პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მოგზაურობა „უღლების მატარებლით“

ყველა ჩემმა მოსწავლემ იცის, რომ – თამუნა მასწავლებლის საყვარელი მეტყველების ნაწილია ზმნა. მის შესწავლას განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ხოლმე. გადავწყვიტე, მოსწავლეებისთვის სახალისო გამეხადა ქართული ზმნის მეტად რთული ბუნების შესწავლა და შევქმენი რესურსი, თვალსაჩინოება. რესურსის შექმნის მიზანი გახლდათ მოსწავლეებში ზეპირი და წერილობითი კულტურის უნარის დახვეწა. ქართული სალიტერატურო ენის ნორმების დაცვა ხომ უცილობლად ყველა ქართველის ვალია.  წინადადების ხერხემალი კი გახლავთ ზმნა. მეტყველების ნაწილი, რომლის საფუძვლიანი შესწავლაც მრავალ კლიტულს გააღებს. ზმნის უღლება ხომ მოსწავლეების აქილევსის ქუსლია.

 

არ მინდოდა სერიებისა და მწკრივების შესახებ მოსწავლეებს მხოლოდ განყენებული წარმოდგენებით დაეზეპირებინათ რთული წესები. ისინი ვამოგზაურე „უღლების მატარებლით“ ზმნის სამყაროში. რესურსი შეესაბამება ესგ-ით განსაზღვრულ მისაღწევ შედეგებს ამა თუ იმ კლასში.

 

თვალსაჩინოების მეშვეობით:

  • მოსწავლეებმა განიმტკიცეს სერიებისა და მწკრივების შესახებ შეძენილი თეორიული ცოდნა;
  • განუვითარდათ დაკვირვებისა და ტრანსფერის უნარი;
  • შეძლეს ენობრივ-გრამატიკული სტრუქტურების მართებულად გამოყენება;
  • შეძლეს ტექსტების ენობრივ-სტრუქტურული ანალიზი;
  • მოახდინეს სხვადასხვა სახის ინფორმაციის სინთეზი.

 

შემოთავაზებული თვალსაჩინოება გახლავთ სახალისო სწავლებით მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლების ერთ-ერთი ნიმუში.

 

აღნიშნული თვალსაჩინოების გამოყენება შესაძლებელია VII, VIII, IX, X, XI კლასებში, ქართული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილზე. თვალსაჩინოება მოსწავლეს დაეხმარება ვიზუალური მასალის აღქმით ქართული ენის ესოდენ რთული ბუნების გათავისებაში. ვინაიდან ზმნა წინადადების ხერხემალია, სული და გულია ქართული ენისა. იგი არის მოსწავლეთა სწავლების სამიზნეც. თვალსაჩინოების გამოყენება შესაძლებელია როგორც მიმდინარე, ასევე შემაჯამებელ გაკვეთილზე.

 

ჩვენ მას „უღლების მატარებელი“ დავარქვით, ყველა ვაგონს, ანუ ქაღალდის ყუთს ჰქვია მწკრივის სახელი, ყუთებში ჩაყრილია კითხვები, მაგალითები, წინადადებები, მონაკვეთები ტექსტიდან, რომლებიც მოსწავლეს დაეხმარება, უკეთ აღიქვას და განიმტკიცოს თეორიულად ნასწავლი მასალა სერიებისა და მწკრივების შესახებ.

 

აღნიშნული თვალსაჩინოება მოსწავლეებს დაეხმარება არა მხოლოდ ენის სისტემის აღწერა-კლასიფიკაციაში, არამედ სამეტყველო ამოცანის შესატყვისი სწორი, აზრობრივად ზუსტი, სტილისტურად მართებული ტექსტის აგებასა და გადმოცემაში.

 

„უღლების მატარებელი“ შეგვიძლია გამოვიყენოთ კონკრეტული ტექსტის განხილვისას, ვთხოვოთ მოსწავლეებს ტექსტიდან ამოკრიბონ ზმნები, გადაანაწილონ და დააჯგუფონ უღლების ტიპის მიხედვით.

 

თვალსაჩინოების გამოყენება შესაძლებელია უცხო ენების სწავლებისას, ენათა გრამატიკული საკითხების შედარებისას, მათ შორის მსგავსება-განსხვავების წარმოსაჩენად. იგი ასევე ეფექტურად შეიძლება გამოვიყენოთ ისტორიის გაკვეთილზეც და მას „დროის მატარებელი“ ვუწოდოთ – ყუთებში განთავსებული ზმნების მეშვეობით მოსწავლეებს ფაქტები ქრონოლოგიური სიზუსტით დავალაგებინოთ და ა.შ.

გირჩევთ, თავად შექმნათ რესურსები მოსწავლეებთან ერთად, ჩართოთ ისინი კეთების პროცესში. რესურსის მეშვეობით თქვენ შეძლებთ ცოდნის სამივე კატეგორიაზე გასვლას, განსაკუთრებით კი აქცენტი გავაკეთოთ პირობისეულ ცოდნაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი