ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

განათლების ბაღი – ახალი სივრცე სკოლაში

გარემო, სადაც მუდმივად მიმდინარეობს ცოცხალი პროცესები, უფრო მეტად იძლევა განვითარების ასპარეზს. სასკოლო ცხოვრებაში მოსწავლეთა აქტიური მონაწილეობა მოტივაციის ამაღლების კარგი საშუალებაა.

ხშირად გაგვიგონია, რომ ახალგაზრდებს არ უყვართ სასკოლო გარემო, მისთვის თავის არიდება ურჩევნიათ. საკუთარი მოსწავლეობა რომ გავიხსენო, ჩვეულებრივი გაკვეთილები ჩემთვისაც მოსაწყენი და დამღლელი იყო, ერთი სული მქონდა, ზარი დარეკილიყო და სათამაშოდ გავვარდნილიყავი.

ახლაღა დავიწყე იმაზე ფიქრი, რა შეიცვლებოდა, ჩვეულებრივი გაკვეთილების გვერდით რომ ყოფილიყო სხვა პროექტებიც, სადაც მე ვიქნებოდი მნიშვნელოვანი ადამიანი. სწავლა გასცდებოდა სკოლის კედლებს, დაუკავშირდებოდა რეალურ ცხოვრებას და თამაშს.

ჩემი ბავშვობისგან განსხვავებით, დღეს მოზარდებს უამრავ თავშესაქცევს სთავაზობს ინტერნეტი. დღეს უფრო რთულია, მოსწყვიტო მოსწავლე მისთვის ჩვეულ ყოველდღიურ გასართობს.

პრობლემის დანახვა წინ გადადგმული ნაბიჯია. ჩვენი სასკოლო პრაქტიკა მოსწავლეებისთვის სწორედ ისეთი გარემოს შეთავაზებაზეა ორიენტირებული, სადაც მთავარ როლს თვითონ ირგებენ. ამაში სკოლის დირექცია მაქსიმალურად გვიწყობს ხელს და მხარს უჭერს ნებისმიერ ინიციატივას. მიუხედავად პანდემიით გამოწვეული შეზღუდვებისა, სკოლაში არაფორმალური განათლების სერვისის მიწოდება არ შეწყვეტილა.

ერთ-ერთი საკლასო ოთახის ფანჯარა სკოლის უკან არსებულ მყუდრო სივრცეს გადაჰყურებს. ეს ადგილი ბუნებრივად არის იზოლირებული: ცალ მხარეს მოსახლის მიერ აშენებული კედელია, მეორე მხარეს – სკოლის საწყობი და სკოლის შენობა. როცა ამ ოთახში ვატარებდი გაკვეთილს და უკანა ეზოში ვიხედებოდი, ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა გამხდარიყო ეს ადგილი მოსწავლეებისთვის მიმზიდველი მათივე პროდუქტიულობის გასაზრდელად.

 

როგორც კი დათბა და შესაძლებელი გახდა გაკვეთილების ღია ცის ქვეშ ჩატარება, მაშინვე გავედით გარეთ. ძველ, ჩამოწერილ სკამებზე დავსხედით ალუბლის ჩრდილში. სკოლის წინა ეზო უმეტესად მოსწავლეებითაა სავსე. დიდკონტინგენტიანი სკოლის პირობებში იქ გაკვეთილის ჩატარება წარმოუდგენელია. ბავშვებს ვუთხარი: „ჩვენ გვაქვს აუთვისებელი ფართი, სადაც შეგვიძლია, მყუდრო ადგილი მოვაწყოთ“. მოსწავლეებმა მაშინვე გამოთქვეს სურვილი, მოგვეტანა კუნძები, დაგვერგო ყვავილები და ა.შ. ნელ-ნელა სხვა იდეებიც გაჩნდა. ინტერნეტში წავაწყდით პალეტებისგან აწყობილი ლამაზი მაგიდებისა და სკამების ფოტოს. დავიწყეთ პალეტების ძიება. ამ პროცესში მთელი სკოლა ჩაერთო. ერთ-ერთი მასწავლებლის ძალისხმევით თემში არსებულმა საწარმომ 16 პალეტი გვაჩუქა. ეს იყო ჩვენი პირველი მიღწევა, რომელმაც მოტივაცია შეგვმატა.

 

შემდეგ მაგიდებისა და სკამების დამზადება დავიწყეთ. ამაში სპორტის მასწავლებელი დაგვეხმარა. მისმა დამოკიდებულებამ მთელი სკოლა აღაფრთოვანა.

პარალელურად გრძელდებოდა ტერიტორიის დასუფთავება და კეთილმოწყობა. მცენარეების დასარგავად გვჭირდებოდა ნაყოფიერი მიწა. მოსწავლეებმა დაწყებითი კლასების მასწავლებლებთან დაიწყეს თანამშრომლობა, მათ კი საქმეში მშობლები ჩართეს. ჩვენს სკოლაში მარნეულის მიმდებარე სოფლებიდანაც დადიან ბავშვები. შორი გზიდან უმეტესად მშობლებს მოჰყავთ. ერთი კვირის განმავლობაში დიდებს თუ პატარებს მოჰქონდათ მიწა და ნერგები საკუთარი ეზო-ბაღებიდან, ქოთნები და მოძველებული ნივთები. სკოლის მიერ ჩამოწერილ ნივთებს შორის აღმოვაჩინეთ ბევრი ძველი დაფა, რომლებითაც მოსწავლეებმა სივრცე შემოღობეს და შემდეგ თავიანთი სურვილით მოხატეს. ნახატებით გაფერადდა სკოლის უკანა კედელიც, რომელიც მანამდე სტანდარტული რუხი ფერის იყო.

პირადად მე საკუთარი ავტომობილით ვეზიდებოდი კახეთიდან ხის კუნძებს, ხის მასალას ჩიტების სახლებისთვის, ნაყოფიერ მიწას ყვავილებისთვის და სხვა.

პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა, იბადება ახალ-ახალი იდეები, თუმცა უკვე ორიგინალური სახე მიიღო სკოლის უკანა ეზომ.

ვფიქრობ, ძალიან შთამბეჭდავი იყო ეს პროცესი, რომელშიც მთელი სასკოლო თემი ჩაერთო: დირექტორი, მანდატური, დამლაგებელი, პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები და სტუდენტები, რომლებმაც ჩვენი სკოლა დაამთავრეს. მთავარი მოქმედი გმირები კი მოსწავლეები იყვნენ. რომ არა მათი ენთუზიაზმი, მოტივაცია და მონდომება, ჩვენი ბაღის იდეა ხორცს ვერ შეისხამდა.

ერთობლივი ძალისხმევით შევქმენით სივრცე, რომელსაც „განათლების ბაღი“ ვუწოდეთ და სადაც საზაფხულო სკოლის ფორმატში ვმასპინძლობთ სტუმრებს.

„განათლების ბაღი“ არდადეგებზეც სავსე იყო მოსწავლეებით. სამოქალაქო აქტივისტები, სკოლის მასწავლებლები და უცხოელი მოხალისეები სხვადასხვა პროექტს ახორციელებდნენ. იმდენი მსურველი იყო, რომ რეგულაციების დაცვით მოსწავლეები ნაკადებად დავყავით. როცა ძალიან დაცხა, ჩვენი ბაღი პედაგოგების მიერ ნაჩუქარი ფერად-ფერადი ქოლგებით აივსო. ნებისმიერ მსურველს შეუძლია, შემოგვიერთდეს მარნეულის მეორე საჯარო სკოლის უკანა ეზოს „განათლების ბაღში“. არ გადაყაროთ ძველი ნივთები, გვაჩუქეთ და ჩვენ მათ ახალ სიცოცხლეს მივცემთ.

განათლების ბაღის კონცეფცია და იდეა გასცდა ჩვენი სკოლის ფარგლებს, მოვიპოვეთ გრანტი სივრცის კეთილმოწყობისა და დამატებითი ინვენტარის შესაძენად. მოსწავლეები სიამოვნებით დადიან მათივე ხელით შექმნილ სივრცეში, უვლიან ყვავილებს და ნაყოფიერად ატარებენ თავისუფალ დროს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი