პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ახალი დროის ევროპული სკოლები და განათლების სისტემის თავისებურებები

თანამედროვე განათლების სფეროს მოდერნიზაცია და გაუმჯობესება დღეის აქტუალური პრობლემაა. ამ თემაზე საუბრისას არ უნდა დავივიწყოთ ის გამოცდილება, რომელიც საფუძვლად დაედო თანამედროვე განათლების სისტემას.  ძირითად ეს უკავშირდება ახალ დროში  (XVI-XIX ს. დასაწყისი) მომხდარ ცვლილებებს და განათლების სისტემის ახლებურ ორგანიზაციას. ახალი დროის განათლების სისტემის  მაგალითზე   შეგვიძლია თვალი გავადევნოთ საგანმანათლებლო მეთოდების ცვლას, დავინახოთ, რა გავლენას ახდენდა სახელმწიფო და სხვადასხვა პოლიტიკური, სოციალური თუ სასულიერო სისტემა სასკოლო განათლებაზე და როგორ იკვლევდა გზას თანამედროვე მიდგომები.

თავად ცნება „ახალი დრო“ პირობითი ცნებაა. ის თავის თავში მოიცავს არამარტო განსაზღვრულ დროით ჩარჩოს, არამედ აზროვნების პრინციპულად ახალ დონეს, ახალ შეხედულებას მსოფლიოზე, კულტურაზე და განათლებაზე. ესაა ისტორიული ეპოქა, მოქცეული შუა საუკუნეებსა და უახლოეს პერიოდს შორის, რომლის დასაწყისად ითვლება დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები და დასასრულად კი – პირველი მსოფლიო ომი. „ახალ დროში“ ევროპა მსოფლიოს არამარტო პოლიტიკური ცენტრი გახდა, არამედ მან თავისი ინტელექტუალური გავლენაც გაავრცელა სხვა ქვეყნებსა და ხალხზე, და რეალური კვალი დატოვა განათლების სისტემის განვითარებაზე.

ასეთი „დროითი ცვლილებებით“ და შესაბამისი  პრიორიტეტების გამოყოფით განათლების სისტემის განვითარება შეგვიძლია ცალკეული პერიოდებადაც დავყოთ:

  • XVII – XVIIII საუკუნეები;
  • XVIII- საუკუნის ბოლო – XIX საუკუნის ბოლო;
  • XIX საუკუნის ბოლო – თანამედროვე ეპოქა.

სასწავლო დაწესებულებები XVI-XVII საუკუნეების ევროპაში: განათლების სისტემის განვითარების გზაზე პირველი სერიოზული ძვრები ევროპაში XVI საუკუნეში დაიწყო. ამ დროისათვის სასწავლო დაწესებულებები მკაფიოდ იყო კლასიფიცირებული და მოიცავდა ელემენტარულ, ზოგად და უმაღლეს განათლებას. ეს ის პერიოდია, როდესაც ასპარეზზე გამოდიან რეფორმაციის ავტორები და იწყება მნიშვნელოვანი ცვლილებების ეპოქა. ამ მოძრაობის ავტორებს (უპირველესად მარტინ ლუთერს, რომელმაც დიდი როლი შეასრულა დაწყებითი და უმაღლესი ლათინური სკოლების ფორმირებაში) კარგად ესმოდათ დაწყებითი განათლების მნიშვნელობა, მოსახლეობაში წერა-კითხვის გავრცელების აუცილებლობა. კათოლიკური ევროპის წიაღში მიმდინარე ცვლილებები კი მათ შესაძლებლობას აძლევდა, მოსახლეობაში თავიანთი სიტყვა ფართოდ გაევრცელებინათ. XVI საუკუნემდე ფაქტობრივად არ არსებობდა სასწავლო სახელმძღვანელოებიც, მაგრამ რეფორმაციის ხანაში გაჩნდა ცალკეული სახელმძღვანელოებიც (ე.წ. „პატარა კატეხიზმოები“). თუმცა ეს საკმარისი არ იყო. წერა-კითხვის გავრცელების მიმართ ასეთი დამოკიდებულება და ზოგადად, ელემენტარული (დაწყებითი) სკოლის მოწყობის საკითხი კათოლიკეებსა და პროტესტანტებს შორის შეჯიბრების საგანიც კი ხდებოდა, რასაც ორივე ტიპის (პროტესტანტული და კათოლიკური) სასწავლებლების რიცხვის ზრდა და სწავლის შინაარსისა და ფორმის გადახედვა მოსდევდა:

  • პროტესტანტული, ყველაზე დაბალ საფეხურზე მდგომი საქალაქო სკოლები განკუთვნილი იყო 5-დან 11-12 წლამდე ასაკის ღარიბი მოქალაქეებისა და გლეხებისთვის. გოგონები და ვაჟები ცალ-ცალკე სწავლობდნენ. სასწავლო დაწესებულებას ჰქონდა წესდება, სასწავლო გეგმა, ისწავლებოდა „მარტივი კატეხიზმო“, ლათინური და გალობა. კურსი 3 კლასს მოიცავდა, დამატებით შეისწავლებოდა ძველბერძნული ენაც;
  • მსხვილი პროტესტანტული საჯარო სკოლა შექმნა ი. აგრიკოლამ ეისლებენში, სადაც მან გერმანულ ენაზე შედგენილ „სასკოლო კატეხიზმოს“ დაუმატა საეკლესიო გალობა, ლათინური გრამატიკა და ლიტერატურა, ძველბერძენ ავტორთა შესწავლა და საუბრები „ამქვეყნიურ თემებზე“. საუბარი მიმდინარეობდა, მაგალითად, მევენახეობაზე, მეფრინველეობაზე, ქორწინებაზე, ჰიგიენაზე, ეტიკეტზე, თეატრზე და ა.შ. შემდეგში პროგრამა გაართულეს, მელანქტონმა დაამატა ძველბერძნულისა და ძველი ებრაულის შესწავლაც, ბერძნულ-რომაული ლიტერატურის (ტერნეციუსი, ეზოპე და სხვ.) აქტიური შესწავლა, ასევე გრამატიკის შესწავლა ეტაპების მიხედვით და სხვ.
  • კათოლიკე ბავშვები დაწყებით განათლებას იღებდნენ მსგავსი ტიპის, მაგრამ მაინც სხვა სასწავლებლებში, რომელთა პროგრამაში შედიოდა წერა-კითხვის სწავლა, ანგარიში და საეკლესიო გალობა. ზოგადად, რომაულ-კათოლიკური ეკლესია დაწყებით საფეხურზე სწავლის ორგანიზების მხრივ ჩამორჩებოდა პროტესტანტულს. მდგომარეობის გამოსასწორებლად, ტრიენტის საეკლესიო კრებამ გაითვალისწინა არსებული მდგომარეობა და გადაწყვიტა, გაეხსნა კათოლიკური საკვირაო სკოლები დაბალი ფენის წარმომადგენლებისათვის. აქ ძირითადად ისწავლებოდა კითხვა და მოსწავლეები აქტიურად შეისწავლიდნენ ბიბლიას.

ასეთი „შეჯიბრობითობის“ წყალობით განათლების განვითარების გზაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა: თანდათანობით დაწყებითი სკოლები (როგორც პროტესტანტული, ასევე კათოლიკური) გამრავლდნენ, თუმცა მათ ხშირად ცალკე შენობა არც ჰქონდათ და სახლიდან-სახლში გადადიოდნენ. ყველა მოსწავლე ერთად ესწრებოდა გაკვეთილს. XVII საუკუნის პირველ ნახევარში  სკოლებში უკვე ცალკე გამოჰყვეს კლასები, სადაც დონეების მიხედვით ამზადებდნენ მოსწავლეებს.

რაც შეეხება სწავლების მეთოდიკას, ცნობილია, რომ აქტიურად იყენებდნენ ფიზიკურ დასჯას (თუმცა სკოლებში ფიზიკურ აღზრდას არ აქცევდნენ ყურადღებას) და ცალკეული სიტყვების დაზეპირებას. XVII საუკუნიდან გადავიდნენ კონკრეტული ასო-ბგერების შესწავლაზე, დამარცვლაზე, გაჩნდა სასკოლო დაფები და საწერ-კალამი (XV საუკუნის შუა ხანებიდან ევროპაში რომაული ციფრები შეცვალეს არაბულით, ანგარიშის შესასწავლად იყენებდნენ კუბიკებს და სპეციალურ ჟეტონებს).

დაწყებით განათლებაზე შედარებით დიდი მოთხოვნილება იყო ქალაქებში (სოფელ ადგილებში კი მდგომარეობა დიდად არ შეცვლილა), რის გამოც გაიზარდა საქალაქო სკოლების რიცხვი კიდეც და თანდათან ეკლესიის დაქვემდებარებიდან ადგილობრივი და სახელმწიფო ხელისუფლების დაქვემდებარებაშიც გადავიდნენ. ამ სკოლების გვერდით გვხვდებოდა შედარებით მაღალი კვალიფიკაციის მქონე სხვა დაწესებულებებიც: გიმნაზიები, სახალხო (საჯარო) სკოლები, გრამატიკული სკოლები, კოლეჯები, სასახლესთან არსებული სკოლები და იეზუიტთა სკოლებიც.

  • სახალხო სკოლები პირველად დაარსდა ინგლისში XIV საუკუნის ბოლოსა და XV საუკუნის პირველ ნახევარში (ვინჩესტერში, 1387 წ. და იტონში, 1449 წ.). სკოლები კერძო შემოწირულობების ანდა სამეფოს სუფსიდირების საფუძველზე არსებობდა. ძირითადად სწავლობდნენ შეძლებული ოჯახის შვილები, რომელთაც შეეძლოთ მაღალი გადასახადების გადახდა. 1512 წელს ჯ. კოლეტმა ერაზმ როტერდამელის მონაწილეობით შექმნა ლონდონის საჯარო სკოლა. მის პროგრამას ეწოდებოდა „კატეხიზმო ინგლისურ ენაზე წარმატებული სტუდენტებისთვის, რომლებიც სწავლობენ კლასიკურ ლათინურსა და ბერძნულ ლიტერატურას“.
  • კოლეჯები – XV საუკუნის საფრანგეთში ნანტისა და სორბონის უნივერსიტეტებთან დაარსდა. კოლეჯის სისტემის დაფუძნება მიეწერება, ერთი მხრივ, კარდინალ დ´ესტუვილს, და მეორე მხრივ, ადმირალ კოლინს – ჰუგენოტების ლიდერს. კოლეჯი წარმატებული სისტემა აღმოჩნდა და მალე მისი სტუდენტების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. 1627 წლისთვის ჩრდილოეთი საფრანგეთის კოლეჯებში 25000 სტუდენტი სწავლობდა. კოლეჯებში შეისწავლიდნენ ლათინურ ენასა და ლიტერატურას, სტუდენტები ორჯერ წერდნენ თვეში თხზულებას, ხოლო არდადეგების დროს ემზადებოდნენ კლასიკურ ლიტერატურაში შემაჯამებელი თხზულების დასაწერად. რელიგიის სწავლება ძირითად სასწავლო კურსში არ შედიოდა, თუმცა სტუდენტებს ოთხშაბათს და კვირას შეეძლოთ რელიგიურ რიტუალებზე დასწრება და ამიტომ ეს დღეები თავისუფალი ჰქონდათ.
  • სასახლესთან არსებული სკოლები – ფართოდ იყო გავრცელებული XV-XVII საუკუნეების ევროპაში. მასში ძირითადად არისტოკრატთა შვილები სწავლობდნენ და ემზადებოდნენ სახელმწიფო, სამხედრო და საეკლესიო სფეროში დასასაქმებლად.
  • იეზუიტების სკოლები – XVI-XVII საუკუნეებში ძალიან პოპულარული იყო. იეზუიტები მიისწრაფოდნენ „აღეზარდათ“ ზედაფენები და ამგვარად მოეხდინათ გავლენა ევროპული საზოგადოების პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე. იეზუიტთა სკოლებში აღიზარდნენ ისეთი სწავლულები, მწერლები, ფილოსოფოსები და პოლიტიკოსები, როგორებიც იყვნენ: რ. დეკარტი, პ. კორნელი, ჟ.ბ. მოლიერი და სხვ. თუმცა მოგვიანებით, სწავლების მათეული მიდგომები გააკრიტიკეს ვოლტერმა, გ. ლეიბნიცმა და სხვ. მოაზროვნეებმა.
  • უნივერსიტეტები – პროტესტანტებისა და იეზუიტების (studia superiora) მიერ აქტიურად იყო ხელშეწყობილი. აქ შეისწავლიდნენ ფილოსოფიას (შესწავლის საფუძველს წარმოადგენდა არისტოტელიზმი კათოლიკური ინტერპრეტაციით) და თეოლოგიას, ასევე გარკვეულ ყურადღებას უთმობდნენ მათემატიკას, გეომეტრიას და გეოგრაფიას. უნივერსიტეტის სტუდენტთა რიცხვი ყოველწლიურად იზრდებოდა. ზოგიერთ უნივერსიტეტში, მაგალითად, XVII საუკუნის სალამანკის უნივერსიტეტში (ესპანეთი) ყოველწლიურად 6 ათას სტუდენტზე მეტი სწავლობდა. გერმანიის ტერიტორიაზეც 7 უნივერსიტეტი იყო, რომელსაც ვატიკანი აკონტროლებდა და ძირითადად სქოლასტიკურ ტრადიციებს ინარჩუნებდა.

ფაქტობრივად ახალ დროში, XVII-XVIII საუკუნეებში, განათლების სისტემა მნიშვნელოვნად შეიცვალა და გაცილებით სრულყოფილი გახდა, მაგრამ XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე თვალნათელი გახდა, რომ განათლების შინაარსი, მიუხედავად ასეთი ცალკეული ცვლილებებისა და მიდგომებისა, ერთიანობაში ვერ პასუხობდა დროის მოთხოვნებს. სასკოლო განათლება ძირითადად მაღალი ფენებისთვის იყო ხელმისაწვდომი, დიდი იყო განსხვავება ქალთა და ვაჟთა სასკოლო სისტემაში ჩართვის თვალსაზრისითაც (წიგნიერი ქალების რაოდენობა მამაკაცების ამავე მაჩვენებლის მესამედს შეადგენდა). და ცვლილებებიც სწრაფად დაიწყო, რომელიც გულისხმობდა:

  • ბიურგერული სკოლების ფართოდ გავრცელებას;
  • ახალი დროის მოთხოვნების შესაბამისი რეალური (დაწყებითი სკოლა) სკოლების გახსნას;
  • გიმნაზიების ქსელის გაფართოებას და მათი როლის განსაზღვრას.

 

კომპლექსურად, მიმდინარე ცვლილებები გამოიხატებოდა შემდეგში:

  1. საყოველთაო განათლებისკენ და საყოველთაო წიგნიერებისკენ სწრაფვაში, რაც ხელს უწყობდა საჯარო და დაწყებითი სკოლის განვითარებას. ეს გამოწვეული იყო მთელი რიგი ფაქტორებით, მათ შორის უმთავრესად მაინც რჩებოდა ყველა ადამიანის მიერ, ვინც პროტესტანტულ ქვეყანაში ცხოვრობდა, ბიბლიის წაკითხვის უნარი. ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ პროტესტანტულ ქვეყნებში წერა-კითხვის მცოდნეთა რიცხვი სხვებთან შედარებით გაცილებით მაღალი იყო;
  2. წიგნიერების გავრცელებაში (ოჯახში განათლების მიღების ტრადიციასთან ერთად რელიგიური ორგანიზაციების აქტიური ჩართულობა), მაგალითად, საფრანგეთში ძალიან ცნობილი იყო „ქრისტიანი ძმების სკოლა“, რომელსაც ხელმძღვანელობდა ჟან-ბატისტ დე ლა სალი. აქ სწავლება მიმდინარეობდა მშობლიურ ენაზე. გამოიყენებოდა იმ დროისათვის მოწინავე მეთოდები, განათლება მჭიდროდ იყო დაკავშირებული აღზრდასთან, სკოლაში ფაქტობრივად არ არსებობდა დასჯის მეთოდები. ბევრი მშობელი ცდილობდა, ასეთ სკოლაში აღეზარდა თავისი შვილი, ამიტომ კლასების რიცხვი სწრაფად იზრდებოდა და XVIII საუკუნის ბოლოს „ძმებს“ ჰყავდათ 441 კლასი, სადაც 130000-ზე მეტი მოსწავლე სწავლობდა;
  3. დაწყებითი სასკოლო განათლების მართვაში სახელმწიფოს როლის გაზრდაში და ამის შესაბამისად საყოველთაო დაწყებითი განათლების ორგანიზების მცდელობაში, მაგალითად, პირველი დადგენილებები დაწყებითი განათლების შესახებ გერმანიაში მიიღეს (1619 წ. დადგენილებები), შემდეგ პრუსიაში (1717 წლის დადგენილება საყოველთაო განათლების შესახებ), XVIII საუკუნეში კი ანალოგიური კანონები სხვა გერმანულმა სახელმწიფოებმაც მიიღეს (მათ შორის ავსტრიამაც);
  4. სწავლებაში ლათინური ენის ჩანაცვლებაში ნაციონალური ენით;
  5. დაწყებით განათლებაში სწავლების შინაარსის გართულებაში: ტრადიციული საგნები დაწყებით კლასებში ასე გამოიყურებოდა: კითხვა, წერა, ანგარიში, სიმღერა და გალობა. თუმცა ბევრმა სკოლამ სცადა ჩარჩოების გაფართოება. მაგალითად, გოთი დიდებულებების ერთ-ერთ დადგენილებაში მითითებული იყო, რომ მოსწავლეები შეისწავლიდნენ წერას, კითხვას, ხატვას, „სხვადასხვა სასარგებლო, კერძოდ საბუნებისმეტყველო, ასევე უმაღლესი ფენისთვის სასარგებლო საკითხებს“. ასეთ სკოლებში ასწავლიდნენ ზოგადად ადამიანის აგებულებას, ბუნების მოვლენებს, სახელმწიფო კანონებს, საშინაო მეურნეობის საკითხებს და სხვ.
  6. განმავითარებელ სწავლებაზე დაფუძნებული სისტემის შექმნის მცდელობაში (მაგალითად, ეს ტენდენცია შეიმჩნეოდა „ქრისტიანი ძმების სკოლაში“), ამავე პერიოდში, XVIII საუკუნის ბოლოს, დაიწყო ი. პესტალოცის პრაქტიკული და თეორიული მოღვაწეობა ახალი ტიპის საჯარო („დაწყებითი“) სკოლის შესაქმნელად.

თითოეულ ამ ასპექტთან მიმართებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ სხვადასხვა ტიპის სკოლები:

  • საქალაქო/ბიუგერული სკოლები, რომლებიც ევროპის ბევრ ქვეყანაში არსებობდა და განათლებას აძლევდა ქალაქის მცხოვრებლებს. ამ სკოლებში განათლების დონე გაცილებით მაღალი იყო, ვიდრე საჯარო სკოლებში. სწავლის ხანგრძლივობაც მეტი იყო (6-8 წელი) და უფრო ფართო პროგრამითაც სწავლობდნენ. XVII საუკუნეში საქალაქო სკოლებში სწავლება უკვე მშობლიურ, ნაციონალურ ენაზე მიმდინარეობდა.
  • ე.წ. „რეალური სასწავლებლები“, რომლებიც აღმოცენდა ქალაქის საშუალო ფენის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად. მათ გაუჩნდათ მისწრაფება, დაუფლებოდნენ უფრო მაღალი დონის განათლებას. პირველი „რეალური სასწავლებელი“ გაიხსნა 1708 წელს ჰალეში (კ.ზემლერის თაოსნობით) და ეწოდებოდა „მათემატიკური, მექანიკური და ეკონომიკური რეალური სკოლა“, თუმცა მას დიდხანს არ უარსებია.
  • გაცილებით სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა იოჰან ჰეკერის (1707-1768) მიერ გახსნილი სკოლა ბერლინში – ე.წ. „ეკონომიკურ-მათემატიკური რეალური სკოლა“, რომელშიც გარკვეულწილად შენარჩუნებული იყო გიმნაზიის პროგრამა, მაგრამ ძირითადი ყურადღება ექცეოდა საბუნებისმეტყველო საგნების და მათემატიკის (მათ შორის იყო პრაქტიკული არითმეტიკა და თეორიულ-პრაქტიკული გეომეტრია) სწავლებას, ასევე ისწავლებოდა ახალი კურსებიც – ოპტიკა, ფორტიფიკაცია, არქიტექტურა, კოსმოგრაფია, მექანიკა და სხვ. დიდი ადგილი ეთმობოდა პრაქტიკულ საქმიანობასაც, ანუ ადგილზე, სახელოსნოებში სწავლებას. ასევე ფართოდ გამოიყენებოდა ვიზუალური მასალა, ქმნიდნენ კოლექციებს ბუნების სწავლებისთვის, ასევე ვიზუალურ მასალებს ხელოსნობის მიმართულებით და სხვ.

მალე „რეალური სასწავლებლები“ აქტიურად იხსნებოდა გერმანიისა და მთელი ევროპის მასშტაბით. თუმცა XIX საუკუნის შუა ხანებში ისინი ნელ-ნელა დაიხურა, რადგან კურსდამთავრებულებს არ იღებდნენ უნივერსიტეტებში, ანდა სულაც კონკრეტულ ფაკულტეტებზე და არც სპეციალურ უმაღლეს სკოლებში. მათ ეს უფლება მხოლოდ XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დამდეგს მიიღეს.

  • საშუალო სკოლები – ამ სახელის ქვეშ შეგვიძლია გავაერთიანოთ ევროპის სხვადასხვა სკოლა, რომლებიც იძლეოდა საკმაო განათლებას იმისათვის, რომ კურსდამთავრებულს სწავლა უნივერსიტეტში გაეგრძელებინათ. ასეთ სკოლებს სხვადასხვა სახელწოდებით მოიხსენიებდნენ: „სასწავლო სკოლები“, „გრამატიკული სკოლები“ (ინგლისში); „ლიცეუმები“ და „კოლეგიები“ (საფრანგეთში); „გიმნაზიები“ (გერმანიაში) და სხვ. ამავე დროს, არსებობდა სპეციალური სკოლებიც, მაგალითად, „რაინდთა აკადემია“ გერმანიაში ანდა „იეზუიტების კოლეჯები“ ევროპის მრავალ ქვეყანაში. XVII-XVIII საუკუნეებში ფართოდ იყო გავრცელებული საოჯახო განათლებაც;
  • საშუალო სკოლების ძირითად მიმართულებებში გამოიყოფოდა „კლასიკური სკოლა“ – ევროპული სკოლების ძირითადი ტიპი XVI-XIX საუკუნეებში. ამ სკოლებში დამკვიდრებული იყო კლასიციზმი კლასიკური ლათინური და ძველბერძნული ენებით (XVIII საუკუნის ბოლომდე). XVII  საუკუნეში იწყება კლასიკური განათლების რეფორმირება;
  • განსაკუთრებული ცვლილება განიცადა გერმანულმა „გიმნაზიამ“ (XIX საუკუნის დამდეგს), რომლის რეფორმაც გულისხმობდა კლასიკური კულტურისა და ახალი მეცნიერებების გაერთიანებას. XIX საუკუნის დამდეგის გერმანული გიმნაზია ევროპაში საუკეთესო საშუალო სკოლის მოდელად მიიჩნეოდა;
  • „იეზუიტთა კოლეჯების“ ისტორია უკავშირდება იგნასიო ლოიოლას (XVI საუკუნის მეორე ნახევრის) მიერ შემოთავაზებულ სასკოლო განათლების ორგანიზაციას. 1773 წლამდე, სანამ ეს სკოლები არ დახურეს (იეზუიტთა ორდენის აკრძალვის შემდეგ), ყველაზე მოწინავე მოდელად სწორედ იეზუიტთა კოლეჯები ითვლებოდა.  1832 წელს ორდენი ისევ აღადგინეს, ხელახლა გახსნეს კოლეჯებიც, მაგრამ მათ ძველებური დიდება და სახელი ვეღარ დაიბრუნეს;
  • „რაინდთა აკადემია“ პოპულარული გახდა გერმანიაში ოცდაათწლიანი ომის დასრულების შემდეგ. ეს იყო დაწესებულებები, სადაც მიმდინარეობდა სახელმწიფო სამსახურში მყოფი მოხელეებისა და სამხედრო მეთაურების მომზადება. ამ სკოლების პროგრამები არსებითად განახლდა ახალ დროში, ლათინური ენაც შენარჩუნდა, მაგრამ მშობლიურ ენას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო. მთავარი მაინც იყო ფრანგული ენა – არისტოკრატთა სალაპარაკო ენა, რომელსაც ფართოდ იყენებდნენ საერთაშორისო ურთიერთობებშიც. ნაკლებად აქცევდნენ ყურადღებას იტალიურ და ესპანურ ენებს. საყურადღებოა, რომ სქოლასტიკური ფილოსოფიის ადგილი დაიკავა მათემატიკამ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებმა. ისწავლებოდა ასევე ისტორია, გეოგრაფია, სამართლის ელემენტები, ეთიკა, ესთეტიკა, მმართველი დინასტიების გენეალოგიები, ჰერალდიკა და ა.შ. ყურადღებას აქცევდნენ ცხენოსნობის, ცეკვის, ფარიკაობისა და ბურთით თამაშის სწავლებას და სხვ. აღსაზრდელების სამსახურში იყო მანეჟი, თავლა. „რაინდთა აკადემიამ“ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა ახალი სკოლის შექმნის გზაზე, რადგან ამ ტიპის სასწავლებლებში პრაქტიკა და თეორია კარგად ერწყმოდა ერთმანეთს. შემდეგში, გიმნაზიების პოპულარიზაციის კვალდაკვალ, შეამცირა რაინდთა აკადემიების რაოდენობა და XIX საუკუნის დამდეგისთვის მათ არსებობა შეწყვიტეს. XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე ზოგიერთი მათგანი უნივერსიტეტადაც კი გადაკეთდა, ზოგი კი კადეტთა კორპუსად (XIX ს.), სადაც „რეალური სასწავლებლების“ პროგრამით მუშაობდნენ.

XVII-XVIII საუკუნეების ევროპაში განსაკუთრებით პრივილეგირებული ფენებისათვის  ცდილობდნენ სხვა ტიპის სკოლების შექმნასაც (მაგალითად, ფილანტროპინი დესაუში, რომელიც შექმნა ი. ბაზედოვმა). ასეთი ტიპის სათავადაზნაურო სასწავლებლები მალე იხურებოდა – როგორც კი სასწავლებლის ხელმძღვანელი ამა თუ იმ მიზეზით უარს იტყოდა სკოლის ხელმძღვანელობაზე. საშინაო, საოჯახო სკოლებიც ვეღარ პასუხობდნენ დროის მოთხოვნას.

ფაქტობრივად, დასავლეთ ევროპაში განათლების განვითარებაში მაგისტრალური განვითარების ხაზს მაინც კლასიკური სკოლა ქმნიდა, რომლის პოპულარობა ძირითადად კლასიკური საგნების შინაარსის გადახედვამ და მათემატიკური დისციპლინების გააქტიურებამ გამოიწვია.

ამ პერიოდში სწავლის მეთოდებისა და მიდგომების მხრივ აქტიურად იყენებდნენ საკლასო მუშაობის ფორმას. თუმცა გაჩნდა ახალი მეთოდები და მიდგომებიც. წინ წამოიწია მოსწავლის ინდივიდუალურმა თვისებებმა, რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია კიდეც ზოგადად განათლების მიმართ სისტემური მიდგომის ჩამოყალიბების აუცილებლობა. სწავლების ტექნოლოგია მიმართული აღმოჩნდა მოსწავლის განვითარებაზე, მისი პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებაზე, აქტიურობაზე, დამოუკიდებლობაზე, შემოქმედებითობაზე. ყურადღებას აქცევდნენ მასწავლებლის პროფესიონალურ მომზადებასაც. XVIII საუკუნის ბოლოდან აქტიურად დაიწყეს პროფესიონალი მასწავლებლების მომზადება. მასწავლებლებისთვის სასწავლო ტექნოლოგიებისა და ახალი მეთოდების დაუფლება უწყვეტ პროცესად იქცა. დაიწყო ცალკეულ საგნებში მეთოდიკის სახელმძღვანელოების მომზადებაც.

ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც დაწყებით სკოლაში მომხდარი ცვლილებები იყო: XVIII საუკუნეში განათლების სფეროს მოღვაწეებისა და განსაკუთრებით ი. პესტალოცის (XVIII საუკუნის ბოლო – XIX საუკუნის დასაწყისი) ხელშეწყობით სკოლა იმ ტიპის დაწესებულებიდან, სადაც ასწავლიდნენ მხოლოდ კითხვას, წერას, ანგარიშს, სიმღერას და რელიგიური შინაარსის ნაწყვეტებს, გადაიქცა სასწავლო-აღმზრდელობით დაწესებულებად, რომელიც მიმართული იყო ბავშვის განვითარებაზე. ამ გზით ი. პესტალოცის მოღვაწეობამ დიდი მნიშვნელობა შეიძინა პედაგოგიკაში. სკოლა ორიენტირებული გახდა მოსწავლეზე და შემუშავდა მეთოდები, რომლებიც ამ მიზნისკენ იყო მიმართული.

ზოგადად, სოციო-კულტურულმა პირობებმა, განათლების მიმართ ახალმა მოთხოვნებმა, ასევე პედაგოგიურმა ფაქტორებმა და უპირველესად, მასწავლებლების მასიურმა მომზადებამ მთლიანად შეცვალა განათლების შინაარსი, რომელიც ავტომატურად მოითხოვდა სწავლების ახალ ფორმებსა და მეთოდებს და არსებულის განვითარებას.

მთლიანობაში, შეიძლება ითქვას, რომ XVIII-XIX საუკუნეები გადამწყვეტი აღმოჩნდა თანამედროვე განათლების სისტემის  საფუძვლების მოსამზადებლად, რომელიც დასავლეთ ევროპაში დაიწყო და დროის მოთხოვნის შესაბამისად სულ უფრო იხვეწება.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი