პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

შუალედური გაკვეთილი კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესში

კომპლექსური დავალების შესრულება ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის განხორციელების საუკეთესო საშუალებაა. სამუშაო იზომება თითოეული მოსწავლის მიერ შესრულებული დავალების ხარისხით. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესი და მოსწავლეთა შეფასება სოლო-ტაქსონომიით. მოცემულია შეფასების 5 დონე: პრესტრუქტურული, უნისტრუქტურული, მულტისტრუქტურული, მიმართებითი და აბსტრაქტული.

მოდელი უფრო მეტად ორიენტირებულია კოგნიტურ პროცესებზე, ვიდრე მიღწეულ შედეგებზე. სწორედ ამიტომ საყურადღებოა ყველა გაკვეთილი, რომლის დროსაც თანდათანობით შემოდის და ხორციელდება კომპლექსური დავალების თითოეული ეტაპი.

კომპლექსური დავალების პირობის გაცნობა იმ საკითხების განხილვის წინ ხდება, რომლებიც მოიცავს დაგეგმილ სამუშაოს. ამის შემდეგ კი მასწავლებელი ყველა ახალ საკითხთან მიმართებაში უნდა განიხილავდეს კომპლექსური დავალების მომდევნო ეტაპს.

რაზე უნდა გაამახვილოს ყურადღება მასწავლებელმა:

  • თავიდანვე უნდა გაწეროს შუალედური და გრძელვადიანი მიზნები;
  • იზრუნოს, რომ თითოეული მოსწავლე იყოს ჩართული კომპლექსური დავალების განხორციელებაში;
  • სასწავლო რესურსები უნდა მოარგოს თითოეული მოსწავლის საჭიროებას;
  • სწავლა-სწავლების პროცესში მასწავლებელი ფასილიტაციას უნდა უწევდეს კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის მიმდინარეობას;
  • მოსწავლე აქტიურად და შემოქმედებითად უნდა იყოს ჩართული სამუშაოს შესრულებაში;
  • მნიშვნელოვანია მოსწავლეთა თანდათანობით მიყვანა ახალ ცოდნამდე ახალ კონტექსტზე დაყრდნობით;
  • უმნიშვნელოვანესია სასწავლო მასალის რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირება (ცოდნის ტრანსფერი);
  • მოსწავლე არ უნდა იძენდეს მხოლოდ ფრაგმენტულ ცოდნას, მან უნდა შეძლოს სხვადასხვა ცოდნის ერთმანეთთან დაკავშირება.

წარმოგიდენთ ჩემ მიერ კომპლექსურ დავალებაზე მუშაობის პროცესს, ერთი შუალედური გაკვეთილის გეგმას.

თემა: ენერგიის გარდაქმნა                   

გაკვეთილის მიზანი:

  • მოსწავლე შეძლებს მსჯელობას კინეტიკური და პოტენციური ენერგიების ურთიერთგარდაქმნის შესახებ;
  • მოიყვანს შესაბამის პრაქტიკულ მაგალითებს;
  • ერთმანეთთან დააკავშირებს გაკვეთილზე განხილულ საკითხსა და კომპლექსური დავალებას.

გაკვეთილის გრძელვადიანი მიზანი :

  • მოსწავლეები გაიუმჯობესებენ დაკვირვების, აღწერის, შედარების, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების, კომუნიკაციისა და თანამშრომლობის, ცოდნის ტრანსფერის, წიგნიერების, რაოდენობრივი წიგნიერების, ციფრული წიგნიერების, სემიოტიკური წიგნიერების უნარ–ჩვევებს.

გაკვეთილის თემისა და მიზნის შესაბამისობა ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნებთან:

ფიზ.საბ.2. სხეულთა ურთიერთქმედებაზე და ურთიერთქმედების შედეგებზე არგუმენტირებული მსჯელობა;

ფიზ.საბ.3.  ენერგიის სახეების დახასიათება და მათ ურთიერთგარდაქმნაზე არგუმენტირებული მსჯელობა.

ფიზ.საბ.6. თვისებრივი და რაოდენობრივი მონაცემების სხვადასხვა ფორმით (ცხრილებით, დიაგრამებით, გრაფიკებით და სხვ.) ჩაწერა და ორგანიზება; მონაცემების ორგანიზებისთვის ინფორმაციულ- საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება;

ფიზ.საბ.8. მოდელების შექმნა და გამოყენება ფიზიკური მოვლენების/ კანონზომიერებების საჩვენებლად;

ფიზ.საბ.11. საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და ტექნოლოგიების მიღწევების ყოველდღიურობასთან დაკავშირება.

გაკვეთილის მსვლელობა:

ნასწავლი მასალის გააქტიურება ფიზიკაში

აქტივობის მიზანი: ცოდნის კონსტრუირება – მოსწავლეების მობილიზება ახალი საკითხის გასააზრებლად.

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეში ინტერესის გაღვივების მიზნით გაკვეთილს იწყებს ვიდეოს ჩვენებით, კერძოდ, კლასს აჩვენებს სახალისო ვიდეოს ატრაქციონზე: ,,ამერიკული მთები“.

https://interactives.ck12.org/simulations/physics/loop-the-loop/app/index.html?hash=f02b9cdb92d1a9f24b62bf2aed954d57&source=ck12&artifactID=1742546&encodedID=SCI.PHY.264&courseContextID=9993853&fbclid=IwAR3WQ-aUCbSpd0ZT1Ilt-eui9GCqcdVf7vL_hM6GGZ4f8vXp14P5iEOkqgw

 

 

ვიდეოს ჩვენების შემდეგ საუბრობს თანამედროვე ინჟინრული სასწაულის მუშაობის შესახებ. ეკითხება მოსწავლეებს – მჯდარან თუ არა ასეთ ატრაქციონზე? განუცდიათ თუ არა ის შეგრძნებები, რომლებიც ამ დროს ეუფლებათ ადამიანებს – ამ დროს ღვედებზე თავდაყირა დაკიდებულ მგზავრს ზუსტად ისეთი შეგრძნება აქვს, როგორიც კოსმონავტს ხომალდის დაშვებისას. ეს რკინის ,,დრაკონები“ ისე დაქრიან ზევით-ქვევით, თითქოს გრავიტაციას არც კი ემორჩილებიან. მასწავლებელი აკონკრეტებს, რომ ეს თავბრუდამხვევი ქროლა სივრცესა და დროში მთლიანად ენერგიების მუდმივობისა და გარდაქმნის კანონითაა განპირობებული, რასაც სწორედ ამ გაკვეთილზე გაიგებენ.

მასწავლებელი უკვე ნასწავლი საკითხის ირგვლივ სვამს განმამტკიცებელ კითხვებს. კითხვებისთვის შერჩეული აქვს სურათები და გიფები:

– რა არის ენერგია?

– როგორ განისაზღვრება კინეტიკური ენერგია?

– როგორ განისაზღვრება პოტენციური ენერგია?

– როგორ უკავშირდება მექანიკური მუშაობა ენერგიის ცვლილებას?

– რა ძალა წარმოიქმნება ზამბარის დეფორმირებისას?

– რაში მდგომარეობს ჰუკის კანონი?

– რაზეა დამოკიდებული ზამბარის მიერ მუშაობის შესრულების უნარი?

– რომელი ენერგია გააჩნია დრეკად-დეფორმირებულ ზამბარას და როგორ გამოითვლება ის?

მასწავლებელი წარმოადგენს ბატუტზე სპორტსმენის ხტუნვის ანიმაციას:

https://interactives.ck12.org/simulations/physics/trampoline/app/index.html?hash=861f9de4d3b631b96a5329e557ea754f&source=ck12&artifactID=1732570&encodedID=SCI.PHY.265&courseContextID=9993853

სვამს დამაზუსტებელ კითხვებს:

– ბატუტი ჩაზნექილია. როგორი სახის ენერგია აქვს მას?

– რომელი ენერგიის ხარჯზე მოძრაობს სპორტსმენი ზევით?

– რისი ტოლია ამ დროს ბატუტის პოტენციური ენერგია?

– როგორ იცვლება სპორტსმენის პოტენციური (კინეტიკური) ენერგია ზევით მოძრაობისას?

– რისი ტოლია სპორტსმენის კინეტიკური ენერგია მაქსიმალურ სიმაღლეზე? სად ,,გაქრა“ სპორტსმენის კინეტიკური ენერგია?

– როგორ იცვლება ქვევით მოძრაობისას კინეტიკური (პოტენციური) ენერგია?

– გამოთქვით ვარაუდი: არის თუ არა ურთიერთკავშირი პოტენციური და კინეტიკური ენერგიების ცვლილებას შორის?

– რას იწვევს ერთი სახის ენერგიის შემცირება, ან რის ხარჯზე იზრდება რომელიმე ენერგია?

– სად ქრება ენერგია, როცა ის ნულს უტოლდება?

მოსწავლეები კითხვა-პასუხის რეჟიმში მიდიან იმ დასკვნამდე, რომ სხეულის კინეტიკური და პოტენციური ენერგიები განიცდიან ურთიერთგარდაქმნას. ასევე იოლად ასაბუთებენ გაკვეთილის დასაწყისში წარმოდგენილი ,,ამერიკული მთების“ მოძრაობის საიდუმლოს

https://www.youtube.com/watch?v=XFtqoSVj4ys.

კომპლექსური დავალების მეორე ეტაპის განხილვა ახალი მასალის ახსნის საფუძველზე

მასწავლებელი საუბარს აგრძელებს კომპლექსური დავალების შესახებ. კერძოდ, ახსენებს მოსწავლეებს სამუშაოს რომელ ეტაპს გადიან კომპლექსურ დავალებაში.

აჩვენებს მათ კატაპულტის მოქმედების ვიდეოს; სთხოვს, წარმოადგინონ უკვე გაკეთებული კატაპულტის მოდელი.

  • რა ნაწილებისაგან შედგება თქვენი მოდელი?
  • რა რესურსები დაგჭირდათ კატაპულტის დასამზადებლად?
  • რა ეტაპები გაიარეთ მოდელის შესაქმნელად?

დისკუსიის რეჟიმში მსჯელობენ კატაპულტის მუშაობის პრინციპისა და მასში ენერგიის გარდაქმნების შესახებ.

  • როდის და რა შემთხვევაში გამოიყენებოდა კატაპულტი?
  • რა ენერგია აქვს კატაპულტს ტვირთის გასროლამდე? როგორ გამოითვლება ეს ენერგია? რომელ ფიზიკურ სიდიდეებზეა დამოკიდებული და როდისაა ის მაქსიმალური?
  • რომელი ენერგია აქვს დრეკად- დეფორმირებულ ზამბარას, როგორ იცვლება ეს ენერგია და რომელი ძალის მუშაობით განისაზღვრება ამ ენერგიის ცვლილება?
  • იმსჯელეთ დრეკადობის ძალის მუშაობის შესახებ კატაპულტის სამუშაო რეჟიმში მოყვანისას და ტვირთის გასროლის დროს?
  • რას გვიჩვენებს და როგორ გამოითვლება სიმძლავრე?
  • რაზეა დამოკიდებული კატაპულტის სიმძლავრე?

დისკუსიის საფუძველზე მოსწავლეები არკვევენ, რა განაპირობებს კატაპულტის მუშაობას; კონკრეტულად ენერგიის როგორი გარდაქმნა ხდება ამ დროს და რა ფიზიკური პროცესები განაპირობებს კატაპულტის მუშაობას.

შეჯამებაშეფასება

აქტივობის მიზანი: მასწავლებლების მიერ გაკვეთილის შეჯამება/შეფასება, მოსწავლეების ძლიერი და სუსტი მხარეების დანახვა და ეფექტური უკუკავშირის მიწოდება. მოსწავლეთა უკუკავშირი – გასასვლელი ბილეთი.

აქტივობის აღწერა: მასწავლებელი მოსწავლეების დახმარებით შეაჯამებს გაკვეთილს. აფასებს მათ ჩართულობას და აძლევს განმავითარებელ შეფასებას.

უკუკავშირის მიღების მიზნით, სთხოვს, შეავსონ გასასვლელი ბილეთები, რომლებსაც მითითებულ დაფაზე გააკრავენ.

საშინაო დავალება:

გაეცანით ბმულს, ჩაატარეთ ვირტუალური ლაბორატორიის ექსპერიმენტი:

https://phet.colorado.edu/sims/html/hookes-law/latest/hookes-law_en.html

გააგრძელეთ კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა და აღწერეთ ენერგიის რა გარდაქმნები მიმდინარეობს კატაპულტში?

საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის შეფასების რუბრიკა:

აქტიურადაა ჩართული საგაკვეთილო პროცესში; უსმენს აუდიტორიას. მონაწილეობას იღებს მასწავლებლის მიერ შემოთავაზებულ აქტივობებში; მუშაობს დაფასთან; მონაწილეობს დისკუსიებში. განსახილველ საკითხებთან მიმართებაში სვამს გონივრულ შეკითხვებს; ამჟღავნებს თემასთან დაკავშირებული საკითხების ცოდნას.  

მაღალი

ჩართულია საგაკვეთილო პროცესში; უსმენს აუდიტორიას; მონაწილეობს მასწავლებლის მიერ შემოთავაზებულ აქტივობებში; მუშაობს დაფასთან; მონაწილეობს დისკუსიაში. საშუალო
არ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში: არ უსმენს აუდიტორიას; არ მონაწილეობს მასწავლებლის მიერ შემოთავაზებულ აქტივობებში; არ მუშაობს დაფასთან;  არ მონაწილეობს დისკუსიაში.  არ აკეთებს ჩანაწერებს. დაბალი

 

მოსწავლეთა უკუკავშირი გასასვლელი ბილეთი:

 რა მომეწონა ამ გაკვეთილზე ყველაზე მეტად?
 რას შევცვლიდი?

 

დაწერეთ გულწრფელი კომენტარი

 

კომპლექსური დავალების მიზანი ახალი მასალის სიღრმისეულად ათვისება და მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაზე ზრუნვაა. სწორედ ამიტომ, კომპლექსური დავალების თანდათანობით განხორციელება, თანხვედრაში უნდა იყოს ყოველ მომდევნო საგაკვეთილო საკითხთან. მოსწავლეს უვითარდება ტრანსფერული უნარები (ახლო და შორი ტრანსფერი) – უკეთ აკავშირებს თეორიულ საკითხს პრაქტიკულ სამუშაოსთან. ქმნის პროდუქტს, რაც მეტად მნიშვნელოვანია ცოდნის განმტკიცებისა და სწავლისადმი ინტერესის გაზრდის თვალსაზრისით.

გამოყენებული ლიტერატურა:

https://docs.google.com/document/d/1dEeNkDuq7AWJS1gMBpefjOkB-jU8IKBw/edit?usp=sharing&ouid=104960796935946628221&rtpof=true&sd=true

ქეთევან ტატიშვილი: მოსწავლის წიგნი; მე8 კლასი

ქეთევან ტატიშვილი: მასწავლებლის წიგნი; მე8 კლასი

https://ck12.edu.ge/

ჩატარებული გაკვეთილის პრეზენტაცია:

https://docs.google.com/presentation/d/17jdRAilhvLyNa6hp-Ho1ExMGiQWAElcz/edit#slide=id.p3

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი