ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

კომპლექსური დავალება- „დახატე ეპიზოდი და დაასათაურე“

არჩილ სულაკაურის „სალამურას თავგადასავალი“ იმ ნაწარმოებთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც სათაურიდანვე მნიშვნელოვან ინფორმაციას აწვდის მკითხველს. შესაბამისად, დიდია მოსწავლეთა ინტერესი მისი შესწავლის პროცესში.

სასწავლო წლის დასაწყისში აღმოვაჩინე, რომ ჩემს ახალგაცნობილ მეოთხეკლასელებს ძალიან უყვართ ხატვა და გადავწყვიტე, ეს კომპლექსურ დავალებაში გამომეყენებინა.

ნაწარმოების შესწავლამდე ზარზეიმით შევაბრძანე ონლაინკლასში მისი უდიდებულესობა კომპლექსური დავალების ბარათი და გავაცანი მოსწავლეებს.

კომპლექსური დავალება

დახატე  არჩილ სულაკაურის  „სალამურას თავგადასავლის“ ის ეპიზოდი, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონა და შეურჩიე ნახატს სათაური.

ნამუშევრის წარდგენისას ისაუბრე:

  • რით უკავშირდება შენი ნახატი ეპიზოდს, რა მინიშნებები გამოიყენე ნახატის შესაქმნელად.
  • რითია ეს ეპიზოდი შენთვის საინტერესო, რას გახსენებს იგი.
  • რომელი სიტყვა ან სიტყვები მოგეწონა ამ ეპიზოდში ყველაზე მეტად და რატომ.
  • რატომ დაასათაურე ნახატი ამგვარად, როგორ უკავშირდება შენი სათაური მოთხრობის შინაარსს ან მწერლის მთავარ სათქმელს.

 

შემდეგ ვუთხარი:

– იმისთვის, რომ ორიგინალური ნამუშევრები შექმნათ, კარგად უნდა შეისწავლოთ ტექსტი. გვექნება ბევრი სახალისო აქტივობა, დასასრულ, ნამუშევრებს წარადგენს ყველა თქვენგანი და საკლასო ოთახში გამოფენას მოვაწყობთ.

მოსწავლეებს ძალიან მოეწონათ კომპლექსური დავალება და შევუდექით საქმეს.

სამიზნე ცნება – ტექსტი/ზღაპარი

ქვეცნებები: კითხვისა და  წერის სტრატეგიები, პერსონაჟი, ეპიზოდი.

 

საკითხი: ა. სულაკაურის „სალამურას თავგადასავლის“  ეპიზოდსა და მთლიან ტექსტს შორის არსებული შინაარსობრივი მიმართებების წარმოჩენა ხელნაკეთ ნახატზე დაყრდნობით.

საკვანძო კითხვები: როგორ, რა ხერხების გამოყენებით წარმოვაჩინო დახატული ეპიზოდით „სალამურას“ გაგება  და ჩემეული შეფასება?  რატომ ავირჩიე ეს ეპიზოდი? რა ხერხები/სტრატეგიები გამოვიყენე ეპიზოდისთვის სათაურის შესარჩევად?

 

კომპლექსური დავალების დამუშავების ეტაპები, აქტივობები, რესურსები.

 

1-ელი ეტაპი – მოსწავლეებისთვის კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა

 

დავალების მოთხოვნების გაცნობიერება:

  • ახსენით თქვენი სიტყვებით, რას მოითხოვს დავალება.
  • რა ცოდნა-გამოცდილება გამოგადგებათ?
  • რისი შესწავლა დაგჭირდებათ?
  • თქვენი აზრით, რა გაგიადვილდებათ, რა გაგიძნელდებათ?
  • რაში დაგჭირდებათ დახმარება?

 

მე-2 ეტაპი – დავალების  განხორციელება

 

პრაქტიკული რჩევა: ძალიან მნიშვნელოვანია, ყოველი ნაბიჯის განხორციელების დროს მასწავლებელმა კითხვები დასვას არა მხოლოდ დეკლარაციული ცოდნის შესამოწმებლად, არამედ იმგვარად, რომ ის ორიენტირებული იყოს სამიზნე ცოდნის კონსტრუირებაზე, გულისხმობდეს პრაქტიკულ ქმედებას, პროცედურას და თეორიული ცოდნის ცხოვრებისეულ გამოცდილებაში გადატანას.

 

ნაბიჯი 1. რა სტრატეგიები გამოიყენე ტექსტის გასაგებად (ტ. 3);

ა) რა სტრატეგიები გამოიყენე ტექსტის შინაარსის აღმოსაჩენად? ბ) რა სტრატეგიები გამოიყენე უცნობი სიტყვების გასაგებად და ასათვისებლად? გ) რა სტრატეგიები გამოიყენე კითხვაში გასაწაფავად?

სამიზნე ცოდნის (დეკლარაიული, პირობისეული და პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული კითხვები. ქვეცნება: კითხვისა და წერის სტრატეგიები.

  • რას გეუბნება პირველადი მინიშნებები (მაგ., სათაური, ილუსტრაცია) შინაარსის  შესახებ? რით უკავშირდება ისინი შენს ცოდნას?
  • რა იცი ზღაპრის შესახებ?
  • რა მახასიათებელი აქვს ზღაპრებს?
  • კიდევ რომელი ზღაპრები გახსენდება?
  • რას გაგონებს ზღაპრის სათაური „სალამურას თავგადასავალი“?
  • როგორ ფიქრობ, რა მოხდება?
  • რატომ ფიქრობ ასე?
  • რა მინიშნებებს ეყრდნობი?
  • გამართლდა თუ არა შენი მოლოდინი? რამდენად გაითვალისწინე ყველა მინიშნება?
  • რას ნიშნავს სიტყვები:  „მწუხრი“, „ქულაჯა“, „ნაბდის ქუდი“,  „გრიგალი“, „ჰანგი“, „კაბადონი“? სხვანაირად როგორ იტყვი?
  • როგორ გესმის სიტყვები: „გაწბილებული“, „სასოწარკვეთილი“, ,,მოკიაფე’’, შუქმფინარი’’? სად გინახავს მსგავსი სიტყვები?
  • რას ნიშნავს გამოთქმები: „გაყუჩდა“, „ირიჟრაჟებდა“, „სალამურის კვნესა“, „მოშუადღევდა“, „მზე მთებში ჩაესვენა“?
  • როგორ შეადგენ ახალი სიტყვების გამოყენებით წინადადებებს?
  • რატომ არის მნიშვნელოვანი კითხვის დროს სასვენი ნიშნების წინასწარ დანახვა?
  • როგორ დავიცვა პაუზები, როგორ ვმართო ინტონაცია?
  • როგორ გამოვხატო მთხრობელის, პერსონაჟის გრძნობები, ემოციები?
  • როგორ მოვახდინო მსმენელზე შთაბეჭდილება?
  • რამდენად და როგორ მეხმარება სასვენი ნიშნები პაუზების დაცვაში, ინტონაციის შერჩევაში?

 

აქტივობა 1. წინასწარი ვარაუდების გამოთქმა სათაურსა და ილუსტრაციაზე დაყრდნობით.

აქტივობა 2. კითხვა პაუზებით.

რესურსი: ტიპობრივი. აქტ.- სამიზნე ცნება -ტექსტი-.docx – Google Drive

აქტივობა 3. სიტყვებით თამაში.

რესურსი: სიტყვის სკივრი, რომელშიც მოთავსებულია ფერად ბარათებზე დაწერილი ახალი სიტყვები. ერთ მხარეს სიტყვის დასახელება წერია, მეორე მხარეს – ახსნა.

თამაშის ელექტრონული ვერსია: https://www.cram.com/flashcards/games/jewel/–12519386

 

აქტივობა 4. ახალნასწავლი სიტყვების გამოყენებით გავრცობილი წინადადებების შედგენა.

აქტივობა 5. ხმამაღლა გაგრძელებით კითხვა.

 

ნაბიჯი 2. რით უკავშირდება შენი ნახატი ეპიზოდს, რა მინიშნებები  გამოიყენე ნახატის შესაქმნელად (ზღ. 1, ტ. 2);

                                                                                                      

სამიზნე ცოდნის (დეკლარაიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული კითხვები. ქვეცნება: კითხვისა და წერის სტრატეგიები, პერსონაჟები, ეპიზოდები.

 

  • რატომ ერქვა სალამურას ეს სახელი?
  • რას საქმიანობდა? როგორ ეცვა?
  • სად მწყემსავდა სალამურა თავის ჭიამაიებს?
  • რა სარგებლობა მოჰქონდათ გაწვრთნილ ჭიამაიებს ხალხისთვის?
  • მწერლის აზრით, რატომ იყო ამინდის შესახებ ჭიამაიების მოტანილი ამბავი ძველად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ახლაა?
  • რა ძალა ჰქონდა სალამურას სალამურს?
  • რომელი ჰანგი გაისმებოდა ხოლმე ცისკრის სადიდებლის შემდეგ?
  • რა იყო სალამურას მღელვარებისა და ხალხის გაწბილების მიზეზი?
  • სად იპოვა სალამურამ ზარმაცი ჭიამაიები?
  • რატომ ვერ გამოისყიდეს დანაშაული შერცხვენილმა ჭიამაიებმა?
  • რა მოჰყვა ჭიამაიების სიზარმაცეს?
  • რატომ იყო სალამურა დაფიქრებული და სასოწარკვეთილი?
  • როგორ სცადა სალამურამ დარდის გაქარვება?
  • რა მოხდა ტყის პირას მოულოდნელად?
  • ვინ არის ბაია? როგორ გამოიყურება?
  • დაასახელე ბაიას სამი თვისება და დაასაბუთე ტექსტიდან.
  • როგორ აპირებდა ბაია სალამურას დახმარებას?

 

აქტივობა 1. ტექსტის შინაარსთან დაკავშირებული შეკითხვები

აქტივობა 2. თხრობის რუკის შევსება – მოსწავლეები ავსებენ თხრობის რუკას და მასზე დაყრდნობით ზეპირად გადმოსცემენ ტექსტში მოთხრობილ ამბავს.

რესურსი: თხრობის რუკა

მთავარი პერსონაჟები:

სხვა პერსონაჟები:

მოქმედების დრო და ადგილი:
რა მოხდა დასაწყისში შემდეგ რა მოხდა? რით დასრულდა ამბავი?
„ერთხელ…

 

 

„ამის შემდეგ…

 

„ბოლოს…

 

 

აქტივობა 3. პერსონაჟის რუკის შევსება

რესურსი: პერსონაჟის რუკა

 

 

შენიშვნა: ასეთივე რუკას ავსებენ ბაიას პერსონაჟისთვის.

აქტივობა 4.  მოვლენის დაკავშირება მიზეზსა და შედეგთან.

რესურსი: მოვლენა, მიზეზი, შედეგ და ასე შემდეგ. რამდენი მოვლენაც იქნება, იმდენივე მიზეზი და შედეგი უნდა ასახონ მოსწავლეებმა.

აქტივობა 5. გეგმის მიხედვით მოკლე ამბის გადმოცემა.

  • სად იმყოფებიან სალამურა და ბაია და რაზე საუბრობენ?
  • რა არ უნახავს სალამურას? ბაიას?
  • რატომ არ შეეძლო სალამურას ღამის ჰანგის დაკვრა? ვინ დაეხმარა მას?
  • რა ამბავი მოიტანეს ამ დროს ციცინათელებმა?
  • როგორ დაემშვიდობნენ სალამურა და ბაია ერთმანეთს?

ნაბიჯი 3. რითია ეს ეპიზოდი შენთვის საინტერესო, რას გახსენებს იგი (ტ. 1); რომელი სიტყვა ან სიტყვები მოგეწონა ამ ეპიზოდში ყველაზე მეტად და რატომ (ზღ. 3);  რატომ დაასათაურე ნახატი ამგვარად, როგორ უკავშირდება შენი სათაური მოთხრობის  შინაარსს ან მწერლის მთავარ სათქმელს (ზღ. 2. ტ.  1);

 

სამიზნე ცოდნის (დეკლარაიული, პირობისეული, პროცედურული) კონსტრუირებაზე ორიენტირებული კითხვები. ქვეცნება: კითხვისა და წერის სტრატეგიები, ეპიზოდი.

 

  • სად და როდის ხდება მოქმედება?
  • რა მოხდა დასაწყისში, შუაში, ბოლოს?
  • რამდენი მნიშვნელოვანი ეპიზოდი ჩანს?
  • რა ხდება პირველ, მეორე, მესამე, მეოთხე ეპიზოდებში?
  • რა არის ზღაპრის მთავარი სათქმელი?
  • რა გასწავლა სალამურას ამბავმა? რა გაგახსენა პირადი გამოცდილებიდან?
  • რა აქვთ საერთო სალამურას და მეჩონგურეს?
  • რომელი სიტყვა ან სიტყვები მოგეწონა შენ მიერ შერჩეულ ეპიზოდში ყველაზე მეტად და რატომ?
  • რატომ დაასათაურე ნახატი ამგვარად, როგორ უკავშირდება შენი სათაური მოთხრობის შინაარსს, მწერლის მთავარ სათქმელს?

 

აქტივობა  1. ეპიზოდებზე მუშაობა: ანიმაციური ფილმის მოსმენა შეჩერებებით და ეპიზოდების გამოკვეთა.

რესურსი:    ანიმაციური ფილმი:  „სალამურას თავგადასავალი“ (4:00-დან 8:00-მდე)

 

აქტივობა 2. ილუსტრაციების დასათაურება და ეპიზოდების მოკლე აღწერა წერილობით.

რესურსი: ინტერნეტსივრცეში მოძიებული  ილუსტრაციები.

 

აქტივობა 3. მოსწავლეთა მიერ შერჩეული ეპიზოდების დახატვა და დასათაურება.

დავალების  წარდგენის დროს და შემდეგ  დასასმელი მეტაკოგნიტიური ხასიათის კითხვები:

  • რატომ გგონია, რომ შენ მიერ წარმოჩენილი ეპიზოდის ილუსტრაციას შესაბამისი სათაური აქვს?
  • აღწერე, როგორ წარიმართა დავალებაზე მუშაობის პროცესი, რა ნაბიჯები გადადგი, რა თანმიმდევრობით.
  • რა დაბრკოლებებს წაააწყდი დავალებაზე მუშაობის პროცესში? როგორ გადაჭერი? რატომ ვერ გადაჭერი? როგორ მოიქცევი მომავალში მსგავსი პრობლემის გადასაჭრელად?
  • რა გაგიძნელდა, რა გაგიადვილდა? რატომ?
  • მსგავსი ფორმის ან შინაარსის დავალება სხვა დროს თუ შეგისრულებია?
  • მსგავსი  ხერხები/სტრატეგიები გამოგიყენებია?

 

კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა ცხრა  დღე გრძელდებოდა. შედეგმა  მოლოდინს გადააჭარბა. ყველა ნამუშევარი იყო სრულიად განსხვავებული და ორიგინალური.

 

წარდგენის პროცესში მეტაკოგნიტიური ხასიათის კითხვებმა საშუალება მოგვცა, მოსწავლეებს კიდევ ერთხელ სიღრმისეულად გაეაზრებინათ დავალებაზე მუშაობის მთლიანი პროცესი.

მათ ბევრი რამ აღმოაჩინეს თანაკლასელების ნამუშევრების გაცნობის შემდეგ.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დავალების დასრულებისთანავე დასვეს კითხვა:

– ლელა მასწავლებელო, როდის გვექნება შემდეგი კომპლექსური დავალება?

 

დასკვნის მაგიერ: ცხადია, მასწავლებელს შეუძლია, სურვილისამებრ შეცვალოს აქტივობები. თუ კომპლექსური დავალების მოცემული გეგმით განხორციელებას გადაწყვეტთ, შეგიძლიათ გამოიყენოთ რესურსების საბეჭდი ვერსიების ბმული, რომელიც ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომია.

 

სალამურას თავგადასავალი – რესურსები

 

გამოყენებული ლიტერატურა:

. მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა, ანბანის შემდგომი პერიოდის ქართული ენისა და ლიტერატურის გზამკვლევი (შედგენილია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ექსპერტების, თამარ ჯაყელისა და  თინათინ ცერაძის მიერ)

. მე-4 კლასის ქართული ენის სახელმძღვანელო (ავტორები: ნინო გორდელაძე, თინათინ კუხიანიძე)

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი