სამშაბათი, აპრილი 16, 2024
16 აპრილი, სამშაბათი, 2024

მასწავლებელი on facebook

ფეისბუქი პირველი და უკანასკნელი სოციალური ქსელია, რომელსაც შევეთვისე და სახლად ვიქციე. მანამდე, როცა ყველა რუსულ ოდნოკლასნიკებში იყო, მასზე უარს ვამბობდი. მერე დავრეგისტრირდი ტვიტერზე, გუგლ პლუსზე, ინსტაგრამზე, მაგრამ ვერცერთს ვერ შევეწყვე და ყველა დავივიწყე. ფეისბუქთან მაკავშირებს უთვალავი თავგადასავალი, ახალი თუ აღდგენილი ნაცნობობა; ფეისბუქით მომიგვარებია უამრავი პრობლემა, დამიგეგმავს მნიშვნელოვანი პროცესები, მიმიგნია უამრავი სიახლისთვის. აქ აქტიურად გამოვხატავ საკუთარ თავს, ვწერ ყველაფერზე, რაც მაღელვებს და მიხარია, ვაკომენტარებ ჩემთვის საინტერესო თემებს, ვეხმიანები ჩემთვის ძვირფას ადამიანებს. ეს ყველაფერი ბევრ დროსაც მართმევს და თან მიზოგავს კიდეც დროს. ფეისბუქი ჩემი ტელევიზიაც არის, გაზეთიც, ფოსტაც, ტელეფონიც, გასართობი კლუბიც, მოკლედ – სრული თვითრეალიზაცია. აქ შინ ვარ. აქ ძირითადად ის ვარ, რაც ვარ. რასაკვირველია, კი ვცდილობ, როგორც ყველა, უფრო ლამაზი, უფრო ნათელი და საინტერესო წარმოვჩნდე, მაგრამ, კაცმა რომ თქვას, სხვაობა რეალურ მაკასა და ფეისბუქპროფილზე წარმოდგენილს შორის მინიმალურია. ალბათ დამეთანხმებით, რომ ჩვენს განვითარებად ქვეყანაში თვითრეალიზაციისა და თვითგამოხატვის პრობლემა უმრავლესობას აქვს. ფეისბუქმა ეს დანაკლისი შეგვივსო. ფეისბუქი ცოდნის გასამდიდრებლადაც უნიკალური არხია. უამრავი მწერალი, მეცნიერ-მკვლევარი და უბრალოდ საინტერესო ადამიანი აქ აქვეყნებს ფასდაუდებელ შემეცნებით რესურსებს, რომლებიც განათლებას გვიმრავალფეროვნებს და გვაძლევს შთაგონებას უამრავი სიახლის აღმოსაჩენად თუ შესაქმნელად.

თუმცა თვითგამოხატვაც არის და თვითგამოხატვაც. ფეისბუქის პროფილზე შეიძლება ბევრნაირ უსიამოვნებასა და სკანდალში გაეხვიო, გქონდეს არასასურველი, უხეში, არაკორექტული პოლემიკა, რადგან აქ ხალხი თავს უფლებას აძლევს, ხან დაფარული, ხან კი ღია პროფილებით დაუბრკოლებლად გამოხატოს აგრესია, ილაპარაკოს უხამსად. ყველა როდი იცავს ცივილიზებული კაცობრიობის მიერ მიღებულ სტანდარტებსა და ღირებულებებს.

ხშირად გვქონია პოლემიკა ფეისბუქზე მასწავლებლის პროფილთან დაკავშირებით. ძირითადად თავს იჩენს ორი პრობლემა: 1. უნდა დაიმეგობროს თუ არა მასწავლებელმა თავისი მოსწავლეები და მათი მშობლები და 2. მოსწავლეებთან მეგობრობის შემთხვევაში აქვს თუ არა მასწავლებელს ფეისბუქზე ისეთი კონტენტის გამოქვეყნების უფლება, რომელსაც სასკოლო გარემოში, მოსწავლეებთან არ გააზიარებდა.

ორივე საკითხზე არსებობს ურთიერთსაპირისპირო პოზიციები. ზოგი კატეგორიულად გამორიცხავს მასწავლებლისა და მოსწავლეების მეგობრობას სოციალურ ქსელში, ხოლო მისი დაშვების შემთხვევაში მოითხოვს უმკაცრეს თვითცენზურას და ავალდებულებს მასწავლებელს, არამც და არამც არ გამოაქვეყნოს ფეისბუქზე იმგვარი შინაარსის რამ, რასაც საკლასო ოთახში ვერ აჩვენებდა ან წააკითხებდა მოსწავლეებს.

მოდი, კიდევ ერთხელ გავხსნათ დისკუსია ამ თემაზე და პოზიციები შევაჯეროთ. დავიწყოთ იმით, უნდა დავიმეგობროთ თუ არა მოსწავლეები, მივცეთ თუ არა მათ შესაძლებლობა, თვალყური ადევნონ ჩვენს აქტივობებს. მე პირადად სასწავლო პროცესი ვერც კი წარმომიდგენია ფეისბუქის გარეშე (შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ან დაფარულ ანგარიშს შევქმნი, ან ორი ანგარიში მექნება, რადგან როგორც ერთი ვარ ცხოვრებაში, ისევე ერთი პროფილით უნდა ვიყო სოციალურ ქსელშიც). ფეისბუქს აქტიურად ვიყენებთ კოლეგებსა და ადმინისტრაციასთან ურთიერთობისთვის, კლასებთან სწრაფი და მოქნილი კომუნიკაციისთვის, მშობლებთან მიმოწერისა და პრობლემებზე დროული რეაგირებისთვის. წარმოუდგენელია, რომ თუნდაც როგორც დამრიგებელმა, სატელეფონო კავშირით შევძლო კლასის საჭიროებების მართვა. ფეისბუქზე კლასის ჯგუფი და მესენჯერი საამისოდ საუკეთესო გზაა. გარდა ამისა, ფეისბუქით ვგზავნი რესურსებს, ვიღებ უკუკავშირს, მოსწავლეთა ნაშრომებს. ფეისბუქის მესენჯერი თიმსთან ერთად ამ მხრივაც ფასდაუდებელ სამსახურს გვიწევს. ამ სიკეთეებს ვერაფერი ჩაანაცვლებს, ამიტომ მოსწავლეთა და მათ მშობელთა დამეგობრება ჩემი არჩევანიც კი არ არის – აუცილებლობაა, გარდაუვალი აუცილებლობა. სხვაგვარად დაიხშობა სასიცოცხლოდ აუცილებელი საკომუნიკაციო სივრცეები.

მივუბრუნდეთ მეორე საკითხს.

ფეისბუქზე ხომ ვეხებით თანამედროვე ყოფის ყველა სფეროს, ყველა თემას. დავიწყოთ პოლიტიკით. მასწავლებელი ამომრჩეველია და, რასაკვირველია, ჰყავს თავისი რჩეული პოლიტიკური ძალა, რომელსაც ნდობას უცხადებს, ხმას აძლევს არჩევნებზე. მეტიც, მასწავლებლები ძირითადად პოლიტიკურად აქტიური ნატურები ვართ, რადგან ჩვენი აქტიური ცხოვრების წესი საზოგადოების ყველა სფეროსთან გვაახლოებს. სკოლა აბსოლუტურად დეპოლიტიზებული დაწესებულებაა. მოსწავლეებთან მასწავლებელი აპოლიტიკურია. ეს აქსიომაა! საგაკვეთილო პროცესი თავისუფალია პოლიტიკური თემებისგან. ფეისბუქზე კი მასწავლებელს სურს გამოეხმაუროს ქვეყანაში მიმდინარე მოვლნებს. მე პირადად სკოლის მერხიდან აქტიურად ვიყავი ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობიდან დაიწყო ჩემმა თაობამ პოლიტიკაში აქტიური ჩართვა და ახლა ამას რა შეცვლის, არ ვიცი. დარწმუნებული ვარ, არაფერი. პოლიტიკურ არენაზე მყავს მეგობრები, ნაცნობები, რომელთაც, რასაკვირველია, აქტიურად ვეკონტაქტები, ჩვენ შორის უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს აზრთა გაზიარება. უამისოდ სიცოცხლე ვერ წარმომიდგენია. იმის გამო, რომ მეგობრებში მოსწავლეებიც მყავს, საკუთარი შეხედულებების გამოხატვაზე უარს ვერ ვიტყვი. და ვფიქრობ, სავსებით ნორმალურია, ამ პროცესს თვალს ადევნებდეს ჩემი მოსწავლე, რადგან უმჯობესია, მან გამიცნოს არა მხოლოდ როგორც გაკვეთილზე მყოფი ნეიტრალური ფიგურა, უცხო და შორეული, არამედ როგორც სოციალურად აქტიური პერსონა, ადამიანი თავისი ვნებებით, ინტერესებით, თვალსაზრისებით, ავითა თუ კარგით. მთავარია, მოსწავლემ არ ნახოს, რომ მისი მასწავლებელი, რომელიც უსათუოდ ავტორიტეტი უნდა იყოს მისთვის, არის უკულტურო, უცენზურო, არაკორექტული, აგრესიული, ჰომოფობიისა და ანტიჰუმანიზმის ადეპტი, მიკერძოებული, სწორხაზოვანი და ტოლერანტობისგან დაცლილი. მე მირჩევნია, მოსწავლემ მნახოს არა სტერილური, უგრძნობი, უემოციო, უპოზიციო, არამედ მიხილოს ჩემი ადამიანური ვნებებით, სატკივრით, არჩევნით, გემოვნებით, ხედვით, რომელიც შესაძლოა მისი და მისი ოჯახისას არ თანხვდებოდეს, მაგრამ უსათუოდ იმსახურებს პატივისცემას, ისევე როგორც მისი და მისი ოჯახის განსხვავებული პოზიციები იმსახურებს უპირობო პატივისცემას ჩემგან. მყოლია პოლიტიკურად მტრულ ბანაკებს შორის მყოფ ოპონენტთა შვილები მოსწავლეებად, მაგრამ ვერავინ ვერასდროს წამომაძახებს, თითქოს ამას უარყოფითი გავლენა მოეხდინოს მოსწავლესთან ან მშობელთან ჩემს ურთიერთობაზე. პირიქით, მეტი პატივისცემა, გულისხმიერება და ურთიერთგაგება გვქონია განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების მქონე პიროვნებების შვილებთან. მე არ მრცხვენია ჩემი პოლიტიკური არჩევანის. კარგად მაქვს გააზრებული, ვის რატომ ვირჩევ, რას მოვითხოვ, რას ვაპროტესტებ, რას ვეთანხმები. ვიმეორებ, სავსებით ნორმალურია, რომ მოსწავლე ჩემს შეხედულებებს კითხულობდეს, იაზრებდეს, აანალიზებდეს და მიღებდეს ისეთს, როგორიც ვარ, ისევე როგორც მე ვიღებ მას უპირობო სიყვარულით, განურჩევლად იმისა, რომელ ბანაკს ეკუთვნის მისი ოჯახი და გარემო. მირჩევნია, მოსწავლეს ვასწავლო განსხვავებულის მიღება, პოლემიკისა და კონსტრუქციული დებატების კულტურა, ვიდრე გავასაიდუმლოო საკუთარი ხედვა.

არჩევნებისა თუ მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესების დროს ჩემი კედელი ფეისბუქზე შესაძლოა მეტისმეტად პოლიტიზებული იყოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამით არაფერს ვავნებ ჩემი მოსწავლეების ფაქიზ აღმქმელობას. ბოლო დროს ფეისბუქზე საკვირველ აგრესიას ვაწყდები, რასაც ძალიან განვიცდი ხოლმე. თუკი მკვახე და უსიამოვნო საუბარში გადაიზრდება პოლემიკა განსხვავებული გემოვნების გამო, ვფიცავ, არასდროს ამის ინიციატორი მე არ ვარ. ხშირად მინახავს, რომ ადამიანი გადადის ჩემს პროფილზე, ნახულობს, რომ ვარ პედაგოგი და იწყებს საუბარს ჩემს პროფესიასა და პროფესიონალიზმზე. ვფიქრობ, უკიდურესი სიბნელეა მსგავსი დამოკიდებულება, რადგან განსხვავებული ხედვა არ გვაძლევს იმის საფუძველს, ვიფიქროთ, რომ ადამიანი თავის პროფესიაში უვარგისია. არასდროს, არასდროს შემიტანია ეჭვი ადამიანის პროფესიულ კომპეტენციაში იმის გამო, რომ ჩემგან განსხვავებული ხედვა ჰქონია.

ერთხელ საარჩევნო პერიოდში სასურველი პოლიტიკური ძალის მხარდასაჭერი ტექსტი გამოვაქვეყნე და ცნობილი პროფესორი ისე აგრესიულად და არაკორექტულად დამესხა თავს, გაოგნებული დავრჩი. როცა კი თავად გამოხატავდა საკუთარ შეხედულებებს თავის კედელზე, არასდროს აზრად არ მომსვლია, მიმეთითებინა, რომ ეს დაუშვებელი, მიუღებელი ან აკრძალული იყო. რა ჯურის ადამიანებისგან არ მიმიღია შენიშვნა, არ გამომეხატა ჩემი პოლიტიკური სიმპათიები, ვინაიდან მასწავლებელი ვარ. ჩემი არჩევანი ქვეყნის ღალატად და რენეგატობადაც კი შეურაცხავთ. ერთი ტელევიზიის შეფმა, ყოფილმა მეგობარმა, ერთხელ სამშობლოს მოღალატედ გამომაცხადა იმის გამო, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე ერთ-ერთი კანდიდატის მხარდასაჭერი თვალსაზრისი გამოვთქვი. უკაცრავად, მაგრამ სოციალურ ქსელში მე თავისუფალი მოქალაქე ვარ, თვითგამოხატვის სურვილით. ის, რომ ვიღაცას თანავუგრძნობ და შესაძლოა თანამებრძოლადაც ვთვლიდე თავს, არც დანაშაულია და არც დასაძრახი ქცევა. აქ გაკვეთილზე არ ვარ. ვერავინ ამიკრძალავს თავისუფალ თვითგამოხატვას და ვისაც უნდა, ჰკითხოს ჩემს მოსწავლეებს, ოდესმე რომელიმეს ინტერესი სულ ოდნავ მაინც თუ დამიზიანებია ჩემი პოლიტიკური შეხედულებების გამო. ყოფილა შემთხვევა, რადიკალური პოლიტიკური ჯგუფი მწვავედ გამიკრიტიკებია, მაგრამ ესეც ჩემი უფლებაა და თვითგამოხატვას ვერავინ შემიზღუდავს.

თუ ჩემი მოსწავლეები დაინახავენ, რომ მათი მასწავლებელი – მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას მათი ოჯახებისგან განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაცია – ობიექტურია, სამართლიანი, აქტიური, სტკივა, აღელვებს გარშემო არსებული სინამდვილე, იბრძვის თავისი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, რა არის აქ დასაფარავი და მისაჩუმათებელი? ხოლო თუ სტერილურად გავზრდით ჩვენს მოსწავლეებს და არ ვასწავლით მათ, რომ არსებობს სამყაროს მრავალგვარი ხედვა და რომ ადამიანები ბევრი რამით განვსხვავდებით ერთმანეთისგან, თუმცაღა საერთოც ბევრი გვაქვს, ჩვენ მივიღებთ არა თანამედროვე ცივილიზაციის გამოწვევებისთვის მომზადებულ მოქალაქეს, მაღალი თვითშეგნებითა და ღირებულებებით, არამედ ჩაკეტილ, სტერილურ, პასიურ, თავდაჯერებას მოკლებულ ადამიანს, რომელსაც თანამედროვე რეალობაში ოპერირების უნარი არ გააჩნია.

ძალიან მინდა, შემეკამათონ არგუმენტებით, მაგალითებით, პოზიტიური განწყობით და არა ჩაქოლვისკენ მოწოდებით, მოღალატედ შერაცხვით. სამყაროს მორალისტები აშავებენ და არა თავისუფლად მოაზროვნეები. ორიოდე წლის წინ ჩემმა უსაყვარლესმა მეგობარმა, რომელსაც ჩემგან განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაცია ჰქონდა, მომწერა, რომ ჩემი პოსტები მას სიცოცხლეს უმწარებდა და ამ ერთმა ფრაზამ დაასრულა ჩვენი მეგობრობა. მტკივნეული იყო, მაგრამ სხვა გამოსავალიც არ ჩანდა. მას არ შეეძლო მივეღე ისეთი, როგორიც ვარ, ხოლო მისნაირი ვერაფრით გავხდებოდი, თუნდაც მსხვერპლი ჩემთვის უძვირფასეს ადამიანთან ურთიერთობის დათმობა ყოფილიყო. მეც არ ვეთანხმებოდი მის შეხედულებებს, მაგრამ სიცოცხლეს არ მიმწარებდა გააზრება იმისა, რომ ჩემს მეგობარს სხვა ხედვა ჰქონდა. მოდით რა, დიდებმაც და პატარებმაც ვისწავლოთ განსხვავებული აზრის პატივისცემა და ამით მოგვარდება მთელი სპექტრი პრობლემებისა, რომელთა გამოც ჩვენი ქვეყნის განვითარება მნიშვნელოვნად არის შეფერხებული.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

მაჩაბელი 

ცეცხლის წამკიდებელი

სიტყვამწარე

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი