პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

როგორ დავგეგმოთ მუზეუმში სტუმრობა

მუზეუმში სტუმრობა ბავშვებს მძაფრი შთაბეჭდილებებით ავსებს. შესაძლოა ჯერ ისინი სათანადოდ ვერ აფასებდნენ ექსპონატების მნიშვნელობას, მაგრამ გაივლის დრო და ერთ დღესაც ბრილიანტივით გაიბრწყინებს იქ გატარებული წუთები.

მუზეუმი – ნივთებით წარმოჩენილი ისტორიაა. როცა ბავშვები საკუთარ იდენტობას გაიაზრებენ და ეროვნული თვითშეგნებით აღივსებიან, საკუთარი ქვეყნის ისტორიის ცოდნა დაეხმარება მათ სამყაროს მშვენიერების აღიარებაში.

მუზეუმში სტუმრობა უფრო შთამბეჭდავი და ნაყოფიერი იქნება, თუკი წინასწარ მოვემზადებით. ერთ მშვენიერ დღეს ჩემი შვილები და მათი მეგობრები გამოფენის „სიკვდილი და სიცოცხლე – დიდებული პომპეი“ – სანახავად წავიყვანე. ხშირად მახსენდება ნასტასია არაბულის სტატია, რომელშიც ის მშობლის პრაქტიკას გვიზიარებს. დედა შვილების მეგობრებს ხშირად მასპინძლობდა და მათთვის საინტერესო გარემოს ქმნიდა. მაშინ დავფიქრდი, როგორი მნიშვნელოვანია შვილების მეგობრებზე ზრუნვა. თუკი დრო მაქვს, ვცდილობ, მოზარდები ვირტუალურ სამყაროს მოვწყვიტო და მათთვის შემეცნებითი ტური მოვაწყო.

ვფიქრობ, ჩემი გამოცდილება დაეხმარება მზრუნველ ადამიანებს, გაულამაზონ ბავშვებს ცხოვრება და დღე საინტერესოდ დაგეგმონ.

ცნობისმოყვარეობის აღძვრა

პირველი ნაბიჯი ცნობისმოყვარეობის აღძვრაა. ეს შეიძლება იყოს გამოფენის ან ერთი ექსპონატის შესახებ საუბარი. ჩემი დაკვირვებით, მუზეუმში იმდენად ჭარბი ინფორმაცია ხვდებათ, შესაძლოა დამახსოვრება გაუჭირდეთ და მალე დაიღალონ. ამიტომ მუზეუმში სტუმრობისას მხოლოდ ერთი დარბაზის ან გამოფენის ნახვა დაგეგმეთ. წინასწარ მოიძიეთ ინფორმაცია ექსპონატების შესახებ, შეარჩიეთ რომელიმე მათგანი და მოუყევით მათი ისტორია, დაუსვით კითხვები და თავადაც გაეცით პასუხები. მცირე კვლევისთვის შეგიძლიათ საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოფიციალურ ვებგვერდს ესტუმროთ.

ამბავი პომპეიზე

მუზეუმში წასვლამდე ერთად მოვიძიეთ ინფორმაცია პომპეის შესახებ. 8-12 წლის გოგო-ბიჭებში ვულკან ვეზუვის გამანადგურებელი ამოფრქვევისა და ადამიანების ტრაგიკული აღსასრულის ამბავმა მძაფრი შეგრძნებები აღძრა.

 

შესასვლელი ბილეთები

შესასვლელი ბილეთების შევსება სახალისო აქტივობაა ცნობისმოყვარეობის გაღვივების ეტაპზე. მას მუზეუმში მისვლამდე ავსებენ. შესაძლოა, რამდენიმე კითხვა დაუსვათ ან მხოლოდ ერთი რამ ჰკითხოთ – რა მოლოდინი გაქვს? პასუხი წერილობით უნდა გასცენ. ჩვენ მეტროში გამოვნახეთ დრო, დღიურებში მათ მოლოდინის შესახებ განსხვავებული მოსაზრებები ჩაინიშნეს:

„მე ვფიქრობ, მუზეუმში რომ შევალთ, იქ იქნება ნივთები, რომლებიც იქნება ისტორიით სავსე. ძალიან მაინტერესებს მუზეუმი. არასდროს ვყოფილვარ. ან შეიძლება, ნამყოფიც ვარ და არ მახსოვს“, – ნიკა, 10 წლის

„მე მაქვს მოლოდინი, რომ მუზეუმში ბევრ საინტერესო ნივთს და პატარ-პატარა ქანდაკებას ვნახავთ. იქ მოგვიყვებიან სხვადასხვა ნივთზე“, – მარიამი, 11 წლის

„მე გაქვავებული ადამიანების ნახვის სურვილი მაქვს. ასევე, მინდა, ვიცოდე ლავის შესახებ უფრო მეტი რამ. უჰ, ერთი სული მაქვს როდის მივალთ!“ – თეკლა, 12 წლის

„მე მაქვს მოლოდინი, რომ მუზეუმში იქნება ბევრი ძველი და საინტერესო ნახატის გამოფენა“, – თამარი, 10 წლის.

„მალე მუზეუმს მივუახლოვდებით. დარწმუნებული ვარ, ძალიან საინტერესო იქნება. მატარებლის ლიანდაგის ხმაური ჟღარუნების ჩხრიალს მაგონებს. რას ველოდები? ძველ ნივთებს, ქანდაკებებს…“, – ნია, 12 წლის.

„მე ველოდები ხალხს, ოღონდ გაქვავებულს, და ცხოველებსა და ნივთებს, რომლებიც 79 წლიდან 2021 წლამდე ლავაში იყო. ერთი სული მაქვს, როდის მივალ მუზეუმში“, – გაბრიელი, 8 წლის.

 

3-5 ექსპონატი, რომელიც მოეწონათ

ბავშვებს ვთავაზობ 3-5 ექსპონატის შერჩევას, წარწერების დღიურში გადმოტანას და ჩახატვას. ჯერ საგულდაგულოდ ვათვალიერებთ დარბაზში გამოფენილ ნივთებს, ვუყურებთ სამგანზომილებიან ვიდეოს, ერთმანეთს ვუზიარებთ შთაბეჭდილებებს.

ვაჩვენებ ჩემს მოწონებულ ნივთებს, ვესაუბრები თითოეულის შესახებ. შემდეგ ისინი იწყებენ დამოუკიდებელი არჩევანის გაკეთებას, დგებიან საგამოფენო ვიტრინებთან და გულმოდგინედ ხატავენ.

დღიურები ექსპონატთა სახელებს ინახავენ:

  • ჭრაქის სადგამი, ძაღლის ფორმის აპლიკაცია;
  • ცალყურა ბოთლი, კოვზის (ლოკოკინას, ხამანწკის კვერცხისთვის), სამაჯური;
  • თხელკედლიანი სასმისი, ღუმელი;
  • საწოლის დეკორატიული ელემენტები, ღორის ფორმის ყულაბა.

 

 

მაკდონალდსი

როგორც უკვე აღვნიშნე, ბავშვები მალე იღლებიან. მუზეუმის შემდეგ მათი თხოვნით მაკდონალდსში მივდივართ. გზად რუსთაველის აფორიზმებით, მინიატურებითა და ორნამენტებით გაფორმებულ აბრებს ვაკვირდებით. დროში მოგზაურობა ნაყოფიერი იქნება, თუ თანამედროვე სამყაროსთან ვიმეგობრებთ. თუ ბავშვები იგრძნობენ, რომ უფროსები პატივისცემას გამოხატავენ მათი სურვილებისა და ინტერესების მიმართ, მაშინ ისინი შენს სურვილებსაც ითვალისწინებენ.

გასასვლელი ბილეთები

მაკდონალდსში გრძელ მაგიდასთან მოვკალათდით. ძალების აღდგენის შემდეგ ბავშვებს ვთხოვე გასასვლელი ბილეთების შევსება, რაც შთაბეჭდილებების გაზიარებას გულისხმობდა.

„ჯიპრაიდის“ სასწავლო-მეთოდოლოგიური რესურსების კრებულში არის მზა წინადადებები, რომლებიც უნდა დააბოლოონ. შესაძლოა ამ აქტივობის შეთავაზებაც.

გთავაზობთ აქტივობის მაგალითებს რესურსწიგნიდან:

  • მინდა გავიგო უფრო მეტი …ის შესახებ…
  • ყველაზე მნიშვნელოვანი რამ, რაც დღეს ვისწავლე…
  • მე გამიკვირდა ის, რომ …
  • მე მსურს, რომ…
  • დღევანდელი დღის საუკეთესო ნაწილი …

ბავშვების ნებართვით, გიზიარებთ მათ შთაბეჭდილებებს გასასვლელი ბილეთებიდან:

„უფრო სხვა მოლოდინი მქონდა. არ მეგონა ასეთი მაგარი თუ იქნებოდა“.

„მე მუზეუმში ძალიან საინტერესო და ბევრი ნივთი ვნახე. მაგალითად, არ ველოდი ოქროს ლომის ფიგურას, რომელიც 5-თეთრიანზეა გამოსახული, ასევე, ახალგორში მოპოვებულ განძს“.

„მქონდა მოლოდინები, რომლებიც გამართლდა და მოლოდინები, რომლებიც არ გამართლდა. მაგალითად: სიამოვნებით ვნახავდი შეყვარებულების პატარა გაქვავებულ ძეგლებს, მაგრამ… ვნახე უდიდესი გაქვავებული ადამიანები. I საუკუნეში, როდესაც ვულკანი ამოიფრქვა და ადამიანები გაქვავდნენ, მათ შორის იყვნენ ძაღლები. რომ დავინახე, მათი საცოდაობით დავიწვი. რისი მოლოდინიც არ მქონდა, ისეთი რაღაცებიც ვნახე, მაგალითად: აქსესუარები, ყელსაბამები, ბეჭდები, სამაჯურები…“.

„ეს დღეც მიილია. ძალიან საინტერესო იყო. ვნახე უამრავი რამ. გადავიღეთ ფოტოები, გავერთეთ, ვიცინეთ, ვიხალისეთ, ვისაუბრეთ, ვწერეთ და უკანა გზაზე მაკდონალდსს მოვუახლოვდით, შემოვედით, მივირთვით, ახლა კი ყველა რვეულებს მივჩერებივართ და ვწერთ, თუ როგორი საინტერესო იყო მუზეუმი. მიხარია ასეთი მეგობრები და მასწავლებელი რომ მყავს“.

„ძალიან მომეწონა მუზეუმში. ასეთ მუზეუმში არასდროს ვყოფილვარ. იმდენი საინტერესო რამ იყო, ვერ გადმოვცემ. ვნახე ორი ადამიანი, ერთმანეთს ეხუტებოდნენ, როდესაც ვულკანი ამოიფრქვა. ჩვენ ვნახეთ, როგორ ამოიფრქვა ვულკანი. ამოფრქვევის დროს ერთი ძაღლი დაბმული იყო და შემეცოდა“.

 

აალაპარაკე ექსპონატი

ერთი ექსპონატის ალაპარაკება გასასვლელი ბილეთის ბოლო ნაბიჯი იყო. ამგვარად, ერთი რომელიმე ნივთი ახალ სიცოცხლეს იძენს და ბავშვებისთვისაც დაუვიწყარი ხდება.

 

„გამარჯობა, მე ვარ ძაღლი. ვულკანის ამოფრქვევის დროს დაბმული ვიყავი, გაქცევა ვერ მოვახერხე და შევეწირე ამ უბედურებას“.

„გამარჯობა, მე ვარ გოჭის ფორმის ყულაბა. დღეს ძალიან ბევრი და საინტერესო სტუმარი მყავდა. ჩემს მეგობრებსაც ესტუმრნენ. ყველა რაღაცას იწერდა, კითხულობდა, უყურებდა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ეტყობა მოვეწონეთ მე და ჩემი მეგობრები. ნახვამდის. კიდევ გვესტუმრეთ“.

„გამარჯობა, მე ვარ ჭრაქის სადგამი ბრინჯაო. ჩემზე ადრე რაღაცებს დებდნენ ხოლმე“.

 

„გამარჯობა, მე ჯიხვისთავიანი ტაფა ვარ. მე ბრინჯაოსი ვარ, მაგრამ მე მსხვერპლშეწირვისთვის ვარ. ბევრი შემიწირავს შენც შეგიწირავ“.

 

„გამარჯობა, მე ღორის ფორმის ყულაბა ვარ. მინდა, ისტორია მოგიყვეთ.

ერთი გოგონა, სახელად ალინია იყო ჩემი პატრონი. ჩემი თავი მას მამამისმა აჩუქა დაბადების დღეზე. მას ძალიან გაუხარდა ჩემი დანახვა. იმ დღიდან დაიწყო ფულის შეგროვება, მაგრამ ერთ დღესაც საშინელი ხმაური გავიგონე. მიწისძვრა დაიწყო. ყველა გარეთ გამოცვივდა. ალინიას ჩემი წამოღება არ დავიწყებია. ეზოში ყველა ერთმანეთს ეხუტებოდა, ამხნევებდა… ლავა გვიახლოვდებოდა. ბახ… გაგრძელება არ იქნება“.

 

არ გამართლდა ღორის ფორმის ყულაბის მოლოდინი. ის გადარჩა და ჩვენი წარმოსახვა მისი მეპატრონის შესახებ ამბებს იგონებს, მათი უბედურებით შეძრულები მადლიერებას ვუგზავნით იმისთვის, რომ ასეთი დახვეწილი კულტურა ჰქონდათ და პომპეის აღმოჩენა სიცოცხლის ახლებურ გააზრებაში გვარწმუნებს. მადლიერებასთან ერთად სიბრალულსა და უმწეობის განცდასაც მოვიყოლებთ თან.

მუზეუმში სტუმრობისას ბავშვების ჩანაწერები თქვენთვისაც ძვირფასი გახდება. ისინი კი მოვლენების აღწერას, შემჩნევასა და ფიქრების გასიტყვებას ისწავლიან.

 

სტატიაზე მუშაობისას დღიურში აღმოვაჩინე მუზეუმის ბილეთი, რომლის ქვითარზე დღის მთავარი დეტალები ჩამიწერია:

  • რიგი
  • გაბოს ქურთუკი
  • ფოტოაპარატის ყუთი
  • ძაღლის ჯაჭვი
  • გოეთე
  • ქალბატონი ნინო
  • ვენერა თმას იშრობს
  • იხვი ნილოსიდან
  • გედებიანი ჭრაქი
  • ახალგორის ნამარხი
  • თრიალეთის თასი
  • რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია
  • შოთა რუსთაველი და ამერიკანო

გთავაზობთ, გაეცნოთ სტატიას – ბილეთობანა და ქვითრობანა. მუზეუმში სტუმრობისას ამ აქტივობის გამოყენებაც შეგიძლიათ.

წვრილი შრიფტით წარწერილმა მთავარმა დეტალებმა ბავშვებთან ერთად გატარებული დღე კადრებად გამიცოცხლა. ნოემბრის სუსხიანი დღეებისთვის ჩემი ბიჭისთვის ვეძებდი თბილ ქურთუკს, რომელსაც ელვა გაჰფუჭებოდა. ჩემი თხოვნით, გაბო ქურთუკს მაინც იცვამს, თუმცა, რამდენიმე თვეში 8 წლის ბიჭს ტანი აუყრია და ქურთუკი აღარ ეტევა. მე და ნიკა ჩაცმაში ვეხმარებით, მაგრამ შრომა წყალში გვეყრება და ქურთუკი შუა გზაზე ჯიუტდება. გაბოსა და ქურთუკს ისევ ერთად ვეჯაჯგურებით და სიცილი გვიტყდება. შვილის მეგობართან ერთად სიცილს დღის განწყობად მივიყოლებ. მუზეუმში რიგი გვხვდება. აქ არასდროს გვინახავს ერთად ამდენი ადამიანი. ბილეთებს ვყიდულობთ და ფოტოაპარატის ყუთთან სამახსოვრო სურათს ვიღებთ. ისე ბევრნი ვართ კადრში ჩატევა გვიჭირს და ერთმანეთს ვფარავთ. პირველი შთაბეჭდილება გაქვავებული ძაღლი აღმოჩნდება, რომელსაც ყელზე გამობმულმა ჯაჭვმა თავის დახსნაში შეუშალა ხელი. თვალში მხვდება გოეთეს ფრაზა. რამდენიმე წუთში კი პატარა ქანდაკებას სახელად „ვენერა თმას იშრობს“ დავაკვირდები და ჩემ გვერდით მდგარ ქალს შევნიშნავ. ვენერა ჩემს ლექტორს, ქალბატონ ნინო ფირცხალავას მაპოვნინებს. სწორედ მან შემაყვარა და გამაცნო გოეთე და ინტელექტუალურ რომანში გაბნეული ანტიკური სიმბოლოების მნიშვნელობაზე დამაფიქრა. იხვი ნილოსიდან და გედებიანი ჭრაქი – ნახატებსა თუ ინკრუსტირებულ ნივთებზე გამოსახულ ფრინველებზე დაკვირვება მიყვარს და ჩემს განცდებს ბავშვებსაც ვუზიარებ.

მეშვიდეკლასელები – თეკლა და ნია – თრიალეთის თასს ცნობენ, ქართულის გაკვეთილზე ხშირად ვსაუბრობთ მასზე დატანილი რიტუალის შესახებ. მას პოეზიის წარმოშობას ვუკავშირებთ. აბრაზე ვკითხულობთ – „რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია“. ჩემი ცხოვრების მთავარი საზრისი ყველაზე მეტად ნეოპლატონიზმს ეხმიანება. თუკი გულში სიბნელე ჩამოწვება, როგორ ვიქცევით? – ბავშვების პასუხების მოსმენას არაფერი სჯობს მაშინ, როცა ქალაქში შემოდგომის სუსხიანი საღამოა, ცხელ ამერიკანოს სვამ და ფანჯრიდან შოთა რუსთაველის ძეგლს გაჰყურებ.

თქვენც სცადეთ მთავარი დეტალებისთვის შემოინახეთ დღე. დარწმუნებული ვარ, ფიქრისა და წერის პროცესი თქვენს პატარა მეგობრებს არ გამოეპარებათ. ჩვენი მიზანიც ხომ ეს არის, რომ პირადი მაგალითით ბავშვებს შინაარსიანი ქმედებისკენ ვუბიძგოთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი