პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ლიტერატურის სასკოლო კურსი, პროგრამა – რამდენიმე დაკვირვება

ლიტერატურული კანონი

ჩვენს სკოლებში ლიტერატურის სასკოლო კურსის სტანდარტის შემადგენელი საგნობრივი პროგრამა და შინაარსი სახელმწიფოს მიერაა განსაზღვრული.

მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში შემუშავდა ლიტერატურული კანონი, იგივე „ბირთვი პროგრამა“, რომელსაც იქიდან მოყოლებული გარკვეული ცვლილებებით ვთავაზობთ მოსწავლეებს.

21-ე საუკუნის დასაწყისში იქმნება ეროვნული სასწავლო გეგმა (2005-ში შეიქმნა, 2006 წლიდან დაიწყო დანერგვა), მას მოჰყვა მეორე, 2011-2016 წლების სასწავლო გეგმა და დღეს უკვე დასრულებულია მესამე რედაქციაზე მუშაობა (უახლოესი წლების განმავლობაში სწორედ ეს რედაქცია იქნება სახელმძღვანელო დოკუმენტი).

აღსანიშნავია, რომ ესგ-ის პირველ რედაქციაში სავალდებულო ლიტერატურა დასახელებული არ ყოფილა, მოცემული იყო მხოლოდ რეკომენდებულ მწერალთა საკმაოდ გრძელი სია. 2011-2016 წლების სასწავლო გეგმაში კი წარმოდგენილია სავალდებულო ნაწარმოებთა ჩამონათვალი.

დღეს საბაზო და საშუალო საფეხურის ეროვნული სასწავლო გეგმა ასევე სთავაზობს მოსწავლეს სავალდებულო ჩამონათვალს – ავტორები, ტექსტები და მონაკვეთები. ასევე სასწავლო შინაარსი მკაცრად განსაზღვრულია, ისწავლება ის ავტორები და ტექსტები, რომლებიც შერჩეულია ექსპერტთა ჯგუფის მიერ.

 

სავალდებულო ნაწარმოებების შერჩევა

სავალდებულო ნაწარმოებების შერჩევის პროცედურა (ფორმალურად) ასეთია:

შედგენისა და განხილვის პროცესში ჩართული არიან დარგის ექსპერტები, სპეციალისტები, საუნივერსიტეტო და სამეცნიერო წრეები, ფართო აუდიტორია, საზოგადოების გამოჩენილი წევრები,  მასწავლებლები, მშობლები.  „ეროვნული სასწავლო გეგმა დამტკიცებამდე – ვიდრე ის საბოლოო სახეს მიიღებს – არაერთ საფეხურს გადის და მხოლოდ ფართო აუდიტორიის განხილვა-შეფასებისა და შენიშვნების გათვალისწინების შემდგომ იქცევა სავალდებულო დოკუმენტად. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ეროვნულ სასწავლო გეგმაში გათვალისწინებული და ასახულია ყველა საქმიანი და არსებითი მნიშვნელობის მქონე შენიშვნა“ (სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მარიამ ჩიქობავა). ამ რგოლში არსადაა მოსწავლეების ადგილი. მათი მოსაზრებები, მიმართებები, დამოკიდებულებები და გამოცდილება ყურადღების მიღმაა დარჩენილი. არადა, საინტერესო იქნებოდა მოსწავლეთა გამოკითხვა, მათი ინტერესების, შეხედულებების გაცნობა.

 

„მოქმედების ვადა“ და მოსწავლეთა ინტერესები

ეროვნული სასწავლო გეგმა, ზოგადად, დროში განსაზღვრული დოკუმენტია. მისი მოქმედების ვადა განისაზღვრება 5-6 წლით. შემდეგ საჭიროა რევიზია, მოსწავლეთა ასაკობრივი თავისებურებების, ინტერესების, თანადროულობის სხვა მოცემულობების გათვალისწინება, ახალ მოთხოვნებსა და გამოწვევებზე მორგება.

ჩვენს შემთხვევაში ამ რევიზიას უფრო ფორმალური ხასიათი აქვს, ვიდრე რეალური და სასიკეთო ცვლილებების განმაპირობებელი.

ზოგადად, კვლევითი სამუშაოები, კვლევა-დაკვირვება და შესაბამისი ცვლილებების დაგეგმვა ის სუსტი რგოლია, რომელიც ბოლო მასშტაბური ცვლილების (ახალი სკოლის მოდელი) პირობებშიც სათანადოდ ვერ დაიძლია.

 

საკვლევი კითხვები

რას ტექსტებს კითხულობენ, ამუშავებენ და სწავლობენ მოზარდები ქართულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში?

ვინ და როგორ არჩევს ტექსტებს?

ვინ და როგორ უნდა შეარჩიოს ტექსტები?

რა ზეგავლენას ახდენს წაკითხული და დამუშავებული მხატვრული/არამხატვრული ტექსტები მოზარდებზე?

რა ღირებულებებსა და მიმართებებს უყალიბებს მათ წაკითხული/შესწავლილი/დასწავლილი/დამუშავებული მასალა?

რა უნარებს უნდა უყალიბებდეს და რა უნარებითა და ცოდნით არიან აღჭურვილნი ჩვენი სკოლადამთავრებულები?

თითოეული ეს კითხვა ხანგრძლივი კვლევის, დაკვირვების საგანი შეიძლება გახდეს.

უფრო სწორად, უნდა გახდეს.

 

რა ვითარებაა ამ მიმართულებით?

გაგიზიარებთ რამდენიმე დაკვირვებას:

ნაკლებად შეხვდებით ღია საუბარს ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლა-სწავლების თანმდევ სირთულეებსა და  პრობლემებზე, გამოწვევებსა და დაბრკოლებებზე. იშვიათია გამოცდილების გაზიარება და არსებული ვითარების შეფასებაც.

მთელი ეს სამუშაო მასწავლებლების გასაწევია და თუ მასწავლებლებს სურთ, თავად იყვნენ ცვლილებების ინიციატორი, თუ მათ სურთ, მონაწილეობა მიიღონ გადაწყვეტილებების მიღებაში და არ იყვნენ მიღებული გადაწყვეტილებების პასიურად მიმღებნი, ამაზე მუშაობა დაუყოვნებლივ და უმალ უნდა დაიწყოს.

ჩემი გამოცდილებით (ილიას უნივერსიტეტის სამაგისტრო ჯგუფის კვლევის ხელმძღვანელი გახლდით, ამ საკითხს რამდენიმე წლის განმავლობაში ვსწავლობ და ვიკვლევ),  სირთულეებზე გულწრფელ საუბარსა და გამოცდილების ღიად გამოხატვას ხშირად ქართულის მასწავლებლები ერიდებიან.

მიზეზი ისაა, რომ უმეტესწილად ეს „პირად პრობლემად“ აღიქმება.

ეს  ოფიციალურ შეხვედრაზეც იკვეთება და არაფორმალური შეხვედრებისა და საუბრების დროსაც გამოსჭვივის. ხდება ხოლმე ისე, რომ ზოგიერთი მასწავლებელი იწყებს საუბარს პროგრამის გადატვირთულობასა და სირთულეებზე და მას მიუთითებენ – „დაესწარით კარგი მასწავლებლების გაკვეთილებს. მათ არ აქვთ პრობლემა. დახვეწეთ მეთოდი“.

ობიექტურად, ნებისმიერ მასწავლებელს, რომელიც, მაგალითად, საშუალო საფეხურზე ასწავლის არსებული პროგრამითა და ქრონოლოგიური პრინციპის დაცვით, „პროგრამის მოსწრების“ პრობლემა ექმნება. მოცემული საათობრივი დატვირთვის პირობებში იმ რაოდენობისა და მოცულობის ტექსტების ჯეროვანი დამუშავება არარეალურია. ამ საკითხთან დაკავშირებით და პროფესიონალების დამოკიდებულებებისა და მიმართებების გასაცნობად „ინტერნეტგაზეთ მასწავლებელში“ რამდენიმე საინტერესო სტატიისა და წერილის მოძიება შეიძლება.

ქართულის სწავლა-სწავლების პროცესში, პროგრამისა და შინაარსის შედგენისას, როგორც აღინიშნა, საერთოდ უგულებელყოფილია მოსწავლეთა განწყობა-დამოკიდებულებები და მიმართებები, მათი შეხედულებები, მოსაზრებები, გამოცდილება არ მიიჩნევა ყურადსაღებად. ამ მიმართულებით სულ რამდენიმე კვლევაა ჩატარებული, ისიც მასწავლებელთა პირადი ინიციატივით. შედეგების განხილვას ყურადღება არ ექცევა. უცნაურია, რომ ერთი მხრივ, პროცესს მოსწავლეზე ორიენტირებულად ვაცხადებთ და, მეორე მხრივ, მათი მიმართებებით არც კი ვინტერესდებით.

 

ლიტერატურის სასკოლო კურსის შედგენა – უცხოური გამოცდილება

თანამედროვე მიდგომის თანახმად, ლიტერატურის სასკოლო კურსის საპროგრამო ჩამონათვალში უნდა შედიოდეს ისეთი წიგნები, რომლებიც ირეკლავს მოზარდის რეალობას, მისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ თემატიკაზეა შექმნილი და ფორმის თვალსაზრისითაც მისაღებია. ანუ გათვალისწინებულია მსწავლელის ამჟამინდელი ასაკობრივი ინტერესები. ამასთან, უნდა იყოს „სარკმელი ტექსტები“, რომლებიც მოზარდ მისცემს საშუალებას, „ჩაიხედოს“ წარსულში, დაინტერესდეს წინა საუკუნეებში შექმნილი ტექსტებით, თემატიკით.

შერჩეულმა ტექსტებმა „უცნობი სამყაროებისა“ და „გარდასულ დროთა“ შესახებ უნდა შექმნას წარმოდგენა. თვალსაწიერის გაფართოება ამ გზით საინტერესო და სასარგებლოა. მოზარდისთვის მხოლოდ წარსულის კვლევაზე ორიენტირებული სამუშაო შეუსაბამო და მოსაწყენია.

ბრიტანელი მეცნიერი, დურჰამის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი მაიკ ფლემინგი გამოწვლილვით იკვლევს ლიტერატურული კანონის ასპექტებს და გვიზიარებს საინტერესო დაკვირვებებს. მისი თქმით, ლიტერატურული კანონი (მეტწილად, განვითარებად საზოგადოებებში) ეფუძნება „ნორმატიულ პრეტენზიებს“ – ეს ნიშნავს, რომ ლიტკანონის შემდგენელი ხელმძღვანელობს კონკრეტული ტექსტების ისტორიული ფასეულობით. ამგვარი ტექსტების შენახვა და გადაცემა შემდეგი თაობებისთვის არის მნიშვნელოვანი, ლიტერატურული კანონი განიხილება, როგორც ტრადიციული ცოდნის, ფასეულობის გადაცემის სურვილი (ფლემინგი იყენებს სიტყვას  ინსტინქტი), როგორც ერთგვარი გარანტია, რომ „დიდებული წარსული“ არ დარჩება სათანადო ყურადღების გარეშე. ფლემინგის თანახმად, „კანონის შედგენა ბუნებრივი ადამიანური ინსტინქტია, არჩევანის მრავალფეროვნებას დაუპირისპირო ის, რაც დროს უძლებს, რაც ფასეულია“.  ამ „ფასეულობების შენარჩუნების“ ვნება კი, მკვლევრის დაკვირვებით, ლიტერატურის სამუზეუმო ექსპონატად ქცევის საფრთხეს შეიცავს.

 

რა უნდა იყოს და რა არ (ან ვერ) არის ლიტერატურის პროგრამაში

21-ე საუკუნეა. მედია, ვიდეო, აუდიო და ვიზუალური ხელოვნება, ტექნოლოგიური მიღწევები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.

სასკოლო ზოგადი კურსი ლიტერატურაში წიგნიერებისა და მედიაწიგნიერების უნარების ჩამოყალიბება-განვითარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული.

ჩვენ უნდა დავინტერესდეთ, როგორ უმკლავდებიან „საინფორმაციო ლავას“ მოზარდები, როგორ შეუძლიათ დეზინფორმაციის/ყალბი ინფორმაციის ამოცნობა, სანდო წყაროების მოძიება, ინფორმაციის მიღება და გადამუშავება სხვადასხვა მედიასაშუალებიდან. როგორ იაზრებენ ნანახსა და გაგონილს, ასხვავებენ თუ არა ფაქტებსა და მოსაზრებებს, შეუძლიათ თუ არა  მიღებული შთაბეჭდილებების გადმოცემა, წერილობით ან ზეპირად მოსაზრებებისა და ნაფიქრის გადმოცემა, მიზეზშედეგობრივი კავშირების ძიება, ლოგიკური აზროვნების განვითარება.

ასევე:

ლიტკანონის „პროგრამული ტვირთის“ პირობებში რამდენად გამართულია მოსწავლის წერილობითი/ზეპირი მეტყველება? რა ღირებულებები და ფასეულობებია აქტუალური დღეს და როგორ ეხმიანება ამ ფასეულობებს ხელოვნება/ლიტერატურა?

 

კინო, მუსიკა, ვიზუალური ხელოვნება, პოდკასტები, სოციალური ქსელები – ლიტერატურული კომპეტენციების ჩამოყალიბების გზაზე ეს დამხმარე საშუალებები მნიშვნელოვანია. რამდენადაა ჩართული ეს ყველაფერი სავალდებულო კურიკულუმში?

 

კლასიკის დაკავშირება თანამედროვეობასთან

კლასიკურ ტექსტებში დღესაც აქტუალურია საკითხების ძიება-ამოკითხვა, კონკრეტული ფაქტების დაკავშირება ტექსტებში აღწერილთან. აქვე – ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში სასწავლო შედეგზე გასასვლელად ლიტერატურის ზოგად, სასკოლო კურსში რამდენად მნიშვნელოვანია იმ ტექსტების შესწავლა/დამუშავება, რომლებიც უფრო ვიწრო სპეციალისტებისთვისაა მნიშვნელოვანი ან საინტერესო?

 

საფიქრალია, როგორ გავამრავალფეროვნოთ ლიტერატურის კურსი სკოლაში და როგორ გავხადოთ ლიტერატურა საინტერესო საკვლევ სფეროდ, რომელიც ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცევა და არა სკოლაში სავალდებულოდ შესასწავლ „მკვდარ“ ცნებად ან ტექსტად.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი